ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-10(584)
სასტუმროს ნომერში საწოლზე წამოწოლილ დიმიტრი ასათიანს გაახსენდა, უფრო სწორად, მეხსიერებაში ამოუტივტივდა კადრები ნატალია-ნატუსიას გაცნობისა. საერთოდ, ქალებთან საკმაოდ ფრთხილი და თავდაჭერილი იყო – ცდილობდა, ურთიერთობა არ გაება შემთხვევით ნაცნობებთან. არც სოციალურ ქსელებს სწყალობდა და დასცინოდა კიდეც იმ ადამიანებს, რომლებიც, ზოგჯერ, ვიღაცის სანდომიან ფოტოებს ამოფარებულ, ფსიქოლოგიური გადახრების მქონე, კომპლექსებით უხვად დასაჩუქრებულ პერსონებთან გულახდილობდნენ. მეგობრებად იხდიდნენ და საკუთარ სულში ჩაძრომისა და იქ ხელების ფათურის საშუალებას აძლევდნენ. ვახოსთვისაც არაერთხელ უთქვამს: შენი მეგობარი მე ვარ. იმის პრობლემა არ გაქვს, რამე ვერ გამიმხილო. ინტიმური საუბრებისთვის სახლში ცოლი გყავს და მოეშვი ამ სოცაქტიურობას, სანამ ვინმეს შენს გონებრივ და ინტელექტუალურ მონაცემებში ეჭვი შეუტანიაო. მაგრამ, ვახო პირიქით უტევდა: ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი არ ხარ და შენთვის პროგრესის პულსაცია გაუგებარიაო... ასე იყო თუ ისე, დიმიტრი ასათიანზე ხელჩასაჭიდი, მსუყე ჭორი ვერაფრით მოიპოვეს ქალაქის მთავარმა ჭორიკნებმა და ვერც ხეირიანი სკანდალი ააგორეს. მცდელობა იყო, მაგრამ, ამბავმა ფრთები ვერ გაშალა და ზვავად ვერ იქცა. წარმატებული ბიზნესმენი ისევ რჩებოდა სასურველ სასიძოდ და არსად ჩანდა პრინცესა, რომელიც მის თავისუფალ გულში დაიდებდა ბინას (შესაბამისად, მხოლოდ გულში კი არა, ფეშენებელურ სახლშიც). პრინცესას ვინ ჩივის, ჭორიკნებმა ვერაფრით მოიოხეს გული და საკბილოდ ვერ მოიგდეს ასათიანი. ან მართლა ასეთი უზადო რეპუტაცია აქვს, ან ძალიან ნიჭიერად მალავს თავის საყვარლებსო, – დაასკვნეს ბოლოს...
ნატუსია სხვა შემთხვევა იყო. იმ საღამოს ასათიანმა, რატომღაც, ნაკლებად იფიქრა ქალაქის ჭორიკნებსა და საკუთარ რეპუტაციაზე...
იდუმალი უცნობი – ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ქალის პირველად დანახვისას და, ეტყობა, ამან გადააწყვეტინა... გადაწყვიტა, რა, ასათიანს საკუთარი პრინციპებისთვის აღალატებინა – საკონფერენციო დარბაზიდან ინსტინქტურად გადაუხვია იქით, საიდანაც ხმაურით გაჯერებული მუსიკის ხმა ისმოდა.
– რა ხდება? – ვახომ სახელოზე დაქაჩა, – სად მიდიხარ?
– დიდ დარბაზში. იქ, მგონი, წვეულებაა, მე კი გართობა მომინდა.
ვახომ წაუსტვინა:
– წვეულებაზე? ამას შენ ამბობ? დიდი ხანია, მიუპატიჟებლად დადიხარ წვეულებებზე? გართობა თუ გინდა, რა პრობლემაა, წავიდეთ სადმე ღამის კლუბში და გავერთოთ.
– მშვიდად... დაუპატიჟებლად რატომ? დილით მომართვეს ოფისში ამ წვეულების მოსაწვევები. თუ არ გჯერა, ჩემი პიჯაკის შიდა ჯიბეში ნახე. წამოდი, წამოდი, ამდენი საქმიანი შეხვედრისა და სერიოზული სახეების შემდეგ ცოტას თუ წავიცელქებთ, არაფერი დაშავდება.
– კარგი, შესანიშნავი იდეაა სამუშაოს შემდეგ წვეულება, მაგრამ, ადრევე რომ გეთქვა, კარგი იქნებოდა.
