მას შემდეგ, რაც ქართული განათლების რეფორმა წარმატებით ჩატარდა (ოღონდ, ბუნებრივია, პრინციპით: „რევოლუცია მოხდა, რევოლუცია გრძელდება“): ერთიანი ეროვნული გამოცდებიც დაინერგა; სასკოლო საგნებიც ინტეგრირდა (თანაც ისე წარმატებულად, რომ ქართული გამორეფორმირებული საჯარო სკოლების მოსწავლეების უმეტესობას ფიზიკა ქიმიისგან ვერ გაურჩევია, ბიოლოგია კი გეოგრაფიაში ერევა) და თორმეტწლიან სწავლებაზეც გადავედით (თუმცა მეთორმეტეკლასელები, სკოლაში ოქროს ზოდი რომ შეუგდო, ცხვირს მაინც არ შეყოფენ). ვერც გაამტყუნებ: სკოლებში ცივა (მერე რა, რომ „გაზი – ყველა სოფელს!“) და ატესტატსაც ჩალის ფასი დაედო. თავის დროზე, ქართული განათლების („დაბნელებისად“ წოდებული) სისტემის რეფორმის გზაზე შეყენების (ატესტატის ჩამოლაბორანტების, ოქროსა და ვერცხლის მედლების გაუქმებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების) მიზანი სკოლებში კორუფციის აღმოფხვრა და ევროპული სტანდარტების დანერგვა გახლდათ. მაგრამ ხანი გამოხდა და პრეზიდენტმა (მას შემდეგ, რაც ოქროსა და ვერცხლის მედლები დაარიგა) ახალი ინიციატივაც გაგვაცნო, რომ სკოლებში საატესტატო გამოცდები აღდგება (როგორ შეიძლება, ატესტატს ფასი არ ჰქონდესო?!), ერთიანი ეროვნული გამოცდები კი გაუქმდება (მოსწავლეები მხოლოდ 3-4 საგანს სწავლობდნენ, რომელთა ჩაბარება უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრადაა აუცილებელიო).
აქედან გამომდინარე, თუ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განათლების რეფორმის მიზანი ეროვნული გამოცდების დანერგვა და ატესტატის გაუფასურება იყო, როგორც გვითხრეს, მომავალ ხუთ წელს ატესტატისთვის ძველი დიდების დაბრუნებასა და ეროვნული გამოცდების გაუქმებას მოახმარენ და, რაც მთავარია, ამ ორივე ურთიერთგამომრიცხავ ხუთწლედს განათლების წარმატებულ რეფორმად მონათლავენ.
ასე რომ, ჩვენს რეფორმებს ჩვენი შვილები გადაიბარებენ, იმათ რეფორმებს შვილიშვილები და ვიქნებით მარად ასე გამორეფორმირებულები…