ალკოჰოლი ღვიძლის დაუძინებელი მტერია
ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ბევრი ქიმიური რეაქცია, მაგალითად, ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება...
ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე. ამ დროს იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე, რომელიც შვიდი სახისაა. მათგან A და B ჰეპატიტით დასნებოვნება დაკავშირებულია წყალთან და ჰაერთან, ასევე, საკვებთან. დანარჩენი 5 ვირუსი კი ორგანიზმში სისხლით ხვდება.
ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით. მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით.
ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია. ასევე კარგია მარცვლეულის ქატო. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისს და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი.
თუ შაკიკი გაწუხებთ ჭამეთ თევზი, ალერგიას კი ორკბილას ნაყენით უმკურნალეთ
თუ ალერგია გაწუხებთ, ორგანიზმის რეაქციის შესაცვლელად, ჩაისა და ყავის ნაცვლად უნდა სვათ ორკბილას ნაყენი. ნაყენი ასე მზადდება: 20 გრამ აფთიაქში ნაყიდ ორკბილას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭიქაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია, ყოველი დალევის წინ დააყენოთ. ნაყენი უნდა იყოს ოქროსფერი, რადგან მღვრიე და მომწვანო ფერის ორკბილას ნაყენი ძველია და მან შესაძლოა, მოგწამლოთ კიდეც.
კოლიტის სამკურნალოდ, ხალხურ მედიცინაში იყენებენ საზამთროს ქერქს. 100 გრამ გამომშრალ საზამთროს ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურული. ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ. ეს უებარი საშუალებაა მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთების დროსაც.
თუ გსურთ, ინფარქტისგან დაზღვეული იყოთ, ხშირად მიირთვით თევზი. თევზის ქონში შემავალი „ომეგა 3-ს” ამის თვისება გააჩნია. ანუ თევზის ქონი შეიცავს ცხიმიან მჟავებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სისხლის შედედებას და იცავს გულს შესაძლო დაავადებებისგან.
თევზის ქონი ამცირებს ქოლესტერინის და ლიპოპროტეინის ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმში, ასევე, გვიცავს ათეროსკლეროზისა და შაკიკის შემოტევებისგან.
კუჭის წყლულის დროს მოერიდეთ ყავის სმას
ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე. თუმცა, მისმა დიდი დოზით სმამ, შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.
250 მილილიტრზე მეტი ყავის დალევას შეუძლია გამოიწვიოს უძილობა, აღგზნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ.
სრულიად საკმარისია, დღეში 3-4 ფინჯანი ყავის დალევა. კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის. მაგრამ, კუჭის წყლულის დროს ის მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო. ამიტომ, თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას.
რომელ ადამიანებს ემუქრება ქრონიკული დაღლის სინდრომით დაავადება
ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადების ძირითადი და მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტე და სწრაფი დაღლა. ამ სინდრომით დაავადებულებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აქტივობა უქვეითდებათ. ეს ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება, დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების რეაქციის დროს. მისი მეტაბოლურობის შემცირება კი საერთო ფიზიკურ აქტივობას აქვეითებს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ის, ვისაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სინდრომის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ამ ჰორმონის აქტივობის დაქვეითება იყოს. თუმცა, დღემდე, მეცნიერები და ექიმები ამის გამომწვევ მიზეზად ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას მიიჩნევენ.
ქრონიკულ დაღლილობას ბევრი მიზეზი ახლავს თან, მისი განკურნება კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ და გადაღალოთ როგორც ორგანიზმი, ასევე, ტვინი და დროდადრო დასვენებაც მოახერხეთ.
ნერვიულმა ადამიანმა ოხრახუშის წვენი უნდა სვას, დაქვეითებული ტემპერატურის მქონემ კი – უმი კარტოფილის წვენი
ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს.
ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებდნენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.
უმი კარტოფილის წვენი კი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ, ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ.
კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი. ხოლო სტაფილოს წვენი ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენები დღეში დაახლოებით 300-400 მილილიტრი უნდა სვათ, რათა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებისგან სწრაფად განიკურნოთ.
ტკბილი და მწარე წიწაკა
აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ მენიუში
ტკბილი წიწაკა შესანიშნავი საკვები პროდუქტია, მწარე კი შეუცვლელი საკაზმია კერძებისთვის; ამასთან, ეს ბოსტნეული უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, კერძოდ, ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია B, C და D ვიტამინებით; მიკროელემენტებიდან კი, მასში ჭარბადაა სპილენძი და თუთია. სასურველია, თუ 40-50 გრამ ტკბილ წიწაკას, სხვა ბოსტნეულთან ერთად, სალათის სახით მიიღებთ დღეში ორჯერ. ის შველის სისუსტეს, უმადობას, დაბალი მჟავიანობით გამოწვეულ გასტრიტსა და თმის ცვენას. წიწაკის ჭამა, კარგია ასევე ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თრომბოფლებიტის დროს. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მიკრო და მაკროელემენტებს, C და B ვიტამინებს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა დაავადების დროს; აუმჯობესებს არტერიების, ვენებისა და კაპილარების საერთო მდგომარეობას.
ტკბილი წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიაქტიურად დაბინძურებულ გარემოში.
სიმწარე წიწაკაში განპირობებულია მასში არსებული ნივთიერების – კაპსაცინის არსებობით. ეს არომატული ნივთიერება წიწაკას არა მარტო სიმწარეს აძლევს, არამედ, აძლიერებს კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის ფუნქციას, რასაც ორგანიზმი მარილმჟავას ჭარბ წარმოქმნამდე მიჰყავს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ ბაქტერიებზე. კაპსაცინი აძლიერებს კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. კაპსაცინი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროსაც, რადგან ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. მისი სისტემატური მიღება კი ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს და ამაღლებს სექსუალური აქტივობის უნარს.
წიწაკის ხშირი ჭამა კარგია კიბოსგან თავის დასაზღვევადაც, რადგან კაპსაცინი ამარცხებს კანცეროგენურ ნივთიერებებს.
ასე რომ, გაქვთ ბევრი მიზეზი, რათა კერძებში ყოველდღიურად გამოიყენოთ როგორც ტკბილი, ისე მწარე წიწაკა და დაიზღვიოთ თავი შესაძლო დაავადებებისგან.
ბუასილის დროს სვით წყალში გაზავებული ლიმონის წვენი
ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ, მიირთვათ ბევრი ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.
ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია. ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს A, B, D, PP ვიტამინებს, შაქარს, ლიმონის მჟავას. რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
წყალში გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ბუასილის დროს. გარეგანი მოხმარებისთვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალოდ. ის შედის ბევრ სამკურნალო მალამოსა და ლოსიონში.