როდის უგვრემდა კოტე მარჯანიშვილს შიმშილისგან მუცელი და როგორ გაჩნდა თბილისში მარჯანიშვილის თეატრი
„... ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი ისე, როგორც შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი! ხელთ მქონდა საყვარელი საქმე, ხელთ მქონდა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს საქმე ისე მარჯვედ დატრიალებულიყო, როგორც მინდოდა!..“ – ეს სიტყვები კოტე მარჯანიშვილის სათეატრო ჩანაწერებიდანაა, რომელიც რუსეთში გატარებულ პერიოდს უკავშირდება, როცა ის ჯერ მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორად ჩამოყალიბდა. ბუხნიკაშვილის წიგნში „კოტე მარჯანიშვილი“ დიდი რეჟისორის ცხოვრება საკმაოდ საინტერესოდ არის აღწერილი. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წიგნიდან.
„კოტე მარჯანიშვილი დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში, 1872 წლის 28 მაისს. კოტეს მამა, ალექსანდრე, განათლებული ადამიანი იყო. განათლება მან პეტერბურგში მიიღო, კარგად იცოდა ფრანგული ენა. მამა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც დედამისი საცხოვრებლად თბილისში გადმოსახლდა (დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავაძე, აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი გახლდათ, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ „გახსოვს, ტურფავ“ მიუძღვნა, – ავტორი). სწავლა კოტემ თბილისის პირველ გიმნაზიაში დაიწყო. 14 წლის კოტე სასკოლო წარმოდგენაში იღებს მონაწილეობას. ოჯახშიც თეატრალურ გარემოცვაში იყო. ელისაბედ ჭავჭავაძის სახლში ხშირად იყრიდა თავს იმ დროს ცნობილი ქართული საზოგადოება: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კოტე მესხი... არდადეგებზე თავის სოფელ ყვარელში დადიოდა და წარმოდგენებს იქ მართავდა. ამ წარმოდგენებში ის რეჟისორიც იყო, აქტიორიც და დეკორატორიც. მოქმედ პირებად მას გამოჰყავდა თავისი ძმა, დები, დეიდაშვილები; როდესაც მონაწილეები დააკლდებოდა, ზოგჯერ ეკლესიის მედავითნესაც ავალებდა როლის შესრულებას. ერთ წარმოდგენაში ყვარელის ეკლესიის წინამძღვრის – „ბლაღოჩინის“ ცოლსაც კი მიუღია მონაწილეობა თავის ქალიშვილითურთ. წარმოდგენებს მარანში აწყობდა, რომელსაც მარჯანიშვილიანთ სახლის მთელი დაბლა სართული ეკავა. წარმოდგენის წინ მაყურებლებში წითელი ღვინით სავსე ხელადები ხელიდან ხელში გადადიოდა. „ხელადის რამდენჯერმე შემოვლის შემდეგ ტაშს უფრო კარგად მიკრავდნენ“, – ვკითხულობთ მარჯანიშვილის მოგონებებში. ბოლოს გადაწყვიტა, პროფესიულ დასში დაეწყო მუშაობა. პირველად პროფესიულ სცენაზე 1894 წელს, ქუთაისში გამოვიდა. ის მსახიობად ქუთაისის თეატრის მოთავემ, კოტე მესხმა მიიწვია. იმავე წელს მარჯანიშვილს თბილისის სცენაზე ვხედავთ, ვინაიდან, ქუთაისის თეატრში ხანძარი გაჩნდა. მარჯანიშვილის პირველი გამოსვლა თბილისის თეატრში 1894 წლის 27 ნოემბერს მოხდა. მან შეასრულა პატარა კახის როლი „პატარა კახში“. პირველ როლს მალე სხვებიც მოჰყვა. შემდეგ სათეატრო სეზონზე მარჯანიშვილმა უკვე რუსულ პროფესიულ სცენაზე სცადა მუშაობა. ის რუსული თეატრის დასში ქალაქ ნიკოლაევში ჩაირიცხა.
