მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-10(584)
ჩემი „კეთილისმყოფელი“ ზანგი თავის ადგილს დაუბრუნდა, ქუჩის ბოლოში კი შავი ფერის „ლიმუზინი“ გამოჩნდა, რომელიც ძალიან ნელი სვლით მოდიოდა. მანქანამ ლამაზმანი მამაკაცების მწკრივს ჩაუარა და კიდეში გაჩერდა, სადაც მე ვიდექი. ლამაზმანები გაისუსნენ და ყველამ მე მომაპყრო მზერა, ზანგმა კი ხელი დამიქნია და გამომძახა:
– მგონი, გაგიმართლა, ლამაზო! აბა, შენ იცი, მამიკოს თავი მოაწონე!
ზანგი მართალი აღმოჩნდა, რადგან, „ლიმუზინის“ კარი გაიღო და სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ულვაშა კაცმა თითით მომიხმო. მე, მანქანაში ჩავჯექი. „ლიმუზინი“ რომ ადგილიდან დაიძრა, ულვაშამ მკითხა:
– რა გქვია, ლამაზო?
– მანუელი, – მივუგე ულვაშას.
– სიმბოლურია, – თქვა ულვაშამ, – მამიკოს მანუელად გაეცნობი, ის კი ბოლოს ემანუელად გადაგაქცევს, ხოლო, თუ მოეწონე, მაშინ მამიკო თავისი მფარველობის ქვეშ აგიყვანს და ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩა-ქუჩა ხეტიალი აღარ დაგჭირდება.
„მანამდე არაფერი ჭამოთ, თქვე პედერასტებო, მე რომ ემანუელად გადამაქცევთ“, – გავიფიქრე გუნებაში, ულვაშას კი თვინიერად მივუგე:
– ეს, ჩემთვის დიდი პატივია, სენიორ!
ულვაშას მეტი არაფერი უთქვამს. ამასობაში ციხესიმაგრის ეზოში შევედით, კოშკის ბოლო, მეხუთე სართულზე ავედით ულტრათანამედროვე ლიფტით და უზარმაზარ, მდიდრულად მოწყობილ აპარტამენტებში ამოვყავი თავი.
„მამიკოდ“ წოდებული, ჰომოსექსუალი გენერალი ორმოცდათხუთმეტიოდე წლის ბრგე, ათლეტური აღნაგობის, ბანჯგვლიანი მამაკაცი იყო. ის ფანჯარასთან იდგა და შიშველ სხეულზე მხოლოდ შორტები ეცვა. რომ შევედით, შემოტრიალდა და ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. შემდეგ ულვაშა გაისტუმრა, მომიახლოვდა და მკითხა:
– რა, გქვია, ლამაზო?
– მანუელი, – მივუგე გენერალს.
– მე კი – მამიკო. ამიერიდან მამიკოთი მომმართავ, შევთანხმდით?
– შევთანხმდით, მამიკო.
– რას დალევ, მანუელ?
– ღვინოს, მამიკო.
– რა ფერს?
– წითელს. მიყვარს ძალიან. სისხლს მიჩქარებს, თავში მირტყამს და სექსს მანდომებს, მამიკო, – მივუგე გენერალს, რომელსაც ისე მოეწონა ჩემი პასუხი, რომ იტყვიან, აცეტდა, წაცუნცულდა და ღვინით სავსე ორი ბოკალით დაბრუნდა, ერთი მე მომცა და მითხრა:
– ამ ჭიქით ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს!
– ყველა ნამდვილ ვაჟკაცს გაუმარჯოს! – ვთქვი მე და გენერალს სამი მოძრაობით კისერი მოვტეხე, საძინებელში შევიტანე და უზარმაზარ ლოგინზე დავაგდე. შემდეგ მამიკო-გენერლის ტელეფონით მაშველი ჯგუფის შტაბში დავრეკე და ვთქვი:
– ყველაფერი რიგზეა, გამიყვანეთ!
– თხუთმეტ წუთში კოშკის სამხრეთ ფანჯარასთან ვიქნებით, – მომიგო ქალის ხმამ და ტელეფონი გათიშა.
კოშკის სამხრეთი მხარე სწორედ საძინებელში მდებარეობდა. იქვე იყო აივნიანი ფანჯარაც და შემთხვევის ადგილის დატოვება თხუთმეტი წუთის შემდეგ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიწევდა. ამიტომ, გახარებული ვიყავი, რომ ყველაფერი ასე იოლად, გართულებების გარეშე გამოვიდა. თუმცა, ჩვენს პროფესიაში იოლი საქმე არ არსებობს და დიდ მოულოდნელობას ყოველ წამს უნდა ელოდო... დამხმარე ჯგუფის გამოძახებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ საძინებელი კარის მიღმა გიტარის აკომპანემენტის ქვეშ მომღერალი მამაკაცების ხმა შემომესმა.
