კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-9(583) 

 

შჩუკინს უხმოდ გავყევი უკან და იმაზე ფიქრიც არ მინდოდა, გენერლის საქციელი მართლა ხუმრობა-გამოცდა იყო თუ წამიერი სისუსტე...

უშანგი ხვინგიაძის საფლავიდან რომ ამოვედით, შჩუკინმა მითხრა:

– მართალია, ჩვენი ძირითადი მიზანი მიღწეულია და ბირთვული ჩემოდანი ხელთ გვაქვს, მაგრამ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და საკმაოდ სახიფათო საქმეები დაგვრჩა მოსაგვარებელი. პირველ ყოვლისა, ეს ჩემოდანი „მაგატეს“ უნდა ჩავაბაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული იარაღი პატიოსან და საიმედო ხელში მოხვდა. გარდა ამისა, ტერორისტების გაშვება არ შეიძლება, ისინი პატრონს უნდა ჩავაბაროთ.

ჩვენ ჯერ სასტუმროში მივედით და ლენოჩკა მუხინამ გვითხრა:

– ტერორისტების ლაპარაკიდან ირკვევა, რომ ისინი აქ მარტო არ ჩამოსულან და სავარაუდოდ, მათ მთელი ჯგუფი ახლავთ.

– ჰო და ჯერ ისინი უნდა გავანეიტრალოთ, შემდეგ კი ეს ჩემოდანი ჩავაბაროთ პატიოსან ხალხს, – თქვა შჩუკინმა და ბირთვული ჩემოდანი მაგიდაზე დადო.

– ვიტია, გადავიდე ოპერაციის შემდეგ ფაზაზე? – ჰკითხა მუხინმა შჩუკინს.

– გადადი, – თქვა შჩუკინმა.

ანდრეი ლუკიჩმა ამერიკულ „ცეერუსა“ და საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრს ერთდროულად გადაუგზავნა ცნობილი ტერორისტების, ჰასან ალ-ზორიას და მუჰამედ კორდუშის შარდენის ქუჩაზე გადაღებული სურათები, რომლებსაც შესაბამისი ტექსტიც დაურთო. ტექსტში დაწვრილებით ეწერა ყველა ინფორმაცია, რაც კი ატომურ ჩემოდანს, ტერორისტებსა და მინიბომბით მოვაჭრეებს შეეხებოდა. გზავნილის ბოლოს ეწერა: „გლობალისტ-ჰუმანისტები“.

– ესეც ასე, ქსივა გაგზავნილია, – თქვა გენერალმა მუხინმა, როდესაც გაგზავნა დაასრულა, – ახლა კი შეფუცხუნდებიან ჩვენი ქართველი და ამერიკელი კოლეგები და, იმედია, ტერორისტებს საიმედოდ დააბინავებენ.

– იმედია, – გაიმეორა შჩუკინმა, – ახლა კი ჩემოდანი ჩავაბაროთ პატიოსან ხალხს.

იმ პერიოდში თბილისში, ატომური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია იმართებოდა. მას „მაგატეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, საიმონ ვილსონი ესწრებოდა, რომელსაც პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა ის ამერიკელი იყო, მას არც ამერიკელები სწყალობდნენ და არც რუსები. შჩუკინმა ეს იცოდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული და თქვა:

– მე და კოკი ვილსონს შევხვდებით, მუხინები კი დაგვაზღვევთ.

მე მუხინებსა და შჩუკინს გარეგნობა შევუცვალე, შემდეგ თვითონაც შევიცვალე გარეგნობა და ვთქვი:

– შეგვიძლია, ოპერაციის დამაგვირგვინებელ ეტაპზე გადავიდეთ.

– წავედით. ღმერთი გვფარავდეს, – თქვა შჩუკინმა, მანქანაში ჩავსხედით, რომელსაც ლენოჩკა მართავდა და რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „მარიოტისკენ“ გავემართეთ, სადაც საიმონ ვილსონი იყო დაბინავებული.

მუხინებმა მანქანა ალექსანდრეს ბაღსა და „მარიოტს“ შორის ჩასახვევში გააჩერეს, ატომური ჩემოდანი დაიტოვეს და  გამოგვისტუმრეს.

მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი „მარიოტში“ შევედით და პორტიეს ინგლისურად ვკითხე:

– მისტერ საიმონ ვილსონს ვეძებთ, ვერ დაგვეხმარებით?

ვილსონი იმავე ნომერში ცხოვრობდა, სადაც ერთი ღამე ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაათენა. ამიტომ, პორტიე მიხვდა, თუ ვის ვეძებდით, თითი მარცხნივ გაიშვირა და ამ ტიპის მოხელისთვის დამახასიათებელი ღიმილითა და თავაზიანობით მომიგო:

– ბატონი ვილსონი კაფეში ზის და ტკბილეულს მიირთმევს, აი, იქ, ვიტრინასთან.

ჩვენს ბედად ვილსონი მარტო იმყოფებოდა და უზარმაზარ შოკოლადის ნამცხვარს ყავას აყოლებდა. ჩვენ მის მაგიდას მივუახლოვდით და შჩუკინმა ინგლისურად უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო ვილსონ, შეიძლება, შემოგიერთდეთ?

– დაბრძანდით და გისმენთ. გეტყობათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ ჩემთან, – სერიოზული სახით მოგვიგო ვილსონმა.

– რაზე შეგვატყვეთ? – გაუკვირდა შჩუკინს.

– რესპექტაბელურ გარეგნობაზე. მერწმუნეთ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ადამიანების ამოცნობა თითქმის პროფესიად გადამექცა.

– და, მაინც, თქვენს გაოცებას შევეცდებით დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტის მიზანს ვერ მიხვდებით.

– აბა, ბრძანეთ, გაგვაოცეთ, – გაიღიმა ვილსონმა და გვკითხა, – რამეს ხომ არ მიირთმევთ?

– არა, გმადლობთ, – თქვა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და დაიწყო, – მისტერ ვილსონ, თქვენ მიუკერძოებელი, პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვთ და სწორედ ამიტომ მოგმართეთ.

– გმადლობთ კომპლიმენტისთვის. საქმეზე გადადით.

– მისტერ ვილსონ, ჩემთვის ცნობილია ერთი ისტორია, რომელსაც ლამის თქვენი სიცოცხლე შეეწირა, თუმცა კარგი, პატიოსანი და მიუკერძოებელი ადამიანის იმიჯი დაგიმკვიდრდათ.

– რას გულისხმობთ?

– რას და, როდესაც საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბირთვული ქობინების შემცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და ქობინების განადგურებას შეუდგნენ, თქვენ იმ საერთაშორისო მეთვალყურეების კომისიას ხელმძღვანელობდით, ვისაც ამის კონტროლი ევალებოდა. მაშინ თქვენ ამერიკელები ხელშეკრულების დარღვევაში ამხილეთ და გადამალული თორმეტი ქობინი აღმოუჩინეთ. ამის გამო კი მათ მკვლელი მოგიგზავნეს და, მართალია, მძიმედ დაიჭერით, მაგრამ, მაინც გადარჩით.

– კი, იყო ასეთი შემთხვევა. მკვლელის ნასროლი ტყვია ჩემს გულს მილიმეტრით ასცდა, – ვილსონმა გულზე დაიდო ხელი, – თქვენ ასე დაწვრილებით საიდან იცით ეს ამბები და, საერთოდ, ვინ ბრძანდებით?

– ჩვენ, ასე ვთქვათ, გლობალისტ-ჰუმანისტები ვართ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, მისტერ ვილსონ. მე და ჩემმა მეგობრებმა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ და მინი-ატომური ბომბის ტერორისტებისთვის მიყიდვის ფაქტი აღვკვეთეთ. ბომბი ჩემოდანშია. ბირთვული ჩემოდანი კი საიმედოდაა გადამალული და თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ ეს ჩემოდანი გამოგვართვათ და მისი არასაიმედო ხელში მოხვედრის საშიშროება აღკვეთოთ. როგორც ვიცი, „მაგატეში“ შესაბამისი სამსახური არსებობს, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ლევი“ ბომბებს ანეიტრალებს და, გვინდა, რომ ამ ჩემოდანსაც ეს ბედი ეწიოს.

– მართლაც ძალიან გამაოცეთ. ახლა კი ნება მიბოძეთ, ჩაგეკითხოთ.

– ბრძანეთ.

– ეს ჩემოდანი სად დამზადდა?

– ყოფილ საბჭოთა კავშირში. თბილისში კი პროექტ „დღე იქსის“ გამო მოხდა, – მიუგო შჩუკინმა ვილსონს, შემდეგ დაწვრილებით მოუთხრო ამ პროექტის შესახებ მას და დაამატა, – თქვენი შეუბღალავი სახელის მიუხედავად, ჩვენ იმის მყარი გარანტია გვჭირდება, რომ ამ ჩემოდანს ვერც რუსები და ვერც ამერიკელები, ერთი სიტყვით, ვერავინ აგართმევთ.

– მოდი, ასე ვქნათ: ახლა, თქვენი თანდასწრებით, მე მსოფლიოს მოწინავე ტელეკომპანიებს დავუკავშირდები და პრესკონფერენციაზე მოვიწვევ, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემენ. თქვენ სადმე უყურეთ ამ პრესკონფერენციას და რომ ვიტყვი: ახლა კი იმას წარმოგიდგენთ, რისთვისაც შეგკრიბეთ-მეთქი, თქვენ მე მობილურზე დამირეკავთ და მეტყვით, სად დადეთ ჩემოდანი. მე ამ ჩემოდანს ღია ეთერში შევიტან და ღია ეთერის მეშვეობით გამოვიძახებ სპეციალისტებს, რომლებიც ბომბს გაანეიტრალებენ – სწორედ ეს იქნება იმის გარანტია, რომ ბომბი არასასურველ ხელში არ ჩავარდება. რას იტყვით, ნორმალური მექანიზმი შემოგთავაზეთ?

– აბსოლუტურად ნორმალური, – მიუგო შჩუკინმა, – იმოქმედეთ!

საიმონ ვილსონმა ჩვენ თვალწინ დაურეკა მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიებს და პირდაპირი ეთერის სანაცვლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ექსკლუზივს შეჰპირდა, რაზეც ყველანი დაეთანხმნენ. საღამოს რვა საათი სრულდებოდა. პრესკონფერენცია ცხრისთვის დაინიშნა. ყველაფერი რომ მოაგვარა, ვილსონმა თავისი მობილურის ნომერი მოგვცა და გვითხრა:

– წადით და თქვენს ზარს ველოდები პირდაპირ ეთერში.

მე და შჩუკინი წამოდგომას ვაპირებდით, როდესაც ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო არხზე სპეციალური საინფორმაციო გამოშვება ჩართეს, რომელშიც ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები უჩვენეს. ძებნილი ალ-ზორიას და კორდუშის გარდა, ძალოვნებმა კიდევ შვიდი ტერორისტი დააპატიმრეს, რომელთა შორის სამი ძებნილი იყო.

 აი, მისტერ ვილსონ, ეს ტერორისტები აპირებდნენ ამ ჩემოდნის ყიდვას ორმოცდაათ მილიონ დოლარად, – ვუთხარი ვილსონს, რომელიც ჩემ გარეშეც მიხვდა ამას და გვითხრა:

– წადით, საქმეს მიხედეთ. პრესკონფერენციამდე ერთ საათზე ნაკლები დარჩა.

მე და შჩუკინი მუხინებთან დავბრუნდით, ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენეთ და შევთანხმდით, რომ, როგორც კი ლენოჩკას მობილურზე დავრეკავდით, გოგონას და ბაბუამისს ატომური ჩემოდანი საიმონ ვილსონისთვის უნდა გადაეცათ „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზის კართან. მუხინები ვილსონს კარგად იცნობდნენ და შეცდომა გამორიცხული იყო.

– კეთილი, ვიტია. ჩვენი იმედი გქონდეს, – უთხრა მუხინმა შჩუკინს. შემდეგ, მე და შჩუკინი „მარიოტის“ კაფეში დავბრუნდით, ყავა და ნამცხვრები შევუკვეთეთ და უზარმაზარ პლაზმურ ტელევიზორს მივაჩერდით, სადაც მსოფლიოს ცნობილი ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა. პრესკონფერენციის დაწყებამდე ნახევარი საათი რჩებოდა. მე და შჩუკინი საკმაოდ ვნერვიულობდით, მაგრამ არ ვიმჩნევდით და ყავას ნელ-ნელა ვწრუპავდით.

– ღმერთმა არ ქნას, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს, – მითხრა შჩუკინმა, – ხომ იცი, ჩვენს საქმეში, ისევე, როგორც ყველა საქმეში, ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს.

– ნერვიულობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.

– შენ არა?

– ცოტას.

– მე კი ცოტაზე მეტს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, საკმაოდ ოპერატიულად აყარეს ტერორისტები, არა?

– ჰო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ამბის ასეთი ოპერატიული აფიშირებით შეცდომა დაუშვეს – ამით მათ ზედმეტი ყურადღება მიიქციეს. თბილისი კი ყველა მოწინავე ქვეყნის ჯაშუშებითაა სავსე და, რა იცი, ვინ რას მოიმოქმედებს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე შეეცდება ტერორისტების გამოხსნას თბილისში და ამერიკელებს დაუპირისპირდება?

– რა იცი, რუსებს თავში რა მოუვათ, – მითხრა შჩუკინმა.

– თქვენ რა, რუსი არ ხართ?

– მე საბჭოელი ვარ, თუმცა, ეროვნებით რუსი, თან, ნუ დაგავიწყდება, რომ გლობალისტ-ჰუმანისტი ვარ. კრემლში ქორები სხედან და მათთვის ატომურ ღილაკზე თითის დაჭერა პრობლემას არ წარმოადგენს.

– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ რუსულმა სპეცრაზმმა შეიძლება მუსლიმანი ტერორისტები გამოიხსნან?

– რუსულმა სპეცრაზმმა არა, მაგრამ რუსული დაზვერვის დახმარებით ტერორისტების თავზეხელაღებულმა ჯგუფმა – კი.

– ვერაფერს მიაღწევენ. ამერიკელები აქ მყარად არიან, იმაზე უკეთ, ვიდრე ქართველები. ყველაფერს ისინი აკონტროლებენ და ამის საშუალებას აქ არავის მისცემენ.

– ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მე ამერიკელების მხარეზე ვარ, – მითხრა შჩუკინმა.

– მეც, – მივუგე გენერალს.

ცხრა  საათი შესრულდა. ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიის წამყვანმა თბილისის  ფონზე პრესკონფერენციის დაწყება გამოაცხადა და „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზი პირდაპირ ეთერში ჩართეს.

საიმონ ვილსონმა ორწუთიანი შესავალი გააკეთა და თქვა: „ახლა კი იმას წარმოგიდგენთ, რისთვისაც შეგკრიბეთ“. შემდეგ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.

მე და შჩუკინი ისეთ ადგილზე ვისხედით, რომ მუხინების მანქანასაც ვხედავდით. გენერალმა ტელეფონზე დარეკა და ლენოჩკას უთხრა:

– წამოდი.

შენიღბული გოგონა მანქანიდან გადმოვიდა, ხელში ატომური ჩემოდანი ეჭირა და „მარიოტის“ აღმართს აუყვა. სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ კი, ჩემოდნით ხელში, ღია ეთერში ვილსონი გამოჩნდა. მან ატომური ჩემოდანი ბორკილით მიიბა ხელზე და საზეიმოდ განაცხადა:

– ესაა მინი ატომური ბომბი, – რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირი დამზადდა და ჩართული იყო პროექტში „დღე იქსი“. ეს საშინელი იარაღი ეგრეთ წოდებულმა „გლობალისტ-ჰუმანისტებმა“ გადმომცეს. მათ საკმაოდ სარისკო სამუშაოები ჩაატარეს და ამ საშინელების ტერორისტებზე მიყიდვა აღკვეთეს. ტერორისტები კი მასში ორმოცდაათ მილიონ დოლარს იხდიდნენ. სხვათა შორის, ამ რამდენიმე საათის წინ სწორედ ეს ტერორისტები დააპატიმრეს თბილისში და ეს ფაქტიც გლობალისტ-ჰუმანისტების დამსახურებაა, რომლებმაც დროულად და ოპერატიულად მიაწოდეს ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებს. მე, როგორც ატომური ენერგიის კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ღია ეთერით ვსარგებლობ და მსოფლიო საზოგადოებრიობას ვამცნობ, რომ, საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე, ეს ბომბი ჩვენი უწყების სპეციალისტების მიერ უნდა გაუვნებელყოფდეს, შემდეგ კი განადგურდეს. ამიტომ, მე ამ ჩემოდნით ამ დარბაზში ვრჩები მანამდე, სანამ აქ ჩემი უწყების სპეციალისტები  და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ ჩამოვა. აი, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა...

ტელეკომპანიის წამყვანმა განაცხადა, რომ ისინი დროდადრო პირდაპირ ეთერში ჩართავდნენ „მარიოტს“ და იქ მყოფ ატომურჩემოდნიან ვილსონს აჩვენებდნენ. მე კი შჩუკინს ვუთხარი:

– ნახეთ, ახლა რა დატრიალდება.

– აი, უკვე დაიწყო, – მომიგო გენერალმა და ქუჩისკენ გაიშვირა ხელი.

