რის გამო მიიღეს აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ ცალ-ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება და რა იყო ბოლო პერიოდში მათი დაძაბული ურთიერთობის მიზეზი
აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნინო ხაჟომიამ 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. გარდა ამისა, ნინო „რუსთავი 2-დან“ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ და, მისი ახალი გადაცემა, ანუ, დოკუმენტური ფილმები ქართული ბიზნესის შესახებ, აპრილიდან გავა ეთერში.
ნინო ხაჟომია: ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ.
– გარკვეულწილად, ერთმანეთის კონკურენტებიც ხომ არ გახდებით?
აკაკი გოგიჩაიშვილი: კონკურენციას რა ჯობია, მით უმეტეს, რომ „ბიზნეს კურიერი“ კონკურენტის გარეშე დარჩა, რადგან გადაცემა „კაპიტალი“ აღარ გადის. ამიტომ, ჩვენ გვიწევს გასართობ თოქ-შოუებზე სწორება, რაც არასწორია. კარგია, თუ ასეთი შინაარსის გადაცემები იქნება.
ნინო: არ მგონია, რომ კონკურენტები ვიყოთ, რადგან, ეს გადაცემა კვირაობით გავა საღამოს ეთერში. აკაკის გადაცემა მაინც ორიენტირებულია დღის ნიუსზე, დღის ბიზნესთემაზე. ჩემი გადაცემის პირველი თემა არის დავით სარაჯიშვილზე. რადგან ქართულ საქმეს ვიწყებდი, ამიტომ, ჩავთვალე, რომ პირველი გადაცემა მასზე უნდა გამეკეთებინა. ორშაბათს ვიწყებ სიუჟეტის გადაღებას და პირველი თემა იქნება, თუ საიდან დაიწყო კონიაკის ბიზნესი.
– აკაკიმ ხომ არ მოგცა რჩევები?
– დღეს აკაკისთან რჩევებისთვის მოვედი.
აკაკი: რაღაცეები მკითხა: ეს კარგია თუ არაო. სწორ გზას ადგას. ვფიქრობ, რომ ეს ნინოსთვის კარგი იქნება, სიახლეა. არც მე ვიტყოდი ახალ პროექტზე უარს, რადგან, მეშვიდე წელია, ამ გადაცემაზე ვმუშაობ. ვერ ვიტყვი, რომ მომწყინდა, მაგრამ, ახალი რაღაცის გაკეთების სურვილი ყოველთვის გაქვს, შესაბამისად, ერთჯერადი პროექტიც რომ გამოჩნდეს, სიამოვნებით დავთანხმდები.
ნინო: მეც მზად ვარ ნებისმიერი ახალი შემოთავაზებისთვის. ეს, შეიძლება, აღარ იყოს ტელევიზია, მაგრამ, იყოს ის საქმე, რომელიც ვიცი, ხელს მოვკიდებ და გამომივა.
– არ შემიძლია, არ შევეხო საკითხს, რომელიც თქვენს დაშორებას ეხება. როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდია, ერთად აღარ ცხოვრობთ.
აკაკი: გარდა პროფესიული ინტერესებისა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი შემკვრელი არის ბავშვი და ის ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. პრინციპში, აქამდე ჩვენი ოჯახი იყო: სამსახური, ბავშვი და ერთმანეთს შორის ურთიერთობა. ახლა რჩება გარკვეულწილად სამსახური, პროფესიული ინტერესები და ბავშვი. ცოლქმრული ურთიერთობა ამ ეტაპზე არ გვაქვს, რადგან, ასე გადავწყვიტეთ. არ ვიცი, დავიღალეთ ერთმანეთისგან თუ ურთიერთობა შევიდა ჩიხში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდი ორივე გაღიზიანებას ვგრძნობდით და გადავწყვიტეთ: მოდი, მოვსინჯოთ ცალ-ცალკე ცხოვრება. ჯერ ბევრი დრო არ არის გასული, ამიტომ, ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს ბავშვისთვის რთულია, ამიტომ, ვცდილობთ, ეს ყველაფერი მასზე მინიმალურად აისახოს: გარკვეულ ღონისძიებებში მასთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა, სადმე ერთად წავიდეთ. მეორე მხრივ, ბავშვისთვისაც არ იქნება ცუდი, თუ ოჯახში არ იქნება დაძაბული სიტუაცია, თან, ახლა გარკვეული შეჯიბრიც გვაქვს – ორივე ვცდილობთ, ვინ უფრო მეტ დროს გაატარებს მასთან. მაგრამ, საბა ამით უარყოფითად სარგებლობს.
ნინო: ძალიან ცუდად სარგებლობს. მეუბნება: ამას არ მიყიდი? კარგი, მამიკო მიყიდის. სანამ აკაკისთან დარეკვას მოასწრებს, მე ვურეკავ: „აკაკი, გირეკავს!“ რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება, რთულია როგორც ჩემთვის, ისე აკაკისთვის, მაგრამ, მიმაჩნია, რომ, როგორც დანას, ურთიერთობასაც სჭირდება გალესვა. 11 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, მაგრამ, არა 11 წელი, არამედ 22 წელი გამოგვივიდა, რადგან, დიდ დროს ვატარებდით ერთად. ცივილურად დავსხედით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ასე უკეთესია შენთვის, ჩემთვის და საბასთვის. მერე რა იქნება, არავინ იცის, უბრალოდ, ახლა ტაიმაუტი გვაქვს.
– არ გამორიცხავთ, რომ მომავალში შეიძლება ისევ ერთად იყოთ?
აკაკი: ძალიან ბევრი ოჯახი, მათ შორის ჩემ ირგვლივ, იმიტომ განაგრძობს ერთად ცხოვრებას, რომ ვინმემ რამე არ თქვას, ან ეს სტატუსზე არ აისახოს ცუდად, ამ დროს კი მეგობრებთან სულ წუწუნებენ: „დავიღალე, დაძაბულობაა“, – მაგრამ, მაინც ინარჩუნებენ ვითომ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და, მთავარია, ადამიანმა საკუთარი ცხოვრება თვითონ მოაწყოს. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრი ადამიანისგან, მათ შორის, ჩვენი ახლობლებისგან წამოვიდა შეფასებები – „როგორ დაანგრიეთ ოჯახი“, მაგრამ ვფიქრობ, რომ, ჩვენი მხრიდან ეს იყო საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომა. როცა ატყობ, რომ რაღაც ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა, ეს კი პრობლემას გიქმნის და გულზე მძიმედ გაწევს, ან, ფიქრობ: იქნებ ასე ჯობდეს, სხვანაირად უკეთესია, – აჯობებს, მოსინჯო და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაარკვიო.
ნინო: არ მიმაჩნია, რომ, რადგან ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობს, ეს ოჯახის დანგრევაა. ამ ორ ადამიანს აქვს უამრავი საერთო და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი – შვილი, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანად უნდა გაიზარდოს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ორივე დავსხედით და ვთქვით: საბას სჭირდება როგორც დედა, ისე მამა და, ვერც ერთი კაცი ან ქალი ვერ გაუწევს მას ისეთ მამობას და დედობას, როგორც მე და აკაკი. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი ბედნიერია. როდესაც ურთიერთობა შევა ჩიხში, ჯობია, რაღაც პერიოდი, შეიძლება, ეს იყოს ერთი თვე, ერთი წელი ან მეტი, ადამიანებმა ერთმანეთი დაასვენონ.
– თუმცა, ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორება, ცალ-ცალკე ახალი ცხოვრების დაწყება არ იქნება ადვილი.
აკაკი: ბუნებრივია, რთულია. ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს ორივემ მივეცით შანსი და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. საწყის ეტაპზე ბავშვი ცოტას ნერვიულობდა, ის ამ გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობდა და, იმაშიც, კვირის განმავლობაში სად იქნება, როდის, როგორ. მისი სურვილები გავითვალისწინეთ.
ნინო: საბოლოო ჯამში, ორივე ვყავართ, თან, იმაზე მეტი დოზით, ვიდრე მანამდე. 11 წლის განმავლობაში ჩვენთვის ნომერ პირველი იყო ის საქმე, რასაც ერთად ვაკეთებდით, ახლა კი ყოველთვის ვახერხებთ რაღაც სიტუაციებში ერთმანეთის გადაფარვას. თუ საბას სჭირდება, აკაკი მზად არის მომეხმაროს და თუ აკაკის სჭირდება, მეც მზად ვარ.
აკაკი: ახლა უფრო მეტ დროს ვატარებ მასთან. ადრე გარკვეულ კონვეირს მიჰყვებოდა ცხოვრება: 7 საათის შემდეგ, როცა სამსახურში ყველაფრის დალაგება დამთავრდებოდა, მერე მივდიოდით სახლში. ახლა კი, მაგალითად, შეიძლება, შესვენებაზე არ ვისადილო და ბავშვთან წავიდე, ვნახო.
– 11 წლის განმავლობაში თქვენს ურთიერთობაში სხვა დროსაც თუ დამდგარა ასეთი ეტაპი?
– ბოლო პერიოდში ხშირად იქმნებოდა სადავო სიტუაციები, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მიზეზი ყოველთვის მოიძებნება: ფინანსური საკითხი ან რაღაც გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ყველაფერი გახშირდა, გასაგები გახდა, რომ ეს იყო უფრო ურთიერთობის პრობლემა, ვიდრე რაღაც კონკრეტული მიზეზები. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
ნინო: 11 წლის მერე რომ დავჯექი და დავფიქრდი, აღმოვაჩინე: ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეუღლისთვის არასდროს დამირეკავს და არ მიკითხავს: „აკაკი, სად ხარ?“, რადგან მუდმივად გვერდზე მყავდა. არასდროს არც ერთი წამით არ მიეჭვიანია, არასდროს მიფლირტავია საკუთარ ქმართან, რადგან მუდმივად ჩემ გვერდით იყო, ჩემი სხეულის ნაწილი იყო.
– მაგრამ, ეს ყველაფერი, ალბათ, საჭიროა.
– კიდევ ვიტყვი, რომ, ურთიერთობას, როგორც დანას, ყოველთვის სჭირდება ორივეს მხრიდან ალესვა. ცხოვრება არ მიდის ერთხაზოვნად. როდესაც ადამიანს მონაზვნად აკურთხებენ, მას თეთრი პერანგი აცვია, რაც არის დაბადების სიმბოლო და უკან მოჰყვება ორი ადამიანი, რომლებსაც შავი აქვთ აფარებული, ანუ – სიკვდილის სიმბოლო. ის, რაც უფრო უახლოვდება სამკუთხედს, მით უფრო ბევრჯერ იქცევა, დგება და აგრძელებს გზას, ბოლოს კი, როცა უფრო მეტად მიუახლოვდება, ცოტა ნაბიჯებს გადის ასადგომად. ცხოვრებაც ასეა, უბრალოდ, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დრო გვჭირდება ფეხზე დასადგომად.
– ვისთან როდის უნდა იყოს ბავშვი, ეს გადანაწილებული გაქვთ?
– ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სახლში მივდივარ საღამოს 9-10 საათზე, ამიტომ, შევთანხმდით და ბავშვისთვის უკეთესია, რომ იყოს მამასთან. იმ დღეებში, როცა ვისვენებ და მაქვს დრო, მე ვარ ჩემს შვილთან.