პაემანი ცირკთან, მატყუარა მძღოლი და გაუპატიურებას გადარჩენილი ალიხანა
ამ ორი-სამი წლის წინ ჩემს აზერბაიჯანელ პარტნიორთან პატარა ბიზნესგარიგება დავდე. პირობის თანახმად, რამდენიმე დღეში თავისი წარმომადგენელი უნდა გამოეგზავნა თბილისში, რომელსაც ჩემი თანაშემწე უნდა შეხვედროდა და ოფისში მოეყვანა. დათქმულ დღეს ჩემმა პარტნიორმა, იბრაჰიმმა, დამირეკა და მითხრა, ჩემი გამოგზავნილი კაცი ბაქოს მატარებლით თბილისში დღეს 4 საათზე ჩამოვაო და მისი მობილურის ნომერი მომცა. მე ეს ნომერი ჩემს თანაშემწეს, დათოს მივეცი და დავავალე, სტუმარს დახვედროდა. ისე მოხდა, რომ დათოს მასთან დარეკვა დააგვიანდა და ალიხანს ფეხით გამოუსეირნია ვაგზლიდან გმირთა მოედნისკენ. სწორედ ამ დროს დაურეკა დათომ და, იმის შიშით, გზა არ აერიოსო, უთქვამს, ცირკის წინ დადექი და ათ წუთში შავი „ბეემვეთი“ მოგაკითხავ. რომ გიცნო, დახვეული გაზეთი დაიჭირე ხელში და ყურადღებით იყავიო.
ზაფხულია. დგას ცირკთან ეს ჩვენი ჩამრგვალებული და კოტიტა აზერბაიჯანელი, აცვია უკანალზე მოტკეცილი თეთრი ტილოს შარვალი, წვეტიანი ოქროსფერი ფეხსაცმელები, საკმაოდ ჩასუქებულ მკერდსა და მუცელზე კი სტაფილოსფერი მაისური ასკდება. სახეზე ოფლი ჩამოსდის, ინიავებს დახვეული გაზეთით და დაჟინებით აკვირდება მანქანებს. იქვე, „სამუშაოდ“ გამოსული „ტურფები“ გაოცებით ათვალიერებენ ამ უცხო „ჩიტს“, ვერ გაუგიათ, ასეთი ორიგინალური კონკურენტი საიდან გამოუტყვრათ და ძალიანაც გაბრაზდნენ, რადგან მძღოლები აშკარად ამ შავი მორგვის მიმართ უფრო დიდ ინტერესს ამჟღავნებდნენ – თითქმის ყოველი მეორე მანქანა მის წინ ანელებდა სვლას და დაჯდომას სთავაზობდა, მაგრამ ის უარის ნიშნად თავს აქნევდა და რუსულად პასუხობდა: გმადლობთ, პარტნიორს ველოდებიო. ერთ-ერთი მძღოლი მიხვდა, რომ ჩამოსულთან ჰქონდა საქმე და ჩაეკითხა, ვის ელოდებიო. ალიხანასაც აუხსნია – დათო ჰქვია, შავი „ბეემვეთი“ უნდა მომაკითხოსო. იმ მძღოლს კი უთქვამს, დათომ თვითონ ვეღარ მოახერხა წამოსვლა და მე გამომგზავნაო. ალიხანამაც დაუჯერა და წინა სავარძელზე, ანუ, მძღოლის გვერდით დაჯდა და უთხრა, თქვენს ოფისში მიმიყვანეო. იმ ტიპმა იქვე, ცირკის უკან ქუჩა რომ ადის, იქ შეუხვია, მანქანა გააჩერა და, არ დაუწყო ამ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორს ხელების ფათური და ჩალიჩი?! გადაირია საწყალი ალიხანა, მორთო ყვირილი – მიშველეთო, მერე რაღაცნაირად მოახერხა, გადმოხტა მანქანიდან და ისევ იმ ადგილას გამოვარდა სირბილით, სადაც თავიდან იდგა და ის გაზეთიც ისევ ეჭირა ხელში. სწორედ ამ დროს დათოც მივიდა. რომ დაინახა, მიხვდა, ეს უნდა იყოს ჩვენი სტუმარიო, გაუჩერა მანქანა და უთხრა, დაჯექიო. მაგრამ, შეშინებული ალიხანა გაიქცა. გაოცებული დათო ნელი სვლით დაედევნა – დაჯექი, ამ სიცხეში სირბილით მოკვდები, თან, შეფი გველოდებაო. ვერაფრით რომ ვერ დაარწმუნა, ვინც იყო, უთხრა, წეღან რომ დაგირეკე, ნომერი ხომ დაფიქსირდა, დააჭირე თითი ღილაკს და ნახავ, ჩემს ტელეფონზე თუ არ დაირეკოსო. მართლაც ასე მოხდა და ალიხანა დარწმუნდა, რომ ნამდვილად დათოს ელაპარაკებოდა. მაგრამ, მაინც სიფრთხილე გამოიჩინა და უკანა სავარძელზე მოთავსდა, მერე კი, წასვლამდე, გვერდიდან არ შორდებოდა და მთელი დღეების განმავლობაში აღშფოთებული უყვებოდა დათოს, როგორ გადაურჩა საშინელ სირცხვილს და, გაოცებული იყო – ამისთანა რა შემატყო, ჩემი მოტაცება და გაუპატიურება რომ გადაწყვიტაო.