როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბაბუხარდია
საყურადღებოა, რომ გვართან დაკავშირებულ ხალხში შემონახულ თქმულებებს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ თქმულებებში წინაპრებიდან მეხსიერებით გადმოცემული ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა შემონახული.
მაგალითად, ბაბუხარდიათა გვარის შესახებ, ბატონი შალვა ბაბუხარდია ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:
„მეცხრამეტე საუკუნეში, სვანეთში, კერძოდ, მესტიაში, ცხოვრობდა ორი ძმა გელოვანი. დედ-მამა ადრე გარდაეცვალათ და ბაბუა ზრდიდა. ერთ დღეს, რომელიღაც მეზობელმა ბავშვებს ბაბუა მოუკლა და ობლები მეზობლების ანაბარა დატოვა. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, ერთ-ერთმა მეზობელმა მათ მიანიშნა ბაბუის მკვლელზე – მას თქვენი სისხლი ჰმართებსო. ტრადიციამ თავისი გავლენა მოახდინა ძმებზე და მათ მკვლელის ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს, შემდეგ გაიქცნენ იმ ადგილიდან და ერთი ძმა იმერეთს შეეხიზნა, მეორე კი კახეთში გადავიდა. იმერეთში გადასახლებულმა ძმამ ნამდვილი გვარი დამალა და გვარად ბაბუა დაირქვა. ამ თქმულების მიხედვით, მას სოფელში ბაბუხარდი შეარქვეს. გვარმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და ბაბუხარდია გახდა. კახეთში გადასული ძმა კი გელოვანის გვარით დასახლდა. იქ დღესაც ცხოვრობენ გელოვანის გვარის წარმომადგენლები“.
ბაბუხარდიები დღეს სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. ტყიბულის რაიონში არის სოფელი კითხიჯი, რომელიც მთლიანად ბაბუხარდიებით არის დასახლებული; ასევე, ბაბუხარდიები ცხოვრობენ თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთშიც.
საქართველოში 453 ბაბუხარდია ცხოვრობს: ქუთაისში – 175, ტყიბულში – 113, თბილისში – 69. არიან სხვაგანაც.
ალადაური
გვარის ფუძის დამდები ალუდა ყოფილა. ხახმატელ გამღვირაულებს ალადაურების გვარი მიუღიათ. გვარში არსებული გადმოცემით, ალადაურები იყოფიან ბაჩიქაურებად, გამღვირაულებად, მშაველებად და ალექსაურებად.
1873 წელს სოფელ ხახმატში 45 კომლი ალადაური ცხოვრობდა, მათი სალოცავი კი იყო „ჭორმეშავ წმიდა გიორგი“.
ასეთი გადმოცემაც არსებობს: „ჩვენი გვარი უშიშაური ყოფილა, მერე ალექსაურებზე ჩაუწერიათ, მერე კი ალადაურები გავხდით. მშაველა ფერაულნი რომ იყვნენ, იმათგან ცალკე ყოფილან უშიშაურნი, ჩვენ კი ცალკე ვიყავით მათგან. გიორგი გილაური იყო ადრე, ახლა გამღვირაულნი გახდნენ. ახლა ალადაურები ვართ ყველა, მაგრამ, სხვადასხვა მამის შვილები ალადაურებიდან მარტო ჩვენ – ალექსაურები და მშაველა-ფერაულნი ვართ ხახაბოდან“.
გამღვირაულები და ბაჩიკაურები ერთი ფუძისანი არიან. გამღვირაულები გელაურები ყოფილან, ბაჩიკაურები კი თუში მწყემსიდან იღებენ სათავეს.
საქართველოში 170 ალადაური ცხოვრობს: დუშეთში – 45, ახმეტაში – 43, გარდაბანში – 28. არიან სხვაგანაც.
ხარჩილავა-ხარჩილაძე
გვარები ხარჩილავა და ხარჩილაძე ერთი და იმავე ძირისაა. ის საფუძველს იღებს საკუთარი სახელიდან ხარჩილა.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს შორის ხარჩილავა 360-ე ადგილზეა, სამეგრელოში 48-ე ადგილი უკავია, წალენჯიხის რაიონში კი – მე-9.
გვხვდება, ასევე, ტოპონიმები: ლეხარჩილე – სოფელი ფეისქურის მარცხენა მხარეს (ჯგალის თემი), რომელიც იყოფა სამ კუთხედ: რიზენი, სუკი და ტახილი: ლიხარჩილე კი უბნებია ჯვარში, ფახულანში, მოხაშში; ნახარჩილე – ფერდობი ოხჩომურის მარცხენა მხარეს; სახარჩილო – უბნები ხამისკარში, ორულუში და ყოფილი დასახლებული უბანი ყულევში.
