კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მიერ იყო შედგენილი ანდერძი, რომლითაც ჯვრის მონასტერი ქართველთა საკუთრებას წარმოადგენს და რატომ დატოვა ვახტანგ გორგასალმა მალხაში 600 ქართველი

ამ წმინდა სავანეში, სამშობლოსგან შორს და, თან, ძალიან ახლოს, ყველა ქართველი ცხოვრებაში  ერთხელ აუცილებლად უნდა მოხვდეს.  აქ წარმოუდგენელია  ემოციებისა და სენტიმენტების შეკავება: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი – საქართველოს ისტორიაა გამარჯვებებითა და მარცხებით,  იმ ქართველებით, რომელთა კვალი დიდი ხნის წინ დაკარგული ამ ციხე-ქალაქის ყველა კუთხეს დღემდე ატყვია. ჩვენი მკითხველისთვის  კიდევ ერთხელ გადავშლით ისტორიის ფურცლებს,  მეგზურობას კი ამჯერადაც  საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნანა ბუაძე გაგვიწევს.        

ნანა ბუაძე: ჯვრის მონასტერი არის ერთ-ერთი უდიდესი  და უძვირფასესი სიწმინდე  და   საგანმანათლებლო კერა  ქართველებისთვის წმიდა მიწაზე. ძნელი წარმოსადგენია იერუსალიმი, მარადიული ქალაქი ამ დიდი მონასტრის – პატარა ციხე-ქალაქის გარეშე.  მონასტერი მდებარეობს იერუსალიმის პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ რაიონში, მალხაში. მასთან ახლოსაა ისრაელის პარლამენტი,  ქნესეთი.  მონასტერი  აგებულია ზეთისხილის ბაღნარში და ადრე არ შედიოდა ძველი ქალაქის საზღვრებში, მაგრამ, მალხა ახლა ახალი  იერუსალიმის  ერთ-ერთ ცენტრალურ უბნად მიიჩნევა.  მონასტრის ისტორია უკავშირდება ბიბლიურ თქმულებას – როდესაც  ლოთი დაეცა თავის შვილებთან, ღვთისგან შენდობის ნიშნად აბრაამმა მას გადასცა სამი ხმელი ტოტი: ფიჭვის, ნაძვისა და  სოჭის.  ლოთს უნდა მოერწყა ეს ტოტები და, ღვთისგან პატიების ნიშნად, ერთი ხე აყვავდებოდა, ზუსტად ასე მოხდა: აქ ამოვიდა ხე, რომელიც მოჭრეს სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროს, მაგრამ, მერე დაიწუნეს და გადეს მდინარეზე, როგორც ხიდი. ღვთის განგებულებით სწორედ ამ ხისგან დამზადებულ ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი. ჯვრის მონასტერში შემონახულია ადგილი, სადაც ეს ხე გაიზარდა.   პირველი ცნობები მონასტრის  ტერიტორიის შესყიდვის შესახებ უკავშირდება მეფე მირიანს, რომელიც ქართლის გაქრისტიანების შემდეგ, წმიდა ნინოს რჩევით, ჩადის ბიზანტიაში, მოინახულებს კონსტანტინე დიდს, შემდეგ კი შეისყიდის ამ  ტერიტორიას და იქ ააშენებს სამლოცველოს. მეხუთე საუკუნეში იერუსალიმში ჯარით შევიდა ვახტანგ გორგასალი, რომელსაც თან ახლდნენ დედა და და. სწორედ  მის მიერ ხდება  ჯვრის მონასტრის ადგილას არსებული  სამლოცველოს გადიდება და დამშვენება, ვახტანგ გორგასალმა  ტაძრის მცველად  სოფელ მალხაში დატოვა  600 ქართველი. გადმოცემის მიხედვით,  ისინი თავიანთ თავს „გურჯებს“ უწოდებდნენ და მათი მოვალეობა იყო,  დაეცვათ ჯვრის მონასტერი.  საუკუნეების განმავლობაში აქ იყო ქართველთა სამლოცველო, ჯვრის მონასტრის  აღორძინების პერიოდი იწყება მეთერთმეტე საუკუნის ოცდაათი წლებიდან, როდესაც მონასტრის აღმშენებლობას  იწყებს  უდიდესი მოღვაწე გიორგი პროხორე, ბაგრატ კურაპალატისა და მისი დედის – მარიამის ხელშეწყობით და ექვთიმე მთაწმინდელის კურთხევით.  გიორგი პროხორე იყო  ბერ-მონაზონი ტაო-კლარჯეთიდან, შავშეთიდან. სამონაზვნო მოღვაწეობა დაიწყო წყაროსთავის მონასტერში, შემდეგ წავიდა პალესტინაში, საბა გამწმედელის  ლავრაში, სადაც მოღვაწეობდა რამდენიმე წელი,  შემდეგ კი,  ღვთის განგებით, მას ერგო ჯვრის მონასტრის განახლება და გამშვენება. ესაა ძალიან მაღალი გალავნით გარედან შემოსაზღვრული, პატარა ციხე-ქალაქი თუმცა, ერთადერთი შესასვლელი კარი ადამიანის სიმაღლეზე უფრო დაბალია. გალავნის შიგნით არის მეტად რთული, სამ და ოთხსართულიანი ნაგებობების კომპლექსი. ძალიან დიდ ტერიტორიაზე დაახლოებით 270-მდე სათავსო და დამხმარე ნაგებობაა. კომპლექსის ძირითადი ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ტაძრის იატაკი მთლიანად იყო  შემკობილი მოზაიკით და მოხატული ქართული ფრესკებით.  უცხოეთის არც ერთ ქართულ სავანეში არაა შემორჩენილი  იმდენი ქართული წარწერა, რამდენიც ამ ტაძარშია აღმოჩენილი.
– როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერს დიდ შესაწირს უგზავნიდნენ საქართველოს ცნობილი მეფეები და სასულიერო პირები. რა დატვირთვა ჰქონდა ამ მონასტერს მაშინ ქართველთათვის? 
– მეთერთმეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან ჯვრის მონასტერი ქართველთა სულიერების, რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად, ქართველების მთავარ შესაკრებ პუნქტად და პილიგრიმთა საიმედო თავშესაფრად ჩამოყალიბდა. გიორგი პროხორესთან ერთად აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, იოანე დვალი, იოანე შავი. სწორედ  მათ მიერ  ხდებოდა საღვთისმეტყველო წიგნების გადაწერა. ხელნაწერების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, განადგურდა, ნაწილი გადატანილია სინას მთაზე, ნაწილი კი  დღესაც ინახება იერუსალიმში.  სწორედ სინას მთაზე შემონახული ხელნაწერებით იქნა მიკვლეული გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” 1854 წელს ნიკოლო ჩუბინიშვილის მიერ. გიორგი პროხორეს დროს გადაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი წიგნები, ოთხთავები, მათ შორის, „პალესტინის პატერიკი,” რომელიც დღეს ლონდონის მუზეუმშია დაცული.  
  ჯვრის მონასტერთან არის დაკავშირებული თითქმის ყველა დიდი ქართველი მეფის ცხოვრება.  დავით აღმაშენებლის მეფობის დროს კიდევ მოხდა მონასტრის განახლება, მეფემ უამრავი შესაწირავი გაუგზავნა ჯვრის მონასტერს და იქვე გაგზავნა ქართლის კათალიკოსი იოანე საფარელი და არსენ იყალთოელი. ის გაზრდილი იყო ჯვრის მონასტერში და შესანიშნავად იცოდა ბერძნული, სირიული და არაბული ენები.  ჯვრის მონასტერი იმდენად დიდი სასულიერო კერა იყო, რომ აქ  გაზრდილი ქართველი ბერი, თეოდორე  ქართველი, ხდება მცირე აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის – ნიკომედიის ეპისკოპოსი. ჯვრის მონასტერს მძიმე პერიოდი დაუდგა მეთორმეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც  იერუსალიმი აიღო სალადინმა, მანამდე იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეოთხემ გაზრდილი გადასახადებით შეავიწროვა ჯვრის მონასტერი და ზვრების ნაწილიც კი წაართვა.  1187 წელს სალადინმა მიიტაცა ჯვრის მონასტერი. მემატიანის გადმოცემით, სალადინს დესპანი გაუგზავნა თამარ მეფემ, რათა გამოესყიდა ჯვრის მონასტერი და  200 000 დინარიც შეაძლია იმისთვის, რომ დაებრუნებინა ძელი პატიოსანი. თამარის მეფობის დროს ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა ნიკოლოზ გურაბელიძე, რომელიც ერთხანს ქართლის კათალიკოსი იყო. მის სახელს უკავშირდება მეფე ბალდუინის მიერ მიტაცებული ზვრების დაბრუნება.  მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა. ქართველები იერუსალიმში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. არსებობს ჯვაროსანი დებუას წერილი, რომელიც წერს: „გავიგე, რომ ქართველთა მრავალრიცხოვანი  ჯარი მოემართება  იერუსალიმისკენ, მათ ხელმძღვანელობს მათი მეფე, უფლისწული ლაშა-გიორგი, რომელიც ძალიან ჰგავს ალექსანდრე მაკედონელს. ის მოდის იერუსალიმის ასაღებად, აიღო 300 ქალაქი, უამრავი ციხე, ლაშა-გიორგი მოაბრძანებს დიდი მეფის, თამარის ნეშტს, რომელმაც დაუბარა, რომ, რადგან სიცოცხლეში ვერ მოილოცა იერუსალიმი, მისი ნეშტი ჩაეტანათ ამ ქალაქში და მაცხოვრის საფლავთან ახლოს დაეკრძალათ“... არსებობს ვერსია,  რომ  თამარ მეფის გასაიდუმლოებული საფლავი, შესაძლოა, ჯვრის მონასტერშიც იყოს.  ჯვრის მონასტერი გამორჩეულია იმით, რომ აქ სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი, მან განამშვენა ტაძარი და, მოიხსენიება, როგორც შოთა მეჭურჭლეთუხუცესი.  ტაძარში მისი სახე  გამოხატულია იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის  ფონზე, წარწერით: „უფალო, შეიწყალე”,  გარდა ამ  ქართული წარწერისა, ტაძარში მოპირდაპირე სვეტზეა ლევან დადიანის წარწერა, რომელმაც ასევე  ბევრი რამ გააკეთა ჯვრის მონასტრისთვის. საქართველოს ისტორიაში თითქმის არაა მეფე და  დიდებული, რომლებსაც  ჯვრის მონასტრის  გაძლიერებასა და აღორძინებაზე არ ეზრუნათ. მათ შორის იყვნენ: დავით ნარინის შვილი, გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატ მეხუთე, გიორგი დადიანი, ბაადურ გურიელი და სხვები.  
– როგორ მიმდინარეობდა ჯვრის მონასტერში ცხოვრება  იერუსალიმში მუსლიმანების  საუკუნოვანი ბატონობის დროს?
–  ჯვრის მონასტერი საქართველოსთვის ქართული დიდებისა და ბრწყინვალე წარსულის  ერთგვარი  სიმბოლოა და ზედმიწევნით იმეორებს საქართველოს ისტორიას.  ჯვრის მონასტრის აღორძინებას ყოველთვის მოჰყვებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერება.  როცა ჩვენ ვკარგავდით ჯვრის მონასტერს,  ვიბრუნებდით უკან  მაშინ, როდესაც  ქვეყანა ძლიერდებოდა.  ჯვრის მონასტერს ბევრჯერ დაუდგა მძიმე ჟამი, არაერთხელ დაარბიეს სხვადასხვა ჯურის დამპყრობლებმა, თუმცა, ტაძარი  დანგრევას  ყველა  მძიმე პერიოდში გადაურჩა.  1273  წელს, შეიხ ხიდრის ბრძანებით, ჯვრის მონასტერი მეჩეთად  გადაკეთდა, მაგრამ, 1299 წელს, როცა  იერუსალიმი აიღო  მონღოლთა ხანმა, ყაზანმა, მას ეხმარებოდა ქართული ჯარი ვახტანგ III-ის მეთაურობით,  ქრისტიანებს იმ წელსვე მიეცათ საშუალება, რომ აქ აღდგომა ეზეიმათ.  ჯვრის მონასტრის დაბრუნება მუსლიმანთა ხანგრძლივი  ტყვეობისგან, უკავშირდება დავით მერვის სახელს, რომელმაც დიპლომატიური მოლაპარაკება აწარმოა ეგვიპტის სულთანთან და დაიბრუნა  დაკარგული  მონასტერი.  ასე გადადიოდა  ჯვრის მონასტერი ხელიდან ხელში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის უფრო ხშირად ომებით, ხანდახან კი – დიპლომატიის მეშვეობით.  