– რა მნიშვნელობა აქვს? შენ მხოლოდ ათი ნაბიჯი უნდა გადადგა და დარბაზში შეხვიდე... აჰა, მშვენიერია... საინტერესო საზოგადოება შეკრებილა...
დიმიტრი ასათიანს ცისფერ თვალებში ნაპერწკლები აენთო...
– ოო, აქ ვინ ყოფილა! – აღფრთოვანებული შეძახილით შეეგება გაპრანჭული ქალი ასათიანს და მხარზე დაადო ხელი, – დიმიტრი, გამოუსწორებელი ხარ. ყოველთვის მაშინ გამოჩნდები ხოლმე, როცა არავინ გელოდება... ისევ მარტო ხარ? აჰა, რა თქმა უნდა, ვახო შეუცვლელი და ერთადერთია, ვინც ყოველთვის გვერდს გიმშვენებს... ქალი თუ იქნება როდისმე შენ სიახლოვეს? ბავშვობის მეგობარი რომ არ იყო, გავრისკავდი... თან, ქმარიც მყავს...
– დიანა, რად გინდა, რატომ ხარჯავ ჩემზე შენს მჭევრმეტყველებას? ხომ იცი, უიმედო ვარ...
დიანამ გადაიკისკისა:
– შეხედე შენ?! წარმოიდგინე, სულ რაღაც ორი დღის წინ, მე თითქმის გადავწყვიტე, რომ ცხოვრება – ეს მძიმე შრომაა, ყოველგვარი გართობისა და სიურპრიზების გარეშე.
– საინტერესოა. მერე, მე რა როლი მაქვს ამ ყველაფერში, გასართობი ვარ თუ სიურპრიზი?
– სიურპრიზი, ძვირფასო, სიურპრიზი, – ქალი მკლავზე ჩამოეკონწიალა ასათიანს და თვალებში ჩააშტერდა, – ისე... ქმარი რომ არ მყავდეს, მართლა გავრისკავდი...
– მთვრალი ხარ, დიანა? კარგი, რა, იმედი არ გამიცრუო. შენს იმედად ვიყავი. ხომ იცი, ასეთ წვეულებებზე ვერავის ვცნობ და ვიბნევი...
– ზუსტად ისე, როგორც სკოლაში... კარგი, მოგხედავ. მით უმეტეს, რომ ვახოს არაფერში ვჭირდებით. მშვენივრად ორიენტირებს. შეხედე, იმ დიდბიუსტიან ქალს დააფრინდა... ყოველთვის ასეთი იდიოტი იყო. მართლა, შენთან რას აკეთებს? არ მითხრა, რომ შეუცვლელი სპეციალისტია.
– წარმოიდგინე, რომ არა. საქმიანი ადამიანი ვარ, სხვანაირად არ გამოვიდოდა. როდისმე მითქვამს შენთვის, რომ შენს ქმარს ძალიან გაუმართლა?..
დიანამ თვალები მოჭუტა და გადაიკისკისა:
– ო, რა გამოუსწორებელი ხარ! ნუ ეშმაკობ. აქ იმდენი ლამაზი ქალია, მიიხედ-მოიხედე... თუ გინდა, არჩევაში დაგეხმარები.
– გმადლობ, დიანა, როგორმე მე თვითონ... – დიმიტრიმ მექანიკურად გაიხედა იქით, საიდანაც ხმამაღალი სიცილი ისმოდა. ქალს სწორედ იმ მომენტში მოჰკრა თვალი, როცა ის შიშველ მხრებზე ჩამოშლილ ღია ყვითელ კულულებს ისწორებდა... დიანამ სახელოზე დაქაჩა და ყურში ჩაულაპარაკა.
– არ მითხრა, რომ უკვე გაები, გულთამპყრობელო...
ასათიანმა ანგარიშმიუცემლად გაუღიმა და ბარისკენ გაემართა. დიანამ ტუჩები გაბუსხა.
– სად გაგექცა რაინდი?
ქალმა ვახოს წყრომით მოხედა.
– ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ, მაგრამ, საკმარისია შენი მეგობარი დავინახო, რომ, პირდაპირ, ვდნები. ჯადოს მიკეთებს თუ რაშია საქმე, ვერ გამიგია. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან საკმაოდ ბედნიერად ვგრძნობ თავს.
– დაიკიდე... შენ არ ხარ გამონაკლისი, – უდარდელად ჩაიქნია ხელი ვახომ.
დიანამ წარბი ასწია:
– ჰმ, რას ამბობ?! მე არც სულელი გოგო ვარ და არც ქარაფშუტა ქალი. ისიც ვიცი, რომ ასათიანისთვის ეს ყველაფერი თამაშია...
