იხტიბარგაუტეხავები
შავი კატის დამჭერები
ორიოდე კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების პერსპექტივა გადაგვეშალა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრა სასხვათაშორისოდ ჩვენი ქვეყნის პირველმა პირმა). მოგვიანებით, ეს ვერსია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ-ნმა კალანდაძემ და კულტურის მინისტრმა ბ-ნმა რურუამაც დაადასტურეს. მართალია, იმხანად ისრაელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ, ზემოხსენებულმა ოფიციალურმა პირებმა თითქმის დაიჟინეს, რომ ნათქვამი სინამდვილეს შეესაბამებოდა. უფრო მეტიც, მაგალითად, ქ-ნ კალანდაძეს იხტიბარი არც იერუსალიმის პატრიარქის იმ განცხადების შემდეგ გაუტეხავს, რომელშიც ის ბრძანებდა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარაო.
მეორე მხრივ, პირველ ამბავზე ოდნავ გვიან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარება აზერბაიჯანსა და საქართველოს „ფიფასთვის“ ერთობლივად შეუთავაზებიათ (ეს ამბავი ჩვენი მხრიდან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბ-ნმა ვარძელაშვილმა გვაუწყა). თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან ერთად ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე თანხმობა არც კი განუცხადებია. ამისდა მიუხედავად, იხტიბარი არც ბ-ნ ვარძელაშვილს გაუტეხავს.
ზემოთქმული კი აჩენს ეჭვს, რომ ზემომსხდომნი ბნელ ოთახში კატის ჭერის უკვდავი პრინციპით მოქმედებენ.