რატომ გადაწყვიტა თინათინ ჯაფარიძემ სელინ დიონისთვის დაწერილი სიმღერის დემო ვერსიის თრატომ გადაწყვიტა თინათინ ჯაფარიძემ სელინ დიონისთვის დაწერილი სიმღერის დემო ვერსიის თავად ჩაწერა და რატომ თქვა მან ბევრ შემოთავაზებაზე უარიავად ჩაწერა და რატომ თქვა მან ბევ
„ბავშვობა ყველაზე ტკბილად და კარგად მახსენდება. ჩემებთან, ბებიებთან, ბაბუებთან ყოფნა, მათთან გატარებული დღეები, სანამ თბილისიდან წავიდოდი... 8 წლამდე სულ სხვანაირი ცხოვრება მქონდა. საქართველოდან საცხოვრებლად ჯერ მოსკოვში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს ნიუ-იორკში გადასვლამ სულ შეცვალა ჩემი ცხოვრება. თბილისში მაინც სხვანაირი ცხოვრება მქონდა. მენატრება მაშინდელი კომფორტი. არაფერზე ვფიქრობდი, ასაკიც მიწყობდა ხელს. მოსკოვში გადასვლის შემდეგ ძალიან გავიზარდე, უცებ დავღვინდი, ზედმეტადაც კი. ჩემი ბავშვობა მახსოვს 8 წლამდე, რადგან 8 წლის შემდეგ პერიოდს ბავშვობა აღარ ერქვა... ახლა რომ ვუკვირდები, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ცოტა დიდხანს ვყოფილიყავით თბილისში და შემდეგ დამეწყო კარიერაზე ფიქრი. შეიძლება, ზედმეტად ადრეც დავიწყე ამაზე ზრუნვა, თუმცა არ ვნანობ“, – ეს სიტყვები უნიჭიერეს მომღერალს და კომპოზიტორს, თინათინ ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც ახლახან თბილისში იყო ჩამოსული. თინათინს ნიჭთან ერთად, ბევრი საოცარი თვისება აქვს. ის ძალიან ლამაზი, თბილი, მოსიყვარულე და კარგი ადამიანია.
თინათინ ჯაფარიძე: დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ბატონ პაატას შემოთავაზებას. „იავნანას“ შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ და გამიხარდა, რომ ჩემი დებიუტი საქართველოში სწორედ ამ საღამოზე შედგა. ბევრი წავიკითხე „იავნანას“ შესახებ – როგორ ეხმარებიან ხალხს. კონცერტის დროს ჩვენც გადმოგვცეს წერილები, რომლებიც ბავშვებს, მშობლებს ეკუთვნოდათ და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
– როგორც ვიცი, სექტემბერში თბილისში უკვე დეივ გრუზინთან ერთად ჩამოხვალ და იმღერებ.
– სექტემბრის ბოლოს ჩამოვდივართ. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, „იავნანასთან“ ერთად განხორციელდება. უბრალოდ, ჩემი, დეივ გრუზინისა და მისი ძმის სოლო კონცერტი იქნება. მისი დათანხმება არცთუ ისე იოლი იყო, მაგრამ, რადგან მას საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა, გადაწყვიტა, ეს არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ კონცერტთანაც ყოფილიყო დაკავშირებული. მას მოეწონა ბატონი პაატას აზრი, რომ მე და დეივს კონცერტზე ერთად გვემღერა. ზაფხულში დავიწყებთ რეპეტიციებს. ალბათ, ვიმღერებთ ჩემს სიმღერებსაც და რა თქმა უნდა, მის სიმღერებს. მაქსიმალურად შევეცდებით, საინტერესო რეპერტუარი შევარჩიოთ. მიხარია, რომ ჩვენი ერთად გამოსვლა პირველად საქართველოში მოხდება.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც მას თბილისში ჩამოსვლა და შენთან ერთად სიმღერა შესთავაზეთ?