საქართველოში 2 255 ხარჩილავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 718, წალენჯიხაში – 707, თბილისში – 237. არიან სხვაგანაც.
კომახიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კომახი. კომახი, კომახიტი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა ტრაპიზონში.
გადმოცემის მიხედვით, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ლესაში მცხოვრები კომახიძეები გადასახლებულნი არიან ქობულეთის რაიონიდან. მათ შორეულ წინაპარს გურიაში რაღაც დაუშავებია და ერთი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ ჯახათში ჩასახლებულა, იქიდან კი სოფელ აჭყვისთავში გადასულა. ამ გვარის ერთი წარმომადგენლისთვის, რომელიღაც გურიელს აზნაურის წოდება უბოძებია, ასევე, მიწებიც მიუცია სოფელ ჩეხედანაში და ის მიწები დღესაც კომახიძეების მიწებად იწოდება.
გვარის წინაპართაგან შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, კომახიძეების წინაპრები მესხი დიდებულები ყოფილან და ტრაპიზონის იმპერიის მიდამოებში ცხოვრობდნენ, საიდანაც გამოიქცნენ ოსმალების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ.
ორი საგვარეულო – ჭანიხიდები და კომახიძეები მძლავრობდნენ და სწორედ მათგან წარმოშობილად მიიჩნევა დღეს არსებული ჭანიშვილებისა და კომახიძეების გვარი.
კომახიძეებმა აჭარაში ოსმალების ბატონობის 300 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს პირვანდელი გვარი. ხახუტა კომახიძის შთამომავალნი კი დღემდე ხახუტაიშვილებად იწერებიან. ისინი სოფელ აჭყვისთავში ჩასახლებულან. ეს ადგილი ამჟამად იწოდება, როგორც კომახიძეებისა და ხახუტაიშვილების ქედი.
საქართველოში 1 353 კომახიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 354, ბათუმში – 233, თბილისში – 193. არიან სხვაგანაც.
რევაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა და ქართულად კმაყოფილს ნიშნავს.
თავადი რევაზიშვილები ბარათაშვილების გვარისანი არიან.
გვარი რევაზიშვილი ძირითადად ქართლში გვხვდება. ქვემოქართლელი რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავლები არიან, კერძოდ, ამილახვარი რამდენიმე გვარად გაიყო: რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად და გივიშვილებად – „ამათგან პირველი თავადობისა ადგილია და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნი უფრო იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქვნდათ მეორისა და მესამისა თავადის ხარისხი და პატივი“.
ისტორიულ წყაროებში, ასევე, გვხვდება ცნობები, რომ ქვემოქართლელი გურჯირევაზიშვილები ბარათაშვილთა შტო-გვარია.
„თავადი გურჯირევაზიშვილები ბარათიაანთ გვარისანი არიან. გაუგვარდათ სახელი სიმხნევის გამო, რომელ გურჯ რევაზად სახელდეს თათართაშოდეს ბრძოდნენ მათ და რომელიც ითარგმნების გურჯი რევაზ – ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისა, წელსა 1703-სა და მუნითგან იწოდებიან გურჯირევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რაოდენსამე სახელად სომხითსა შინა“.
1721 წლის ისტორიული აღწერით, ავთანდილ რევაზიშვილი იყო მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში.
ზემო ქართლში რევაზიშვილები ციციშვილების აზნაურებიც იყვნენ. საციციანოში, ტრაქტატის სიით, 34 სააზნაურო სახლია. ციციშვილთა ზოგიერთი სააზნაურო სახლი რამდენიმე კომლად იყოფა. მეთვრამეტე საუკუნეში ორ ან რამდენიმე კომლად იყოფიან კლიმიაშვილები, ალექსიძეები, ბუნიათიშვილები, მუჩაიძეები, რევაზიშვილები და სხვები.
შიდა ქართლში მცხოვრები რევაზიშვილების ერთი შტო მაჩაბლებისგან არის წამოსული.
ასე რომ, რევაზიშვილების გვარი მომდინარეობს ამილახვარ-ბარათაშვილ-ციციშვილებისა და მაჩაბლების გვარებიდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 819, გორში – 194, მცხეთაში – 154. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით