კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროცედურების დაცვა უნდა მოსთხოვოს პოლიციის მიერ ქუჩაში შეჩერებულმა მოქალაქემ პოლიციელს და რა შემთხვევაში აქვს მას შეჩერებული პირის ჩხრეკის უფლება

მართალია, პოლიციის რეფორმით არა მხოლოდ ჩვენს სამშობლოში იწონებენ თავს, არამედ ამ რეფორმის გასაცნობად, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ფრიად მრავალრიცხოვანი დელეგაციები გვესტუმრებიან ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიციელის უფლებებისა და მათი მოვალეობების შესახებ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, როგორც იმაზე, თუ რა უფლებები აქვს მოქალაქეს პოლიციელთან ურთიერთობისას. ამიტომაც, საიას იურისტი მაია ხუციშვილი განგვიმარტავს, ერთი მხრივ, რა უფლებებს ანიჭებს საქართველოს კანონმდებლობა კანონის დამცველს, რა მოვალეობები აკისრია საზოგადოების წინაშე და, რაც მთავარია, რას ავალდებულებს კანონი მოქალაქეს პოლიციელთან ურთიერთობისას.

– ზოგადად პოლიციელის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება რამდენიმე ნორმატიული აქტით. უპირველესად, ეს განსაზღვრულია „საქართველოს კონსტიტუციით“ და ვიწრო ნორმატიული აქტებით. ცალკე არსებობს „კანონი პოლიციის შესახებ“ და, აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტული პროცედურები და წესები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში: 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ახალი „სისხლის სამართლის პროცესი“. მე ვიტყოდი, რომ ამ ახალმა პროცესმა უფრო მეტი უფლებები მისცა პოლიციას და ეს გვიჩვენა პრაქტიკამ. პოლიციელს იმ დონემდე გაეზარდა უფლებები, რომ მას შეუძლია, გააჩეროს ადამიანი. კანონში წერია ასეთი რამ: შეჩერება და ზედაპირული დათვალიერება.
– რა მიზეზით შეიძლება, შეაჩეროს პოლიციელმა მოქალაქე?
– პოლიციელი გონივრული ეჭვის საფუძველზე უფლებამოსილია, პირი შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს, მაგრამ კანონი არ განმარტავს, რა არის ეს გონივრული ეჭვი, ამიტომ ნებისმიერი საფუძველი შეიძლება, მოიძებნოს.
– მაგალითად, აგრესიული გამომეტყველება, ქუჩაში ტაატით სიარული?
– შესაძლებელია, ესეც გახდეს პირის შეჩერების საფუძველი. რაც შეეხება ზედაპირულ შემოწმებას: ჩემი აზრით, ეს არის პირის შეთვალიერება, ანუ მისი ვიზუალურად დათვალიერება. წესით, პოლიციელს ამ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს პირის ჯიბეში ხელის ჩაყოფის, მისი ქურთუკის გასინჯვის უფლება და ასე შემდეგ, რადგან, ჩემი აზრით, ეს უკვე ჩხრეკა იქნება, თუმცა კანონში იქვე წერია: თუ პოლიციელს ზედაპირული შემოწმების შემდეგ გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, მას შეუძლია ჩხრეკის ჩატარება. ეს ჩხრეკა უკვე ცალკე ნორმატიული აქტითაა გაწერილი „სისხლის სამართლის პროცესში“ და საკმაოდ მკაცრადაც. ანუ პოლიციელს აქვს პირის ჩხრეკის უფლება, მაგრამ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში.
– არის განმარტებული კანონში, რა არის ეს „დასაბუთებული ვარაუდი“?
– დასაბუთებული ვარაუდის განმარტება არსებობს. კერძოდ, როდესაც არსებობს ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ეს ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამის რეალობაში, შეიძლება, ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება და სწორედ ჩხრეკაა საგამოძიებო მოქმედება. მაგრამ კანონი ამბობს, რომ ჩხრეკა არ შეიძლება, ჩატარდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
– დავაკონკრეტებ სიტუაციას: მივდივარ ქუჩაში, გამაჩერა პოლიციელმა გონივრული ეჭვის საფუძველზე, შემათვალიერა, შემდეგ გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სუფთა წყლის არ ვარ და გადაწყვიტა ჩემი გაჩხრეკა. ამისთვის მან უნდა წარმომიდგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება?