თბილისის მთავარი გამზირი სპეცსამსახურების შავი ფერის „ჯიპებით“ გაივსო, მიმდებარე ტერიტორია უშიშროების სპეცრაზმმა გადაკეტა და რუსთაველზე მოძრაობა შეწყდა.

– წავედით, კოკი. ჩვენი ამოცანა ასი პროცენტით შევასრულეთ. ახლა კი დროა, მოსკოვში დავბრუნდეთ.

ორი საათის შემდეგ, მუხინები და შჩუკინი, უკვე თბილისი-ერევნის მატარებელში ისხდნენ და სომხეთის დედაქალაქში გამგზავრებას ელოდნენ. მე მუხინებს გამოვემშვიდობე და შჩუკინს უნდა გადავხვეოდი. მან კი გვერდზე გამიყვანა და სანამ გამომემშვიდობებოდა, მითხრა:

– კოკი, თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება დიდი ცდუნების მომენტი და ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, თუკი ამ ცდუნებას გადალახავ. მინდა იცოდე, რომ ნამდვილი ადამიანი ვარ! მშვიდობით, ჩემო კარგო.

თადარიგის გენერალი ვიქტორ იაკოვლევიჩი შჩუკინი, რა თქმა უნდა, ბუნკერში მომხდარ მომენტს გულისხმობდა, როდესაც პისტოლეტი მომიშვირა. თუმცა, მან იმ ორმოცდაათმილიონიან ცდუნებას ღირსეულად სძლია და გადაარჩინა როგორც საკუთარი ღირსება, ასევე, უამრავი ხალხიც, რომელთა დახოცვასაც აპირებდნენ ტერორისტები ატომური ჩემოდნით...

სახლში ძალიან გვიან დავბრუნდი. ჩემი დობილი ნატა ხატების წინ დაჩოქილი იდგა და გულმხურვალედ ლოცულობდა. წამოდგა, მომიალერსა და მითხრა:

– როგორ ხარ?

– ძალიან დავიღალე. რამდენიმე დღეა, რაც მერიკო მიწას მივაბარე, მაგრამ, ასე მგონია, საუკუნე გავიდა. დავიღალე, სიცოცხლე აღარ მინდა, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი მერი აღარასოდეს დამიბრუნდება.

– კოკი, ძვირფასო, შენ და მერი აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს იმქვეყნად და სამარადჟამოდ ერთად იქნებით. უნდა მოითმინო. ხომ იცი, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა.

– ხომ არ დავაჩქარო?

– რას ამბობ, კოკი! შენ ხომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ და თავის მოკვლა რამ გაფიქრებინა? თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან, შენი მერიკო კი სამოთხეშია და, თავს თუ მოიკლავ, მერიკოს ვეღარასოდეს შეხვდები, –  მომიგო ნატამ, რომელსაც მართლა ძალიან შეეშინდა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დამესრულებინა.

– ნუ გეშინია, ნატა, მერიკოსთან მეორედ განშორებას აღარ დავუშვებ, ამიტომ, თავს არ მოვიკლავ და ღმერთის წყალობას დაველოდები. ახლა კი, ღამე მშვიდობისა, ძალიან მეძინება, – ვუთხარი ჩემს დობილს, შუბლზე ვეამბორე და დასაძინებლად დავწექი. თუმცა, არ დამეძინა და ერთ-ერთი ინსტრუქტორი გამახსენდა, რომელიც თვითმკვლელობისთვის ფსიქოლოგიურად მამზადებდა. მას ზახარ ზახარიჩი ერქვა და ასე მმოძღვრავდა:

– კოკი, ჩემო კარგო, პირველ ყოვლისა, კარგად დაიმახსოვრე, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა და, მასთან განშორება არასოდეს გაბედო. დაიმახსოვრე ისიც, რომ სიცოცხლესთან განშორება უმალვე უნდა შეგეძლოს, თუკი ამას შექმნილი გარემოება მოითხოვს.

– ზახარ ზახარიჩ, ამას ქართულად ეწოდება: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“. მაინც, რა უნდა ვქნა, გავფრინდე თუ მოვფრინდე?

– უნდა იფრინო, ჩემო კოკი, ჰაერში იფარფატო და ვერავინ ვერ უნდა ჩამოგაგდოს. მაგრამ, თუ ჩამოგაგდეს, მაშინ სიცოცხლე უნდა დათმო სხვებისთვის. შენ, ჩემო კარგო, თითქმის იდეალური ქვეყნის გამორჩეული მებრძოლი ხარ და ტყუილად არავინ მოგთხოვს თავგანწირვას, მაგრამ, თუ მოგთხოვეს, ჩათვალე, რომ ამას საერთო-სახალხო ინტერესები მოითხოვს და ამ ინტერესებს უნდა დაემორჩილო.

ზახარ ზახარიჩი ყოველთვის კონკრეტული მაგალითებით მელაპარაკებოდა და ასე ამთავრებდა თავის ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიურ შეგონებებს:

– წარმოიდგინე, რომ უამრავი მტერი დახოცე ომში და გეძებენ, შენ კი დამალული ხარ. ვერაგმა მტერმა მზაკვრულ ხერხს მიმართა, უზარმაზარი სოფლის მოსახლეობა დიდ შენობაში შერეკა, შენობას ბენზინი გადაასხა და განაცხადა, რომ თუ ნებაყოფლობით არ გამოცხადდები, უდანაშაულო ხალხს დახოცავენ. და, რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში? რა და, საკუთარი თავი ხალხში გაცვალო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო.

ზახარ ზახარიჩის მაგალითები ზოგჯერ კურიოზამდე მიდიოდა და ეს წარმოსადეგი კაცი პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, პარტიზანებთან ერთად ომობდა, ფაშისტებს მუსრს ავლებდა და მის შეპყრობაზე დიდი ჯილდო იყო დაწესებული. ფაშისტებმა ზახარ ზახარიჩის მოხელთება რომ ვერ შეძლეს, ერთი დიდი უკრაინული სოფლის მოსახლეობა ხის ეკლესიაში შერეკეს, შენობას ბენზინი გადაასხეს და თქვეს, რომ, თუ პარტიზანი ზახარიჩი არ ჩაჰბარდებოდა, მთელი სოფლის მოსახლეობას გადაბუგავდნენ. ზახარიჩი ფაშისტებს მაშინვე ჩაჰბარდა, მათ კი სოფლელები გაათავისუფლეს. თუმცა, მამაცი პარტიზანი დახჰაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცა, პარტიზანებს დაუბრუნდა და ფაშისტებს გაათმაგებული ენერგიით ანადგურებდა. ერთი სიტყვით, ზახარიჩი საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებით მმოძღვრავდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ, ერთ-ერთი სწავლების დროს ზახარ ზახარიჩმა პისტოლეტი ამოიღო, გულზე მიიდო და, სანამ სასხლეტს გამოჰკრავდა, მითხრა:

– აი, ჩემო კარგო, ამის გაკეთება არც ისე ძნელია...

ჩემი ინსტრუქტორის თვითმკვლელობამ უფრო მეტად შემაყვარა სიცოცხლე, თუმცა, თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, არაერთხელ წავსულვარ უკიდურეს რისკზე და ყოველთვის გამმართლებია. ძირითადად, რა თქმა უნდა, საქმის დროს ვრისკავდი, თუმცა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც არაერთხელ გამომიჩენია თავგანწირვა.

ერთხელ, ოჯახთან ერთად მდინარე ვოლგაზე მივცურავდით, სადაც ათდღიანი კრუიზით ვიმყოფებოდით და ულამაზესი ადგილები უნდა მოგვენახულებინა. შუა „ზასტოის“ პერიოდი იდგა. მოგზაურობის მეექვსე დღეს, გამთენიისას, ჩვენს მოზრდილ საკრუიზო გემს მეორე გემი დაეჯახა და ჩვენ ჩაძირვა დავიწყეთ. ხალხის უმრავლესობას ეძინა. მე წამოვხტი, ჩემებს მაშველი ჟილეტები ჩავაცვი. შემდეგ ნავში ჩავსხედით და ნაპირისკენ მოვუსვით, რომ ჩაძირვის გამო გამოწვეულ მორევში არ მოვყოლოდით. სამშვიდობოზე სწრაფად გავედით. ჩემები ნაპირზე დავტოვე და შემდეგ იქვე მდგარი კატერით უკან გავემართე.

– კოკი, სად მიდიხარ? – აღშფოთდა მერი. შემდეგ თავისივე სიტყვების შერცხვა და მომაძახა, – ფრთხილად იყავი, საყვარელო!..

იმ საბედისწერო დილას, საკმაოდ დიდი რისკის ფასად, უამრავი ადამიანი გადავარჩინე სიკვდილს და ლამის საკუთარი სიცოცხლე გავწირე. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ მერი ამ ყველაფერს წარბშეუხრელი უყურებდა და, ეს კოშმარი რომ დასრულდა, მითხრა:

– ბოდიში, საყვარელო, რომ სულმოკლეობა გამოვიჩინე და ლამის ადამიანების გადარჩენა დაგიშალე.

– რას მებოდიშები, ეს ხომ ცოლის ბუნებრივი რეაქცია იყო, – დავამშვიდე მერი, მან კი მომიგო:

– არა, რა! ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობი ადამიანი ხარ და შენში რაღაც დიდი საიდუმლო იმალება.

– ყველა ადამიანში რაღაც იმალება, მერიკო,  ადამიანს მრავალი დაფარული რესურსი აქვს, – ვცადე თემის შეცვლა.

– არა, ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, მგონია, რომ კიდევ სხვა ცხოვრება გაქვს.

– წინა ცხოვრებას გულისხმობ? – გავუღიმე მერის.

– სხვა ცხოვრებას.

– მეორე ოჯახს ხომ არა?

– მე არ გეხუმრები, მართლა ასე ვფიქრობ.

– მაინც, რას ფიქრობ?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, გული მკარნახობს, რომ არ ვცდები.

მერი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა, თუმცა, ჩემი პროფესია არ მაძლევდა ამ სიმართლის დადასტურების უფლებას და იძულებული ვიყავი, რომ ორმაგი ცხოვრებით მეცხოვრა. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ, როგორც ჩემი ინსტრუქტორი, რომელიც გარდასახვას მასწავლიდა, ასევე შჩუკინი და მუხინი ყოველთვის აღფრთოვანებული იყვნენ ჩემი აქტიორული უნარით და „გენიალურ მსახიობს“ მიწოდებდნენ.

– კოკი, – მეტყოდა ხოლმე ინსტრუქტორი, – კარგ მსახიობს ერთნაირი წარმატებით უნდა შეეძლოს როგორც მეფის, ისე მათხოვრის თამაში და ვინც როლში ბოლომდე შეძვრება, ისაა სწორედ გენიოსი.

გენიოსობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ასობით როლი მაქვს განსახიერებული. ვინ არ ვყოფილვარ და ვის ტყავში არ შევმძვრალვარ... 

ერთხელ მუხინის კაბინეტში დამიბარეს და, რომ მივედი, ანდრეი ლუკიჩმა მითხრა:

– მორიგი დავალებისთვის მოემზადე.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – მშვიდად მივუგე მუხინს, მან კი ერთი სამხრეთამერიკელი გენერლის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– იცნობ?

– პირადად არა, – ხუმრობით მივუგე გენერალს.

– მოგიწევს გაცნობა, თანაც ძალიან ახლოს.

– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ.

– ჯერ ყველაფერი არ მითქვამს, – ღიმილით მითხრა მუხინმა, – ეგ სუბიექტი ჰომოსექსუალია, შენნაირი ლამაზი კაცები ძალიან უყვარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ, პასიური პარტნიორიდან ის უაღრესად აქტიური ხდება და, თუ მოგიხელთა, ვაი შენი ბრალი. ამიტომ, ეგ მონსტრი ისე უნდა მოკლა, რომ საქმე ლოგინამდე არ მივიდეს.

„ჰომოსექსუალობაღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და მუხინს ვკითხე:

– ანდრეი ლუკიჩ, ახლო კონტაქტის გარეშე არ გამოვა ლიკვიდაცია?

– ახლა არა, ჩემო კოკი. საქმე ისაა, რომ ეს კაცი ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მოკვდეს, რადგან ასე მოითხოვს ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ის კი სწორედ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება შორიდან მოუხელთებელი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ყოველ წელს, სწორედ ამ დროს, ის ორი კვირის განმავლობაში თავის სახლში, პატარა კუნძულზე იმყოფება და იქ იკმაყოფილებს თავის ჟინს. იმ კუნძულზე ბევრი ლამაზი მამაკაცია, მისი პირადი მცველები საგანგებოდ ურჩევენ თავის პატრონს სექსუალურ პარტნიორებს და ჩვენც სწორედ ამით უნდა ვისარგებლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ორი კვირის განმავლობაში ერთ-ერთ პარტნიორად სწორედ შენ აგირჩევენ.

– გასაგებია, – უხალისოდ მივუგე მუხინს.

– რა თქმა უნდა, არასასიამოვნო დავალებაა, მაგრამ, სამშობლოს ასე სჭირდება და უნდა შეასრულო. რაც შეეხება დაზღვევას და გამოქცევას, ამაში სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი დაგეხმარება, რომელიც უკვე კუნძულზეა.

ატლანტის ოკეანის პატარა და ულამაზესი კუნძული კბილებამდე შეიარაღებული სამხედროებით იყო სავსე, ობიექტის ეგრეთ წოდებული სახლი კი, სინამდვილეში, ხუთსართულიანი ციხესიმაგრე იყო სქელი გალავნით, რომლის ერთ-ერთი მხარე ციცაბო კლდეებს გადაჰყურებდა. კუნძულის გაკრიალებულ ქუჩებში ქაღალდის ნაგლეჯიც კი არ ეგდო და იქაურობას სხვადასხვა სტილით ნაგები კოხტა შენობა-ნაგებობები ამშვენებდა. ერთ-ერთი ღამის კლუბის წინ კი, რომელიც ცისფრად იყო შეღებილი და რატომღაც „სავაჟკაცო“ ეწოდებოდა, ლამაზმანი მამაკაცების ბირჟა მდებარეობდა. სწორედ ამ ბირჟაზე არჩევდნენ გენერლისთვის სექსუალურ პარტნიორს და დიდი გასამრჯელოს ფასად ის ციხესიმაგრეში მიჰყავდათ. ამის გამო სხვადასხვა ადგილიდან კუნძულზე ლამაზი კაცები იკრიბებოდნენ და ბედის გაღიმების იმედი ჰქონდათ... თითოეული მათგანის ჩაცმულობა ძალიან წააგავდა მეძავი ქალების ჩაცმულობას და მათ შორის მხოლოდ სქესში იყო განსხვავება. თუკი მეძავი ქალის ჩაცმულობაში, უპირველესად, მათი ეროგენული ადგილები იყო თვალშისაცემი, „ლამაზმანი კაცების“ შეხედვისას თითოეული მათგანის ბიცებსები, ფართო მხარ-ბეჭი და მუსკულატურა მოგჭრიდათ თვალს...

მე ბრეტელებიან მაისურსა და, ბალერონივით ამოჭერილ შორტებში გამოვეწყვე, ვარდისფერი წინდები და ბოტასები ჩავიცვი და „სავაჟკაცოს“ წინ გამოფენილ „ვაჟკაცებში“ გავერიე. „ლამაზმანებმა“ რომ დამინახეს, ინტერესით დამიწყეს თვალიერება და ჩემს თითოეულ კუნთსა და ნაკვთს ზომავდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უზარმაზარი, მუსკულატურაგანვითარებული ზანგი მომიახლოვდა, გამიღიმა და მითხრა:

– გეტყობა, ახალი ხარ.

– დიახ, მე ამ მშვენიერ კუნძულზე პირველად ვარ, – მივუგე ზანგს.

– მე კი უკვე მესამედ. ორჯერ უკვე გამიმართლა და იმედია, მესამედაც არ გავწბილდები.

– ნეტავ, მე თუ გამიმართლებს, – ნაღვლიანად ვთქვი მე, ზანგმა კი დამაიმედა:

– აუცილებლად, აუცილებლად გაგიმართლებს. მამიკოს ძალიან მოსწონს შენნაირი ლამაზები. მეტსაც გეტყვი, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მან თავის ამალაში აგიყვანოს და მაშინ შენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს.

ქართული ფილმის არ იყოს, იმ ზანგის სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ მე „შაჰის ცოლობისთვის“ შემეძლო ხელის გამოკვრა... თურმე, იმ გენერალს კაცების საკუთარი ჰარამხანა ჰქონდა დედაქალაქში, კუნძულზე ორკვირიანი გართობა კი, ერთგვარი შესარჩევი კონკურსიც იყო და ყოველწლიურად გენერალს ორი-სამი მამაკაცი მიჰყავდა კუნძულიდან.

– ამის ბედი მე ვინ მომცა, – მივუგე ზანგს.

– ტყუილად დარდობ, ლამაზო. აი, ნახავ, თუ არ გაგიმართლებს. შენ ისეთი უცხო ხიბლი და მამაკაცური შარმი გაქვს, მამიკოს აუცილებლად მოეწონები, – მითხრა ზანგმა. შემდეგ მარჯვნივ გაიხედა და დაამატა: – იწყება. აბა, წარმატებას გისურვებ, მე ჩემს ადგილზე უნდა დავბრუნდე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3