„კუ-კუ-რუ-კუ-კუ პალომა“, – რამდენჯერმე გაიჟღერა ცნობილმა ესპანურენოვანმა ჰანგებმა. შემდეგ მუსიკა და სიმღერა შეწყდა და ულვაშას აღელვებული ხმა შემომესმა:
– მამიკო! მოვედით, რატომ არ გვეპასუხები, ხომ მშვიდობაა?
მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ თურმე, ამ საზიზღარ ჰომოსექსუალ გენერალს ტრადიცია ჰქონია – ყოველი სექს-ორგიის წინ, ულვაშა და ხუთი მომღერალი „კუკურუკუკუს“ სიმღერას იწყებდნენ, რომელსაც საძინებლიდან მამიკო აიტაცებდა ხოლმე და მხოლოდ ამის მერე იწყებოდა უკიდურესი თავაშვებულობა. აბა, მე რა ვიცოდი ამის შესახებ, თანაც, კისერმოტეხილი გენერალი ბანს როგორ მისცემდა მომღერლებს. ამიტომ, ულვაშამ არც აცია, არც აცხელა, პისტოლეტი იშიშვლა და საძინებლის ჩაკეტილ კარს ტყვიები დაუშინა. იარაღები იშიშვლეს მომღერლებმაც და სულ მალე მოოქრული, ინკუსტრირებული კარი საცერივით დაცხრილეს. დრო არ ითმენდა. ვერტმფრენის მოფრენამდე ათი წუთი რჩებოდა, ეს დრო კი სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩემი სხეული ტყვიებით აევსოთ. ამიტომ, რაღაც უნდა მეღონა და გადავწყვიტე, უკიდურესი ნაბიჯი გადამედგა. საძინებლიდან აივანზე გავქანდი, მოაჯირს ფეხი დავკარი, ჰაერში გავფრინდი, ციცაბო კლდეებს ტყვიასავით ჩავუქროლე და ორმოცი მეტრის სიმაღლიდან ზვიგენებით სავსე წყალში ჩავეშვი... იმდენ ხანს მივფრინავდი ჰაერში, რომ ადამიანი სოლოლაკიდან მთაწმინდაზე ასვლას მოასწრებდა... სახუმაროდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, რადგან თავზე ოთხმოცამდე უზარმაზარი ზვიგენი დამტრიალებდა.
– აბა, კოკი, ამ ერთ განსაცდელსაც გაუძელი! – შევუძახე საკუთარ თავს, ორმოცდაათიოდე მეტრი წყალქვეშ გავცურე და მარჯნის კლდესთან ამოვყვინთე. ზვიგენები, როგორც ცნობილია, მხოლოდ ქვემოდან ესხმიან ხოლმე ადამიანებს თავს და სანამ ისინი შემტევ პოზიციაზე გადაეწყვნენ, თავს ვუშველე.
მარჯნის კლდეები საიმედო თავშესაფარი აღმოჩნდა. თუმცა, მოკლული მამიკო-გენერლის კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ყველაფერს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და ჩემამდეც მოაღწევდნენ. ჩემს წასაყვანად გამოგზავნილი ვერტმფრენი სამხრეთ ფანჯარას რომ მიუახლოვდა, მას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და ის მალევე გაფრინდა უკან.
დრო გადიოდა. ცურვით თავს ვერ გადავირჩენდი, ამიტომ, ისევ ხმელეთით უნდა გამეღწია სამშვიდობოზე და, სიტუაციიდან გამომდინარე, არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღე: შებინდდა თუ არა, კლდეებით ავძვერი კოშკში და მამიკოს აივანზე დავიმალე, სადაც უკვე არავინ იმყოფებოდა. შემდეგ საძინებელში შევედი, მოკლული მამიკოს ტელეფონით დავრეკე მაშველი ჯგუფის შტაბში და ვუთხარი.
– იმავე კოორდინატებზე მოდით, რაც შეიძლება ჩქარა და უხმაუროდ.
– ათ წუთში მოვფრინდებით, – მომიგო იმავე ქალის ხმამ. ზუსტად ათი წუთის შემდეგ უკვე ვერტმფრენში ვიჯექი და მაშველთა ჯგუფს, რომელიც ქალებისგან შედგებოდა, უსაფრთხო ადგილზე გადავყავდი.
– ქალებს არ გველოდი, ლამაზო? – მეხუმრა მაშველთა ჯგუფის ქერათმიანი უფროსი და მომხიბვლელად გამიღიმა. მე კი მივუგე:
– შენ თვითონ ლამაზო, ლამაზს ნუ მეძახი!
– ლამაზი ხარ და, – თვალი ჩამიკრა ქერათმიანმა, ტუჩები ყურთან მომიტანა და მიჩურჩულა: – ხომ არ გვეჟიმავა?
მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მან კი მითხრა:
– რატომ, არ გევასები?
