პრაქტიკული ქალი
ჯულიუსი ლიდია ჰარტმანს სადგურში დახვდა. ქალი, როგორც ყოველთვის, ახლაც ეფექტურად გამოიყურებოდა გაშლილი წითური თმითა და წელში გამოყვანილი პალტოთი.
– ხომ არ შეუმჩნევიხარ, რომ უთვალთვალებდი?
– არა. პროფესიული მაძებარივით ვმოქმედებდი. სასტუმროშია და მეორე ბოთლ ვისკის უღებს ბოლოს. წასულია მისი საქმე. არ მესმის, რატომ ელოლიავები.
– იმიტომ, რომ არ მინდა, რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემი ქმარია და არ მინდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. დაველაპარაკები, სახლში წავიყვან.
– და ნახავ, როგორ იღუპება? რომ არ წამოგყვეს და აქ მთელი კვირა დარჩეს?
– მეც დავრჩები მთელი კვირა. სამსახურში ვუთხარი და პრობლემა არ შემექმნება. მე მათი საუკეთესო თანამშრომელი ვიყავი და იმიტომაც დამაბრუნეს ყოყმანის გარეშე, როცა შენ და ჩემმა ქმარმა ბიზნესი დაღუპეთ და უსახსროდ დამტოვეთ.
ჯულიუსმა ამოიოხრა. ლიდიაზე უიმედოდ იყო შეყვარებული. პარტნიორის ცოლი მისთვის ერთადერთი საოცნებო ქალი იყო, მაგრამ, ახლა ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან, თვითონაც გაკოტრდა თუმცა, არ ლოთობდა. ანუ, პერსპექტივა უკეთესი მომავლისა არსებობდა.
– ლიდია, არ გიფიქრია იმაზე, რომ მე უფრო შეგეფერები, ვიდრე ჯიმი?
ლიდიამ გაოცებულმა შეხედა:
– ამას სერიოზულად ამბობ?
– რა თქმა უნდა. შენს ქმარზე გაცილებით მეტი პერსპექტივა მაქვს. ჯიმი უიმედო ლოთია. მე კი, თუ გვერდით მეყოლები, შეუძლებელს შევძლებ. ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ხომ იცი, მიყვარხარ.
ქალმა გაიღიმა და თავი გააქნია:
– არა, ჯულიუს. იქნებ, ათი წლის წინ გამომეყენებინა კიდეც შანსი, მაგრამ, ჩემს ასაკში ქალი პრაქტიკული უნდა იყოს. ოცდათორმეტი წლის ვარ და, თუ ქმარს გავეყრები, შენ მის ადგილს ვერასოდეს დაიკავებ. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, ის აუცილებლად შეძლებული მამაკაცი იქნება. ასე რომ, აღარ ვაპირებ ყველაფრის თავიდან დაწყებას.
ჯულიუსმა ამოიოხრა, ქალს მანქანას კარი გაუღო და ჩასვა.
– ისე, მარტო არ უნდა დაგეტოვებინა.
– სასტუმროს ადმინისტრატორს ფული გადავუხადე და ვთხოვე, ყურადღება მიექცია. ნორმალური სასტუმროა. ცოტა ძველია, მაგრამ, საკმაოდ სუფთაა და მყუდრო.
ლიდია და ჯულიუსი სასტუმროს მეშვიდე სართულზე ავიდნენ და 714-ე ნომრის კარს მიადგნენ. ის შიგნიდან აღმოჩნდა დაკეტილი.
– ეტყობა, გამოთვრა და სძინავს, – თქვა ჯულიუსმა და კარს მუშტები დაუშინა, – შიგნით არის, დარწმუნებული ვარ. წავალ, ადმინისტრატორს დავუძახებ.
ჯულიუსი რამდენიმე წუთში დაბრუნდა სართულის მორიგესთან ერთად.
– ლიდია, ეს მისტერ სიმზია. მე ავუხსენი, რომ მისტერ ჰარტმანის ცოლი ხართ.
– სასიამოვნოა, მისის ჰარტმან. იმედი მაქვს, აქ სკანდალის მოსაწყობად არ ჩამოსულხართ. ჩვენი სართულის ბინადრები წესიერი ხალხია.
– მე მარტო იმაზე ვფიქრობ, რა დაემართა ჩემს ქმარს. ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ, მით უმეტეს, არ ვაწყობთ სკანდალებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
– მაშინ, ვცადოთ და გავაღვიძოთ თქვენი მეუღლე, – სიმზმა სათადარიგო გასაღები კლიტეს მოარგო, მაგრამ კარი მაინც არ გაიღო.