– დიახ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩხრეკის უფლება არ აქვს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მაგრამ: თუ პოლიციელი იტყვის, რომ შეჩერებული პირი გარბოდა ან ჰქონდა რაღაც ნივთი და არსებობდა საფრთხე, რომ ეს ნივთმტკიცება განადგურებულიყო, ამიტომ ჩხრეკა ჩავატარე გადაუდებელი აუცილებლობის გამოო.
– მოქალაქეს რა უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს კანონი ასეთ დროს პოლიციელთან ურთიერთობისას?
– პოლიციელის მიერ პირის შეჩერების შესახებ ვერაფერს ვიტყვით, რადგან კანონში არაფერი წერია, თუმცა, თუ პოლიციელს არ აქვს სამკერდე ნიშანი, მოქალაქეს შეუძლია, ჰკითხოს მას ვინაობა და მოსთხოვოს საბუთი, რათა დადგინდეს, არის თუ არა რეალურად პოლიციელი. ასევე, პირს აქვს უფლება, გაარკვიოს, რატომ შეაჩერეს. კანონში, ასევე, გაწერილია, რომ პირს, რომელიც შეაჩერა პოლიციელმა, ამ შეჩერებიდან 5 დღის ვადაში აქვს უფლება, ერთჯერადად გაასაჩივროს ამ შეჩერების კანონიერება.
– და რას მიიღებს პირი ამ გასაჩივრებით, თუ უბრალოდ შეაჩერეს, ზედაპირულად დაათვალიერეს და გაუშვეს?
– თუ პირი დაადასტურებს, რომ პოლიციელის მხრიდან გადაცდომები მოხდა, იმ პოლიციელს შესაძლოა, დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი ან მან მიიღოს დისციპლინური სახდელი, გააჩნია დარღვევის ხარისხს. ერთი სიტყვით, წესით, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება. შესაძლებელია, პირმა ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
– თუ სადმე დავიგვიანე ამ შეჩერების გამო და საქმე გამიფუჭდა?
– დიახ, თუ საქმიანი პიროვნება შეაჩერეს, რომელსაც წამები აქვს გათვლილი და, ვთქვათ, უნდა გაეფორმებინა ხუთმილიონიანი კონტრაქტი და ამ შეჩერების გამო ხელი შეეშალა, მას შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
– მოქალაქის უფლებებზე ვსაუბრობდით?
– რაც შეეხება ჩხრეკას: თუ პოლიცია იტყვის, რომ ეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებაა და პირი უნდა გაიჩხრიკოს, გვაქვს ერთი ასეთი დამცავი საშუალება: გასაჩხრეკ პირს შეუძლია დამსწრეების მოწვევა. ამას გარდა, აქვს უფლება, იკითხოს, რატომ უნდა გაჩხრიკონ. კანონში არის ასეთი ჩანაწერი: პოლიციამ უნდა მისცეს უფლება პირს, რომ ერთი საათის განმავლობაში მოიწვიოს დამსწრეები, თუმცა, როგორც წესი, ეს ირღვევა და ლავირების საშუალებას ამ შემთხვევაშიც კანონი აძლევს პოლიციელს: კანონში, მართალია, წერია, რომ პირს, რომელსაც ჩხრეკენ, აქვს დამსწრეების მოწვევის უფლება, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, თუ შესაძლებელია, რომ ნივთმტკიცება იმწუთიერად დაზიანდეს, გამომძიებელს შეუძლია, ჩხრეკა დამსწრეების მოწვევის გარეშეც ჩაატაროს. საერთოდ, გამოძიება, ძირითადად, იწყება ხოლმე პატაკის საფუძველზე.
– პატაკის, ანუ ოპერატიული ინფორმაციის?
– დიახ. პატაკში, რომელსაც პოლიციელი ადგენს, როგორც წესი, წერია, რომ ოპერატიული თუ სხვა ინფორმაციის საფუძველზე ესა და ეს პირი არის ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელი, ის გადაადგილდება ამა და ამ ტერიტორიაზე და მას თან აქვს ნარკოტიკი. ამის შემდეგ იწყება გამოძიება, ამას მოჰყვება პატაკის დამწერი პოლიციელის იმავე შინაარსის ჩვენება და შემდეგ ტარდება ჩხრეკა.
– არის შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, პირი არის ნარკოტიკების გამსაღებელი, მაგრამ ვერ იჭერენ ფაქტზე, არადა ასეთი ხომ აუცილებლად უნდა დაიჭირო?
