კოსმოსში წყლის სამყარო აღმოაჩინეს
ამერიკელმა ასტრონომებმა დაადასტურეს პლანეტების ახალი კლასის – „წყლის სამყაროს“ არსებობა. პლანეტა „GJ1214B“ 2009 წელს აღმოაჩინეს. ტელესკოპ HABBLE-ს ოფიციალური საიტის მონაცემებით, ეს ქვის ეგზოპლანეტა „სუპერ-დედამიწის“ ტიპისაა, ზომებით დედამიწას აჭარბებს (მასზე შვიდჯერ მძიმეა, დიამეტრი კი – 2,7-ჯერ მეტი), მაგრამ გაცილებით პატარაა იუპიტერზე.
კემბრიჯის ჰარვარდ-სმინტონის ასტროფიზიკის ცენტრის თეორეტიკოსების აზრით, „წყლის პლანეტა“, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება, ყინულის ნაგლეჯისგან ჩამოყალიბდა. ის თავის ვარსკვლავს, სავარაუდოდ, იმ მომენტში მიუახლოვდა, როდესაც ტემპერატურა პლანეტის ზედაპირზე დედამიწის ტემპერატურის ტოლი უნდა ყოფილიყო. ამჟამად კი ის წითელი ჯუჯის ირგვლივ ორ მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე ბრუნავს და 232 ცელსიუსამდეა გაცხელებული.
2010 წელს სწავლულმა ჯეიკობ ბინმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ დაიწყო „GJ1214B“-ის გაზომვები და გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პლანეტა ძირითადად წყლისგან შედგება. ეს კი დიდი რაოდენობით ნისლის არსებობით აიხსნება, რომელშიც გახვეულია პლანეტა.
პლანეტის სიმკვრივის გამოთვლებზე დაყრდნობით, სწავლულები ვარაუდობენ, რომ მასზე გაცილებით მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი შინაგანი აგებულება ჩვენი პლანეტისგან კარდინალურად განსხვავდება. „მაღალ ტემპერატურასა და წნევას ისეთი ეგზოტიკური მასალის ფორმირება შეუძლია, რომელიც „ცხელი ყინულისა“ და „ზეთხევადი წყლის“ მსგავსია. ასეთი სუბსტანციები ჩვენთვის საკვირველი ეგზოტიკაა“, – აღნიშნავს სწავლული.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დედამიწასთან შედარებით ახლო მანძილზე ყოფნის გამო, „GJ1214B“ მეორადი დაკვირვების ძირითადი კანდიდატია.