რა შიდა საფრთხეები გამოიწვევს გარდაუვლად ქართული სახელმწიფოს დაშლას და რატომ აღარ შეუძლია საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების ათვისება
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები მოდური არ არის. შესაბამისად, არც საფრთხეების განჭვრეტის უნარით გამოვირჩევით და არც მათი თავიდან აცილების საქმეში ვუქნივართ გამჩენს. ამ სამწუხარო რეალობას, ერთი მხრივ, საქართველოს ცინცხალი რუკა ადასტურებს, მეორე მხრივ კი, ტირძნისიდან ქართველი ბავშვების გატაცების ფაქტი. ქართველ ექსპერტთა ჯგუფმა ახლახან „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ შეიმუშავა. გთავაზობთ ინტერვიუს მის ერთ-ერთ ავტორთან, კახა კაციტაძესთან.
– რა ძირითადი მიზანი აქვს ამ კონცეფციის შემუშავებას?
– ჩვენთან არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პროგნოზირებას ემყარება. არათუ სახელმწიფო, საექსპერტო დონეზეც კი არ არის შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ როგორი იქნება მსოფლიო, თუნდაც, ოცი წლის შემდეგ. საერთოდ, არსებობს პოლიტიკის დაგეგმვის ორი ხერხი: ერთია პოლიტიკა, რომელიც დაგეგმვასა და განჭვრეტას ემყარება და განჭვრეტაში ლელა კაკულიასეულ დამოკიდებულებას არ ვგულისხმობ; ან პოლიტიკას, რომელიც ემყარება მოვლენებზე რეაგირებას. სხვა გზას პოლიტიკური მეცნიერება არ იცნობს. საქართველოს მთელი პოლიტიკა დამოუკიდებლობის შემდეგ და მანამდეც, საუკუნეების განმავლობაში ემყარება მოვლენებზე რეაგირებას. მანამდე კიდევ გასაგებია, რადგან მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ევროპაშიც არაფერს გეგმავდნენ, მაგრამ 19 წლის დამოუკიდებლობის განმავლობაში ხომ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო ერთი დოკუმენტი მაინც?! 19 წელია, საქართველოს პოლიტიკა მთლიანად ემყარება ფაქტებზე რეაგირებას და არა პროგნოზირებული მომავლის მიხედვით, საკუთარი მომავლის დაგეგმვას. არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ დაუსვამს სერიოზულად კითხვა: როგორი იქნება სამყარო 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ?!
– ძალიან კომიკურად გამოვიყურებით, როდესაც თავს ვიიმედებთ, რომ ნატო, ადრე თუ გვიან, მიგვიღებსო, ისე, რომ არც კი ვიცით, იქნება თუ არა ნატო 10 წლის შემდეგ?
– მე მაქვს ამაზე პასუხი, მაგრამ ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება. ის ვიცით, როგორი იქნება რუსეთი 10 ან 15 წლის შემდეგ?! ამაზე, ცხადია, უპირველესად, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ ის განკარგავს სახელმწიფო რესურსებს. სხვათა შორის, ჩვენთვის ერთ-ერთი საფრთხე ის არის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი სახელმწიფოსთან გააიგივა და ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ მივიღეთ ლუი მეთოთხმეტის სახელმწიფო, რომელშიც ადამიანი ამბობდა, სახელმწიფო ეს მე ვარო. ერთი სიტყვით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა ემყარებოდეს გრძელვადიან დაგეგმვას. ხელისუფლების მიერ შემუშავებული წინა უსაფრთხოების კონცეფცია ომამდე სამი წლით ადრე იყო მიღებული. ეტყობა, ემყარებოდა ბრწყინვალე გრძელვადიან დაგეგმვას, იმიტომ რომ იმ კონცეფციაში რუსეთი განიხილებოდა, როგორც ჩვენი პარტნიორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არანაირი პროგნოზირება არ ხდება. მეორე საკითხია, როგორ უნდა გაკეთდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ვერ ვიტყვი, რომ წინა კონცეფციაზე არაკომპეტენტური ხალხი მუშაობდა, მაგრამ ჩარჩოები, რომლებიც მათ ჰქონდათ, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. მეტიც, ჩვენთან აქამდე ტერმინი „ეროვნულის“ ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. ტერმინი „ეროვნული“, ერთი მხრივ, ნიშნავს ეთნოკულტურულს, ტრადიციულს, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ღირებულებებთან, მეორე მხრივ კი, იმავე ტერმინს მოიხმარენ სახელმწიფოებრივის მნიშვნელობით, ანუ ეროვნული უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზოგჯერ ამ ორი მნიშვნელობის აღრევას მივყავართ კურიოზამდე: მაგალითად, ეროვნული ცირკი, ეროვნული ზოოპარკი. ეროვნული ზოოპარკი იმას კი არ ნიშნავს, რომ ასეთ ზოოპარკში ეროვნული წრუწუნაა, არამედ იმას, რომ მას აფინანსებს სახელმწიფო. ჩვენს შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობს იმას, რაც აუცილებელია სახელმწიფოს არსებობისთვის.
– რა განსხვავებაა თქვენ მიერ და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებს შორის?
– აქამდე ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა საქართველოზე გარედან მომავალი საფრთხეების ზედაპირულ გათვლას და, როგორც მოვლენებმა გვაჩვენეს, საკმაოდ არაადეკვატურს. ჩვენს შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოება ნიშნავს, ყველა იმ საფრთხის გამოკვლევას, დეტალიზაციას და მათი ნეიტრალიზაციის ფორმების ძიებას. არ არის აუცილებელი, რომ ასეთი საფრთხეები გარედან მოდიოდეს. შეგახსენებთ, როდესაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა, არანაირი გარე საფრთხეები არ არსებობდა და არც მაშინ და არც დღეს ქართველების უმრავლესობას ამაზე არ გვიფიქრია. მონღოლების პერიოდიდან, ფაქტობრივად, ორად დაიშალა სახელმწიფო და სამცხე-საათაბაგოსაც სპეციფიკური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სახელმწიფოს შიგნით კიდევ იყო რესურსი, რადგან გიორგი ბრწყინვალის დროს ქვეყანა ისევ გაერთიანდა.
– მგონია, რომ გიორგი ბრწყინვალეს ჰქონდა ეს რესურსი.
– ეს საკითხი იმას ჰგავს, კვერცხი იყო პირველად თუ ქათამი. შემდეგ ისეთი შიდა რღვევა დაიწყო, რამაც ერთიანი საქართველო დაშალა. საქართველო მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში იმიტომ არ დაშლილა, რომ განსაკუთრებული გარე საფრთხეები იყო, არამედ დაიშალა შიდა საფრთხეების მოქმედების გამო. აი, ეს არის გაკვეთილი, რომელზეც ჩვენ საერთოდ არ გვიყვარს ლაპარაკი, თუმცა ამაზე ლაპარაკი არავის უყვარს, მაგრამ, ამაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენს ისტორიაში მომხდარა ის, რომ შიდა საფრთხეების გამო დაშლილა ქვეყანა. ასე რომ, შიდა საფრთხეები არანაკლები ხიფათის შემქმნელია, ვიდრე გარე საფრთხეები, მაგრამ ჩვენთან შიდა საფრთხეებზე არავინ ლაპარაკობს. აქ არ იგულისხმება ის, მოგვწონს თუ არა სააკაშვილი, იგულისხმება რეალური შიდა საფრთხეები, რამაც შეიძლება, ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. ავიღოთ სოციალური ფონი: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 50 პროცენტი არის ღარიბი, 17 პროცენტი – ღატაკი. ესე იგი, მოსახლეობის 76 პროცენტი არის ღარიბ-ღატაკი და ტენდენცია უფრო უარესია: იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მალე საქართველოში ღარიბების რაოდენობა მიაღწევს 60 პროცენტს, ღატაკების – 25 პროცენტს, ანუ ღარიბ-ღატაკების რაოდენობა გაიზრდება 85 პროცენტამდე! იმისდა მიუხედავად, მომწონს თუ არა სააკაშვილი, როდესაც ქვეყნის 85 პროცენტი ღარიბ-ღატაკია, ეს არ არის საფრთხე სახელმწიფოსთვის?! სულ მცირე, ამ ადამიანებს იმის ფულსაც ვერ წაართმევ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიამ იარსებოს და ეს, თავისთავად, ნიშნავს სახელმწიფოს დაშლას.
– სხვათა შორის, ეს საფრთხე აჩვენა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ხმების 20 პროცენტი აიღო.
– შეიძლება, ეს იმ მომენტში საზოგადოების დამოკიდებულების გამომხატველი იყო, მაგრამ ამის ინდიკატორიც გახლდათ. თუ ასე გაგრძელდა, ეს საფრთხე სოციალური საფრთხიდან გადაიქცევა პოლიტიკურ საფრთხედ. ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, რომელზეც ვერც ერთი მიშაისტი ვერ შემომედავება, თუ უნდათ, შეედავონ მსოფლიო ბანკს. ავიღოთ მეორე საფრთხე: დეპოპულაცია. სახელმწიფოს, რომ გარკვეული ფუნქციები შეასრულოს, უნდა ჰყავდეს გარკვეული ოდენობის მოსახლეობა და ჰქონდეს ერთგვარი ბალანსი ტერიტორიასა და მოსახლეობას შორის. საქართველოში საქართველოს დეპოპულაციას ორი მიზეზი აქვს: პირველია ჯანმრთელობის დაცვის მოშლა – შემცირდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, შობადობა, მაღალია ახალშობილთა სიკვდილიანობა და ასე შემდეგ; მაგრამ მეორე მიზეზია ის, რომ საქართველოდან ხალხი გარბის. გამოკითხვები მოწმობს, რომ ახალგაზრდობის უმეტესობა ოცნებობს, წავიდეს საქართველოდან. არის თუ არა ეს საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის?!
– მეც ხშირად მიფიქრია, რატომ უნდა დახოცო ჯარისკაცები იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებსაც ვერ აითვისებ? მეტიც, იმ ტერიტორიასაც ვერ ვითვისებთ, რასაც დე-ფაქტო ვაკონტროლებთ.
– რა თქმა უნდა. დავამატოთ კიდევ ერთი საფრთხე, ისეთი, როგორიცაა კადრების არაკომპეტენტურობა. მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების ბიოგრაფიები, რამდენიმეს არც კი ჰქონდა უმაღლესი განათლება, რამდენიმე სტუდენტად იყო გაფორმებული.
– არც ამ მოწვევის პარლამენტის წევრების შრომითი ბიოგრაფიები უჩივის კურიოზებს. სამინისტროებში უფრო საინტერესო ვითარებაა: ერთ რამედ ღირს მინისტრებისა და მათი მოადგილეების განათლების ცენზი და შრომითი გამოცდილება.
– თან ეს ერთნაირად ეხება როგორც ხელმძღვანელ, ისე შუალედურ რგოლსაც და ეს არაკომპეტენტურობა არ არის შემთხვევითი. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომლისთვისაც მთავარია არა – კომპეტენტურობა, არამედ – პირადი ერთგულება. ჩვენთან პოლიტოლოგები, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილმა კონსტიტუციის ფრანგული მოდელით ერთპიროვნული მმართველობა დანერგაო, რატომღაც, არ ამახვილებენ ყურადღებას ერთ რამეზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციები გარეგნულად ერთმანეთს ჰგვანან, მათ შორის არის უდიდესი განსხვავებაც. იმ დღეს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფიცს დებს, ოფიციალურად აცხადებს, რომ წყვეტს იმ პარტიის წევრობას, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრი აღარ იყოს?! სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ გარეშე ისევე არ არის არაფერი, როგორც „ნაცმოძრაობა“ – სააკაშვილის გარეშე. ის, რაზეც აქამდე ვისაუბრე: სიღატაკის მასობრივი ზრდა, საშუალო ფენის არარსებობა, არაკომპეტენტურობა, არის ობიექტური მონაცემები, რაც დამღუპველია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და იწვევს სახელმწიფოს ჩამოშლას. სხვათა შორის, ეს ერთადერთი ადეკვატური ტერმინია, რაც ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა.
– ოღონდ ის ამბობს, არ ჩამოვიშალეთო?
– მეტი რაღა უნდა ჩამოიშალოს?! მთავრობა ტბის პირას იკრიბება და იხვებს უყურებს, ეს უკვე მისტერ პიტკინის ისტორიებს ემსგავსება. რაც აქამდე მოგახსენეთ, იყო ობიექტური ფაქტორები, რომელიც არავისთვის სადავო არ არის. ახლა გადავიდეთ შედარებით თეორიულ საკითხებზე: ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს თვითონ რეჟიმის ხასიათი. სააკაშვილის რეჟიმი ვერ დახასიათდება ტოტალიტარულად, სადაც არსებობს ერთი, ყველასთვის სავალდებულო იდეოლოგია, სადაც ხელისუფლება არ ატარებს საჯარო ხასიათს და სადაც ყველაფერი კონტროლდება ცენტრალიზებული წესით. ტოტალიტარიზმიდან ამ რეჟიმს ერთი რამ განასხვავებს: არ აქვს სავალდებულო იდეოლოგია და მგონია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებიდან არავის აღმოაჩნდა იმის თავი, რომ სამ დღეს დაჯდეს და დაწეროს იდეოლოგია. მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს ტოტალიტარულ რეჟიმს, თუმცა ყველა მიშაისტის ოცნებაა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ტოტალიტარიზმი და ჩვენი კონსტიტუცია იყოს ორპუნქტიანი: პირველი პუნქტი – ჩვენი პრეზიდენტ-ბელადი ყველაფერში მართალია; მეორე პუნქტი – თუ არ ეთანხმები პრეზიდენტ-ბელადს, იხილე პირველი პუნქტი. არის მესამე მომენტიც, დასავლეთი არ დაუშვებს აქ ტოტალიტარიზმის დამყარებას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დასავლეთთან. ამის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს აქვს კლასიკური ავტორიტარული მმართველობის ნიშნები და პირდაპირ შეიძლება, ჩამოითვალოს რომ ეს არის: პარტიული და სახელმწიფო ინსტიტუტების შერწყმა; სახელმწიფო ინსტიტუტების დაკომპლექტება პირადი ერთგულების ნიშნით; ხელისუფლების დანაწევრების პრინციპის უგულებელყოფა; ხელისუფლების არასაჯაროობა. ვიცით, ვინ მართავს ქვეყანას?! ნუ მეტყვით, რომ დათო ბაქრაძე მეორე პირია ქვეყანაში?! ყველაზე ლაღ შემთხვევაში, პასუხად ღიმილს მიიღებთ, უკიდურესში – საჩვენებელ თითს დაგიტრიალებენ საფეთქელთან. ხანდახან მავიწყდება ხოლმე, ვინ არის პრემიერი საქართველოში. როგორც ამბობენ, გილაური კარგი ბიჭია, მაგრამ ვინმემ იცის, რა უნდა პრემიერად ან რატომ არის პრემიერი?! ფორმალურად ის სახელმწიფოს მესამე პირია, მაგრამ რეალურად იმ ორმოცდაათ ადამიანში მაინც თუ შედის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ?! სხვათა შორის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ყოველთვიურად ქვეყნდება გავლენიანი პირების რეიტინგები. ვერავინ დამაჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო გავლენიანია, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. შემდეგი საფრთხეა ის, რომ სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური პირები, ჩემი ყოფილი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც არანაირი არც შეხება ჰქონიათ სამხედრო საქმესთან და არასდროს არც დაინტერესება გამოუხატავთ, იმის მიუხედავად, რომ ვაჟებს საერთოდ სამხედრო საქმე აინტერესებთ, რაც გასაკვირია.
– ვინ არიან თქვენი ყოფილი სტუდენტები და მოსწავლეები?
– გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი… არაფერს ვიტყვი არჩევნებზე, ხელისუფლების კრიმინალიზაციაზე, ზონდერ-ჯგუფებზე, მედიის კონტროლზე, კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფაზე, კლანურ ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის თუ არა პრობლემა ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის? რა თქმა უნდა, არის! ძალიან ადვილია, გარე საფრთხეს გადააბრალო ყველაფერი, მაგრამ არანაკლებ რეალურია შიდა საფრთხეებიც, თუ გავმიჯნავთ ორ რაიმეს – სააკაშვილსა და საქართველოს! აქვე გასარკვევია ერთი საკითხიც: რას გულისხმობს ტერმინი „ექსპერტი“? ეს გულისხმობს მოცემულ საკითხში სათანადო განათლებას, ამ განათლების დამადასტურებელ სამეცნიერო ხარისხს; ამ საკითხებზე გამოქვეყნებულ შრომებს, მას უნდა მიჰყავდეს გარკვეული საგანმანათლებლო კურსი და პერიოდულად გამოსცემდეს წიგნებს ამ სფეროში. საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკვიდრდა ტერმინი „დამოუკიდებელი ექსპერტი“. ჩვენთან, რატომღაც, მიიჩნევა, რომ ექსპერტი უნდა იყოს უპოზიციო. არადა ექსპერტს, კერძოა ის თუ სახელმწიფოსი, უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი – შედგეს სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო, ეს კი ოდნავადაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გქონდეს შენი პოზიცია.
– მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხშირად კომიკურია, როდესაც იმაზე ვმსჯელობთ, იქნება თუ არა ახალი ომიო, რადგან ყოველგვარი ომის გარეშეც შეიძლება, დაიშალოს ეს სახელმწიფო. რა არის გამოსავალი?
– თან მოსალოდნელია იმ სახელმწიფოებრიობის რღვევა, რომელიც ბოლომდე არ შემდგარა. ჩვენს კონცეფციაში ლაპარკია გამოსავალზეც: არსებობს კიდევ ერთი ყველაზე დიდი საფრთხე: საზოგადოებას ბოლომდე ვერ გაუგია, რომ დემოკრატიის ხარისხსა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია. ბოლო ოცი წელია ისმის სულელური კითხვა: ჯერ დამოუკიდებლობა და შემდეგ დემოკრატია; ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ დემოკრატია. ასე რომ ემსჯელა გერმანიას ან ისრაელს, გერმანია ვერასდროს გაერთიანდებოდა, ისრაელი კი ვერ შედგებოდა, როგორც სახელმწიფო. არ არსებობს არანაირი მოტივი, რაც გაამართლებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების შეჩერებას. საქართველოში რეალური დემოკრატიის არსებობა გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებსაც. ეს ჩვენს საზოგადოებას არ აქვს სათანადო დონეზე შეგნებული და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ სახელისუფლო ჟურნალისტები ამას ხელს უწყობენ. თუ იქნება დემოკრატია, აღდგება ტერიტორიული მთლიანობაც, ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და მეზობლებთან ურთიერთობაც მოწესრიგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახელმწიფო შიდა ეროზიის შედეგად დაიშლება და არა რუსეთის ინტრიგებით.