25 წლის განმავლობაში მარჯანიშვილი რუსულ თეატრს ემსახურებოდა. ეს მოღვაწეობა მან პროვინციის აქტიორობიდან დაიწყო. ბევრი ადგილი ინაცვლა მარჯანიშვილმა აქტიორობისას რუსეთში. აქტიორად მუშაობამ დიდი სარგებლობა მოუტანა მარჯანიშვილს. თეატრიდან თეატრში გადასვლისას გაეცნო ასეულობით მსახიობს, მათ შემოქმედებით თვისებებსა და ნაკლს. შემდეგ ის რეჟისურაში მოსინჯავს ძალებს. მისი პირველი რეჟისორული დადგმა კი ჩეხოვის „ძია ვანია“ იყო. თავის დღიურებში იმ პერიოდს მარჯანიშვილი ასე იხსენებს: „მაშ ასე, 1903 წელი ჩემი აქტიორობის უკანასკნელი წელიწადია! ამიერიდან მე მხოლოდ რეჟისორი ვარ! მეტი ზავთიანობისთვის წვერი მოვუშვი და ასე მოვევლინე 1904 წელს მოსკოვის თეატრალურ ბაზარს. წვერი ძალიან საჭირო იყო. თუმცა ოცდაათი წლის ვიყავ, მაგრამ, გარეგნობა, ცოტა არ იყოს, ქათმის ჭუჭულისა მქონდა. აბა, რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი გარეგნობით იმ დარბაისელ აქტიორებზე, ვისთვისაც მე უნდა მეხელმძღვანელა? არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს იყო პერიოდი რუსულ თეატრში გაჩაღებული ბრძოლისა დამოუკიდებელი რეჟისურის დამკვიდრებისთვის. სამხატვრო თეატრის, რომელიც ის-ის იყო, წარმოიშვა. ამ მხრივ ის ერთადერთი იყო. ღმერთო ჩემო! როგორ სისინებდა მთელი ძველი აქტიორული მასა მაიმუნობის, დრესირებისა და დაგეშვის გამო, რაც ვითომ თეატრში ხდებოდა. მე ცოტა მენახა მათი წარმოდგენები, რადგან ფულზე ჭადრაკულად ვიყავი. ჩემი ჯამაგირი ორმოცდაათ მანეთს არ აღემატებოდა და, ისიც, ირკუტსკში, სადაც ცხოვრება მეტისმეტად ძვირი იყო. მეც თავი უნდა მერჩინა, ოჯახისთვისაც მეგზავნა მოსკოვში (სწორედ 1903 წელს, 13 აგვისტოს, ვაჟიშვილი შემეძინა – კოტიკი). ამიტომ, მოსკოვში იმის ნამცეცებითღა ჩამოვდიოდი ხოლმე, რასაც სეზონის დროს ვმუშაობდი, მერე კი საჭირო იყო ახალ კონტრაქტამდე, ანუ ავანსამდე ცხოვრება. ასეთ პირობებში ფულის გადადება თეატრის ბილეთებისთვის არ შემეძლო. თეატრი დიდად მიყვარდა, მაგრამ, იქ სიარული იშვიათად შემეძლო. ამ დროს პროვინციაში ყურადღება მიიქცია ერთმა ახალგაზრდა ანტრეპრენიორმა. იგი თეატრში კომერციულ მიზანს არ მისდევდა და მთელი არსებით მისცემოდა სათეატრო საქმეს. მან დიდი სახელიც მოიხვეჭა. ეს იყო კონსტანტინე ალიაბიევი, სცენაზე – ნეზლობინი, შვილი პეტერბურგელი მდიდარი ყასაბისა და სიძე მილიონერი მოროზოვისა, რომლის ქალიც ცოლად ჰყავდა. მან გადაწყვიტა, თეატრისთვის დაედვა თავი. რასაკვირველია, თვითონაც თამაშობდა, თამაშობდა მთავარ როლებს, თვითონვე რეჟისორობდა, მაგრამ ამ დროს მან თავი მოუყარა კარგ თეატრალურ ძალებს. სწორედ ამ დროს მან გადაინაცვლა რიგაში და თან წაიღო მთელი ერთი მატარებელი (18 ვაგონი) სათეატრო ქონება. მისი დეკორაციები და ტანისამოსი ბევრ რამეში ჯიბრს გაუწევდნენ მოსკოვის სამხატვრო თეატრს. ამ ადამიანს სერიოზულად უყვარდა თეატრი და არაფერს იშურებდა კარგი თეატრის შესაქმნელად. აქტიორისა და რეჟისორის ბრძოლაში იგი რეჟისორის მხარეზე დადგა. ერთი სიტყვით, ნეზლობინი რეჟისორს ეძებდა, მე კი – თეატრს. მოხდა ჩვენი შეხვედრა. დღემდე არ ვიცი, როგორ მიაღწია ნეზლობინამდე ხმამ ჩემზე. დიდმარხვის ერთ მშვენიერ დღეს (რაღა მარტო ჩემთვის, ცოლისთვის და შვილისთვისაც დიდმარხვა უკვე კარგა ხნის დამდგარი იყო, ვინაიდან ფულები გამითავდა) გამოცხადდა ჩემთან ნეზლობინის სახელით მსახიობი გედიკე, ჩემი ნაცნობი, რომელმაც ნეზლობინის სახელით გადმომცა, შევხვედროდი მას დილის 10 საათზე ფილიპოვის ყავახანაში, ტვერსკაიაზე. რა მღელვარებასა, სასოებაში და ოცნებაში გავატარე მთელი დანარჩენი დღე! ამ დღეს სავსებით შევსანსლეთ ის უკანასკნელი ნამცეცები, რაც დანაზოგიდან დაგვრჩენოდა, დავიტოვე მხოლოდ ორი უზალთუნი ყავახანის მეკარისათვის სახვალდილაოდ. ათ საათზე ფილიპოვთან გავჩნდი. ნეზლობინი უკვე მაგიდასთან იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ყავას, ფუნთუშა-ნამცხვარს და ცხელ-ცხელ ღვეზელს. მან ყავა შემომთავაზა, თუმცა, შიმშილისგან თითქმის მუცელი მგვრემდა. უარი ვუთხარი – ეს-ეს არის, ახლა მადიანად ვისაუზმე-მეთქი. გაჭიანურებული ლაპარაკი არ დაუწყია, ალმაცერად გადმომხედა, თითქოს აწონ-დაწონა, ვნახოთ, რა ჯიშის ფრინველი ბრძანდებაო და მკითხა: „გინდა ჩემთან მუშაობა?“ ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად მთელი ღამე ვემზადებოდი, შევიმუშავე ყველა ის მოთხოვნა, რაც ნეზლობინისთვის უნდა წარმედგინა ჩემი მხატვრული პიროვნებისთვის. მინდა-მეთქი, ვუპასუხე. ნეზლობინმა კმაყოფილებით გაიღიმა და მითხრა: „კარგი, თქვენ ჩემთან მსახურობთ. ჯამაგირი – 250 მანეთი თვიურად! წერილობით ხელშეკრულებას არ ვდებ. მშვიდობით!“ – ხელი ჩამომართვა და დამტოვა. ეს იყო და ეს. პირღია ვიჯექი. ავანსი სადღაა, სად არის ყველა ის მოთხოვნა მხატვრული გარემოს შექმნისათვის? ავდექი და ტანისამოსის საკიდლისაკენ გავწიე. ხელი მოვისვი ჟილეტის ჯიბეზე. ის დაწყევლილი აბაზიანი სადღაც ჯიბის ნახვრეტში გადაკარგულიყო. ძლივს ამოვათრიე სარჩულიდან, მივეცი მეკარეეს და გავედი. ახლა კი შინ, რომ გავუზიარო სიხარული ცოლს! მართალია, დღეს საჭმელი არ გვაქვს, ზამთრის სეზონამდე ჯერ კიდევ გაზაფხული და ზაფხული გვიძევს, მაგრამ, სამაგიეროდ, წინ რა სასიხარულო პერსპექტივები გვეშლება! მე ვარ რეჟისორი ნეზლობინის დიდი საქმისა. არაფერია, რომ ყინვის სუსხი ჩემს საცოდავ თხელ პალტოში აღწევს და სხეულში მივლის. გარშემო ზამთარია, მაგრამ, გულში მცხუნვარე ზაფხულია და ფრინველები ჭიკჭიკებენ. მეორე დილას თეატრალურ საზოგადოებაში რომ მივედი, მთელმა უშველებელმა თეატრალურმა თემმა უკვე იცოდა, რომ ნეზლობინთან ვარ მიწვეული. ერთ-ერთი დარბაზი გადაღობილი იყო რიკულიანი ტიხარით. ტიხარს იქით ბიუროს მმართველი და მისი მომსახურენი იყვნენ, ხოლო აქეთ – მთელი აქტიორობა, ეგრეთ წოდებული აქტიორი-ვეშაპები, ცნობილი პრემიერები თუ რეჟისორები საერთო მასაში არ ირეოდნენ. მათ შეეძლოთ, თავისუფლად