შუქ-ნაგავ-წყალმიბმულების გამკვირვებელი
ანუ, კრეატიულობა დასწრებაზეა
მართალია, ნათქვამია, „ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს“ ჩვენ, დენ-ნაგავ-წყალმიბმულებიო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთაც ერთობ კრეატიული მთავრობები სახლობენ. ჰოდა, რაკი ამ ცოდვილ სამყაროში მარტონი არ ვყოფილვართ (ჩვენ რა, ზემოთ მყოფნი არ ყოფილან), გასულ კვირას უკრაინის კავშირგაბმულობისა და ინფორმატიზაციის რეგულირების საკითხების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა პეტერ იაცუკმა ასეთი რამ ბრძანა: „სამი წლის განმავლობაში უცნობი კომპანია მილიარდობით აქტივის მფლობელი გახდა. ეს კომპანია ვირტუალურია და მას უფრო მეტი და მეტი შემოსავალი მოაქვს. შესაბამისად, რეგულატორები მისგან უფრო ხარისხიან მომსახურებას მოითხოვენ – ქსელის გაფართოებას, ამისათვის ოპერატორებს შესაბამისი თანხები არ აქვთ. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს და საჭიროა, ის ერთობლივი ძალებით გადავწყვიტოთ.“
მარტივად რომ ვთქვათ, ამ საშინელ გამომძალველში პატივცემული იაცუკი, არც მეტი, არც ნაკლები, ყველასთვის ცნობილსა და საყვარელ skype-ს გულისხმობდა, ხოლო გადაწყვეტაში კი იმას, რომ ამიერიდან უკრაინაში სხვადასხვა მესინჯერების მოხმარებაზე, შესაძლოა, გადასახადი დაწესდეს (ყოველ შემთხვევაში, პეტერ იაცუკის შემართება გვაფიქრებინებს, რომ ეს გადასახადი დაწესდება).
შესაბამისად, რადგან, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში საგადასახადო კრეატიულობის ბუმი დაწყებულა და არც მჯობნის მჯობნი დაილევა, მეგობარი უკრაინა ახალ-ახალი გადასახადების გამომგონებელთა სოცშეჯიბრში ხომ არ გამოგვეწვია?!