ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ნასამართლევი ვარ ნარკოტიკული დანაშაულისთვის. ნასამართლეობის ცნობის აღებისას, აღმოჩნდა – ცნობაში დამატებით მითითებულია, რომ ჩამორთმეული მაქვს უფლებები. კანონიერია თუ არა ნასამართლეობის ცნობაში ამგვარი მითითება?
პასუხი: კანონიერია. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისას, შესაბამისი ორგანო ვალდებულია, მიუთითოს ამ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა შედეგები მოჰყვება მსჯავრდებული პრობაციონერის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევას და რა ღონისძიებებია დადგენილი აღნიშნული დარღვევებისთვის?
პასუხი: მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მოქცევას საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი, ხოლო ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
კითხვა: ვარ მსჯავრდებული და შეფარდებული მაქვს პირობითი სასჯელი. მინდა უცხოეთში გამგზავრება. გთხოვთ მაცნობოთ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულის უცხოეთში გამგზავრების თაობაზე და რა პროცედურებია ამისათვის გათვალისწინებული?
პასუხი: გაცნობებთ, რომ უცხოეთში გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას, პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს უცხოეთში გამგზავრების ნებართვას.
კითხვა: გთხოვთ განმარტოთ, როგორ გადაწყდება იმ გარიგების საკითხი, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ ძალაუფლების გამოყენებით და გარიგების შინაარსი აშკარაა, რომ რეალურ ნების გამოვლენას არ ასახავს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დადებული გარიგება არის ბათილი. კერძოდ, გარიგება შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისთვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება, ან ისარგებლა მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით, გამოუცდელობით, გულუბრყვილობით. ასევე, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
კითხვა: როგორც ჩემთვის ცნობილია პრობაციონერი უცხოეთში გამგზავრებისთვის იხდის გარკვეულ თანხას. გთხოვთ მაცნობოთ, რა ტარიფებია დადგენილი პრობაციონერის უცხოეთში გამგზავრების ნებართვისთვის?
პასუხი: დიახ, კანონით, მსჯავრდებულს უცხოეთში გამგზავრების შემთხვევაში, ეკისრება უცხოეთში გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1 200 ლარი; გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2 000 ლარი; დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2 700 ლარი; ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3 400 ლარი.
კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, უცხოეთში მყოფ პრობაციონერს საქართველოში ჩამოუსვლელად გაუგრძელდეს ყოფნის ვადა?
პასუხი: დიახ, პრობაციონერ მსჯავრდებულს უცხოეთში ყოფნისას შესაძლებელია, გაუგრძელდეს უცხოეთში გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით.
კითხვა: ვარ აფხაზეთიდან დევნილი. გთხოვთ მაცნობოთ, როგორ რეგულირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა საკუთრების უფლების საკითხები?
პასუხი: გაცნობებთ, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება, დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
კითხვა: ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქვს გარკვეული ვალდებულება, რომლის მიხედვით დღე, როდესაც უნდა მომეხდინა საბანკო გადარიცხვა ვალდებულების შესასრულებლად, დაემთხვა არასამუშაო დღეს და თანხა გადავრიცხე მომდევნო სამუშაო დღეს. მაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა ჩემი მხრიდან ხელშეკრულება დარღვეულად?
პასუხი: არ ჩაითვლება, რადგან თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე, ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო თუ სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.