– ძალიან პოზიტიური. თან, რომ გაიგო, ეს ქველმოქმედებასთან იყო დაკავშირებული, ძალიან გაუხარდა. მე და თეონა ჯორბენაძე ვმუშაობთ ორგანიზაციულ საკითხებზე. მუსიკალურ პროგრამას ბატონი პაატა და დეივი აგვარებენ. მე თან, მომღერლის ფუნქციასაც ვასრულებ და დეივ გრუზინის მენეჯერისაც.
– გარდა საინტერესო ისტორიისა, თქვენ ერთმანეთთან უკვე ბევრი რამ გაკავშირებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ბარბრა სტრეიზანდს უწერ სიმღერას, დეივ გრუზინმა კი მისთვის წლების წინ დაწერა სიმღერები, რომლებიც სტრეიზანდის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო.
– კი. თუმცა ამ თემაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ვცდილობთ, საქმეზე ბევრი არ ვილაპარაკოთ, მას აინტერესებს მუსიკა და შინაურული მომენტები: მშობლების, ჩემი ამბები. იმდენად თბილი ურთიერთობა გვაქვს, რომ საქმესა და კონტრაქტებზე ხშირად არც ვსაუბრობთ. როდესაც გაიგო, რომ ბარბრასთვის ვწერდი სიმღერას, ძალიან გაუხარდა. სანამ ბარბრას გავუგზავნი, ჯერ მას მოვასმენინებ, დარწმუნებული ვარ, თავის წვლილს შეიტანს.
– როდის გაიმართება ბროდვეიზე შენი შოუ?
– ივნისში ვაპირებთ. რეპეტიციები თითქმის დავასრულე და აღარც იმაზეა საუბარი, რომ რამე უნდა შეიცვალოს სცენარში, ან რეპერტუარში. უბრალოდ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. უნდა ჩავიდე და ერთი-ორი თვე დავრჩე ნიუ-იორკში, რომ ინტენსიურად მქონდეს რეპეტიციები. კონტრაქტში მიწერია, ადგილზე უნდა ვიყო, რომ ყველაფერი მოვასწროთ და ჩემ გამო კიდევ არ გადაიდოს.
– ჩვენი ბოლო ინტერვიუს შემდეგ, შენ კანადაში მიდიოდი, სადაც პროდიუსერ რიკ ალისონს უნდა შეხვედროდი, რომელიც ლარა ფაბიანის პროდიუსერი, კომპოზიტორი და პირველი ქმარი იყო, მასთან ერთად აპირებდი ბარბრა სტრეიზანდისთვის სიმღერის დაწერას.
– ორი სიმღერა უკვე დავწერე, ერთი თბილისში ჩამოსვლის წინ ჩავწერე ინგლისში და მეორე სიმღერას, ალბათ, უკვე კანადაში ჩავწერ. თუმცა, ორივე სიმღერა მზადაა. ტექსტი ბევრჯერ გადავწერეთ, ახლაც ვამუშავებთ, რომ, საბოლოო ჯამში, ისეთი გამოვიდეს, ბარბრას მოეწონოს. იმედი მაქვს, მოეწონება და მოუნდება შესრულება. ერთი სიმღერა სწორედ რიკთან ერთად გავაკეთე, ხოლო მეორე – ჩემს პროდიუსერთან, კრისტოფერ ნილთან ერთად. ის ისედაც მუშაობს ბარბრას პროექტზე. რიკთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ის მისსავე სახლში გავიცანი და მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მიყვარს სხვასთან მუშაობის მოუმზადებლად დაწყება, განსაკუთრებით კომპოზიტორთან. პირველი სიმღერის გაკეთება ახალ, თანაავტორ კომპოზიტორთან ერთად, ყოველთვის კარგად მქონდა დაცდილი. შემდეგი სიმღერებიც კარგია, მაგრამ პირველი ყოველთვის უფრო საინტერესო გამოდის. „ევროვიზიის“ სიმღერა პირველად და უკანასკნელად მე და ოსკარმა დავწერეთ და გაამართლა.
– ხომ არ აპირებ „ევროვიზიისთვის“ კიდევ ერთხელ დაწერო სიმღერა?