მეთექვსმეტე საუკუნიდან იწყება ჯვრის მონასტრის აღმავლობის ახალი ხანა – 1515 წელს ჯვრის მონასტერში ჩადის და მოღვაწეობას იწყებს ბეენა ჩოლოყაშვილი, მემატიანე ამბობს, რომ მან  გოლგოთადან გაყარა  ფრანგები; ის, ასევე, ედავებოდა სომხებს იაკობის მონასტერთან დაკავშირებით.  მეჩვიდმეტე საუკუნის0-იან წლებში ჯვრის მონატერში მოღვაწეობს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომლის სახელს უკავშირდება ჯვრის მონასტრის აღდგენა. ჯვრის მონასტერი საბოლოოდ  დაიკარგა მეთვრამეტე საუკუნეში, თუმცა, არსებობს ცნობა, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯვრის მონასტერში ქართველ მოღვაწეთა რიცხვი მცირდება.  თურქ-სელჩუკების მიერ მონასტრებისთვის  დაწესებული გადასახადი იმდენად დიდი იყო,  რომ მისი გადახდა ბერძნებმაც კი ვერ შეძლეს და საპატრიარქო კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ყველაზე მეტად გაძლიერებული იყო სომხური ეკლესია – სომხები ვაჭრობდნენ, ჰქონდათ ბევრი შემოსავალი და მათ ბევრი სიწმიდის შენარჩუნება შეძლეს. საქართველოში მაშინ მძიმე პერიოდი იდგა და ძალიან გაჭირდა აქედან მონასტრის შენახვა. სწორედ  მეთვრამეტე საუკუნეში  შეისყიდეს ბერძნებმა ჯვრის მონასტერი და ტაძარი მათ იურისდიქციაში მოექცა. არსებობს გადმოცემა და ანდერძი, რომელშიც ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი წინამძღვარი წერდა: მონასტერი ეკუთვნით იბერიელებს და, თუ მათ ოდესმე გაუჩნდებათ სახსარი და სურვილი, ჩვენ მონასტერი მათ უნდა გადავცეთო.        
– შეიძლება, გახდეს ეს ანდერძი მონასტრის დაბრუნების საფუძველი? ეს თემა დროდადრო  ხელისუფლებისთვის აქტუალური ხდება ხოლმე, თუმცა, ქართველი საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი. 
– ჯვრის მონასტერი საქართველოს დაუბრუნდება – ეს სავსებით რეალურია. ბერძნებს, შეიძლება ძალიანაც არ სიამოვნებთ ბერძენი წინამძღვრის ანდერძის არსებობა, მაგრამ, მონასტერი დიპლომატიური მოლაპარაკებებით აუცილებლად იქნება დაბრუნებული. დღეს სავანეში აქტიური საეკლესიო ცხოვრება არაა,  ლიტურგია წელიწადში მხოლოდ ერთხელ,  ჯვართამაღლებას ტარდება ბერძენი მღვდელმსახურის  მიერ. ბერძნები გარკვეული თანხის საფასურად დათმობენ ჯვრის მონასტერს. ჯვრის მონასტრის გარდა, მათ კიდევ ბევრი სიწმინდე აქვთ.  მოლაპარაკებები სახელმწიფოს მაღალჩინოსნებსა და საპატრიარქოებს შორის უკვე დეტალებზე მიმდინარეობს. ჯვრის მონასტრის დაბრუნება საქართველოსთვის შორეული პერსპექტივა არ უნდა იყოს.  
– დღეს მონასტერში შემორჩენილია  საქართველოსთან და ჩვენს ტრადიციებთან დაკავშირებული   ნივთები?
– მონასტერში შემორჩენილია  ძალიან ბევრი ნივთი, რაც საქართველოს უკავშირდება.  მონასტერში, მოზაიკაზე იყო ლითონის ფირფიტა, წარწერით: „ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად”, ეს ფირფიტა დღეს მონასტრის მუზეუმში ინახება. ტაძარში დაცულია ქართველი სამღვდელო პირების შესამოსელი, ძველი ქვევრები. აქ იყო კვიპაროსის ძალიან დიდი ხე. მონასტრის ულამაზეს ეზოში დგას ლიმონის ხე, რომელიც  უშვილოთა შემწეა. ტაძრის შესასვლელში  შემორჩენილია ძველისძველი  ვაზი, რაც იქ განსაკუთრებულ ქართულ სულს აღვივებს. ეს  არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ ჯვრის მონასტერში ქართული  ბერების მოღვაწეობა გაგრძელდება და ქართული წირვა-ლოცვაც აღდგება.

скачать dle 11.3