რა შემთხვევაში იყვავილებს გიაცინტი აპრილის ბოლომდე და როგორი ნიადაგი შევურჩიოთ მას
გიაცინტი მცენარეთა იმ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელიც ზამთარში ყვავილობს და ყინვას იოლად უძლებს. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს და როგორ ვაყვავილოთ ის ახლა.
– რას გვეტყვით გიაცინტის შესახებ?
– გიაცინტი ტროპიკული მცენარეა. სწორედ ახლა, ამ თვიდან იწყებს ის ყვავილობას და არის უნიკალური, სურნელოვანი და ძალიან ლამაზი. ის გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაში.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს ახლა, რომ კარგად და უხვად იყვავილოს?
– ამ მცენარეს აქვს ბოლქვოვანი სისტემა. ბოლქვის ჩარგვა იანვარში შეიძლება, თებერვლიდან კი ყვავილობას იწყებს. საქართველოს პირობებში ის მშვენივრად ხარობს და ყვავილობს.
– რამდენ ხანს გრძელდება მისი ყვავილობა?
– ეს დამოკიდებულია მისი დარგვის დროზე. თუ მას თებერვალში დარგავთ, აპრილის ბოლომდე იყვავილებს. თუ გსურთ, რომ მისი ლამაზი და ფერადი ყვავილებით დატკბეთ, დროულად დარგეთ, რომ მალევე იყვავილოს.
გიაცინტი არ არის პრეტენზიული მცენარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მძიმე ნიადაგში იქნება ჩარგული თუ მსუბუქში. დარგვიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს ის ფოთლების ამოყრას, მცენარე ერთ თვეში ყალიბდება და იწყებს ყვავილობას.
– რა სიხშირით მოვრწყათ გიაცინტი ყვავილობის დროს?
– თუ თქვენი მცენარე უკვე ყვავილობს, მაშინ მორწყეთ ყოველ მეორე დღეს.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– მცენარეს მოსწონს 5-დან 15 გრადუსამდე სითბო. ოთახის პირობებში ზამთარში კარგად იზრდება და მალევე იყვავილებს, ხოლო, თუ გარე კლიმატში გაქვთ, მაშინ გაზაფხულის შუა რიცხვებიდან დაიწყებს ყვავილობას.
– როგორ მოქმედებს გიაცინტზე ყინვა, ხომ არ ემუქრება მას გაყინვის საშიშროება?
– თუკი მცენარე ბინაში გაქვთ, მაშინ, გამათბობლით შეუქმენით ოთახის ნორმალური ტემპერატურა და ის მშვენივრად იგრძნობს თავს. თუ გარე კლიმატში გსურთ მისი გაზრდა, ნუ იდარდებთ, ის არ გაიყინება, უბრალოდ, ყინვის დროს არ იყვავილებს. მაგრამ როგორც კი ტემპერატურა მოიმატებს, მცენარე მაშინვე დაიწყებს ყვავილების გამოღებას.
– ცუდად ხომ არ იმოქმედებს მცენარეზე გამათბობელთან ახლოს ყოფნა?
– გიაცინტზე არ მოქმდებს არც გამათბობელთან ახლოს ყოფნა, არც მზის სხივები, ის ძალიან უპრეტენზიო მცენარეა ზამთარშიც და წელიწადის სხვა სეზონებზეც.
– რას გვირჩევთ, ყვავილობის დროს რა ადგილას დავდგათ ბინაში ეს მცენარე?
– თუ გსურთ, დადგით ფანჯარასთან ახლოს, მასზე არ მოქმედებს არც ორპირი ქარი, არც ჩრდილი და არც მწველი მზის სხივები. ამიტომ, თქვენთვის სასურველი ადგილი შეურჩიეთ. ეს მცენარე გარე კლიმატშიც კი არ შეგიქმნით პრობლემას, ბინაში კი ნებისმიერი მოვლის პირობებში გაიხარებს.
– შესაძლებელია ხშირი მორწყვით მცენარის დალპობა?
– თუ მცენარის ნიადაგს კარგი დრენაჟი აქვს, დალპობის საფრთხე არ დაემუქრება. მთავარია, მორწყვის შემდეგ წყალი ლანგარზე გამოვიდეს და მიწაში არ გაჩერდეს. თუ წყალი ნიადაგში დარჩა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, ლპობა დაიწყოს.
– როგორ მოქმედებს მცენარეზე მაღალი ტემპერატურა?
– გიაცინტი საერთოდ ზამთრისა და გაზაფხულის მცენარეა, ის აგვისტოში ამთავრებს ცხოვრებას – ზაფხულის სეზონზე იძინებს, დეკემბრიდან კი კვლავ გაიღვიძებს და დაიწყებს ყვავილობას.
– ზაფხულში მიძინების დროს რა სიხშირით მოვრწყათ?
– სანამ მცენარე მიძინებას დაიწყებს, შეგიძლიათ ყოველდღე მორწყათ. ეს დამოკიდებულია მის ტემპერატურაზე – რაც უფრო მაღალი იქნება ტემპერატურა, მით უფრო ხშირად დასჭირდება მორწყვა. მიძინების დროს კი მცენარის ბოლქვი უნდა ამოიღოთ მიწიდან, გაასუფთავოთ, გააშროთ და მშრალ მდგომარეობაში შეინახოთ, ოთახის პირობებში კი, შეგიძლიათ, ქოთანში დატოვოთ და დეკემბრიდან თავისით ამოვა. მიძინების დროს მცენარეს მორწყვა არ სჭირდება.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– გიაცინტს ბევრი ამონაყარი აქვს და, შეგიძლიათ მისი ამონაყარი მოაშოროთ და ჩარგოთ სხვა ქოთანში. თუ ცალკე ჩარგულ ამონაყარს ამყოფებთ ზემოთაღნიშნულ პირობებში, ის მალე გახდება სრულყოფილი მცენარე.
– შესაძლებელია თუ არა მცენარის გადარგვა და გასხვლა?
– მისი გადარგვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გასხვლა კი შეუძლებელია, რადგან ის პატარა ზომისაა და საკმაოდ კომპაქტურია.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას?
– თუ აგვისტოში მცენარემ არ მიიძინა, მაშინ მორწყეთ სხვა სეზონების მსგავსად, რადგან, შესაძლებელია, გიაცინტმა საერთოდ არ დაისვენოს და ყვავილობა დაიწყოს ზაფხულის სეზონზეც. ამ შემთხვევაში მოუარეთ მცენარეს ისე, როგორც ზამთარში.
– ემუქრება თუ არა მას მავნებლების დასევის საშიშროება?
– გიაცინტს არანაირი მავნებელი არ უჩნდება.
– რა ღირს გიაცინტი და სად შეიძლება მისი შეძენა?
– გიაცინტი დაბალფასიანი მცენარეა, მისი შეძენა შესაძლებელია ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში. როგორც უკვე გითხარით, ის ძალიან უპრეტენზიოა, იოლად ხარობს ზამთარში, ყვავილობს უპრობლემოდ და, თუ გსურთ, რომ ახლა თქვენი ბინა გაალამაზოთ და გააცოცხლოთ, აუცილებლად გაახარეთ გიაცინტი, რადგანაც ახლა სწორედ მისი სეზონია.