– მაგრამ, კარგად თამაშობს, ხომ ასეა?! – გაიცინა ვახომ. ქალმა მხარზე უხეშად ჰკრა ხელი და მოსცილდა. ვახომ მხრები აიჩეჩა და ასათიანს დაუწყო ძებნა, ასათიანი კი ამ დროს უცნობი ქალის მრგვალი, შიშველი მხრების ყურებით ტკბებოდა და მის კისკისს უსმენდა... ყველაფერი იმავე საღამოს მოხდა სასტუმროს ფეშენებელურ ნომერში... ასათიანს ფული არ დაუშურებია, რომ ქალისთვის ზღაპრული ღამე ეჩუქებინა, მაგრამ, ვერაფრით იფიქრებდა იმას, რომ ნატუსია თავის ტკივილად ექცეოდა. უკვე ორი კვირის შემდეგ ვახოს სთხოვდა, ეს ქალი როგორმე მომაშორეო...
***
ვახო ნებივრად მოკალათდა ძვირფაის ტყავის დიდ სავარძელში და თითები გაატკაცუნა.
– ხომ გაფრთხილებდი, რომ გადაირიე, – ნიშნის მოგებით გამოაცხადა ვახომ და სიგარეტს მოუკიდა, – ყავა მოატანინე, რა, ნათიას...
ასათიანი მოიღუშა:
– კაბინეტში ნუ ეწევი, რამდენჯერ მითქვამს!
– ჰო, კარგი, მოვიფიქრებთ რაღაცას. მაინც, რა უნდა?
– ყველაფერი!
– მოიცა, ეგ რას ნიშნავს, რა ყველაფერი?
– მიყვარხარო...
ვახოს სიცილი აუტყდა.
– ტყუილად იცინი. ტირის და ისტერიკებს მიწყობს. შენ გგონია, მჯერა, რომ ვუყვარვარ?! მაგრამ, ფიქრობს, რომ შემაბამს და თავს შემართვევინებს. ჩემ გარდა, ალბათ, რამდენ კაცთან ამუშავებს იმავე პროექტს. თუმცა...
– თუმცა, ყველაზე მსუყე ლუკმა შენ ხარ, არა?! – ვახო შეეცადა აღარ გაეცინა, მაგრამ, ვერ შეძლო, – რა ვქნა, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამას. მგონი, პრობლემა არც, ისეთი სერიოზულია, როგორც შენ ამუქებ.
ასათიანმა თავი გადააქნია.
– არა, რა, არაფერი გესმის. ამდენი ხანია, ვახერხებ იმას, რომ ქალაქის ჭორების ეპიცენტრში არ მოვექცე... დიდად კი არ მაღელვებს, რას იტყვიან ჩემზე, მაგრამ, არ მინდა, მამაჩემის ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი.
– ისე, რამ გადაგრია?! როდის იყო ქალებზე ასე ირეოდი? იმდენიც არაფერია, ყვითლად შეღებილი თოჯინაა...
– გაჩუმდი, რა... თორემ შენ არ უჟუჟუნებდი თვალებს. შენი ცოლის არ მერიდებოდეს, საერთოდ გაჩუქებდი.
– მერე მე უარს ვიტყოდი ასეთ საჩუქარზე, – გაეხუმრა ვახო, მაგრამ ასათიანმა ისეთი შეუბღვირა, ვახომ მაშინვე შეწყვიტა სიცილი და დასერიოზულდა.
– ტყუილად ნერვიულობ. გადაუვლის.
– კი, როგორ არა! მაინც, როგორ გადაუვლის? იცი, ეგ რას დამმართებს? როგორც წურბელა, ისე გამომწოვს ნერვებს და, თანაც, არა მარტო ნერვებს.
– მე დაველაპარაკები.
– შენ?
– ჰო, რა იყო, მოვიფიქრებ რაღაცას. მაგისთანები მომიშორებია?
– ეგ როდის? ცოლის მოყვანამდე? თუ, ახლა დაოსტატდი, ცოლის მოყვანის მერე?
– მე არაფერ შუაში ვარ, ნამდვილად. არ გამიფრთხილებიხარ, მაგრამ, არც მოგიწონე არჩევანი.
– ჭკუის კოლოფო, ახლა როგორ მოვიქცე-მეთქი!
– მე დაველაპარაკები-მეთქი, ხომ გითხარი! ისე, გყავდეს ცოტა ხანს კიდევ, რა პრობლემაა. ცოლი არ გყავს, გაერთე რა... მერე ნელ-ნელა მობეზრდები.