– ჩემი დასაწუნი რა გაქვს, მაგრამ, ერთგული ქმარი ვარ და იმიტომ. არ გეწყინოს, ლამაზო, კარგი?
– თავს ზემოთ ვერ ახტები. მე კი ისე მოგესიყვარულებოდი, რომ ამას შენი ცოლი ათასი წელი ვერ იზამს.
– და, მაინც არა, – მივუგე ჩემს მშველელს. ამასობაში ვერტმფრენი დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდა, მე კი სხვა ჯგუფს გავყევი, სადაც აგრეთვე მხოლოდ ქალები იმყოფებოდნენ. გამომშვიდობების წინ ქერათმიანმა თავის ასევე ქერათმიან კოლეგას ჩემზე მიანიშნა და ღიმილით უთხრა:
– თითი არ დააკარო, უკარებაა და ცოლის ერთგული.
– მართლა, ლამაზო კაცო? – მკითხა ახალმა ქერათმიანმა. მე კი მას მივუგე:
– ამორძალების შემოტევაა ნამდვილად. რა გჭირთ, ლამაზებო, სექსის ცოფი შეგეყარათ თუ კაცებს ვერ შოულობთ?
– შენნაირი იშვიათია, – მომიგო მეორე ქერათმიანმა და დაამატა: – თანაც, ამ ოხერი პედერასტების კუნძულებზე თვეობით ვყრივართ და ნამდვილი მამაკაცი მოგვენატრა.
ხმა აღარ ამომიღია, რადგან ექვსი მომხიბვლელი გოგონა ისეთი თვალებით მიყურებდა, გამორიცხული არ იყო, ჩემთვის ტანსაცმელი შემოეხიათ და მოძალებული ვნებები დაეკმაყოფილებინათ. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, გოგონების მეორე ჯგუფმა უკვე მამაკაც პილოტს ჩააბარეს ჩემი თავი, რომელმაც კუბაში ჩამიყვანა და იქიდან უკვე მოსკოვში გადავფრინდი.
მამიკოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეტალები შჩუკინს რომ მოვუყევი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა გულიანად იცინა და ბოლოს მითხრა:
– შენს ადგილას, ბევრი ვერ შეიკავებდა თავს და, დიდი შანსია, რომ თავს წააგებდა. შენ კი, ყოჩაღ, მართლაც რომ რკინის ნერვები და ნებისყოფა გაქვს და სწორედ ამიტომაც ხარ საუკეთესოთა შორის საუკეთესო.
შჩუკინის მიერ ნათქვამი სიტყვები დღესაც უაღრესად აქტუალურია და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ, უკვე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინოს ჩვენს საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, მაგარზე მაგარი რომ არ ვიყო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვიმოღვაწევებდი ისეთ ბიზნესში, რომელშიც სიცოცხლის ხანგრძლივობა ხუთი-ექვსი წელია, ათი წელი კი – რეკორდი?.. მე კი ყველა რეკორდს გადავაჭარბე და დღემდე მოუხელთებელი ვარ.
– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა კოჯორში სწავლისას, – იცოდე, რომ, თუ პირველივე საქმეზე არ მოგკლეს და ხუთი-ექვსი წელი გაძელი, აუცილებლად ეცადე, პროფილი შეიცვალო და კაბინეტში გადაბარგდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან დავალების დროს დაიღუპები, ან შენიანებივე მოგიშორებენ თავიდან.
– ვეცდები, გადავრჩე, – შევპირდი ჩემს კეთილისმყოფელ ინსტრუქტორს. ამ პირობას დღემდე პირნათლად ვასრულებ და იმედია, რომ კიდევ კარგა ხანს იქნება ასე.
მართალია, ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ, არც ბებრად ვთვლი თავს. რაც შეეხება გამოცდილებას, გონებასა და სულიერ-მორალურ სიმტკიცეს, ნებისმიერი ახალგაზრდა შემეჯიბროს და რას მიიღებს, ნახავს.
ბევრი ჩემს სიტყვებს ბებრის ნაბოდვარად მიიღებს, რადგან ასეთი რამ ხანში შესულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ. მაგრამ მე აბსოლუტურ სიმართლეს ვამბობ და ამას „ძიაც“ ხშირად აღნიშნავდა ხოლმე.
ერთხელ, „ძიამ“ ალექსანდრეს ბაღში ტრადიციულ პაემანზე დამიბარა და მითხრა:
– ერთი საქმეა გასასწორებელი და აიღებ?
„გასასწორებელი საქმე“ ჩვენს პროფესიაში იმას ნიშნავს, რომ შეკვეთილი მკვლელობა არ განხორციელდა და ახალმა დაქირავებულმა მკვლელმა უნდა „გამოასწოროს“. ასეთ შემთხვევაში, წინა დაქირავებული მკვლელი, რა თქმა უნდა, ლიკვიდაციას ექვემდებარება.
– აბა, მითხარი, რაშია საქმე? – ვკითხე ძიას.
– რაშია და, შეკვეთის შესრულების ნაცვლად, იმ კრეტინმა ის ქალი ცოლად მოიყვანა.
– ცოლად?
– ჰო, ცოლად. ყურადღებით მომისმინე და ყველაფერს მოგიყვები, – მითხრა ძიამ, – შეკვეთილი ქალი ჩვენი ძველი კოლეგაა, რომ იტყვიან, ბებერი ძუკნა და, ერთი საქმიდან უამრავი მაყუთი მოუტეხავს, მრავალი ადამიანი გაუწყვეტია და ათესილა. თუმცა, მას პოლონეთში მიაგნეს და მკვლელი მიუგზავნეს. იმ ბიჭმა კი, რატომ, არ ვიცი, ქალს ყველაფერი უამბო, მასზე დაქორწინდა, მთელი მაყუთი სუდანში წაიღეს და დღემდე იქ ცხოვრობენ.
– სუდანში რა უნდათ, ტერორისტები ხომ არ არიან? – გამიკვირდა მე, რადგან სუდანი ტერორისტების ბუდე იყო და დიდი ფულით იქ ვერანაირად ვერ გაჩერდებოდი ადგილობრივების მფარველობის გარეშე.
– სწორედ რომ, ასეა, – მომიგო „ძიამ“, – ის ძუკნა იმაზე მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე შემკვეთი ვარაუდობდა. ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობის პერიოდიდან ყოფილა ტერორისტებთან დაკავშირებული და იმიტომ დასახლდა იქ, რომ ვერავინ მისწვდეს.
– გასაგებია. რამდენს იხდიან? – ვკითხე „ძიას“.
– წყვილის მკვლელობაში რვაას ათას დოლარს.
– მოსულა, – მივუგე „ძიას“ და იმავე საღამოს შევუდექი მომავალი საქმის დაგეგმვას.
სუდანში, ისევე, როგორც აფრიკის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, უკვე ნამყოფი ვიყავი, თუმცა, იქ დავალების შესრულება პირველად მიწევდა. სხვა საქმეებისგან განსხვავებით, ეს დავალება იმით იყო გამორჩეული, რომ, შეიძლება, შეიარაღებულ ტერორისტებთან მომსვლოდა შეტაკება, რაც ჩემს ასაკში არც ისე იოლი იყო. ამიტომ, სუდანში ფრთხილად მოქმედების ტაქტიკა ავირჩიე და გადავწყვიტე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ასაფეთქებელი ნივთიერებაც კი გამომეყენებინა, რაც ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.
შემკვეთს შევუთვალე, რომ კონსპირაციულ ბინაში ჩემთვის იარაღის მთელი არსენალი დაეხვედრებინათ და ერთი თვე ეცლიათ, რაზეც დამთანხმდნენ. ნახევარი თანხა, ოთხასი ათასი დოლარი, წინასწარ ჩამირიცხეს, მეორე ნახევარი კი საქმის შემდეგ უნდა მოეცათ.
სუდანის დედაქალაქ ხართუმში ნორვეგიელი ეთნოგრაფის სახელით ჩავედი, რომელიც ვითომ აფრიკული ფოლკლორის ნიმუშებს აგროვებდა და ყველგან ამ საბაბით გადავადგილდებოდი. ბედის ირონიით, შეკვეთილი წყვილი ფოლკლორის სახლში აღმოვაჩინე, სადაც ისინი „აფრიკული რიტმების“ საღამოზე იყვნენ მისულები თავიანთ შეიარაღებულ ამალასთან ერთად.
რიოს კარნავალის მსგავსად, სუდანში, კერძოდ კი ხართუმში, ყოველწლიურად იმართება „მუმბა-იუმბას“ საცეკვაო ფესტივალი და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ნახევრად შიშველი მოცეკვავეები ერთმანეთს გიჟური აფრიკული რიტმების შესრულებაში ეჯიბრებიან და, ვინც ყველაზე სწრაფ და სახიფათო ილეთებს შეასრულებს, გამარჯვებულიც ის არის ხოლმე.