– რამდენიმე შემოთავაზება მქონდა და საბოლოოდ უარი განვაცხადე, რადგან ეს ეტაპობრივი იყო. თუმცა, ძალიან კარგი და ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. გადავწყვიტე, შემდეგ ეტაპზე გადავიდე და აღარ მინდა, უკან დაბრუნება. თან, იმდენად წარმატებული სიმღერა იყო, რომ შეიძლება, უკეთესი დავწერო, მაგრამ აღარ გაამართლოს. იმედი მაქვს, წარმატებულად ვიმუშავებ სელინ დიონთან, ბარბრასთან და არა მხოლოდ მათთან. ასევე, ცოტა ხნის წინ ჩემს ახალ ალბომზე დავიწყე მუშაობა, პლუს ამ ყველაფერს ემატება ბროდვეის შოუ, წიგნი და იმედი მაქვს, ამ წიგნით არ დამთავრდება ჩემი შემოქმედება, – მეორეც იქნება, მესამეც და ასე შემდეგ.
– სელინ დიონისთვის უკვე დაიწყე სიმღერების გაკეთება?
– დავწერე სიმღერა, მაგრამ ჯერ არ ჩამიწერია, რადგან იმ მომღერლის შესრულება, რომელმაც ამ სიმღერის დემო ჩაწერა, მაინცდამაინც არ მომეწონა. ამიტომ, გადავწყვიტე, მე ვიმღერო, უბრალოდ, დრო არ მქონდა, რომ ჩამეწერა. მაგრამ, სელინ დიონია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიმღერა საუკეთესო გამოვიდეს. ამიტომ, ზედმეტ დროს რამენაირად გამოვნახავ და თავად ჩავწერ. ახლა ლონდონში მივფრინავ (ინტერვიუ ჩაწერილია 7 მარტს – ავტორი) ორი დღით, ალბათ, მოვასწრებ ახალი სიმღერის დაწერას და შემდეგ მივემგზავრები ნიუ-იორკში, სახლში. ჩემი ალბომისთვის უახლოეს მომავალში 12 სიმღერა მაქვს დასაწერი და ჩასაწერი.
– შენი და საფრანგეთში ცხოვრობს, თუ ახერხებ მასთან სტუმრად ჩასვლას?
– იშვიათად. საფრანგეთში ცხოვრობს კუნძულზე, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ მისადგომად რთულია. პატარა ბავშვი ჰყავს. სკაიპით არაჩვეულებრივი დეიდა ვარ, დანარჩენს ვერ ვახერხებ, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ.
– არასდროს არაფერი მიკითხავს შენს პირად ცხოვრებაზე.
– არასდროს არ მაქვს ამის დრო. ზოგჯერ ისეთი საინტერესო პერსონაჟები გამოჩნდებიან ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ადვილად ვიცი მობეზრება. ალბათ, სულ უცხოეთში რომ მიწევს ყოფნა და, ხშირად სახლში არ ვარ, ამის ბრალიცაა. ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება გადამავიწყდეს კიდეც ადამიანი. ძალიან საინტერესო პიროვნება უნდა იყოს, რომ ყურადღება მიიქციოს, დიდხანს მაინტერესებდეს და ახალ-ახალი რაღაცეები გავხსნა მასში ყოველდღე, ყოველი ნახვის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, რთულია. ჩემს სამყაროში, ანუ შოუ-ბიზნესის ხალხთან, მაინცდამაინც არ ვმეგობრობ. მათთან მხოლოდ საქმე მაკავშირებს. პროტესტის ნიშნად ვცდილობ, ვისთანაც ვმუშაობ, სხვანაირად საქმე არ დავიჭირო. მიყვარს ისეთი ხალხი, ვისგანაც შემიძლია ვისწავლო ის, რაც არ ვიცი. მირჩევნია, ადამიანი ჩემზე გამოცდილი და ჭკვიანი იყოს, რომ რამე ვისწავლო. ამიტომაც, ჩემი ყველა მეგობარი ჩემზე უფროსია, გამოცდილი და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ.
– თუმცა, მე ვიცი, რომ ეს ადამიანები შენგანაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ...