რა გამოხმაურება ჰქონდა ფატუნა ბუშიჰედის კოლექციას ამერიკაში მოდის კრიტიკოსებისგან და რის გამო განიცადა მან შიში, სიამოვნება და სიამაყე ერთად
დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი გასულ კვირას ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, სადაც ნინი შერმადინთან ერთად იმყოფებოდა და კიდევ ერთი წარმატებული ჩვენება მოაწყო. რა ხდებოდა იქ, რა შთაბეჭდილებებით ჩამოვიდა ქართველი დიზაინერი სამშობლოში და რისთვის ემზადება ამჯერად, ამ ყველაფერს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარე წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ შედგა.
ფატუნა ბუშიჰედი: ნიუ-იორკის „ოტ-კუტიურ ფეშენ-ვიქმა“ მიმიწვია, რომელიც საკმაოდ გრანდიოზული და მაღალი დონისაა. მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 15-20 დიზაინერი. ეს კვირეული მხოლოდ „ოტ-კუტიურ“ დიზაინერებისთვის იყო და არანაირი „პრეტაპორტე“ არ ყოფილა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მიმიწვიეს. წარმოდგენილი მქონდა კოლექცია, რომელიც ასახავდა ძლიერი და ნაზი, გლამურული ქალის ნაზავს. კოლექციაში ძირითადად შავი ფერი დომინირებდა, რომელიც ტყავისა და ნაზი ქსოვილის ნაზავი იყო, კრისტალებით მორთული. ყველა კაბას თავისი აქსესუარი ჰქონდა. სულ 12 კოსტიუმი მქონდა გამოტანილი. გამგზავრებამდე, როცა ამ 12 კაბაზე ვმუშაობდი, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი ფოტოკოლექციაზე და ვაგზავნიდი ამერიკაში გადაღებებზე, სადაც ჩემი კაბებით „მის კორეა“ და „მის ფლორიდა“ პოზირებდნენ ძალიან დიდი პროექტისთვის.
– ნინი შერმადინი როგორ აღმოჩნდა თქვენ გვერდით ამ კვირეულზე?
– ნინის ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი. შეიძლება, გქონდეს კარგი ხმა, მაგრამ, არ გქონდეს სასცენო მანერა, ნინის კი ყველაფერი ერთად აქვს. ნინიმ რომ მითხრა, სიამოვნებით წამოვიდოდიო, მაშინვე გადავუგზავნე ნინის „ლინკები“ იქაურ პროდიუსერებს და ვთხოვე, რომ ნინის ჩემს ჩვენებაზე ემღერა. ასეც მოხდა – ნინიმ ჩემი ჩვენება გახსნა და „ფეშენ-ვიქიც“ დახურა. მან სულ ოთხი სიმღერა იმღერა.
– ამჯერად როგორი გამოხმაურება ჰქონდა ქართველის გამოჩენას საზღვრებს გარეთ?
– ყველა მადლობას მიხდიდა, ასეთი ლამაზი კაბები რომ წარმოვადგინე და ნინი რომ ჩავიყვანე. არ იცით, რა განცდა იყო, როცა ნინი ჩვენებას ხსნიდა. მე ეგრეთ წოდებულ „ბექსთეიჯში“ ვიდექი, უზარმაზარ ეკრანზე ვადევნებდი თვალს. იმხელა ემოცია იყო, ვერ გადმოგცემთ. შიში, სიამოვნება და სიამაყე – ერთად იყო ყველაფერი. გურული ქალივით ვკიოდი, რა მაგარი გოგო მყავს-მეთქი. რომ დავინახე, ნინის სიმღერის დასასრულს ხალხი ფეხზე წამოდგა, არ ვიცი, რა დამემართა. გოგოებს, ალბათ, ჩემი ემოცია გადაედოთ და სულ კაბებს იგლეჯდნენ, ისე ყვიროდნენ. კაბებს თავი დაანებეთ, არ დამღუპოთ-მეთქი, ვამბობდი. მოკლედ, ძალიან დიდი აპლოდისმენტები მიიღო.
– როგორც ვიცი, ჩვენებაში თქვენი ქალიშვილი ქელიც მონაწილეობდა.
– ქელიმ ჩვენება დახურა. ეს საოცრება იყო. ქელი ჩემს „ბავშვის ხაზს“ წარმოადგენდა, რომელიც არის „ქელი ლაინი.” ჩვენების დასასრულს, როცა მასთან ერთად გასასვლელად ვემზადებოდი, გამომხედა და მითხრა: ხელი არ მომკიდო, მარტო გავალ, კამერებთან დავფიქსირდები და გამოვალო. ძალიან დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი 5 წლის ბავშვის გამოჩენას. ჩვენება რომ დასრულდა, წითელ ხალიჩაზე ყველა ფოტოებს უღებდა. მერე გამომხედა და მითხრა: ხომ ხედავ, შენ აღარ გიღებენ ფოტოებს, ახლა მე მიღებენო.
– 31 მარტს ისევ ჩვენებისთვის ემზადებით?
– 31-ში ჩვენება მაქვს. ეს არ არის არანაირი მოდის კვირეული, პრივატული ჩვენებაა, სადაც მხოლოდ მე და ბარონ ლევონ სიენანტო მივიღებთ მონაწილეობას. ის კაცის ხაზს წარმოადგენს, მე კი – საქორწინო კაბებს. ეს პრივატული ჩვენება ვოულინგტონში მოეწყობა, რომელიც ულამაზესი საკურორტო ადგილია, სადაც ძალიან ბევრი ტურისტია და უამრავი მდიდარი ხალხი ცხოვრობს. იქ ყველაზე მაღალი, ხარისხის ცხოვრებაა.
– იქ მხოლოდ ჩვენება იქნება, თუ მსურველებს სასურველი კაბის შეძენაც შეეძლებათ?
– კოლექციის ნახვასთან ერთად, მსურველს მისი შეძენის საშუალებაც ექნება, რადგან, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო იქ ჩემ ჩასვლაზე.
გული მწყდება ერთ რამეზე; მაშინ, როცა ამერიკაში საკმაოდ მოთხოვნადი დიზაინერი ვარ და ხშირად მაქვს მიწვევა ამა თუ იმ მოდის კვირეულზე, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანი ამას ვერ ხედავს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო და უსაფუძვლო კომენტარები ამოვიკითხე ინტერნეტში. აგრესია ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან იყო. მაგრამ, არა უშავს, ეს მათი პრობლემაა. მთავარია, მსოფლიოს მოვაწონო თავი ჩემი შრომის შედეგად. ვფიქრობ, ერთმანეთის სიხარული და წარმატება უფრო მეტად უნდა გავიზიაროთ. არიან კეთილი ადამიანებიც, რომლებიც ყოველგვარი შურის გარეშე, რეალურად აფასებენ ყველაფერს და მიქმნიან ისეთ გარემოს, რომ უკეთესი შევქმნა. მე არავის ვბაძავ, ვბაძავ მხოლოდ ფატუნას, მეტს არავის.
– რაც შეეხება უცხოეთში, მოდის კვირეულზე დამსწრე მოდის კრიტიკოსებს?
– სხვათა შორის, ამერიკაში მოდის კრიტიკოსებმა ძალიან დადებითად მიიღეს ჩემი კოლექცია და აღნიშნეს, რომ ეს არ არის ის, რაც არის სხვისი. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჩემი კაბები სასცენოა და ისინი გათვალისწინებულია დაჯილდოების ცერემონიალისთვის. ეს ჩემთვის კარგია, ზუსტად იმისთვის ვმუშაობ, რომ ისეთი გრანდიოზული კაბები შევქმნა, რომელშიც თავს გამორჩეულადაც იგრძნობ და კომფორტულადაც.
– რა დროს ანდომებთ ერთ კაბაზე მუშაობას?
– ერთ კაბაზე დაახლოებით შვიდი საათი მყოფნის, რომ ვიფიქრო. როცა მაქვს ქსოვილი, ზუსტად ვიცი, მისგან რა უნდა გავაკეთო.
– როგორც ვიცი, ქსოვილები, რომლითაც კაბებს ქმნით, ძვირად ღირებულია და არა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი.
– ძალიან ბევრი ქსოვილი ჩამომაქვს უცხოეთიდან და ბევრსაც აქ ვყიდულობ. ჩემთვის ქსოვილი არასდროს არ არის საკმარისი, რადგან სულ ძიებაში ვარ და, ამიტომ არასდროს მყოფნის. კაბა ისეთი რამაა, სადაც ჩემს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მთელი ჩემი შემოსავალი ქსოვილებსა და მასალებში მიდის. ქსოვილი ჩემი სიმდიდრეა. მქონდა და მაქვს ბრენდული ქსოვილები: ქლოეს, არმანის, გალიანოს, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, მათგან შემიქმნია კაბა და შეუძენიათ კიდეც. სხვათა შორის, არასდროს ვიცი ტენდენციები, რადგან არ მაინტერესებს. ჩემი კოლექცია მასობრივად არ იქმნება. პირიქით, ვქმნი კაბებს, რომლებიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია. ჩემი აზრით, ტენდენციურია ის, რაც გიხდება და გრძნობ, რომ შენია. შეიძლება, ერთ უბრალო მაისურშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდე, მთავარია, მოიხდინო. მგონი, ჩემზე მეტად არავის უყვარს ჩაცმა, რადგან დაავადებული ვარ ამით. დღეში რამდენჯერმე შემიძლია, სამოსი გამოვიცვალო. გარდერობისთვის უზარმაზარი ოთახი მაქვს განკუთვნილი, სადაც ფერების მიხედვით მაქვს ჩემი და სხვადასხვა დიზაინერების შექმნილი ტანსაცმელი ჩამოკიდებული. რა თქმა უნდა, მაქვს ბრენდული სამოსი, მაგრამ, იმიტომ არა, რომ ბრენდია. უბრალოდ, ძალიან მომიხდა და ამიტომ ვიყიდე.
– 31 მარტამდე თბილისში იქნებით თუ შუალედში კიდევ გეგმავთ რამეს?
– ეს პერიოდი თბილისში ვიქნები და ახალ კოლექციაზე ვიმუშავებ.