– მთვრალიც რომ იყოს, ასე ღრმად მაინც ვერ დაიძინებდა. სახანძრო კიბით ვცადოთ ოთახში შესვლა.
– სახანძრო კიბე არ გვაქვს. ერთადერთი შანსი კარის შემტვრევაა, რისი გაკეთებაც არ მინდა, – სიმზმა ენერგიულად დაუშინა კარს მუშტები, თუმცა, უშედეგოდ – ოთახიდან ჩქამიც არ ისმოდა.
ლიდიამ უკან დაიხია და კარს შეხედა, რომელსაც ზემოთ შემინული სარკმელი ჰქონდა დაყოლებული.
– ამ სარკმლიდან რომ ვცადოთ შეღწევა? – იკითხა ქალმა.
– ძალიან პატარაა, ჩვენ ვერ შევეტევით, – თქვა ჯულიუსმა, – ღრიჭოც ერთი ციცქნაა, როგორ უნდა გავაღოთ?
– კიბე მომიტანეთ და მე ვცდი, – შესთავაზა ლიდიამ, – მე ხელიც ნაზი მაქვს და სარკმელშიც უპრობლემოდ გავეტევი.
მორიგემ თავი დაუქნია და კიბის მოსატანად წავიდა. ლიდიამ ფეხსაცმელები გაიხადა.
– ფრთხილად იყავი, – სთხოვა ჯულიუსმა.
– კარგი, – მშვიდად უპასუხა ლიდიამ, – ვეცდები, მინა ამოვიღო. ქალი ოსტატურად აძვრა კიბეზე და მოხსნილი მინა, თავის ხრახნებთან ერთად, რამდენიმე წუთში უკვე ხელში ეჭირა. მერე ხელებზე აიწია და ფანჯარაში გადაძვრა.
– აბა, რა ხდება? – მოუთმენლად დაუძახა ჯულიუსმა.
ოთახიდან რამდენიმე წუთი ხმა არ ისმოდა. მერე ლიდიამ კარი შიგნიდან გააღო. ჯულიუსმა და სართულის მორიგემ მაშინვე ვერაფერი დაინახეს. ლიდია ეფარებოდა საწოლს, რომელზეც ჯიმი იწვა. მერე ქალი დერეფანში გამოვიდა, ფეხსაცმელები ჩაიცვა და კედელს მიეყრდნო...
საწოლზე გულაღმა იწვა ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი და ტანზე მხოლოდ შარვალი ემოსა. შიშველ მკერდზე პატარა ჭრილობა მოუჩანდა. სისხლი თითქმის არ იყო. საწოლთან ცარიელი ბოთლი ეგდო, დანარჩენი ნივთები უწესრიგოდ იყო ოთახში მიყრილი.
– მკვდარია, – თქვა სიმზმა, – პოლიცია უნდა გამოვიძახოთ.
– ხომ გეუბნებოდი, თავს მოიკლავს-მეთქი, – ამოიოხრა ლიდიამ.
– თუ თავი მოიკლა, დანა სად არის? დანა არ ჩანს, – ჩაილაპარაკა სართულის მორიგემ. ფანჯარაც ღიაა.
– ჰო, მაგრამ, კარი ხომ შიგნიდან იყო ჩაკეტილი, – გაოცებით თქვა ჯულიუსმა, – სახანძრო კიბეც არ არის. მკვლელი ფანჯარაში ხომ ვერ შემოფრინდებოდა...
პოლიცია მალე მოვიდა. მათ ყურადღებით დაათვალიერეს ნომერი და ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს, გარდა ფანჯრის ქვეშ არსებული საკმაოდ სქელი კარნიზისა, რომელზეც თავისუფლად დადგებოდა მოზრდილი ადამიანი.
– გვერდით ნომერში ვინ ცხოვრობს? – ჰკითხა ლეიტენანტმა სართულის მორიგეს.
– არავინ, თავისუფალია.
– ნომრის კარი შიგნიდან იღება, ხომ?
– დიახ, შიგნიდან იღება და მიჯახუნებით იკეტება, გარედან კი აუცილებლად გასაღებით უნდა გააღო.
– კარგი, გასაგებია. თქვენ განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა, – მიუბრუნდა ჯულიუსს და ლიდიას ლეიტენანტი.
პოლიციაში საქმე საკმაოდ სწრაფად დასრულდა. ლეიტენანტმა ჯერ ჯულიუსი დაკითხა.
– ექიმმა თქვა, რომ სიკვდილი მომენტალურად დადგა. თქვენი მეგობარი, სავარაუდოდ, მოკლეს, დაახლოებით სამიდან ხუთის ნახევრამდე. როგორც მითხარით, საქმიანი პარტნიორები იყავით, ასეა?
– დიახ. მე მის მეუღლეს ზუსტად ხუთის ნახევარზე დავხვდი სადგურში.
– იცით, რომ მოკლულს მკვლელისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია?
– ამით რისი თქმა გინდათ? – გაფითრდა ჯულიუსი.
– იმის, რომ პარტნიორი თქვენ მოკალით. თქვენს მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ, აი, ეს დანა ვიპოვეთ. მასზე ჯიმი ჰარტმანის სისხლის კვალია.
ჯულიუსმა ხელები შიშით აიქნია.
– რატომ უნდა მომეკლა, რა სისულელეა? საიდან მოიგონეთ?
ინსპექტორმა დანაზე მიუთითა.
– ეს მკვლელობის იარაღია. თქვენ მანქანაში ვიპოვეთ-მეთქი. ან, იქნებ, იმ მანქანით არ მოხვედით თქვენ და გარდაცვლილის ქვრივი? თქვენ, ალბათ, გულგრილი არ ხართ ამ ქალბატონის მიმართ.
– ეს უსამართლობაა, ჯიმი მე არ მომიკლავს!
– ამის დამტკიცება უკვე სასამართლოზე მოგიწევთ, – მხრები აიჩეჩა ლეიტენანტმა, – მე ჩემი საქმე გავაკეთე. თქვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა პარტნიორი მოგეკლათ, მერე ფანჯრიდან მეზობელ ნომერში გადამძვრალიყავით და, ვითომ არაფერიაო, სადგურში ქალბატონს დახვედროდით. ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ სიმართლეში მოსამართლის დარწმუნება. ქვრივმა უკვე გვითხრა, რომ მის მიმართ გულგრილი არ იყავით, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად უძრავი ქონებით ვაჭრობდით და რომ გაკოტრდით. ერთი სიტყვით, უკვე გითხარით, ჩემთვის ყველაფერი ნათელია. დაპატიმრებული ბრძანდებით. შეგიძლიათ, დუმილის უფლება გამოიყენოთ.
... დაახლოებით შუაღამე იქნებოდა, როცა ლიდია იმ სასტუმროში დაბრუნდა, სადაც მისი ქმარი აღესრულა, ნომერი შეუკვეთა და მაღლა ავიდა. ოთახში შესულმა კაბა გაიხადა და აკურატულად დაკიდა კარადაში. მარცხენა ფეხზე წინდას თვალი წასვლოდა. ქალი შეიჭმუხნა. როგორ არ ეცადა, მაგრამ, დანის წვერმა მაინც გააკეთა თავისი საქმე – წინდაც გაუფუჭა და ფეხიც გაუკაწრა. თუმცა, ეს არაფერი იყო იმ სადაზღვევო თანხასთან შედარებით, რომელსაც ის ქმრის სიკვდილის შემდეგ მიიღებდა. სულელი ჯიმი! მაინც მოიკლა თავი და ცოლს წერილიც კი დაუტოვა ამის დასტურად. ბარათი იქვე, საწოლთან ეგდო დანასთან ერთად. ლიდიას ორმაგად გაუმართლა: ჯერ ერთი, პირველი შევიდა ოთახში და მოასწრო, დანა და წერილი წინდაში გადაემალა; მეორეც, სადაზღვევო კომპანიაში რომ არ დაეწყო მუშაობა, ვერასოდეს გაიგებდა, რომ თვითმკვლელის დაზღვევის თანხას კომპანია არ ანაზღაურებს... ლიდიამ წერილი ამოიღო და წაიკითხა „მაპატიე. ვეღარ გავუძელი და ეს გზა ავირჩიე.“ ლიდიამ გაიღიმა. ჯულიუსზე ოდნავაც არ ნაღვლობდა – ეს მან დაარწმუნა ჯიმი, საქმეში მთელი ფული ჩაედო... ლიდიამ ბარათი წვრილად დახია, უნიტაზში ჩაყარა და წყალი ჩამოუშვა. მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა.