კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლაკო ბუკიას ქალი ძლიერი, მებრძოლი და თამამი და რატომ გადაიტანა მან თავის კოლექციაში დამსხვრეული სარკის თემა

ახლახან ლონდონის მოდის კვირეულზე ნიჭიერი და ძალიან საინტერესო დიზაინერის, ლაკო ბუკიას კიდევ ერთი წარმატებული ჩვენება გაიმართა. ყოველ სეზონზე მოდის მოყვარულები და კრიტიკოსები ლაკოს კოლექციებს დიდი ინტერესით ელოდებიან. როგორც ადრე, ახლაც ლაკომ მათი აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა.

ლაკო ბუკია: ჩინეთიდან მაქვს შემოთავაზება, რომ 13 მარტს შანხაის „ფეშენ ვიქი“ გავხსნა.  ადრეც მქონდა ასეთი შემოთავაზება, მაგრამ სულ უარზე ვიყავი. წელს ძალიან მთხოვეს და ვნახოთ, რა იქნება, ვიზის ამბავს ვაგვარებ. მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არ მიყვარს კოლექციაზე ხმამაღლა საუბარი, ამჯერად საკუთარი კოლექციით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შოუს დაწყება ცოტა დაგვიგვიანდა, ხალხი გარეთ იდგა, გაიყინა. მიუხედავად ამისა, ამბობდნენ: გავიყინეთ, მაგრამ ისეთი კარგი ჩვენება დაგვხვდა, ღირდაო. ამ ჩვენებისთვის ყველაფერი ბოლომდე მქონდა გათვლილი, გამოცდილება მაინც თავისას შვრება. უკვე ამდენჯერ მქონდა ჩვენება და ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი, რა მინდოდა. რაც მთავარია, არ გვინდოდა, თეთრი პოდიუმი, შავ და ვერცხლისფერ ფერებში გავაკეთეთ. გვინდოდა სარკის ეფექტი მიგვეღო. ამიტომ, შავზე ვერცხლისფერი ქაღალდი დავაფინე, რომ ანარეკლი ჰქონოდა და გარკვეული ეფექტიც შექმნა. გოგონებიც ზუსტად  ისეთი ტიპის შევარჩიეთ, როგორიც გვჭირდებოდა – თმაც, მაკიაჟიც შესაფერისი ჰქონდათ. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ჩვენება ზუსტად იმ დონის გამოვიდა, როგორის გაკეთებაც ამდენი ხანია, მინდოდა და ვცდილობდი. გამოხმაურებაც ჯერჯერობით ასეთივე მოჰყვა. ნინომ რომ დახურა ჩვენება, ამ დროს დიდი ბურთი გაიხსნა, იქიდან ვერცხლისფერი ბრჭყვიალები გადმოცვივდა და, ხალხს თავზე დაეყარა. ბურთს იმხელა ხმა ჰქონდა,  ადამიანებს ეგონათ, ბომბი აფეთქდა. ამბობდნენ: ისე შეგვეშინდა, ისეთი ეფექტი ჰქონდა გვეგონა, მართლა სარკე გასკდაო.
– ლონდონის მოდის კვირეულზე შენი ჩვენების მიმართ ყოველთვის დიდი მოლოდინი და ინტერესია.
– ბოლო პერიოდში  იმდენად განსხვავებული კოლექციები ვაჩვენე, რომ უკვე არ იციან, რას უნდა ელოდნენ, ალბათ, გაგიჟდებიან. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტილი უკვე ვიპოვე. ბოლო კოლექცია სწორედ ის არის, რის კეთებაც მინდა. ძალიან მომწონს ტყავზე მუშაობა და აუცილებლად განვაგრძობ. ჩემზე კი ამბობდნენ: ჩამოყალიბებული სტილი აქვს, რომ შეხედავ, უკვე მიხვდები, ვისი ნამუშევარიაო. მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ძიების პროცესში ვიყავი. ახლა კი უკვე ვიცი, რის კეთება მინდა და რაშიც ვარ ძლიერი.
– შენი კოლექციები ყოველთვის საინტერესო იდეითაა შექმნილი. ამჟამად დამსხვრეული სარკის თემა შემოიტანე.
