57 000 !
ანუ ყვავს კაკლები დასცვივდა
„ვაი, შენდა ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ, და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას!“
მაშინ, როდესაც ზოგს (მაგ. ბ-ნ თორთლაძეს) თვალი ოკეანის გაღმა უჭირავს, „როგორც მიმინოს მწყერზედა“ (და „პატრიოტის აქტის“ ნიუანსებზეც მუშაობს), დანარჩენები (ანუ „ქრისტიან-დემოკრატები“) უფრო მიწიერი საკითხებით ბრძანდებიან დაკავებული. ამ უკანასკნელთა ინიციატივით, სახელმწიფომ ყველა შეჭირვებულ მოზარდს უნდა შეუძინოს სახელმძღვანელოები. უმცირესობის ამ მოთხოვნას განათლების მინისტრი უსიტყვოდ დასთანხმებია (ვითომ, ამას თავისით ვერ უნდა მიმხვდარიყო?!). ჰოდა, რაკი დაეთანხმა (ოღონდ თავისით ვერ მიხვდა), მომავალ წელს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს 88 500 მოზარდისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენას (როგორც აგვიხსნეს, ეს ის მოზარდები არიან, რომელთა ოჯახები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება). ამას გარდა, მინისტრ გვარამიასვე თქმით, საერთო ჯამში, ამ ჩვენს ქვეყანაში 190 000 მოზარდს არ გააჩნია წიგნის შეძენის სახსარი (როგორც ჩანს, მინიმუმ თვეში 3 000-ლარიანმა ჩინოვნიკებმა 190 000-ვეს დასაფინანსებლად ფული ვერ გამონახეს, შესაძლოა, ვერც გაიმეტეს!). შესაბამისად, ისიც საქმეა, რაკი ყვავს კაკალი, ანუ მთავრობას, თუნდაც, 88 500 მოზარდისთვის წიგნის შეძენის ფული გააგდებინეს.
მეორე მხრივ, თუკი 190 000 მოზარდისთვის მშობელი სახელმძღვანელოს ვერ ყიდულობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მათ საკვებიც აკლიათ, ვერც თბებიან, ვერც ჯეროვან განათლებას მიიღებენ და მათ ბავშვობასაც ბავშვობას ვერ დაარქმევ. ამის გათვალისწინებით კი, აშკარაა, მკვდრები ცოცხლებზე ბედნიერები არიან, მათზე ბედნიერები კი ისინი, ვინც ჯერ არ დაბადებულა, მეტიც, არც არასდროს დაიბადება, ყოველ შემთხვევაში, აქ, ამ ქვეყანაში!