კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ჰგავს თავის გმირს მედეა ლორთქიფანიძე და რამ „გაახურა“ მისი ცხოვრება ათწლიანი დეპრესიის შემდეგ

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” უკვე წარმოუდგენელია ქოთქოთა მანანა ბებოს გარეშე, რომელიც განუწყვეტლივ ყველას ჭკუას ასწავლის და საკუთარ აზრს ახვევს თავს. ჩვენი რესპონდენტი, მედეა ლორთქიფანიძე, ცხოვრებაში სულაც არ არის ისეთი ბებია, როგორიც მისი გმირია. მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რატომ იყო მისი ცხოვრება ათი წლის განმავლობაში შეწყვეტილი და რატომ დაიბადა ის ხელმეორედ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”.  ჩვენი ინტერვიუ რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარე წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ შედგა.

– მას შემდეგ, რაც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩნდით, თითქმის ყველას აინტერესებს, როგორი ხართ რეალურად?
– ქოთქოთაც კი ვარ, მაგრამ, შვილიშვილისა და ჩემი სიძის მიმართ ძალიან წყნარი ვარ. ისეთი ნამდვილად არ ვარ, როგორიც სერიალში.
– რძალი არ გყავთ?
– რძალი არა, სიძე. ერთი შვილიშვილი მყავს და მეორეს ველოდებით, გოგოს. პირველი შვილიშვილი ბიჭი მყავს, რატი ყიფიანი.
– მაყურებელს თქვენ შესახებ რას უამბობთ?
– სხვათა შორის, თუ აქამდე მოვაღწიე, ეს ყველა ჩემი მეგობრის დამსახურებაა, რადგან ძალიან დიდ დეპრესიაში ვიყავი. დედა გარდამეცვალა, მამა გარდამეცვალა, დედა მსახიობი მყავდა, მამა – რეჟისორი. მერე მეუღლე გარდამეცვალა და საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს. მოგიყვებით, მანამდე რა ხდებოდა: დავიბადე ფოთში და ქუთაისში დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობის დროს დრამწრეში ვიყავი და სხვადასხვა სპექტაკლში ვმონაწილეობდი. სხვათა შორის, რეზო მიშველაძეც ჩემთან ერთად იყო დრამწრეში. ვცეკვავდი მურმან ლომთათიძის ანსამბლში. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი. აქ ბებიაჩემის დასთან ვცხოვრობდი, რომელიც პედაგოგი იყო. თეატრალურ ოჯახში გავიზარდე და ძალიან მინდოდა თეატრში მუშაობა. მშობლები უკვე გარდაცვლილი მყავდა და სხვამ არავინ შემიწყო ხელი ჩემი ოცნების განხორციელებაში. ამ პერიოდში კუკური მჟავანაძემ, ეკა მჟავანაძის მამამ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გახსნა სახალხო თეატრი. ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ლალი ჭარბაძემ მითხრა, წამოდი ჩვენთან, სახალხო თეატრი ყალიბდებაო. ვიფიქრე, ვცდი მაინც-მეთქი და მივედი. მივედი და გამიმართლა. ამ თეატრთან ერთად მთელი ევროპა და საბჭოთა კავშირი შემოვიარე. თითოეულ მსახიობს ბევრი ლაურეატობაც გვქონდა მიღებული.
– ანუ, თქვენი სამსახიობო კარიერა მაინც შედგა.
– დიახ, მაინც შედგა, რაც ძალიან მიხაროდა. მაგრამ, მერე კუკური გარდაიცვალა და თეატრიც ნელ-ნელა დაიშალა. ამის შემდეგ გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა მითხრა, აგერ, პატარა ბავშვი გყავს და დაჯექი ახლა სახლში, თეატრი სახლში გაქვსო.
– თქვენი მეუღლე რა პროფესიის იყო?
– ჩემი ქმარი პროფესორი იყო, მეოთხე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და ქირურგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგე. არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა, არაჩვეულებრივი ქმარ-შვილი მყავდა, მაგრამ ხომ იცით, ღმერთი ყველაფერს ერთად არ შეგარჩენს. მეუღლე გარდამეცვალა და დეპრესიაში ჩავვარდი, ქვეყანაზე არაფერი აღარ მინდოდა. რომ არ მოგატყუოთ, გარეთ ერთი ათი წელია არ გამოვსულვარ. გავსუქდი, მგონი, 30 კილოგრამი მოვიმატე წონაში. მთელი ეს პერიოდი ჩემი მეგობრები მედგნენ გვერდში, რისთვისაც მინდა მათ მადლობა ვუთხრა თქვენი ჟურნალის საშუალებით. ეს არის ჩემი გურამ დგებუაძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი მწერალი, მაგრამ, მორიდებული ადამიანია. თუ მისგან ინტერვიუს აიღებთ, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ლალი ჭარბაძეს, ფისო გონიაშვილს და ყველა იმ ხალხს, რომლებიც გვერდში მედგნენ. ასევე, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეზობლების, ყველა ძალიან მიყვარს და საკუთარი ოჯახის წევრებად მიმაჩნია.
– მერე რა მოხდა?
– მერე ლალიმ, ლამზირა ჩხეიძემ და ეკა მჟავანაძემ მითხრეს, რომ იღებენ  სერიალს „ჩემი ცოლის დაქალებს” და აუცილებლად გვჭირდება ქოთქოთა ბებია. ხომ არ დაგავიწყდა, ადრე რა ქოთქოთა იყავიო. წამოხვალო? – რომ მკითხეს, სიხარულით დავთანხმდი. ეს ჩემი ხელმეორედ დაბადება იყო. მე ამ სერიალში მუშაობით გავცოცხლდი და 30 წლის სიცოცხლე მაინც დავიბრუნე. 74 წლის ვარ, რაც პატარა ასაკი არ არის. ფეხები მტკიოდა, ხელები მტკიოდა, გული მტკიოდა და, საერთოდ, ყველაფერი მტკიოდა. ვიწექი და მხოლოდ ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ახლა? ახლა კითხვისთვის სად მცალია. ვსწავლობ როლს, რომელიც ხან მეშლება და ვნერვიულობ, თან, ლიფონავაც შევიკალი ხელში. ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთ კარგ კოლექტივთან ერთად ვმუშაობ. დილით ისე მიხარია იქ მისვლა, მივფრინავ.
– ბავშვებთან ხშირად გიწევთ სცენების გადაღება. მათზე რას გვეტყვით?
– არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ბავშვები არიან და ძალიან კარგი პარტნიორები.
– ამ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს, შესაბამისად, ბევრი ადამიანი გცნობთ. როგორია უცნობების რეაქცია თვენს დანახვაზე?
– იმ დღეს ექიმთან ვიყავი, ვიღაცა გადამეხვია, მკოცნიდა და იცინოდა. მე ჩემი ნაცნობი მეგონა, მაგრამ, უცნობი აღმოჩნდა. ადრე ხომ სახლში ვიჯექი, ახლა კი უარესი გამიკეთეთ-მეთქი, ვხუმრობ საერთოდ ვეღარ გავდივარ გარეთ. მაღაზიაში, ეზოში, სადაც არ უნდა ვიყო, ყველა მცნობს და თბილად მეპყრობა. ხანდახან მრცხვენია კიდეც.
– ძალიან აქტიური გახდა თქვენი ცხოვრება.
– ძალიან. რომ იტყვიან, ჩემი ცხოვრება გადმობრუნდა. პირველად რომ მჭადს დააცხობ, მერე გადმოაბრუნებ და გააცხელებ, აი, ისე ვცხელდები ახლა მეც. არაფერი აღარ მინდა ახლა ქვეყანაზე, სიკვდილიც კი.
– ყველაზე მეტად რომელი სერიის გადაღება დაგამახსოვრდათ, რომელი იყო უფრო მეტად მხიარული?
– მხიარული სერია არც ერთი არ მქონია, სულ დავქოთქოთებ. ისე, ცეცხლის სცენა მომეწონა ძალიან, რომ გადავწვი იქაურობა. ახლა მაქვს კარგი სცენა, ფულს რომ მომპარავენ. უიმე, იქ ამბავს ავწევ?! – მტრისას!
– თქვენს გმირს ვინმეს თუ ამსგავსებთ?
– სხვათა შორის, ერთი მსახიობი გვყავდა ჭრელაშვილი და ცოტათი მის დედას ვამსგავსებ მანანას. ისეთი ქალი იყო – მტრისას! ის რომ დაიჩემებდა?! ცოტა მისგან გადმოვიღე, ცოტა, ალბათ, ნიჭიც მიწყობს ხელს, ცოტას ჩემი ქოთქოთი და ასე.
– თქვენსა და მანანას შორის არის რაიმე საერთო თვისება, რომლითაც ერთმანეთს ჰგავხართ?
– რაღაცით, ალბათ, ვგავართ ერთმანეთს. საერთოდ, ძალიან კეთილი და დამთმობი ადამიანი ვარ. არ მახსოვს, ვინმეს წავჩხუბებოდე. ვინმესთან ჩხუბი და კონფლიქტი არ შემიძლია.
– თქვენი გვარის ბევრი წარმომადგენელი ცნობილი ადამიანია, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან.
– ძალიან ცნობილი გვარია. გოგონებიდან ბევრი ლორთქიფანიძეა მსახიობი. გიგა ლორთქიფანიძე უბრწყინვალესი რეჟისორია. ნუგზარ ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე და კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანია ამ გვარის წარმომადგენელი. სხვათა შორის, ლორთქიფანიძეები ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან. მე ლორთქიფანიძეებზე ჯერ არ გამიგია, ტელევიზორში გამოეცხადებინათ, იხულიგნა, ვინმე დაჭრა ან გაქურდაო. ყველა შემოქმედი ხალხია და თავისი საქმე უყვართ.
– რომელი ლორთქიფანიძის ნათესავი ხართ?
– მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეების ნათესავი ვარ. გიგასნაირი რეჟისორი მე საქართველოში არ მეგულება.
– მაყურებელს რას ეტყვით?
– ხალხნო! არა მგონია, საქართველოში ისეთი ბებია არსებობდეს, რომელსაც შვილიშვილი არ უყვარდეს. განა მანანას არ უყვარს თავისი შვილიშვილები? უბრალოდ, ცდილობს, რაღაც შეცვალოს. მე რომ გავთხოვდი, ჩემმა ქმარმა მითხრა: ეს ჩემი დედაა, შენ ჩემი ცოლი ხარ. თქვენ შორის თუ რამე მოხდება, წავალ და ორივესთვის დაკარგული ვიქნებიო, დაიფიცა. ისეთი სიამტკბილობა მქონდა ჩემს დედამთილთან, ორი სიტყვა არ მითქვამს მისთვის ზედმეტი. ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით და, თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო, ყოველდღე სადილად დავდიოდით მასთან. ერთმანეთისთვის ტკბილი სიტყვები და თბილი ურთიერთობა რძალ-დედამთილმა არასდროს არ უნდა დაიშუროს.

скачать dle 11.3