შესულიყვნენ ტიხარს იქით და გაეკეთებინათ თავიანთი საქმე. ბიუროს მმართველმა, პალმინმა, შემნიშნა და მთხოვა, ტიხარს იქით შევსულიყავი. პალმინმა მომილოცა, ნეზლობინის სახელით 500 მანეთი გადმომცა და მითხრა, ნეზლობინმა გთხოვათ, არ ეძებოთ საზაფხულო სამუშაო და წახვიდეთ „სტარაია რუსაში“, რათა გაეცნოთ მის საქმეს, შეიმუშაოთ რეპერტუარი და მუშაობის პირობები. მაისში ოჯახითურთ გავწიე რუსასკენ, სადაც ნეზლობინმა მოგვცა ერთი თავისი ოთხოთახიანი აგარაკი. აქ, ჩვეულებისამებრ, ზაფხულის სეზონი ჰქონდა. კვირაში 2-3 წარმოდგენას მართავდა, თვითონაც ისვენებდა და დასსაც შესაძლებლობას აძლევდა, ძალ-ღონე მოეკრიბა. მე არ ვმუშაობდი, მხოლოდ წარმოდგენებზე დავდიოდი და ზამთრის სეზონისთვის ვემზადებოდი. ხელთ მქონდა საყვარელი საქმე, ხელთ მქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე ისე მარჯვედ დატრიალებულიყო, როგორც მინდოდა!
1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში ბრუნდება, მაშინ, როცა ქართული თეატრი კრიზისშია. თეატრში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით შემდგარ თათბირზე მარჯანიშვილი მხოლოდ ერთ გზას ხედავს – სინთეზური თეატრის შექმნას. რეჟისორმა რუსთაველის თეატრში ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ დადგა, მას ბევრი სხვა არაჩვეულებრივი სპექტაკლი მოჰყვა. 1924 წელს თეატრში ახალგაზრდული გაერთიანება, კორპორაცია „დურუჯი“ იქმნება. მისი თავმჯდომარე მარჯანიშვილი ხდება. კორპორაციის წესდება თეატრში ძირეულ გარდაქმნას გულისხმობდა და ამის მოთავე სანდრო ახმეტელი იყო. მარჯანიშვილმა და ახმეტელმა ერთობლივად დაიწყეს მუშაობა. მალე რუსთაველის თეატრში ბზარი გაჩნდა და ეს მოხდა „ლამარაზე“ მუშაობისას, სადაც ორი დიდი რეჟისორის ხედვა ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა. 1926 წელს მარჯანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა (ისევე, როგორც ახმეტელი) და ორ წელიწადში ახალი თეატრი შექმნა, მაგრამ, არა თბილისში, არამედ, ქუთაისსა და ბათუმში. მანამდე მას ქუთაისისა და ბათუმის თეატრს უწოდებდნენ. მარჯანიშვილმა თავისი თეატრი უკვე საქართველოში სპექტაკლებით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ გახსნა. მას მოჰყვა „ურიელ აკოსტა“, „ყვარყვარე თუთაბერი“... 1930 წელს, თბილისში გასტროლების დროს, დასს დარჩენა შესთავაზეს. ასე და ამგვარად ეწოდა თეატრს კოტე მარჯანიშვილის თეატრი, მაგრამ, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ.
მარჯანიშვილმა კინოშიც მოსინჯა ძალები – მან ექვსი ფილმი გადაიღო.
1933 წელს მარჯანიშვილი კვლავ მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის „დონ კარლოსის“ დასადგმელად. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება – ის გარდაიცვალა. მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალეს. 1964 წელს იგი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს“.