ასათიანმა შუბლზე მოისვა ხელი და ვახოს ისე შეხედა, უსიტყვოდაც გასაგები იყო, რას ფიქრობდა მასზე.
– მე ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.
– რას მელაპარაკები?! თუ უკეთესს ვერაფერს მირჩევ, აჯობებს, საერთოდ გაჩუმდე. აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ. თუ დროზე არ დავამთავრებ მაგასთან ურთიერთობას, ვიცნობ ასეთ ქალებს და ზუსტად ვიცი, სადამდეც მიმიყვანს.
– არ მითხრა, რომ ბავშვს გაგიჩენს...
ასათიანი გაშრა:
– რა?! ეგ არ მიფიქრია. ღმერთო, გამორიცხული არაფერია. გეუბნები, რა... ერთხელ კიდევ რომ შევხვდე, თავს ვეღარაფრით დავიხსნი.
– ძალიან შეუშინებიხარ. ასეც არ არის საქმე. ეგ ისე ვთქვი – ბავშვს ვგულისხმობ. რისი გამჩენია, რა სისულელეა. ეგეთი „ჭრელი პეპლები“ შვილებს ასე მარტივად არ აჩენენ და იმას არ იფუჭებენ, რითაც ფულს შოულობენ. შენ როგორ ფიქრობ, ცხრა თვე დაჯდება და ხაჭოს შეჭამს, არიქა, ასათიანს ჯანმრთელი შვილი გავუჩინოო? მოკლედ, მივხედავ მაგ საქმეს, იურისტი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
– მერე, სარჩელს შეიტან სასამართლოში სექსუალური ძალადობის მოტივით? – ასათიანმა ამოიოხრა, – მოკლედ, მე თვითონ მოვიფიქრებ რამეს, შენ ცოტა ხანს მოიცადე...
– მდაა, მე ვიცი ყველაზე ნაღდი გამოსავალი – ცოლი შეირთე!
– რა?!
– ჰო, კარგი, ნუ იბღვირები, ვიხუმრე. ისე, რა მოხდება ვითომ, მართლა რომ შეირთო?
– ვახო, შენ ცუდად ხომ არ ხარ? მამაჩემს ხომ არ შეეკარი?
– მამაშენი მემკვიდრეზე ფიქრობს და სულაც არ მიკვირს, – მხრები აიჩეჩა ვახომ.
– კარგი, რა, ცოლი და მემკვიდრე სახუმარო საქმე არ არის. ჯერ ამისთვის მზად არ ვარ. ვიღაც ხომ უნდა მიყვარდეს, მე კი არც მომწონს ვინმე.
– მერე, მოიწონე, ვინ გიშლის?!
– რა ზერელე ადამიანი ხარ, გამაოცებ ხოლმე, თუმცა, შეიძლება, ისე ჯობია, როგორც შენ იქცევი.
– მე ვარ ზერელე? რას ამბობ! იცი, როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდები ოჯახს? ნაშებიც კი დავივიწყე.
– ჰო, აბა, რა, ლამის ოჯახი დაგენგრა: გახსოვს ეგ ამბავი?
– ჩავლილზე ნუ ვილაპარაკებთ. ყველა ცოლი ეჭვიანია, შეირთავ და ნახავ.
– არავის არ ვირთავ, თავი დამანებე...
ასათიანმა საფერფლე მოიძია, მერე გაახსენდა, სიგარეტის მოწევას თავი რომ დაანება და საფერფლე უკანვე დადო კომოდზე. მოგონებებმა ცოტა გააღიზიანა. ნატუსია მაშინ შედარებით ადვილად მოიშორა თავიდან, იღბლიანი შემთხვევის წყალობით... – ასათიანს უნებლიეთ გაეღიმა... – ნატუსიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მის ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორს დაადგა თვალი. არც ის ტიპი დარჩა ქალის მიმართ გულგრილი. გულგრილი კი არა, ლამის ჭკუიდან შეიშალა. დაფეთდა და გადაირია, თითქოს ქალი საერთოდ არ ენახა. ასათიანმაც „დიდსულოვნად“ დაუთმო. მართალია, ნატუსიამ „ღვეზელის“ სოლიდური ნაჭერი მაინც დაითრია – ასათიანის ხარჯზე მშვენიერი მსუყე „ევროტური“ მოიწყო თავისი შოპინგით...
დიმიტრი ფანჯარასთან მივიდა. ხედი ზეპირად იცოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში სულ ამ სასტუმროში და ამ ნომერში ჩერდებოდა. აცოფებდა იმ აზრთან შეგუება, რომ სასტუმროს შეცვლა მოუწევდა, მაგრამ, ამ ქალის ატანაც არ ჰქონდა. ნატუსიასთან ურთიერთობის შემთხვევით განახლებაზეც კი აჟრჟოლებდა. „მგონი, აჯობებს, საერთოდაც წავიდე აქედან, საქმე მაინც იქით მაქვს და მთებში გავემგზავრები. თან, ცოტას ვისრიალებ თხილამურებით. დავრეკავ და ბილეთს ახლავე შევუკვეთავ. რაღას ველოდო, როდის დამადგება ეს გადარეული თავზე?!“ ასათიანი კონკრეტული მიზნით იყო ჩამოსული – ალპებში პატარა სასტუმრო უნდა ეყიდა, საოჯახო, სულ ხუთ-ექვსნომრიანი. კიდევ, საქმიან პარტნიორს უნდა შეხვედროდა, მაგრამ, დროში შეზღუდული არ იყო. ამიტომ, შეხვედრა მერე შეეძლო დაენიშნა, როცა სასტუმროს შეარჩევდა და იყიდდა. პარტნიორსაც იქ მიიწვევდა. ახლა მთავარი ის იყო, დროზე გაესწრო სასტუმროდან, თან ისე, რომ ნატუსია კვალში არ ჩასდგომოდა. ტელეფონის ყურმილი აიღო და სასტუმროს ადმინისტრაციაში დარეკა.
– გთხოვთ, ყველას უთხარით, რომ სასტუმრო უკვე დავტოვე და გავემგზავრე. გამონაკლისების გარეშე. სადილი ნომერში მომიტანეთ. დიახ, როგორც ყოველთვის, ხახვის წვნიანი, შემწვარი ყველითა და ტოსტებით. კიდევ, ბილეთი მჭირდება. დიახ... რა თქმა უნდა... თქვენ იცით, ჩემი გემოვნება. თუ საღამოს იქნება, უკეთესია. არა, არც სატელეფონო ზარებს ვუპასუხებ. მე უკვე გავემგზავრე...
ასათიანმა ყურმილი დადო და შვებით ამოისუნთქა. ახლა შეეძლო ცოტა დაესვენა. აივნის კარი გააღო, სავარძელში ჩაჯდა და ცივი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. ცოლი... იშვიათად, მაგრამ მაინც უფიქრია იმაზე, როგორი იქნებოდა მისი ცოლი... მერე, ეღიმებოდა ხოლმე საკუთარ მოთხოვნებზე, რომელსაც თავის მომავალ მეორე ნახევარს უყენებდა. ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმ ქალზე, რომელიც მისი შვილების შესაძლო დედა გახდებოდა. ვერაფრით შეეგუებოდა იმას, რომ ქალს, მით უფრო ცოლს მისი მატერიალური შესაძლებლობების გამო ნდომოდა მასთან ერთად ცხოვრება. გარდა ამისა, ყველა მხრივ საინტერესო უნდა ყოფილიყო. არაორდინარული და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე. მრავალფეროვანი ქალი – როგორც სათავგადასავლო წიგნი, რომლის ხელახლა წაკითხვა არასდროს გბეზრდება... სილამაზე უფრო პირობითი იყო ასათიანისთვის. წუთიერი ვნების აღმძვრელი და როგორი უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ცოტათი დამღლელიც... ერთი სიტყვით, აშკარად არ იყო მზად ოჯახის შესაქმნელად და როცა ამის შესახებ ვახოს ელაპარაკებოდა, ნამდვილად არ ტყუოდა...
***
ქეთის არ სძინავს... მხოლოდ თავს აჩვენებს.. არ უნდა, მიხვდნენ, რომ ყველაფერი ესმის... ამჯერად ზუსტად იცის, რომ დედა და მამა ჩხუბობენ... ბუნდოვნად თითქოს მიზეზსაც ხვდება, თუმცა, მის ბავშვურ გონებას უჭირს ფაქტების თანმიმდევრულად დალაგება... შიში ხელ-ფეხს უყინავს და გული გამალებით უცემს... ქეთი და გიო. სალომე?! – ეს ვინღაა... დედას რაღაც ეშლება... „შენი შვილია – შენი!“ – კივის მთელი ხმით... ქეთის უნდა გაიქცეს, დედას მოეხვიოს და უთხრას, რომ მამას შვილები ის და გიო არიან... რა თქმა უნდა, დედას ეშლება და ტყუილუბრალოდ ეჩხუბება მამას. მერე რატომ? ქეთი ვერ ხვდება, მაგრამ, ის კი იცის, რომ დედა ცუდად გახდება, თავის ოთახში დიდი ხნით ჩაიკეტება და იტირებს... ქეთიმ არ იცის, რა უნდა ქნას, რომ მშობლებს შორის უკვე ყოველდღიურობად ქცეული ჩხუბი აღკვეთოს... გიო ჯერ ძალიან პატარაა... გიოს ჯერ არაფერი ესმის...
ლელიმ გერი ამრეზით შეათვალიერა:
– ასე გვიან გეწყება სამსახური? დრო გზაშიც ხომ გინდა? დაგვიანებებს ნუ შეეჩვევი, თორემ, გამოგაგდებენ. ისედაც, მგონი, გამოსაცდელი ვადით ხარ აყვანილი. იცოდე, სამსახური რომ დაკარგო, მოთმინების ფიალა საბოლოოდ ამევსება და შენც და იმ შენს უსაქმურ ძმასაც სახლიდან მიგაბრძანებთ. არ მინდა, ორი მუქთახორა ვარჩინო.
– ჩვენ არ ვართ მუქთახორები. ჯერ ერთი, დიდი ხანია, ჩემი და გიოს საჭმლის ფულს თავადვე ვშოულობ. სახლი კი მამაჩემის არის და ჩვენც გვაქვს აქ ცხოვრების უფლება.
– რაღაც, ძალიან ბევრს ლაპარაკობ. რა ხდება? საკუთარ თავს აძლევ იმის უფლებას, რომ მიმითითო? რაც მე შენზე და შენს ძმაზე ამაგი მაქვს... რა უბედურებაა!.. თუმცა, არ მიკვირს...
– მამაჩემი ფულს საკმარისად გიგზავნით, მეც ხომ ვმუშაობ... რითი ხართ მუდმივად უკმაყოფილო?
ქალმა მაგიდის ზედაპირს ხელისგული დაარტყა:
– როგორ ბედავ და მითვლი ჩემი ქმრის გამოგზავნილ ფულს! ფულს, რომელსაც ისევ თქვენთვის ვხარჯავ, რომ არაფერი მოგაკლდეთ? ჩემი ბრალია, ამხელა ტვირთი რომ ავიკიდე, რა ძალა მადგა, ყოფილიყავით უპატრონოდ. ჩემმა სიკეთემ და გულისხმიერებამ დამღუპა!..
ქეთის რაღაცის თქმა უნდოდა... კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა... უკვე მერამდენედ არჩია გაჩუმება...
– აღარ მიდიხარ? დაგაგვიანდება-მეთქი!
– გიოს სადილად რამეს მოვუმზადებ და წავალ.
– წადი, წადი, მშიერს არ მოვკლავ, შეჭამს რაღაცას. ჰო, მართლა, გამომართვი, – ლელიმ ფურცელი გაუწოდა, – პროდუქტების სიაა და მოიტანე!
ქეთიმ ფურცელი გაშალა და დაბნეულმა წამოიძახა:
– ამდენ რამეს როგორ წამოვიღებ? ფულიც არ მაქვს.
– რას ნიშნავს, ფული არ გაქვს? მუშაობა ხომ დაიწყე?
– ჰო, მაგრამ, ჯერ ხელფასი არ ამიღია. იქნებ, მოგეცათ და მოვიტანდი ყველაფერს.
ქალმა გერს მრისხანედ შეხედა:
– რა უნდა მომეცა, ფული? უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ფული მე რომ მოგცე, შენ რიღას მაქნისი ხარ?! მომშორდი და გააკეთე, რაც გითხარი, მარტო მე და ჩემი შვილი არ ვჭამთ!
– ღმერთო, მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ, ეს ყველაფერი რომ ვიყიდო, ფული ხომ მჭირდება?!
– რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. შეგიძლია, ნისიად გამოართვა მაღაზიაში ან წინასწარ მოითხოვო ხელფასის ნაწილი.... არ ვიცი, შენ თვითონ გადაწყვიტე. მაგრამ, სახლში ხელცარიელი დაბრუნება არც იფიქრო. მამაშენის გამოგზავნილ ფულზე რომ ხარ ჩასაფრებული, იცი კი, საერთოდ, რამდენს გზავნის ან რაში იხარჯება ეგ ფული?
ქეთის ისევ გაუჩნდა სურვილი, დედინაცვლისთვის ეთქვა, მე ყველაფერი ვიცი. ხმას რომ არ ვიღებ, არ ნიშნავს იმას, რომ ბრმა და ყრუ ვარ. ისიც კი ვიცი, რაც შენ გგონია, რომ არ ვიცი. მოვა დრო და სიტყვასიტყვით მოგახლი, ამდენი წლის ნაგროვსო, მაგრამ, მხოლოდ ამოიოხრა. თვითონაც იცოდა, რომ „ნაგროვი“ სამუდამოდ დარჩებოდა მასთან და მხოლოდ მას ატკენდა გულს თავისი სიმწვავით.
– გზაში ბევრს ხომ არ ხარჯავ? რითი დადიხარ? – უკვე კართან მისულს დაეწია ლელის ხმა.
– ბარათი ხომ მაქვს... ძირითადად, მეტროთი...
– კარგი იქნებოდა, სამსახური აქვე ახლოს გქონოდა, გზაში ფული აღარ დაიხარჯებოდა. მაგრამ... შესვენებაზე ბევრი ფული არ დახარჯო. ლარი, წესით, უნდა გეყოს. რა მითხარი, სად ვსადილობო? იქნებ, სახლიდან წაგეღო პური და ყველი?
– არ გამოვა, ვალდებულები ვართ, იქვე, კაფეში ვჭამოთ, – იცრუა ქეთიმ და საკუთარმა ტყუილმა თავადვე გააოცა. ვერ წარმოედგინა, თუ ლელის მოტყუებას შეძლებდა. სახეზე მომენტალურად გაჩენილ სიწითლეს რომ არ გაეცა, სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და კარი გაიხურა. რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებლიდან სალომე გამოვიდა თვალების სრესით.
– რა გაყვირებდა, ქალო, ძილის საშუალება რომ არ მომეცი... რაო, არავინ მყავსო?
– მაგ სისულელეზე ლაპარაკი არც მიფიქრია.
– რატომ, მერე? – გაცხარდა სალომე, – ხომ დამპირდი?
– დაგპირდი და, როცა საშუალება მომეცემა, გადავამოწმებ.
– გადაამოწმებ? დედა! ნერვებს რატომ მიშლი? გეუბნები, იმან, ვინც მითხრა, საკუთარი თვალით ნახა...
– ვინ ნახა, ვინ გაგიჟებს... დილიდან ნუ დაიწყებ ზუზუნს, თორემ, ისედაც საშინელ გუნებაზე ვარ.
– მაშინ, გააკეთე, რასაც დამპირდი.
– რა გავაკეთო. უკან გავეკიდო? შენ სულელი ხომ არ ხარ?! რა ეტყობა მაგას, რომ „ჯიპიანი“ შეყვარებული ჰყავს? თმა ვერ დაუვარცხნია ნორმალურად და მეტროთი დადის სამსახურში.
სალომემ ეჭვით შეხედა დედას:
– შენ რა იცი?
– ვიცი, რადგან ვამბობ. გეყოფა წუწუნი, თორემ, თუ ასე გააგრძელებ, არავის მოეწონები.
– ფული მჭირდება, – თქვა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ სალომემ.
– რისთვის?
– რას ნიშნავს, რისთვის?! რაღაცეების ყიდვა მინდა. იმ დღეს ხომ გითხარი? ნორმალური არაფერი მაქვს. ერთი და იგივე ტანსაცმლით დავდივარ ამდენი ხანია. მთელი წელია, ერთი ჩანთა მიჭირავს ხელში. მობილურიც გამოსაცვლელი მაქვს. ვიღას აქვს ასეთი მობილური, – სალომე ცრემლნარევ კრუსუნზე გადავიდა.
ლელი შეიჭმუხნა:
– გეყოფა. ვიცი ყველაფერი. მამაშენი ფულს გამოგზავნის და მაშინვე მოგცემ. წაგიყვან საყიდლებზე.
– შენ ფული მომეცი და საყიდლებზე როგორმე თვითონ წავალ. ოღონდ, შენ რომ იცი, მოჟოჟკვა, ასე არ გააკეთო. იმ კრეტინს ყოველთვის იმდენს აძლევ, რამდენსაც გთხოვს ხოლმე და მე მჩაგრავ.
– როგორი უსამართლო ხარ! გადაყოლილი ვარ შენზე და ვერაფერი დაგანახვე, მამაშენს ჰგავხარ უმადურობაში.
– მართლა? დარწმუნებული ხარ, რომ მამაჩემია?!
– სალომე, ნუ ხარ შხამიანი... – ლელი წამოდგა, – უსინდისო თუ მისაყვედურებდა იმაში, რომ ფულს ვუჟოჟკავ. ეგ მეორედ აღარ მითხრა, გესმის?
– ჰო, კარგი... გაღიზიანებული ვარ. წარმოიდგინე, თუ მაგ საფრთხობელას მართლა ჰყავს შეყვარებული, მე სრული იდიოტი ვყოფილვარ. ერთი ნორმალური თაყვანისმცემელიც არ არის ჩემ გარშემო.
– კიდევ მაგაზე ფიქრობ? მორჩი და საკუთარ თავზე იფიქრე. თაყვანისმცემლებიც გეყოლება, შეყვარებულიც და მერე მაგარ ქმარსაც დაითრევ. რა განერვიულებს?! ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– როგორც შენ დაითრიე, ხომ, მამაჩემი?! – ჩაეცინა სალომეს, – სულ ვფიქრობ და ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ გადაირიე მაგაზე. მიხო ამბობს, მამაჩემი უფრო მაგარი ტიპი იყოო, ძალიან მაგარი, მაგრამ, ლელიმ მაინც უღალატა და რქები დაადგაო.
ლელი ცარცივით გათეთრდა:
– ენა ჩაიგდეთ შენც და მიხომაც! არაფერი არ იცით, საერთოდ არაფერი! შხამსა და სიბინძურეს აფრქვევთ საკუთარი დედის მისამართით. გიკრძალავ ამ თემაზე ლაპარაკს, მიხოს კი მე მოვუვლი.
სალომემ აუღელვებლად აიჩეჩა მხრები:
– რა გაყვირებს? მგონი, მაქვს უფლება, ჩემი გაჩენის ისტორია ვიცოდე.
– ენა გააჩერე-მეთქი! რომელ უფლებებზე მელაპარაკები? მადლობა უნდა მითხრა, რომ საერთოდ გაგაჩინე. ეს ჩემი მხრიდან დიდი რისკი იყო.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, რომ რისკი იყო. სიმართლე თუ მეცოდინება, შენს ამაგს ორჯერ უფრო მეტად დავაფასებ.
ლელიმ ხელები აიქნია.
– მოვრჩეთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი! ნუ იქექები იქ, სადაც არაფერი გესაქმება.
– შენი არ მესმის. ეს ხომ ჩემი ცხოვრებაც არის. რატომ არ უნდა ვიცოდე, რა ხდებოდა დედაჩემსა და მამაჩემს შორის?
– რაც ხდებოდა, ისედაც გასაგებია. თუ ვერ ხვდები, შეგიძლია, სარკეში ჩაიხედო და დაინახო საკუთარი თავი. ახლა გაჩუმდი და მომცილდი!
– სულ ასე აკეთებ... რაღაცას საგულდაგულოდ მალავ, იმას, რაც ისედაც ყველამ იცის. ვერ ხვდები, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს აწვალებ?!
– სალომე-მეთქი! სალომე!..
– კარგი, კარგი, ნუ ყვირი, გავჩუმდი. მაგრამ, იფიქრე მაინც იმაზე, რაც გითხარი. აზრი არ აქვს იმის დამალვას, რაც ისედაც ყველამ იცის.
– სალომე!..
სალომემ ორივე ხელისგული პირზე აიფარა და ოთახიდან გაიქცა.
***
ქეთიმ კარიდანვე დაინახა მის მაგიდასთან ჩასაფრებული მარიკო და უსიამოვნო საუბრის მოლოდინში გული შეეკუმშა. დილით ლელისგან ისედაც „დაგრუზული“, საერთოდ არ იყო თანამშრომლის ორაზროვანი, შხამიანი რეპლიკების მოსმენის გუნებაზე. მისალმების ნიშნად მაინც გაუღიმა და ჩანთა გამოწეულ უჯრაში ჩადო.
– დღეს ფეხით მოხვედი? შეფმა მძღოლი ხომ არ დაგიქირავა?
ქეთიმ ამოიოხრა:
– მარი...
– მარი არა, მარიკო... სახელს შეგნებულად ნუ მიმახინჯებ, ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება... – სარკასტულად გაიცინა მარიკომ, – მეც იმას მეტყვი, რომ შემთხვევით მოხდა ყველაფერი? ნინი კი არ ვარ, რომ დამაბოლო! აბა, მოყევი, როგორ შეაბი ასათიანი... რა იცი, ამისთანა რომ აი, ასეთმა... ასე ჩაცმულ-დახურულმა მისი ყურადღება მიიპყარი... იცი, რამდენი ქალი ჩალიჩობს ამაზე?!
– მე არ მიჩალიჩია... – წყნარად თქვა ქეთიმ და მარიკოს შეხედა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში