ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გოლკიპერებს შორის და რომელი რეკორდის მოხსნას აპირებს უელსელი რაიან გიგზი
თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია, რომ ფეხბურთელმა თავისი სპორტული კარიერა ერთ კლუბს დაუთმოს. რუმინულმა სპორტულმა გამოცემამ ASport.ro-მა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია და მოქმედ და ახლად კარიერადასრულებულ ფეხბურთელებს შორის, თავიანთი კლუბებისადმი ყველაზე ერთგული ფეხბურთელებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. მას „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
ნოელ ბეილი (41 წლის, „ლინფილდი” – ჩრდილოეთ ირლანდია)
ნოელი 1986 წელს შეუერთდა „ლინფილდს”. იგი ჯერ ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, ხოლო 1989 წლის 30 მარტს, მისი დებიუტი დიდ გუნდში შედგა. მაშინ ნოელი 17 წლის იყო. საერთო ჯამში, ნოელ ბეილიმ „ლინფილდის” შემადგენლობაში 1 013 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ბეილი ქართული ფეხბურთისთვის თბილისის „დინამოსთან” იმ ავადსახსენებელი მატჩის მონაწილე გახლავთ, როცა ქართულ კლუბს, მსაჯების მოქრთამვის ბრალდებით დისკვალიფიკაცია შეუფარდეს. მაშინ „დინამო“ პირველად იღებდა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მონაწილეობას ევროპის თასზე. „ლინფილდის” 11-ნომრიანი მაისური ნოელ ბეილს სამუდამო საკუთრებაში გადაეცა ფეხბურთიდან მისი წასვლის შემდეგ.
როჟერიო სენი (39 წლის, „სან-პაულუ” – ბრაზილია)
როჟერიო სენი 1992 წლიდან ირიცხება „სან- პაულუს” შემადგენლობაში და „ფიფას” მონაცემებით, ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი გოლკიპერია. მას კარიერის განმავლობაში 105 გოლი აქვს გატანილი, საჯარიმო დარტყმებისა და პენალტის ნიშნულიდან. ბოლო მონაცემებით, სენის ანგარიშზე 1 016 მატჩია. ამას გარდა, ის 1997-2006 წლებში, ბრაზილიის ნაკრების მეკარე იყო, რომლის შემადგენლობაშიც 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.
რაიან გიგზი (38 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი” – ინგლისი)
ადამიანი-ეპოქა, როგორც მას „მანჩესტერში“ უწოდებენ. რაიან გიგზი 1987 წლიდან „მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეა და დიდ გუნდში მისი დებიუტი 1990 წელს შედგა. მას შემდეგ ის გუნდის უცვლელი წევრი და ნამდვილი ლიდერია. კლუბთან კონტრაქტი მან 2013 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. გიგზი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანელი ფეხბურთელია. მას 12-ჯერ აქვს მოპოვებული ინგლისის ჩემპიონის ტიტული. გარდა ამისა, კლუბის რეკორდსმენიცაა ჩატარებული მატჩების მიხედვით და როგორც ჩანს, გაჩერებასაც არ აპირებს. ახლახან განაცხადა, რომ მისი მიზანია, 1 000 მატჩი ჩაატაროს „წითელი ეშმაკების” მაისურით.
ჰენრიკ რიდსტრიომი (36 წლის, „კალმარი” – შვედეთი)
ჰენრიკ რიდსტრიომი 15 წლის ასაკში ჩაირიცხა შვედურ „კალმარში” და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას იცავს. კლუბის სახელით 500 მატჩში აქვს ნათამაშები და მისი თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ „კალმარის” მწვრთნელობას აპირებს. საინტერესოა, რომ წარმატებული საკლუბო კარიერის მიუხედავად, რიდსტრიომს არც ერთხელ არ მოურგია შვედეთის ეროვნული ნაკრების მაისური.
ფრანჩესკო ტოტი (35 წლის, „რომა” – იტალია)
ფრანჩესკო ტოტი „რომას” ღირსებას 1992 წლიდან იცავს. ბოლო მონაცემებით, მის ანგარიშზე „რომას” მაისურით ჩატარებულ 491 მატჩში 211 გატანილი გოლია. ტოტი „რომას” კაპიტანი, რომაელი ტიფოზების კერპი და მსოფლიოს ჩემპიონია. მისი დებიუტი იტალიის ჩემპიონატში 1993 წლის 28 მარტს შედგა. ამ დროს ის 16 წლის იყო. „რომას” მაშინდელმა მწვრთნელმა, ვუიადინ ბოშკოვმა კლუბის მცველის, სინიშა მიხაილოვიჩის რჩევა გაითვალისწინა და ახალგაზრდა ნახევარმცველს მოედანზე გასვლის საშუალება მისცა. ფრანჩესკო ტოტი პელეს მიერ 2004 წელს შედგენილი „მსოფლიოს 125 საუკეთესო ფეხბურთელის” სიაში შედის. ამას გარდა, მისი ცვილის ფიგურა „მადამ ტიუსოს” მუზეუმს ამშვენებს.
ალესანდრო დელ პიერო (37 წლის, „იუვენტუსი” – იტალია)
დელ პიეროს დებიუტი „იუვენტუსის” შემადგენლობაში 1993 წლის 12 სექტემბერს შედგა და გავრცელებული ცნობის თანახმად, მიმდინარე სეზონი ტურინული კლუბის შემადგენლობაში უკანასკნელი იქნება. ბოლო მონაცემებით, დელ პიეროს ანგარიშზე „იუვენტუსის” მაისურით გატანილი 205 გოლია 503 მატჩში. ალესანდრო, რომელსაც ტურინელი ქომაგები მოფერებით „პინტურიკიოს” ეძახიან კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთში დარჩენას და მწვრთნელობას აპირებს. ის ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და იტალიაში იმედოვნებენ, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდებამდე, კიდევ არაერთხელ გაახარებს თავისი გულშემატკივრების გულებს როგორც იტალიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ალექსანდრ შოვკოვსკი (37 წლის, „დინამო” კიევი – უკრაინა)
კიევის „დინამოს” სკოლის აღზრდილი – ალექსანდრ შოვკოვსკი დამოუკიდებელი უკრაინის ყველა დროის ყველაზე წარმატებული გოლკიპერია. მის ანგარიშზე 500-მდე მატჩია „დინამოს” მაისურით, თავად ლეგენდარული კლუბის ღირსებას ის 1993 წლიდან იცავს. ის ჯერ კიდევ კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. გავრცელებული ცნობით ამ ზაფხულს უკრაინა-პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი შოვკოვსკის ბოლო დიდი ტურნირი იქნება. ამის შემდეგ ის სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს. მანამდე კი თანაგუნდელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად, ვალერი ლობანოვსკის „ძველი გვარდიის” „უკანასკნელ მოჰიკანია”.
ოკა ნიკოლოვი (37 წლის, „აინტრახტი” – გერმანია)
ფრანკფურტის „აინტრახტის” მაკედონიელი გოლკიპერის, ოკა ნიკოლოვის დებიუტი გერმანული კლუბის შემადგენლობაში 1994 წელს შედგა. მას შემდეგ ის გუნდის უცვლელი პირველი ნომერია. მან კლუბის ღირსება 350 მატჩში დაიცვა. ბოლო მონაცემებით, მისი კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე გრძელდება. თუმცა, შესაძლოა, ხელშეკრულება გახანგრძლივდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოვი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიბადა, წარმოშობით ის მაკედონიელია და 1998-2001 წლებში ამ ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავდა.
ფროდე ლაფტონი (36 წლის, „ჰონეფოსი” – ნორვეგია)
ფროდე ლაფტონი ნორვეგიული „ჰონეფოსის” რიგებში 1993 წლიდან ირიცხება. მისი დებიუტი დიდ გუნდში 1994 წლის 19 აპრილს შედგა. მას შემდეგ კლუბის ღირსება 50-მდე მატჩში დაიცვა და ჯერ კიდევ აგრძელებს კარიერას. ნორვეგიული მასშტაბით, ლაფტონი საკუთარი კლუბის ერთგულებით არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაცილებით ტიტულოვანი კლუბები იწვევდნენ ის მაინც „ჰონეფოსის” ერთგული დარჩა და კარიერას, სავარაუდოდ იქვე დაასრულებს.
პეტერ ვასტა (36 წლის, „კალმარი” – შვედეთი)
პეტერ ვასტა შვედურ „კალმარში” ჰენრიკ რიდსტრიომის თანაგუნდელი და კლუბის გოლკიპერია, რომელიც გუნდში 1994 წლიდან ირიცხება. 2008 წელს ვასტა, „კალმართან” ერთად შვედეთის ჩემპიონი გახდა. ამის გარდა, სხვადასხვა დროს ის შვედეთის 21 წლამდე ნაკრების წევრად ითვლებოდა. თუმცა, დიდ ნაკრებში რიდსტრიომის მსგავსად, ვასტასაც არ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო, 16 წელია, შვედეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მეკარეა. სულ კლუბის ღირსება პეტერ ვასტას 438 მატჩში აქვს დაცული.