ფოლკლორის უზარმაზარი სახლის დარბაზში სამი ათასი ადამიანი როკავდა და ისეთი ღრიანცელი იდგა, გვერდით მდგომს ჩურჩულითაც კი ვერაფერს გააგებინებდი. ჩემი სამიზნეები საპატიო ლოჟაში ისხდნენ და საერთო როკვაში იყვნენ ჩართულები. მე, როგორც ნორვეგიელ ეთნოგრაფ-ფოლკლორისტს, სპეციალური ნებართვა მქონდა მოპოვებული ფესტივალის ორგანიზატორებისგან. ამიტომ, სცენაზე ავდიოდი და კულისებიდან კამერით ვიღებდი, რაც იქ ხდებოდა, სინამდვილეში კი სამიზნეებს ვუთვალთვალებდი, რომ შესაბამის მომენტში მათი ლიკვიდაცია მომეხდინა. იარაღად კი „ბრაუნინგის“ ნახევრად ავტომატური მინიშაშხანა მქონდა შერჩეული, რომელიც ვიდეოკამერის ფუტლარში იყო მოთავსებული. შუა ფესტივალის დროს, როდესაც გიჟურმა როკვამ პიკს მიაღწია და სცენაზე ცნობილი მოცეკვავე ნბაბუ კუკანა გამოჩნდა, ჩემი დროც დადგა: ვიდეოკამერა შტატივზე დავაყენე, შემდეგ „ბრაუნინგის“ შაშხანა ამოვიღე, დეკორატიულ პალმას ამოვეფარე და, როდესაც კუკანამ თავისი საფირმო ილეთი – სამმაგი სალტო შეასრულა, შაშხანიდან ორჯერ გავისროლე... ტყვიები ქალსაც და კაცსაც შუბლში მოხვდათ და ორივე ადგილზევე მოკვდა. მე კი კულისებიდან მშვიდად გასვლა დავაპირე, მაგრამ, დახოცილების ავტომატმომარჯვებულმა ტერორისტმა მცველებმა ჯერ ჰაერში ისროლეს, შემდეგ სცენას მიუშვეს ავტომატის ჯერი, წამოიშალნენ და მკვლელის ძებნას შეუდგნენ... დრო არ ითმენდა. იქ ისეთი ქაოსი იდგა, რომ, ადვილი შესაძლებელი იყო, ბრმა ტყვიას მოვეკალი. ამიტომ, ნაბიჯს ავუჩქარე და სათადარიგო გასასვლელისკენ ავიღე გეზი. თუმცა, იქაურობა უკვე პოლიციას და ტერორისტებს ჰქონდათ გადაკეტილი და ყველას აჩერებდნენ. მე ორი მაყუჩიანი პისტოლეტი მქონდა დამალული ქამარში. თავდაპირველად მათი გადაყრა გადავწყვიტე, მაგრამ, შემდეგ გადავიფიქრე და გასასვლელისკენ მტკიცე ნაბიჯით გავემართე.
– მისტერ, შეჩერდით! – მითხრა ფორმიანმა პოლიციელმა, რომელსაც „უზით“ და „აკაესით“ შეიარაღებული ორი ტერორისტი ედგა გვერდით.
– რაშია საქმე? მე ნორვეგიელი ვარ და თქვენს ფესტივალზე ჩამოვედი, – მივუგე პოლიციელს და სპეციალური საშვი ვუჩვენე, თუმცა, ამან არ გაჭრა და პოლიციელმა მითხრა:
– უნდა გაგჩხრიკოთ.
ფიქრის დრო არ იყო, ორივე პისტოლეტი ვიშიშვლე და უზარმაზარი პოლიციელი ყბაში იარაღის ტარის დარტყმით დავაგდე, შემდეგ ორივე ტერორისტი ხელ-ფეხში დავჭერი და ძირს დავყარე, გასასვლელი სწრაფად გავიარე და ავტოსადგომისკენ ავიღე გეზი, სადაც ფურგონიანი „დოჯი“ მეყენა.
– მკვლელი არ გაუშვათ! – აღრიალდნენ დაჭრილი ტერორისტები და ხართუმის ქუჩებში კბილებამდე შეიარაღებული სუდანელი მკვლელები დამედევნენ ხუთი მანქანით.
ქალაქის ქუჩები წინასწარ კარგად შევისწავლე, რადგან, საქმის შესრულების ვარიანტების განხილვისას, დევნის პროცესიც მქონდა გათვალისწინებული. ამიტომ, რამდენიმე მარშრუტი სხვადასხვა ადგილებში დავნაღმე და დისტანციური პულტიდან განხორციელებული აფეთქებების მეშვეობით მოვახერხე ხუთივე მანქანის ჩამოშორება. დევნა-გაქცევის პროცესი სულ რაღაც ოცდასამი წუთი გაგრძელდა და, კონსპირაციულ ბინაში რომ მივედი და ტელევიზორი ჩავრთე, ყველა არხზე ფოლკლორის სახლში დატრიალებულ ამბავსა და ხართუმის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს გადმოსცემდნენ. მე ყველგან მეძებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ვიმოქმედე, სუდანიდან გაქცევა ვერ მოვასწარი. ამიტომ, ნაცად ხერხს მივმართე: გარეგნობა შევიცვალე, უმწეო მოხუცს დავემსგავსე და, მოხუცთა თავშესაფარი სახლის ავტობუსით ჯერ მეზობელ ეთიოპიაში გადავედი, იქიდან კი თბილისში ჩამოვედი.
– კოკი, ჯიგარო, შენ არ ბერდები, – მითხრა „ძიამ“, როდესაც მორიგ შეხვედრაზე დამიბარა, – თითქმის ორი კვირა გავიდა და სუდანის ამბებზე მსოფლიო მედია ახლაც ლაპარაკობს.
– რაო, მაინც, რას ამბობენ?
– რა და, ამერიკელების გამოგზავნილმა სუპერმენმა ნახევარი ტერორისტული ხართუმი გაწყვიტაო.
– მაინც ამერიკელებს შეტენეს ეს რიგითი საქმე?
– როგორც ყოველთვის, – გაეცინა „ძიას“ და მითხრა, – ახალი საქმეა, არანაკლებ საჩალიჩო, მაგრამ, ამჯერად შორს წასვლა აღარ მოგიწევს.
– გისმენ.
– მოკლედ, ასე. სოხუმში ქურდული სხოდკა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ასამდე ავტორიტეტი შეიკრიბება, – მითხრა „ძიამ“, შემდეგ ორი ცნობილი ქურდის სურათი მაჩვენა და დაამატა: – ეს ორი უნდა გააგორო. აიღებ ამ საქმეს?
– რამდენს იხდიან?
– ნახევარ მილიონ ევროს.
– ავიღებ, – მივუგე რომანს და, მას შემდეგ, რაც ის, ტრადიციულად, პირველი წავიდა, მომავალ საქმეზე დავიწყე ფიქრი.
ობიექტი ქურდები საკმაოდ გავლენიანი პირები იყვნენ და ნარკოტიკების არალეგალური ბიზნესის ძალიან მსხვილ წილს აკონტროლებდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც საერთაშორისო ნარკოსინდიკატთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ორივე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული. ამიტომ, მათი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ძალიან მაღალ დონეზე უნდა მიეღოთ, რიგითი მტერი ასეთ რამეს ვერ გაბედავდა. ბოლო პერიოდის კრიმინალური მოვლენები რომ გავაანალიზე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემკვეთი სახელმწიფო იყო. „მდაა, – გავიფიქრე გუნებაში, – სახელმწიფო კერძო შემსრულებელს ქირაობს, რომ, გაშიფვრის შემთხვევაში განზე გადგეს. კარგი, კარგი... კოკი ჯერ არასდროს გაშიფრულა და ამჯერადაც სუფთად შეასრულებს საქმეს“.
თავდაჯერებულობის მიუხედავად, სოხუმში შესასრულებელი საქმე სუდანის საქმეზე არანაკლებ რთული იყო. ჯერ ერთი, აფხაზეთი პატარაა და ერთი უცხო კაცის გამოჩენაც კი, იქ შესაბამისი ორგანოების ინტერესს იწვევს, მით უმეტეს – ქურდული „სხოდკის“ პერიოდში. გარდა ამისა, ქურდული „სხოდკა“ კარგად დაცული შეხვედრა იყო და იქ შეღწევა არც ისე ადვილი იქნებოდა. მაგრამ, საქმე აღებული მქონდა და მოქმედებაც დავიწყე...
თბილისიდან ერევნის გავლით მოსკოვში ჩავფრინდი და რუსეთის დედაქალაქში ახალი საბუთები ვიშოვე, მერე ერთ-ერთ კერძო ტურისტულ სააგენტოში მივედი და აფხაზეთში დასასვენებელი საგზური ვიყიდე ფასდაკლებით, როგორც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა. ამგვარად, სოხუმში გადამდგარი რუსი პოლკოვნიკის საბუთებით ჩავედი და ზღვისპირა პანსიონატ „წითელ ვარსკვლავში“ დავბინავდი. იარაღი და სხვა საჭირო მოწყობილობები ერთ-ერთი კონსპირაციულ ბინაში მქონდა შენახული და „სხოდკამდე“ ოთხი დღით ადრე მომავალი საქმის ვარიანტების შემუშავებას შევუდექი.
„სხოდკა“ ერთ-ერთი სოხუმელი ქურდის ფეშენებელურ ვილაში უნდა გამართულიყო, რომელიც რუსი მედესანტეების სამხედრო ბაზის გვერდით მდებარეობდა და ამ „სხოდკას“ სწორედ ისინი დაიცავდნენ. საქმე თითქმის შეუსრულებელი იყო, თუმცა, ასე რომ მეფიქრა, ჩემს კარიერაში ვერაფერს მივაღწევდი და არაორდინარული სვლა გავაკეთე, კონკრეტულად კი, ერთ ღამეს ზღვიდან შევედი რუსი მედესანტეების ბაზაში და ერთ-ერთ სამალავში სამხედრო ფორმა და ცეცხლსასროლი იარაღები დავმალე, რამდენიმე ადგილი კი დავნაღმე, დისტანციური პულტები საიმედოდ გადავმალე და ზღვითვე, ცურვით დავბრუნდი უკან. „სხოდკის“ წინა ღამეს კვლავ ზღვით შევედი მედესანტეების ბაზაზე, იქიდან ვილის ტერიტორიაზე გადავედი და ავტონომიური ელექტროკვების ჯიხურში დავიმალე, თან მაყუჩიანი შაშხანა მქონდა, რითაც ობიექტები უნდა დამეხოცა.
ავტონომიური კვების ჯიხური პირდაპირ „სხოდკის“ დარბაზს გაჰყურებდა და იქიდან საქმის შესრულება გამიადვილდებოდა. მთავარი იყო, ობიექტები მოხვედრილიყვნენ ჩემი შაშხანის სამიზნეში და აქაც გამიმართლა. საღამოს, როცა „სხოდკის“ მეორე სხდომა დაიწყო, ღამით ხედვის ხელსაწყო გავმართე, ობიექტები მიზანში ამოვიღე და ორი ზუსტი გასროლა განვახორციელე... ქურდები გარეთ გამოეფინენ და ჩემი ძებნა დაიწყეს, მე კი დისტანციური პულტით რამდენიმე აფეთქება განვახორციელე მედესანტეების ბაზის ტერიტორიაზე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ჯიხურიდან გამოვედი და ეზოში მოფუსფუსე ქურდებსა და მედესანტეებს შევერიე. რადგან ფორმა მეცვა, დიდად არავინ მაკვირდებოდა. მე ამით ვისარგებლე, რუსი მედესანტეების „ბეემპეში“ ჩავჯექი, დავქოქე და ადგილიდან დავძარი... „კაპეპეზე“ გუშაგი გადამიდგა, მაგრამ, როდესაც მიხვდა, გაჩერებას არ ვაპირებდი, განზე გაიწია და ავტომატის ჯერი მომაყოლა. მე კი ჩაბნელებულ ქუჩაში გავიჭერი და ჯავშანმანქანის სისწრაფეს მოვუმატე. სანამ რუსი მედესანტეები გამომედევნებოდნენ, „ბეემპე“ კლდეებზე მივუშვი და ველურ პლაჟზე გადავჩეხე, – ეს ადგილი წინასწარ მქონდა შერჩეული. თავად კი, უკვე სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, ტროსტით, ნელი ნაბიჯებით გავუყევი პლაჟის ხეივანს და ოპერატიული მანქანებით მქროლავ რუს სამხედროებს აზრადაც არ მოსვლიათ ჩემი გაჩერება...
იმავე ღამეს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტეს, რადგან, ეგონათ, რომ სოხუმში ქართველი დივერსანტები მოქმედებდნენ. მე კი საპირისპირო მიმართულებით გავემგზავრე ტაქსით და საზღვრის „კაპეპე“ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადავკვეთე. სამი საათის შემდეგ უკვე სოჭში ვიმყოფებოდი და რუსეთის მოქალაქის პასპორტი მედო ჯიბეში. თენდებოდა, როდესაც პლაჟზე გავედი და მზის ამოსვლას შევეგებე...
ჩემი სოხუმური ვოიაჟი ისე გაშუქდა პრესაში, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც, ვითომდა რუსმა მშვიდობისმყოფელებმა აღკვეთეს, სანდო წყაროდან კი შევიტყვე, რომ ქურდული საძმო შემსრულებელს, ანუ, მე მეძებდა, თუმცა მათ არ იცოდნენ ჩემი ვინაობა და ამ საქმეში მათ „ეფესბე“ ეხმარებოდა.
სოხუმის საქმიდან ერთი კვირის შემდეგ სახლში მოულოდნელად „ძია“ მეწვია და მითხრა:
– შჩუკინს უნდა შენთან შეხვედრა.
– ალბათ, სოხუმის საქმის გამო.
– ეს არ უთქვამთ, მაგრამ მეც ასე ვფიქრობ, – მომიგო „ძიამ“, – ფრთხილად იყავი, მახეში არ გაგაბან.
– შენც ფრთხილად იყავი. თუ მახეს გვიგებენ, მაშინ, მასში შენი გაბმაც ენდომებათ, თუმცა, არ მგონია და, ვფიქრობ, პირიქითაა საქმე, – მივუგე „ძიას“.
ვიქტორ იაკოვლევიჩს მოსკოვში ვეწვიე. ერთმანეთს რესტორან „პრაღაში“ შევხვდით და გენერალმა შჩუკინმა მომიკითხა:
– როგორ ხარ, ჩემო კარგო, მშვენივრად გამოიყურები.
– არა მიშავს. თქვენ როგორ გიკითხოთ? თქვენც მშვენივრად გამოიყურებით.
– მეც არა მიშავს. ახლა კი საქმე.
– დიახ, გისმენთ.
– ამ ერთი კვირის წინ რუსი მედესანტეების დაწიოკება და ავტორიტეტების მკვლელობა შენი საქმეა?
