სად იგრძნო თავი დიმიტრი ბასილაიამ კინოვარსკვლავად და რისგან მომზადებული ჩახოხბილით უმასპინძლდება ის თავის ფრანგ მეგობრებს
საქართველოში რაგბი სპორტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდურ სპორტის სახეობად ითვლება. გასულ წელს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს თასზე, რომელიც ახალ ზელანდიაში გაიმართა და ამას გარდა ყოველ წელს თამაშდება ევროპული ერთა თასი, სადაც ჩვენი გუნდი მუდმივად ფავორიტად ითვლება. აქედან გამომდინარე, ნაკრების წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან მუდმივი ინტერესია და „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ინტერვიუს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ვალანს დ’აჟენის” მესამეხაზელთან, 26 წლის დიმიტრი ბასილაიასთან, რომელიც ზაფხულიდან ევროპული რაგბის გრანდში, შოტლანდიურ კლუბ „ედინბურგში” განაგრძობს კარიერას.
– დიმიტრი, თავიდან დავიწყოთ: მოგვიყევი, როდის და სად დაიწყე რაგბის თამაში?
– რაგბის თამაში ფოთში დავიწყე. 1998 წელს ქუთაისელმა ამირან შავგულიძემ ჩამოაყალიბა გუნდი და მასთან ვარჯიში დავიწყეთ. პირველები ვიყავით სპორტის ამ სახეობაში ფოთში, მანამდე იქ სხვა არავის არ უთამაშია რაგბი. თავიდან, როცა დავიწყეთ ვარჯიში, არც კი ვიცოდი, რაგბი რომელი სპორტი იყო. 12 წლის ვიყავი, რომ დავიწყე თამაში, ვარჯიშის დაწყებიდან ოთხ თვეში ვნახე პირველად რაგბის მატჩი ტელევიზორში და მაშინ მივხვდი, სპორტის რომელი სახეობა იყო (იცინის). სკოლის დამთავრებამდე ფოთში ვვარჯიშობდი და 2002 წელს წამოვედი თბილისში, სადაც „არმაზში” დავიწყე თამაში. კლუბის გარდა, მიმიწვიეს სხვადასხვა ასაკობრივ 18, 20, 21 წლამდე ნაკრებებში. 2006 წელს მოვხვდი საფრანგეთში, სადაც ჩემით „კლერმონის” გუნდი დაინტერესდა და შემომთავაზეს ორწლიანი კონტრაქტი. მას შემდეგ საფრანგეთში ვთამაშობ.
– საფრანგეთში რომ ჩახვედი, როგორ მოეწყვე იქ? ალბათ, რთული იყო სხვა მენტალიტეტი, ენის ბარიერი, უცხო გარემო...
– საფრანგეთში რომ ჩავედი, თავიდან ჩავირიცხე „კლერმონის“ „ესპუარენსეში”, 23 წლამდე მორაგბეთა გუნდში და ახალგაზრდულ ლიგაში დავიწყე თამაში. „კლერმონის” „ესპუარენსი” საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპორტსკოლად ითვლება და პირველი პერიოდი, მანამ მათ ვარჯიშებს მივეჩვეოდი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, გუნდში ჩემ გარდა კიდევ სამი ქართველი იყო და ეს ძალიან დამეხმარა. მარტო არ ვიყავი და მათი დახმარებით ნელ-ნელა შევეჩვიე გარემოს. მართალია, თავიდან ერთი ხანობა უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ, მერე ენაც ვისწავლე და ფრანგულ მენტალიტეტსაც ავუღე ალღო (იცინის).
– როგორი ხალხია, ფრანგები, როგორები არიან სამეგობროდ?
– ბევრი ფრანგი მეგობარი მყავს. მათი დამსახურებაა, ფრანგულად, ასე კარგად რომ ვლაპარაკობ. მოკლედ ვიტყვი – ფრანგები ძალიან კარგი ხალხია.
– ნაკრებში პირველად როდის მიგიწვიეს?
– 2007 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ მიმიწვიეს ნაკრებში, ერთა თასის მატჩი იყო პორტუგალიასთან თბილისში და პირველივე თამაშში ლელო გავიტანე. მას შემდეგ ნაკრებში სტაბილურად მიწვევენ, მთავარია, ფორმაში ვიყო.
– ნაკრებთან ერთად 2011 წლის მსოფლიოს თასებში მიიღე მონაწილეობა ახალ ზელანდიაში. მოგეწონა თუ არა თვითონ ქვეყანა და რა დაგამახსოვრდა ამ მსოფლიოს თასიდან?
– ახალი ზელანდია ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და სასიამოვნოდ გასახსენებელ მოგონებად დარჩება. თვითონ ზელანდია რაგბის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ძალიან არის განვითარებული სპორტის ეს სახეობა იქ და მორაგბეები განსაკუთრებულად უყვართ. ჩვენ ისე, თბილად შეგვხვდნენ, არც კი ველოდი. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. თვითონ ზელანდიელები თამაშებზე გვქომაგობდნენ, მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით. თბილი ხალხია და სასიამოვნოდ მაგონდება იქ ყოფნის პერიოდი. ინგლისის ნაკრებთან ლელო გავიტანე და მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ფაქტი.
– ჩოხებში გამოწყობილები რომ გახვედით მასტერტონის ქუჩებში, როგორი რეაქცია ჰქონდათ ადგილობრივებს?
– ზელანდიელებისთვის საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენი ნაკრები ახალი იყო სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთთან, ინგლისთან შედარებით, ჩვენ შესახებ ცოტა რამ იცოდნენ, ამიტომ, გვსურდა, ჩვენი თავი საუკეთესო კუთხით წარმოგვედგინა. ჩოხებით გასვლა ქუჩაში მათთვის მართლაც განსხვავებული იყო; ყველა ცდილობდა ჩვენთან ფოტოების გადაღებას, კინოვარსკვლავებივით ვიყავით (იცინის). გვეკითხებოდნენ, ეს რა ფორმაა, რისგან შეიკერეთ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, თაყვანისმცემლები გავიჩინეთ (იცინის).
– ვარჯიშების გარდა, რით იყავით დაკავებულები ახალ ზელანდიაში?
– ლამაზი ბუნებაა ზელანდიაში. ექსკურსიებს გვიწყობდნენ, ულამაზესი ქვეყანაა. ერთ დღეს სამ ჯგუფად დაგვყვეს: ერთი ნაწილი სანადიროდ წაიყვანეს, მეორე ჯგუფი თოფებიდან ესროდა თეფშებს, მესამე ჯგუფი ტბაზე ვსეირნობდით.
– შენ თვითონ, რაგბისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?
– საფრანგეთში ჩემი თანაგუნდელია გიორგი ნემსაძე, ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ და სულ ერთად ვართ. შაბათ დღეს ვისვენებთ, კვირას თამაშები გვაქვს ხოლმე, დანარჩენ დღეებში კი სულ ვარჯიშებია და შაბათობით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავისვენოთ. ახლა ვცხოვრობ ვალანს დ’აჟეში, პატარა ქალაქია და მასთან ახლოს არის ქალაქი აჟენი, სადაც გასართობად დავდივართ მეგობრები, როგორც ევროპაში ერთობიან, ძირითადად, ისე ვერთობით.
– ვიცით, რომ ახლო მომავალში ცნობილ შოტლანდიურ კლუბში – „ედინბურგში” გადადიხარ სათამაშოდ. რამდენიმე სიტყვით გვიამბე ამის შესახებ.
– ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დონის კლუბი დაინტერესდა ჩემით. „ედინბურგის” მწვრთნელია მაიკლ ბრედლი, რომელიც მანამდე საქართველოს ნაკრებში მუშაობდა. მსოფლიოს თასის შემდეგ ის დაუკავშირდა ჩემს კლუბს, „ვალანს დ’აჟენს”, რადგან ჩემი გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ, კლუბმა არ გამიშვა. მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა კლუბთან, სამდღიანი მოლაპარაკებები მქონდა კლუბის პრეზიდენტთან, მაგრამ არ გამიშვეს. ამის შემდეგ ბრედლი ჩვენს ფედერაციას დაუკავშირდა და, საბოლოოდ, ისე მოვილაპარაკეთ, რომ „ედინბურგმა” ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. „ედინბურგს” 1 ივლისს შევუერთდები. საკმაოდ სერიოზული კლუბია, შოტლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძვის და „ჰეინეკენის თასის” გათამაშებაშიც მონაწილეობს.
– რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა ახლოვდება. როგორ ემზადებით ხოლმე ასეთი პრინციპული მატჩებისთვის, რაიმე საიდუმლო ხომ არ გაქვთ?
– საიდუმლოს გაცემა არ შეიძლება (იცინის). ვიტყოდი, რომ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უფრო შეკრული გუნდი ვართ და ამის ხარჯზე ვახერხებთ მათ დამარცხებას, თუმცა, კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს. თვითონ რუს მორაგბეებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არანაირი დაძაბულობა. მოედანზე, შესაძლოა, ხდება შეტაკებები, მაგრამ, ტრადიციული „მესამე ტაიმის” დროს ყველანი მეგობრები ვართ, ვუგებთ ერთმანეთს და მშვენივრად ვატარებთ დროს.
– „მესამე ტაიმზე” რას იტყვი, საფრანგეთშიც მიღებულია?
– საფრანგეთში ძალიან მიღებულია „მესამე ტაიმი” და, თუ ისე ხდება, რომ მეორე ტაიმში არ გამომდის თამაში, „მესამე ტაიმში” სულ ჩემპიონი ვარ (იცინის).
– ყველაზე მეტად რომელი ქართული კერძი გენატრება უცხოეთში ყოფნისას?
– ოჯახზე მეტად მენატრება მჭადი და ყველი (იცინის). ისე, ძალიან კარგი მზარეული ვარ და თითქმის ყველაფრის მომზადება ვიცი, მწყრისგან ვაკეთებ ისეთ ჩახოხბილს, რომ, სულ მაკეთებინებენ მეგობრები. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ფრანგები სულ მაბარებენ ჩვენებურ ჭაჭას – ძალიან მოსწონთ. მე თვითონ ალკოჰოლთან ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ, ფრანგულ ღვინოზე ვიტყოდი, რომ ძალიან მაგარი სასმელია.
– დაოჯახებული ხარ? თუ არა, როგორი გოგონები მოგწონს?
– არა, ცოლი ჯერჯერობით არ მყავს. ისე ჭკვიანი და ლამაზი გოგონები მომწონს (იცინის).