სეპარატისტი ჯიხვების ჭირისუფალნი
ანუ, ლეგიტიმურად ნასროლი მაინც სულ სხვაა
გასულ კვირას ქართულმა ელმედიამ განგაშის ზარი დაარისხა (თუმცა, რაღა მედიამ, მედიამ ჩვენს ზემდგომთა მიერ დარისხებული განგაშის ზარის ექო გამოსცა), ოკუპირებულ აფხაზეთში სეპარატისტები და მათი მხოლოდამღიარებლები ფლორა-ფაუნას დაერივნენო. როგორც ჩვენმა მშობელმა ელმედიამ გვაუწყა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან ჩამოსული მონადირეები, ძირითადად, თურმე, დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში ნადირობენ. უფრო მეტიც, ჩვენებურებს ისე უვაჟკაციათ, რომ ამ ვანდალური ნადირობის ამსახველი ვიდეომასალაც, თანაც ექსკლუზიური, მოუპოვებიათ. ამას გარდა, ისიც შეუტყვიათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ნადირობას თვით რუსული ტურისტული სააგენტოები უზრუნველყოფენ (ისიცაა, ჩვენზე ინადირეს და, ვითომ, ჩვენს ჯიხვებს რატომღა დაინდობენ?!)!
თავის მხრივ, ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტროსაც ჰქონია ხელთ უკანონო ნადირობის ამსახველი ფაქტები (ანუ ფხიზლად დგანან ოკუპირებული ტერიტორიების ბინადარი ცხოველების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უფლების დაცვის სადარაჯოზე).
ხოლო, რაკი დგანან, აპირებენ, რომ ეს ექსკლუზიურად თუ, როგორც არის, მოპოვებული მასალები საერთაშორისო უწყებებს გადაუგზავნონ, რადგან, თურმე, საქართველოსა და საერთაშორისო წითელ წიგნებში შეტანილ სახეობებზე ნადირობა აკრძალულია.
ბუნებრივია, კეთილი და პატიოსანი, რომ არა ერთი „მაგრამ“: გასული წლის სექტემბერში, სხვათა შორის, იმიტომ, რომ ტურისტულ სააგენტოებს მონადირე ტურისტები მოეზიდათ, ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც თითქმის დაშვებულია წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების მონადირება. იმავე წლის დეკემბერში კი გამოიცა ჩვენი, სავსებით ლეგიტიმური მთავრობის ერთი და არანაკლებ ლეგიტიმური ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ორი ბრძანება, რის თანახმადაც, ნადირობა წითელი ნუსხის სახეობებზე დასაშვებია. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს მშობლიურ ელმედიას ამ თემაზე (როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახოცილ ჯიხვებს დასტიროდა), ასოც არ დაუსველებია, ჩნდება ეჭვი, რომ ლეგიტიმურად დახოცილი იშვიათი სახეობები მაინც სულ სხვაა?!