ექიმის რჩევები
კითხვა: მტკივა სარძევე ჯირკვლები. მასტოპათიისთვის დამახასიათებელი სხვა გამოვლინება არ მაქვს, მხოლოდ ტკივილი გვერდებზე. იქნებ, ეს მოჭიმული ბიუსტჰალტერის ბრალია ან არარეგულარული სქესობრივი ცხოვრების?
პასუხი: მასტოპათიას ყოველთვის არ ახასიათებს დვრილებიდან გამონადენი და სარძევე ჯირკვლებში გამკვრივების უბნები, ის, შეიძლება, მხოლოდ ტკივილით მიმდინარეობდეს. არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერიც შეიძლება გახდეს დისკომფორტის მიზეზი. არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება იწვევს მცირე მენჯში შეგუბებას, რამაც, ასევე, შესაძლებელია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი გამოიწვიოს. გირჩევთ მამოლოგთან მიხვიდეთ კონსულტაციაზე, რომ უფრო სერიოზული პათოლოგია არ გამოგრჩეთ.
კითხვა: ვარ 24 წლის, მაქვს 0 ზომის მკერდი. ბავშვის გაჩენის შემდეგაც კი არ გამეზარდა. არსებობს თუ არა მკერდის გადიდების არაქირურგიული მეთოდები?
პასუხი: სარძევე ჯირკვლების ზომა დამოკიდებულია ჰორმონალურ სტატუსსა და კონსტიტუციაზე და შემთხვევების 90 პროცენტში მემკვიდრეობითია, თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შეიძლება მცირდებოდეს ან იზრდებოდეს. სამწუხაროდ, პროთეზირება მკერდის გადიდების ერთადერთი მეთოდია.
კითხვა: შეიძლება თუ არა რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა წამლებით, თუ, მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა საჭირო?
პასუხი: რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა, როგორც წესი, კონსერვატიულია და მხოლოდ იშვიათ, მძიმე შემთხვევებში კეთდება ოპერაცია. საყლაპავის ლორწოვანის მდგომარეობაზე (ეროზიები, წყლულები), რაც ენდოსკოპიურად დგინდება, დამოკიდებულია ანტისეკრეტორული პრეპარატების დანიშვნის ხანგრძლივობა (6-12 კვირა).
კითხვა: სქესობრივი კონტაქტის დროს, უკვე მეორეჯერ, მუცლის ქვემოთ და სწორ ნაწლავში ძლიერი ტკივილი დამეწყო. ნო-შპის მიღების შემდეგ ტკივილი მინელდება და ორი-სამი დღეში ისევ კარგად ვგრძნობ თავს. ვარ 20 წლის. ცოტა ხნის წინ ვიყავი გინეკოლოგთან, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს. ვის მივმართო?
პასუხი: სქესობრივი კონტაქტის დროს ტკივილი ანთებითი პროცესის ან ენდომეტრიოზის მაჩვენებელია. უნდა მიმართოთ გამოცდილ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევა (ნაცხის ანალიზი, ექოსკოპია და სხვა).
კითხვა: მეორე დღეა, მაწუხებს ყრუ ტკივილი მუცლის ქვემოთ, უფრო მარჯვენა მხარეს, თითქოს რაღაც ყურყურებს. რა შეიძლება მჭირდეს?
პასუხი: მარჯვენა ილეოცეკალურ არეში ტკივილი გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომის ან აპენდიციტის დროს შეიძლება გაჩნდეს. თუ ექიმი მწვავე ქირურგიულ პათოლოგიას გამორიცხავს, უნდა დაიცვათ დიეტა, მიიღოთ ფერმენტული პრეპარატები, სპაზმოლიტები, რომლებსაც ექიმი-გასტროენტეროლოგი დანიშნავს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი