მოხერხებული მრჩეველი
ანუ ყველანი დავბერდებით
იმ მარტივი მიზეზით, რომ სექტემბრიდან ჩვენი მთავრობა საპენსიო რეფორმის გატარებას გეგმავს (ძალიანაც ნუ გაიხარებთ, თუ 67 წლისთვის არ მიგიტანებიათ), რის მიხედვითაც, აქეთ – ადმინისტრირება მარტივდება (პენსიონერებსა და სოციალური შეღავათების მიმღებებს ბიუროკრატიული პროცედურები ერთ ფანჯრამდე დაუვათ), იქით – 67 წელს მიღწეულები, გარდა პენსიისა, 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტსაც გამოჰკრავენ ხელს (ოღონდ, მხოლოდ 2012 წლის სექტემბრიდან). ამ საკითხის განხილვისას ქრისტიან-დემოკრატებმა საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს. კერძოდ, ქ-ნი ანიკაშვილის თქმით, ეს ნოვაცია გენდერულად უთანასწოროა. მომყავს ციტატა: „ქალბატონები პენსიაზე 60, ხოლო მამაკაცები 65 წლიდან გადიან. შესაბამისად, ქალებს 140-ლარიანი საპენსიო პაკეტის ლოდინი 7 წელს უწევთ, ხოლო მამაკაცებს – მხოლოდ 2 წელს“. ეს პათოსი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრმა ჯონდი ბაღათურიამაც გაიზიარა („გენდერული დისკრიმინაციააო“) და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამგვარი მიდგომით ნაკლები ხარჯის გაწევას ცდილობს. რა თქმა უნდა, ცდილობს, რადგან ამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი დემოგრაფიული სურათია, რომ პენსიონერთა საერთო რაოდენობა 18 წლამდე ახალგაზრდების რაოდენობას აჭარბებს, ხოლო, დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობა კი – პენსიონერებზე ნახევარჯერ ნაკლებია.
თუმცა, როგორც უნდა იყოს, ამის საპასუხოდ, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბ-ნი ბალავაძე (საკმაოდ ახალგაზრდა) ქალბატონებს პენსიაზე გასვლას 65 წლის ასაკში ურჩევს (როგორც ჩანს, ხალხის რჩეული ისე გაიტაცა კანონშემოქმედებითმა ღვწამ, რომ სულ გამორჩა, გადაეხედა სტატისტიკისთვის და საკუთარი ორთავ თვალით ენახა, 60 წელს მიტანებული რამდენი მოქალაქე ჰყავს დაქირავებით დასაქმებული).
და, მართლაც, 60 წელს მიტანებულ ქალბატონებს ბ-ნი ბალავაძისნაირი მრჩეველი რომ არ ჰყოლოდათ, უნდა გამოეგონათ, თორემ, აბა, თავად როგორ მონახავდნენ ასეთ მოხერხებულ გამოსავალს?!