რომელ პოლიტიკოსს ეკუთვნის გინესის რეკორდი არჩევნებში კენჭისყრის რაოდენობით და ვის დაუთმო თავისი ადგილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან მარი ლე პენმა
2012 წელი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი წელიწადია. სწორედ წელს ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, რუსეთში კი მოგეხსენებათ ახლახან ჩატარდა. პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ამ ქვეყნების საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე აქტუალური თემაა. ამჯერად პრეზიდენტობის იმ კანდიდატთა შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც წლებია, ცდილობენ, დაიკავონ ყველაზე მაღალი თანამდებობა საკუთარ ქვეყანაში, თუმცა არ გამოსდით.
ნიკოლას სუნიგა-ი-მირანდა (მექსიკა) – კენჭი იყარა 10-ჯერ
იცოცხლა 60 წლამდე (1865-1925); პოლიტიკური შეხედულება: რესპუბლიკელი; პარტია: დამოუკიდებელი კანდიდატი; მონაწილეობდა მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში: 1892, 1896, 1900, 1904, 1910, 1911, 1913, 1917, 1920, 1924 წლებში. საუკეთესო შედეგი: 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სუნიგა-ი-მირანდა თითქმის პრეზიდენტი გახდა, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ორ უშუალო ოპონენტს, რომლებიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ვენუსტიანო კარანსა დე ლა გარსას ჩამოგდებაში, მიღებულ ხმებს გააუქმებდნენ. თუმცა, საბოლოოდ მირანდა მესამე ადგილზე გავიდა. ფაქტი: ნიკოლას სუნიგა-ი-მირანდა იმით არის ცნობილი, რომ მან 1887 წელს მეხიკოში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა.
ლინდონ ლარუში (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 8-ჯერ
ასაკი: 89 წლის; პოლიტიკური შეხედულება: ტროცკისტისა და დემოკრატის ჰიბრიდი; პარტია: „ლარუშის მოძრაობა“; მონაწილეობას იღებდა: 1976, 1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000 და 2004 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 25 562 ხმა (1988 წელს); ფაქტი: 1988 წელს ლინდონ ლარუში თაღლითობაში ბრალდებით ცნეს დამნაშავედ და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1994 წელს ის ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან, თუმცა პოლიტიკური საქმიანობა არც ციხეში შეუწყვეტავს.
ერლ დოდჯი (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 6-ჯერ
იცოცხლა 75 წელი (1932-2007); პოლიტიკური შეხედულება: ფხიზლად ყოფნა; პარტია: „მშრალი კანონის პარტია”; მონაწილეობას იღებდა: 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 8002 ხმა (1988 წელს); ფაქტი: საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერლ დოდჯს მონაწილეობა აქვს მიღებული კიდევ 17 სხვადასხვა სახის არჩევნებში, მათ შორის ორჯერ (1976 და 1980), საკუთარი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინა.
არლეტ ლაგიე (საფრანგეთი) – კენჭი იყარა 6-ჯერ
ასაკი: 72 წლის; პოლიტიკური შეხედულება: ტროცკისტი; პარტია: „მუშათა პარტია”; მონაწილეობას იღებდა: 1974, 1981, 1988, 1995, 2002, 2007 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 5,72 პროცენტი (2002 წელს); ფაქტი: 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, არლეტ ლაგიემ განაცხადა, რომ უკანასკნელად იყრიდა კენჭს პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ხოსე საულ ვერმუსი (არგენტინა) –კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 70 წლის; პოლიტიკური შეხედულება: ტროცკისტი; პარტია: „მუშათა პარტია”; მონაწილეობას იღებდა: 1989, 1995, 1999, 2003, 2011 წლების არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 2,31 პროცენტი (2011 წელს); ფაქტი: არგენტინაში ხოსე საულ ვერმუსი ცნობილია ფსევდონიმით ხორხე ალტამირა. სწორედ ამ სახელითა და გვარით მონაწილეობდა ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვლადიმირ ჟირინოვსკი (რუსეთი) – კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 66 წლის; პოლიტიკური შეხედულება: ლიბერალ-დემოკრატი; პარტია: „რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“; მონაწილეობას იღებდა: 1991, 1996, 2000, 2008, 2012 წლების რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 9,35 პროცენტი (2008 წელს).
ჟან-მარი ლე პენი (საფრანგეთი) – კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 83 წლის; პოლიტიკური შეხედულება: ნაციონალისტი; პარტია: „ნაციონალური ფრონტი“; მონაწილეობას იღებდა: 1974, 1988, 1995, 2002, 2007 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 17,8 პროცენტი მეორე ტურში 2002 წელს; ფაქტი: 2011 წელს „ნაციონალური ფრონტის” ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გათავისუფლებული ადგილი თავის ქალიშვილს – მარინ ლე პენს დაუთმო.
ლუის იგნასიუ ლულა და სილვა (ბრაზილია) – კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 67 წლის; პოლიტიკური შეხედულება: სოციალისტი; პარტია: „მშრომელთა პარტია“; მონაწილეობას იღებდა: 1989, 1994, 1998, 2002, 2006 ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 2002 წელს აირჩიეს ბრაზილიის პრეზიდენტად, ხოლო 2006 წელს მეორე ვადით იყარა კენჭი და კვლავ გაიმარჯვა; ფაქტი: სახელი ლულა და სილვას პროფკავშირული მეტსახელი იყო, რომელიც მოგვიანებით, მისი ოფიციალური გვარის ნაწილი გახდა.
იუჯინ მაკკარტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 5-ჯერ
იცოცხლა 89 წელი (1916-2005); პოლიტიკური შეხედულება: დემოკრატი; პარტია: „დემოკრატიული პარტია“; მონაწილეობას იღებდა: 1968, 1972, 1976, 1988, 1992 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 740 460 ხმა 1976 წელს; ფაქტი: მინესოტის შტატის სენატორმა, იუჯინ მაკარტიმ სამჯერ იყარა კენჭი დემოკრატიული პარტიიდან და ორჯერ როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ჯონ ს. ტარმელი (კანადა) – კენჭი იყარა 75-ჯერ
ასაკი: 60 წლის; პოლიტიკური შეხედულება: სოციალისტური და „მწვანეთა” ჰიბრიდი; პარტია: რამდენიმე ათეული პარტია; მონაწილეობას იღებდა: 1979-2011 წლებში 75-ჯერ იყარა კენჭი მუნიციპალურ და ფედერალურ არჩევნებში; საუკეთესო შედეგი: 7,25 პროცენტი (1985 წელს მუნიციპალურ არჩევნებში); ფაქტი: ჯონ ს. ტარმელი გინესის წიგნის რეკორდსმენია არჩევნებში ყველაზე ხშირი მონაწილეობისთვის.
P.S. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხშირად – სამჯერ პრეზიდენტობის თანამდებობაზე კენჭი ცნობილმა ადვოკატმა, ქართლოს ღარიბაშვილმა იყარა: 1995, 2000 და 2003 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში. 2008 წელს საარჩევნო კომისიის მიერ მას უარი ეთქვა რეგისტრირებაზე, თუმცა სამჯერ წარდგენილი კანდიდატურით ის რეკორდსმენია.