– ძალიან მეშინოდა გატეხილი სარკის – ხომ ამბობენ: თუ გატეხილ სარკეში ჩაიხედავ, რაღაც დაგემართება, ამას ცუდი ემოცია მოჰყვებაო. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მოხდა, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და გული დამწყვიტა. ამიტომ ვფიქრობდი: სარკეში ჩახედვამ ამაზე ცუდი რაღა უნდა დამმართოს-მეთქი. კოლექციაში ასეთი ეფექტი იყო: ადამიანი სარკესავითაა, პატარა რაღაც რომ ემართება სარკესავით ტყდება ან იბზარება. ვინც ძლიერია, ის ბოლომდე ძლიერად რჩება – გამთლიანდება. ვინც სუსტია, ის ამას ვერ გაუძლებს და სარკესავით დაიფშვნება. მინდოდა, ამ კოლექციით მეჩვენებინა ძლიერი ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს მაინც ფეხზე დგება.
– თუმცა, როცა ინგლისელებმა გაიგეს, რომ შენი ახალი კოლექცია სარკის თემაზე იყო, არცთუ ისე კარგი რეაქცია ჰქონდათ – შეეშინდათ, მართლა სარკე არ გამოიყენოს, არ დაამტვრიოსო.
– არ ვიცი, აქამდე რატომ არ უმუშავია ამ თემაზე არც ერთ დიზაინერს?! ძალიან საინტერესო თემაა. დრო რომ მქონოდა, კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდებოდი ამ თემას და კარგად განვავრცობდი. თურმე, მარტო საქართველოში არ არის გავრცელებული სარკესთან დაკავშირებული ცრურწმენები, ინგლისელებსაც ეშინიათ სარკის გატეხვის. როდესაც დადგა საკითხი იმაზე, რომ ამ თემაზე უნდა მემუშავა, ყველას შეეშინდა: იმედია, სარკეს არ გატეხავო. საბოლოოდ, ის აურა და განწყობა, რაც მინდოდა, კოლექციაში ყოფილიყო, ანუ მებრძოლი, ძლიერი, თამამი ქალი – სწორად აღიქვეს. თუ ჩემს წინა კოლექციას დაკვირვებიხარ, ის უფრო ქალური, ლამაზი იყო. ახალ კოლექციაში კი აგრესიაა და ამიტომაც მოეწონათ. თემა კარგად იყო გადმოცემული, მართლა ბანალურად სარკე კი არ ამომიღია და არ დამიმტვრევია. ისეთი ფაქტურის შექმნა მინდოდა, რომელსაც დაბზარული სარკის ეფექტი ექნებოდა. ტყავები, სხვადასხვა ფაქტურები დავჭერი და ერთმანეთზე გადავაკერე, თითქოს სარკის ნატეხები იყო. მეორე ფაქტურა ინდოეთში, ერთ-ერთ ქარხანაში დავამზადებინე. მათთან ვთანამშრომლობ. რომ დახედავდი, ტყავს პატარა ხაზები ჰქონდა. ძალიან კარგი გამოვიდა, ბევრი მუშაობაც მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ქალი ვულგარული არ უნდა იყოს – მისი სილამაზე ხასიათსა და იმაში ჩანს, რაც დამალულია, ამ კოლექციაში ბევრს უჩანდა მკერდი. მაგრამ, ვფიქრობ, ეს არც გამაღიზიანებელი იყო და არც ვულგარულად ჩანდა.
– შენი ჩვენება წელს ნინო ცქიტიშვილმა დახურა.
– ნინო ჩემთვის ქალის იდეალია, ძალიან მომწონს. სამოდელო სააგენტოებთან შეხვედრა ჰქონდა და ზუსტად ჩემს ჩვენებას ემთხვეოდა მისი ჩამოსვლა. ნინო ჩემი მეგობარია და მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ვუთხარი, ჩვენებას დაესწარი, სიამოვნება მიიღე-მეთქი. არა, შენს ჩვენებაზე მინდა გამოსვლაო, ძალიან გამიხარდა.
– ფეხსაცმელებს მინის ქუსლები აქვს?
– მინდოდა, ფეხსაცმელი მთლიანად მინის ყოფილიყო, ერთგვარი ექსპერიმენტი გავაკეთეთ. ამაზე აქამდე არ გვიმუშავია. თან, არც არავინ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ არ გაფუჭდებოდა და ქუსლი არ გადატყდებოდა. პირველი ნიმუში რომ ჩამომივიდა ლონდონში, ქასთინგზე ქუსლი გადატყდა. რკინებით გავამაგრეთ, მაგრამ მაინც არ მაძლევდნენ გარანტიას. სხვათა შორის, ძალიან კომფორტული აღმოჩნდა და ყველაზე დიდი ემოცია ფეხსაცმელმა გამოიწვია.
– ვინ ესწრებოდა შენს ჩვენებას?
– ინგლისში ყველა დიდ ჩვენებას ესწრება ადამიანი, რომელსაც პანდემონია ჰქვია და ასე ვთქვათ, პლასტიკის ადამიანია – ყველაფერი პლასტიკის აცვია: ტანსაცმელი, თმა, ჩანთა, ძაღლიც კი პლასტიკის აქვს. „სელებრითია“, ფოტოებს უღებენ. წინა რიგში ზის და მისი დასწრება ჩვენებაზე საპატიოა. რამდენჯერმე ვთხოვე, იქნებ მოხვიდე-მეთქი და მართლაც მოვიდა. იმდენად მოეწონა, მთხოვა – მეც გამიკეთე ტანსაცმელიო. ინგლისში არის ცნობილი გაზეთი „ივნინგ სტანდარტი“, რომელსაც მთელი ინგლისი კითხულობს. მისი რედაქტორი გამესაუბრა და მითხრა, რომ კოლექციით აღფრთოვანებულია. ჩვენებას ესწრებოდა მომღერალი ბიჭების ჯგუფი, ასევე, ცნობილი ინგლისელი მომღერალი და კიდევ რამდენიმე „სელებრითი“. არასდროს  მაქვს საშუალება, ყველას გავესაუბრო, აზრი ვკითხო. ამიტომ, წელს, ჩვენების შემდეგ,  100 გამორჩეული სტუმრისთვის ასეთი რამ გავაკეთე – დავარიგე ღვინის ბოთლები, რომელსაც ჩემი ლოგო ჰქონდა და ასევე, ჩემი ლოგოიანი შოკოლადები. ეს სასიამოვნო ჟესტი იყო. ყველას დაამახსოვრდა ჩემი ლოგო, ამბობდნენ: ძალიან ლამაზ ბოთლებში ჩასხმული კოქტეილები დაგვხვდაო, მეც მომეცა იმის საშუალება, რომ მათ გავცნობოდი და მესაუბრა.
– ჩვენების შემდეგ ერთმა ადამიანმა „გენიოსი“ გიწოდა.
– ტელეწამყვანია, ლონდონში ცნობილი ადამიანია. ჩვენებას ყოველთვის ესწრება, პირველ რიგში ზის და მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცოდი, თუ გენიოსი მიწოდა. მერე გავიგე და მადლობა გადავუხადე. ჯერჯერობით გენიოსი არ ვარ, მაგრამ ვეცდები, გავხდე. მომწერა: დიდი ხანია, ვამბობ, რომ გენიოსი ხარ და შენ რატომ ვერ მიხვედი ამ დასკვნამდეო.
– შენს ჩვენებას ტრადიციულად ამ სეზონზეც დაესწრნენ შენი ოჯახის წევრები.
– იმ ფაქტმა, რომ წელს ჩვენებას ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ჩემს მშობლებთან მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ: რა კარგია, აქ რომ ხართო, მეც მეუბნებოდნენ, რა კარგია, შენი მშობლები რომ ესწრებიანო.
– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს?
– პარიზში „შოუ რუმი“ მაქვს. შემდეგ, ალბათ, შანხაიში წავალ, გავხსნი „ფეშენ ვიქს“. ყოველ შემთხვევაში, კოლექცია მაინც მიდის შანხაიში, „შოუ რუმში“ მიიღებს მონაწილეობას. მიწვეული ვარ უკრაინის მოდის კვირეულზე, როგორც ბრიტანელი დიზაინერი. 24 მარტს მექნება ჩვენება. პლუს ამას, უკვე დავიწყე ახალ კოლექციაზე ფიქრი, რადგან ჩვენების შემდეგ ასეთი ულტიმატუმი წამიყენეს: ივნისის დასაწყისში ნახევარი კოლექცია მზად უნდა იყოსო. კოლექცია, რომელიც უნდა გაიყიდოს, სამი თვით ადრე უნდა დამზადდეს. ჯერჯერობით ბაერებისგან დიდი მოწონება და გამოხმაურებაა. ისეთი სერიოზული კომპანიები დაინტერესდნენ, მაგრამ რადგან ჯერ ბოლომდე არ გადაწყვეტილა, ამიტომ, დასახელებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მიხარია. ამდენი ხანია, ამისთვის ვიბრძვი.

скачать dle 11.3