– დიახ.
– ასეც ვიცოდი და ამიტომაც დაგიბარე. მოკლედ, „ეფესბე“ გეძებს. ამ საქმეზე ფარული გამოძიებაა დაწყებული და შენი მეშვეობით შემკვეთზე გასვლა უნდათ.
– როდის იყო, რომ ჩვენს საქმეში შემკვეთმა შემსრულებელს თავისი ვინაობა გაუმხილოს, თანაც, ისეთში, როგორიც სოხუმური შეკვეთა იყო?
– „ეფესბე“ სხვა მიმართულებების მეშვეობითაც ცდილობს ამ საქმის გაშიფვრას. შენი ხაზი, უბრალოდ, ერთ-ერთია.
– რა დიდი გასაშიფრია შემკვეთი, – ჩამეცინა მე.
– იცი, ვინ არის?
– თქვენ რა, ვერ ხვდებით?
– შენ ფიქრობ, რომ შემკვეთი სახელმწიფოა? – მშვიდად მკითხა შჩუკინმა.
– თითქმის დარწმუნებული ვარ.
– ეს არც „ეფესბეში“ გამოეპარებოდათ, მაგრამ, ალბათ, ასი პროცენტით უნდათ, დარწმუნდნენ. ხუმრობა ხომ არაა, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი უნდა მოაწყონ. ასეთ რამეს კი „ეფესბეც“ ერიდება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ „ეფესბე“ საქართველოში მოაწყობს ტერაქტს?
– თუ დარწმუნდნენ, რომ სოხუმური აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი შეკვეთაა, მაშინ, აუცილებლად მოაწყობენ. სოხუმურ ალიაქოთს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს – ასეთია ამ თამაშის წესები. შენ ეს არ გესწავლება და კარგად გესმის, რა უბედურება შეიძლება მოხდეს. როდესაც კონკრეტული სამიზნე არ არსებობს და ობიექტი სახელმწიფოა, მაშინ ყოველთვის უდანაშაულო ხალხი იღუპება.
– რას მთავაზობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?
– ზუსტი გეგმა არ მაქვს, მაგრამ, დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ „ეფესბეს“ საქართველოში ტერაქტის მოწყობის საშუალება უნდა მოვუსპოთ.
– მაშინ, მათ თავგზა უნდა ავურიოთ და ცრუ კვალზე დავაყენოთ.
– ჰო, მაგრამ, „ეფესბესთვის“ თავგზის არევა არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა, აუცილებლად გასაკეთებელი და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. სხვათა შორის, ეს იმაზე რთული იქნება, ვიდრე ატომური ჩემოდნის მოპოვება, რომელიც ჩვენ მაშინ განვახორციელეთ.
– თქვენ საიდან გაიგეთ, რომ „ეფესბე“ ამ საქმეს ფარულად იძიებს და მე მეძებს?
– კონსულტანტად მიმიწვიეს და საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველა შემსრულებლების დახასიათება მთხოვეს. როგორც ეტყობა, პოსტსაბჭოთა კავშირისეული შემსრულებლები და მსგავსი ტიპები თვითონვე დაამუშავეს და დარწმუნდნენ, რომ სოხუმის საქმე ძველი კადრის გაკეთებულია.
– თქვენთან სოხუმის ამბავი ახსენეს?
– რა თქმა უნდა, არა. ოფიციალური ვერსიით, „ეფესბე“ „კაგებეს“ ძველი კადრების აღრიცხვას აწარმოებს. თუმცა, რა ძნელი მისახვედრია, რომ ეფესბეშნიკები სოხუმის შემსრულებელს გამალებით ეძებენ, მით უმეტეს, რომ ის ამ ბიზნესს კრიშავს. შენ კი მათი ხალხი გააგორე და ახლა სისხლი სწყურიათ.
– უყურე შენ რუს ჩეკისტებს! – გამეცინა მე, შჩუკინმა კი საყვედურით მითხრა:
– კარგი რა, კოკი, მათთვის, ამ ტილიანი მაიმუნებისთვის ჩეკისტებად მოხსენიება ნამდვილი ჩეკისტების შეურაცხყოფაა.
– და, მაინც, ვიქტორ იაკოვლევიჩ, „ეფესბეში“ კვალიფიციური ხალხი მუშაობს.
– ამაზე ვინ დავობს? ეს რომ ასე არ იყოს, აქ არ მოგიწვევდი. ახლა კი კარგად მომისმინე, ერთი იდეა მაქვს და ეს თუ დაგვეხმარება „ეფესბეს“ გაცურებაში, – მითხრა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და დაამატა: – ერთი კომბინაცია უნდა გავითამაშოთ და, თუ კარგად შევასრულეთ, ამ ტილიან მაიმუნებს უეჭველად მოვატყუებთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში