მარიამ ჯაგაშვილი იტალიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება
9 წლის მარიამ ჯაგაშვილი უკვე ორი წელია, სამოდელო სააგენტო „გრაციას“ მოდელია. ის ძერწავს ფანტასტიკურ ცხოველებს, პინგვინებს, გოგონებს. მარიამს არაჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი აქვს, თავისუფლად საუბრობს ყველა თემაზე, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ზოგადად, არაორდინარული ბავშვია. რატომ გადაწყვიტა პატარა მოდელმა მომავალში პროფესიად დიზაინერობა აირჩიოს, როგორია მისი თვალით დანახული საქართველო, რატომ არ უნდა უცხოეთში საცხოვრებლად წასვლა და რატომ მოსწონს უცხოელი კაცები, ამაზე „თბილისელებს“ თავად მარიამი ესაუბრა. მარიამის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სტუდია „გრაციის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ია დოლიძეს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მარიამმა კონკურსზე ჟიურის სიმპათიის მოპოვება შეძლო.
– მე ვარ მარიამ ჯაგაშვილი, 9 წლის. ვსწავლობ 146-ე სკოლაში, მეოთხე კლასში. 2 წელია, რაც სამოდელო სააგენტო „გრაციაში“ დავდივარ. იქ ბევრ საინტერესო საგანს მასწავლიან: ტანვარჯიშს, მეტყველებას, ფსიქოლოგიას, ინგლისურს, დიზაინის ისტორიას, ხატვას და ვიზაჟს. ყველაზე მეტად ტანვარჯიში მომწონს. სამოდელო სააგენტში პირველად რომ მივედი, 7 წლის ვიყავი. ყველა ძალიან თბილად შემხვდა. მერე, ნელ-ნელა ვისწავლე მოძრაობები, პლასტიკა. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე, ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი მაგდა ანუკაშვილი.
– პირველად რომელ ქვეყანაში იყავი?
– პირველად ესპანეთში, მერე სააგენტოდან ანტალიაში წაგვიყვანეს, მერე – პარიზში. იქ მოვიგე გვირგვინი და მომცეს ბევრი საჩუქარი. 20 მარტს მიწვეული ვარ იტალიაში დედასთან და სააგენტოს დირექტორთან ერთად. მიხარია და ბედნიერი ვარ იმით, რომ რასაც ვაკეთებ, ეს საქმე ძალიან მიყვარს.
– მარიამ, რომ გაიზრდები, რა გინდა გამოხვიდე?
– დიზაინერი ან მხატვარი. ძალიან მომწონს კაბების ახალი დიზაინის შექმნა. ისე, უფრო უცხოელი დიზაინერების კოლექციები მომწონს.
– ჩვენებებზე გამოსვლის წინ არ ნერვიულობ?
– სულ ვცდილობ, არ ვინერვიულო, მაგრამ არ გამომდის. ვნერვიულობ იმაზე, რომ სიარულის დროს არაფერი შემეშალოს.
– სკოლაში პოპულარული გოგო იქნები...
– საკმაოდ. ჩემი სურათები კედელზეა გაკრული. ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს. ხშირად გამოვდივარ სასკოლო ოლიმპიადებზე. დღესაც უნდა წავსულიყავი ოლიმპიადაზე, მაგრამ ვერ წავედი. სამოდელო სტუდიაში გამოცდა მქონდა და წარმატებით ჩავაბარე. ეს იყო დიპლომის დაცვა (ინტერვიუ ჩაწერილია 5 მარტს – ავტორი). ჩემთან ერთად ათმა ადამიანმა ჩააბარა, დანარჩენებმა – ვერა.
– კურიოზული სიტუაცია თუ შეგქმნია?
– პარიზში, კრუიზში, გემზე ვიყავით. სააგენტოს დირექტორს უნდოდა, ჩემთვის სამახსოვრო ფოტოები გემზე გადაეღო. გემის კაპიტანმა თავისი – კაპიტნის ქუდი მე დამახურა და ისე შეიჭრა როლში, რომ ის 10 წუთი, სანამ თვითონ ფოტოებს მიღებდა, მე დამაყენა, საჭესთან ცოტა კი დავიძაბე, მაგრამ 10 წუთი ვმართავდი გემს (იცინის).
– მარიამ, ბევრი ფული რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
– ბევრი ფული რომ მქონდეს?.. (ფიქრობს). თავიდან, გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარებოდი, ბევრ შოკოლადს, ტკბილეულს ვუყიდიდი, გავახარებდი. მერე ვიყიდდი დიდ სახლს და იქ დედასთან ერთად ვიცხოვრებდი.
– ამხელა სახლი რად გინდა?
– დიდი ეზო მექნებოდა და ყველანაირი ცხოველი მეყოლებოდა. ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით – ძაღლები. ძალიან მინდა, ჩიხუახუას პაწაწინა ძაღლი, ორი ცალი რომ მაჩუქონ.
– ვიცი, რომ ვიკა ბებიას მეგობარი შეგპირდა, მაგრამ ერთს გაჩუქებს. მაინცდამაინც ორი რად გინდა?
– დედალი და მამალი მინდა, რომ გავამრავლო და ბევრი მეყოლება...
– მარი, და ან ძმა გყავს?
– არა, მაგრამ ძალიან მინდა მყავდეს. ერთხელ მყავდა ფუმფულა კატა და ის დასავით იყო ჩემთვის... ერთად ვიძინებდით, ერთად ვიღვიძებდით, ერთად ვჭამდით...
– ესპანეთში ვისთან ჩადიხარ ხოლმე?
– ესპანეთში ნათია მამიდა ცხოვრობს და მამიდაშვილი ჩარლი. მამიდა იქ გათხოვდა. ინგლისელი ქმარი ჰყავს – რიჩარდ სტიუარდ ფოქსი. ის კარგი კაცია, ყველანაირად გვერდში უდგას და ეხმარება მამიდას საოჯახო საქმეებში. ბიზნესმენია, სულ საქმე აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად დროს ნახულობს, რომ მამიდას საქმე შეუმსუბუქოს.
– შენ რომ გაიზრდები, როგორი ქმარი გინდა გყავდეს, უცხოელი თუ ქართველი?
– რომ გავიზრდები, ალბათ, უცხოელი ქმარი მეყოლება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ქართველი კაცები სხვანაირები არიან (ფიქრობს). შეიძლება საქართველოშიც არსებობდეს ისეთი კაცი, დანარჩენს რომ არ ჰგავს, მაგრამ მე ეგეთი ჯერ არ გამიგია (იცინის).
– ყველაზე მეტად რომელი მასწავლებელი გიყვარს?
– ძალიან მიყვარს ჩემი ირმა მასწავლებელი და დამრიგებელი – მერი კარლოვნა. სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს. ერთხელ, ჩვენი გუნდიც კი შევქმენით და დავარქვი „გვირგვინი“. მერე თამაშებს ვიგონებდი და ბავშვები კარგად ვერთობოდით. მიყვარს მათთვის საჩუქრების ყიდვა – „ჩუპა ჩუპსებს“ ხშირად ვყიდულობდი. ისე კარგად ვიყავით, როგორც ოჯახი. მთავარია, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ.
– მარიამ, ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს ქალაქში?
– ძალიან მომწონს განახლებული ქუჩები, ხასხასა ფერები. განსაკუთრებით ლამაზი კი, საოცრად, ზღაპრულად განათებული ქალაქია. ყველაფერი კი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა. ამიტომაც მიყვარს მიშა.
– უცხოეთში სამუდამოდ საცხოვრებლად წახვიდოდი?
– არა, ცოტა ხნით წავიდოდი, სამუდამოდ არა, რადგან ყველა ადგილს მირჩევნია ჩემი სამშობლო. ამას მაშინ მივხვდი, პარიზში რომ ვიყავი. ისე მენატრებოდა ჩემი სახლი, აქ რომ ჩამოვედი, ყველაფერს ვკოცნიდი, მაშინ უფრო პატარა ვიყავი და ალბათ, ახლა უფრო ვერ გავძლებ იქ დიდხანს.
– მარიამ, ვის დამსახურებად მიგაჩნია შენი წარმატებები?
– დედას და ბებიას დიდ მადლობას ვუხდი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, მე ბედნიერი ვიყო.
– რას უსურვებ შენს სამშობლოს, ქართველ ხალხს?
– ვისურვებდი, ჩემი სამშობლო იყოს გაერთიანებული, ძლიერი, ქართველი ხალხი კი ბედნიერი და იყოს მშვიდობა. ეს ყველაზე ძალიან მინდა.
P.S. მარიამი, გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობითაა გატაცებული, არც მსახიობობაზე ამბობს უარს, რაშიც ნიჭიც უწყობს ხელს. რეჟისორმა ირმა ებრალიძემ საბავშვო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელშიც ჩვენი პატარა მოდელი მსახიობის რანგში წარდგა. მარიამმა იქაც გამოავლინა შრომისმოყვარეობა და „ყველაზე მშვენიერი მსახიობის“ ტიტულიც დაიმსახურა. ანტალიაში, კონკურს „მის მეგობრობაზე“, ჟიურიმ სპეციალური პრიზი გადასცა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, მარიამი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს, რომ საყვარელი დედიკო – ნინო კვარაცხელია ბევრჯერ გაახაროს.