– ამისთვის უამრავი მექანიზმი არსებობს და, მით უმეტეს, პოლიციელს აქვს ამის საკმაოდ ბევრი რესურსი. თუკი მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის გამსაღებელი ან მომხმარებელი და მას გადააქვს ნარკოტიკი, არსებობს ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი, რომელიც აძლევს საშუალებას პოლიციას, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს სამძებრო-ოპერატიული საქმიანობის ჩატარება. მაგალითად, განახორციელოს სატელეფონო მოსმენა, თვალთვალი, რაც პირის ნებართვის გარეშე შეიძლება, მოხდეს, ოღონდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთი სიტყვით, ასეთი მექანიზმები აქვს პოლიციას. ჩვენ ასეთი არაერთი ვიდეომასალა გვინახავს ტელევიზიით. ამასთან მიმართებაში ჩემი ყველაზე დიდი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენთან ქუჩებში თითქმის ყველგან არის ვიდეოთვალი, მაგრამ იმ ვიდეოთვალის ჩანაწერის გამოთხოვნაა რთული. ფაქტობრივად, შეუძლებელია. არადა ყველაზე კარგი და მარტივი მტკიცებულება ვიდეოთვალია.
ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანს აჩერებენ და ჩხრეკენ, მას უნდა განუმარტონ, ვინ არიან, აჩვენონ თავიანთი მოწმობები; თუ ჩხრეკენ, უნდა აუხსნან, რატომ ჩხრეკენ; თუ სასამართლოს განჩინება აქვთ, ისიც უნდა აჩვენონ; თუ არ აქვთ, მაშინ უნდა აცნობონ, გადაუდებლობის რა საფუძვლები აქვთ, შეადგინონ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირის ჩხრეკის შესახებ და ეს დადგენილება პირს გააცნონ. გაცნობა ის კი არ არის, რომ შეახედონ, არამედ უნდა წააკითხონ და პირმა ხელი უნდა მოაწეროს იმის დასტურად, რომ გაეცნო. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი არ აწერს ხელს დადგენილებას.
– უნდა მოაწერონ?
–  გაცნობა უნდა დადასტურდეს ხელმოწერით, მაგრამ მოქალაქეებისთვის ხშირად ეს ხელმოწერა ასოცირდება ბრალის აღიარებასთან. თუმცა პირადად მე ბევრისთვის მითქვამს, რომ ჯობია, მოაწერონ და იქვე შენიშვნაც მიაწერონ. ყოფილა ასეთი შემთხვევები და ისეთიც, როდესაც პოლიციელს დაუხევია ხელმოწერისა და შენიშვნის მიწერის შემდეგ დადგენილება, მაგრამ, თუ ყველა მოაწერს ხელს და შენიშვნასაც მიაწერს, ყველა დადგენილებას ვერ დახევენ. დადგენილებაზე პირს შეუძლია მიაწეროს შენიშვნა, რომ დამსწრეებზე უთხრეს უარი, თუ ასეთი რამ მოხდა, ანუ აღნუსხოს ყველა ის დარღვევა, რაც, მისი აზრით, მოხდა. აი, ამ დადგენილების გაცნობის შემდეგ უნდა ჩატარდეს პიროვნების ჩხრეკა.
– ვის აქვს მოქალაქის გაჩერებისა და ამის შემდგომი ქმედებების  განხორციელების უფლება: პატრულს, უბრალოდ პოლიციელს თუ სხვა სამსახურების წარმომადგენლებსაც?
– ნებისმიერს აქვს უფლება, რადგან კანონში წერია ასეთი რამ: საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი, მაგრამ, ჩემი აზრით, მოიაზრება პოლიციელი. მართალია, თითქმის ყველა ორგანოს აქვს გამოძიების უფლებაც, მაგრამ არ მსმენია, რომ, მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს პოლიციელმა ქუჩაში ვინმე შეაჩერა.
– ვთქვათ, პატრულმა გააჩერა ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, იგივე უფლებები აქვს, რაც ფეხით მოსიარულე მოქალაქის შემთხვევაში? ვგულისხმობ ავტომანქანის ჩხრეკას?
– მინისტრის ბრძანება რომ ვახსენე, სწორედ იმ ბრძანებით აქვთ შემოწმების უფლება, ხოლო, თუკი გონივრული ეჭვიც არსებობს, მანქანის ჩხრეკის უფლებაც.
– როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში მოქალაქე?
– თავდაცვის პირველი საშუალებაა, მოსთხოვოს პოლიციელის მოწმობა, იკითხოს, რა დააშავა, რატომ ამოწმებენ და, თუკი ამის საშუალებაა, მოიწვიოს დამსწრეები.
– ქალი ქალმა უნდა გაჩხრიკოს?
– ჩხრეკა უკვე სხვა მომენტია: პირადი ჩხრეკა ტარდება იმავე სქესის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარღვევაა. ჩხრეკისას განიმარტება უფლებებიც, საერთოდ, ჩხრეკას, როგორც წესი, დაკავება მოჰყვება ხოლმე, იქ კი უკვე სხვა უფლებებია: ადვოკატის ყოლის უფლება და ასე შემდეგ.
– შეჩერების შემთხვევაში არ არსებობს ადვოკატის ყოლის უფლება?
– არა, თუ იქვე, სადმე ახლოს გყავს ადვოკატი, შეიძლება, მოიყვანო, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონში ასეთი რამ არ არის.
– ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ პირის შეჩერებისა და ჩხრეკის პროცედურა დარღვევით ჩატარდა, მაგრამ მას, მართლაც, ჰქონდა იარაღი, ნარკოტიკი ან მკვლელობის ნივთმტკიცება, რა ხდება ასეთ დროს?
– ახალ კოდექსში არის „დაუშვებელი მტკიცებულების ცნება“: თუ მტკიცებულება დარღვევებითაა მოპოვებული, ის დაუშვებლად ითვლება. თუ არ იქნა დაცული პროცედურები, დავასაბუთე, რომ ჩემი ჩხრეკა სულაც არ ჩატარებულა გადაუდებელი აუცილებლობით, არ გამაცნეს დადგენილება, ამ შემთხვევებში მიიჩნევა, რომ კანონი არსებითადაა დარღვეული. ამიტომ ამის შემდეგ კანონიერადაც რომ მოიპოვოს პოლიციამ მტკიცებულება და პირს რეალურადაც რომ აღმოაჩნდეს რაღაც, ეს უკვე დაუშვებელ მტკიცებულებად ითვლება. შემდეგ კანონიერადაც რომ ამოიღონ ნივთმტკიცება, მოწმეებიც რომ მოიყვანონ, ანაბეჭდებიც აიღონ, თუ თავი და თავი, ჩხრეკა დარღვევითაა ჩატარებული, ყველაფერი დანარჩენი, რაც ამას მოჰყვა, მაინც უკანონოა.
– ეს იმიტომ ვიკითხე, რომ პოლიციელის პროფესიონალიზმზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ერთხელაც მოხდება, რომ ის არ დაიცავს კანონით დადგენილ პროცედურას და ნამდვილ დამნაშავეს ვეღარ დაიჭერს.
– ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რომ შეუძლებელია ვიდეოთვალის ჩანაწერის გამოთხოვა. როცა პოლიციელმა იცის, რომ სახელმწიფო არ მისცემს მეორე მხარეს ვიდეოჩანაწერს, ეს მას დაუსჯელობის სინდრომს უქმნის. გაცილებით უკეთესი იქნება, აქაც რომ შეჯიბრებითობის ის პრინციპი იყოს დაცული, რაც სასამართლო პროცესში გვაქვს. პოლიციელი რომ გრძნობდეს პასუხისმგებლობას, მისი ქცევა მსჯელობის საგანი გახდება  და საჭიროების შემთხვევაში ვიდეოჩანაწერს მისცემენ მეორე მხარეს, ის მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
– ამით ხომ ფერხდება პოლიციელის პროფესიული ზრდა?
– ასე გამოდის. და კიდევ ერთი, კანონში, ასევე, მითითებულია, რომ პოლიციელმა ასეთ დროს არ უნდა გამოიყენოს ფორმები და მეთოდები, რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არ უნდა იყოს პატივისა და ღირსების შემლახავი.
– იქნებ მოვიტანოთ ციტატა კანონიდან, რომელიც პოლიციელის ზოგად  ვალდებულებებს განმარტავს?
– პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა: მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;  თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა ორგანოებსა და მოქალაქეებს; მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები; თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობისაგან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე; მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;  გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;  განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან/და ქონება საფრთხეშია; უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3