ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-9(583)
ქეთის არ შეეძლო, ეფიქრა მომხდარზე; მით უმეტეს, ეფიქრა სერიოზულად. იმდენად არარეალური ჩანდა ეს თითქოსდა უმნიშვნელო, ზრდილობიანი ჟესტი შეფის მხრიდან, რომ ქეთისნაირ გოგოს მხოლოდ ერთი შანსი რჩებოდა – დაევიწყებინა ყველაფერი და ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინა ცხოვრება. ნინი, მარიკო, ან თუნდაც, მაგდა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ნამდვილად ეყოფოდათ სითავხედე, ყველაზე თამამ ოცნებებში, ასათიანის გვერდით წარმოედგინათ საკუთარი თავი, მაგრამ, ქეთის სხვა ოცნებები ჰქონდა.
– რაზე ფიქრობ?
შეკითხვა მოულოდნელი იყო, თუმცა, ისეთმა ნაცნობმა ხმამ წარმოთქვა, რომ გოგომ მშვიდად, ღიმილით ასწია თავი...
– მოხვედი? კარგია. შენ გელოდებოდი, რომ გვევახშმა. ლელი და სალომე სახლში არ არიან. ასე რომ, მშვიდი საღამო გვექნება – უთხრა ბიჭმა და ყურადღებით შეათვალიერა:
– შენ, რაღაც, დაღონებული ჩანხარ.
– მე? არა, უბრალოდ, დავიღალე. სამსახურში ბევრი საქმე მქონდა. ხომ იცი, ჯერ ახლა ვეცნობი იქაურობას და სულ დაძაბული ვარ, მეშინია, რამე ისე რომ ვერ გავაკეთო.
– რას ამბობ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს სწორედ ისე გააკეთებ, როგორც საჭიროა. ყოჩაღი მყავხარ. ოღონდ, რატომ გინდა, რომ სულ ჩრდილში იყო? ახალი სამსახური გაქვს და, ესე იგი, ახალი შესაძლებლობებიც.
– რა შესაძლებლობებზე მელაპარაკები? მთავარია არ გამომაგდონ.
– მოიცა, რა! რას ნიშნავს, გამოგაგდონ? შენნაირი თანამშრომელი ბევრი არ ეყოლებათ, დარწმუნებული ვარ ამაში. სულ ტყუილად ნერვიულობ. რაც მთავარია, ნორმალურ ხალხში გექნება საქმე.
– ჰმ, ნორმალურ ხალხში, აბა რა... – ქეთის წარბაწეული, ირონიულად მომღიმარი მარიკო დაუდგა თვალწინ და ამოიოხრა.
გიო დაიძაბა:
– მოიცა, რამე მოხდა?
– სად, სამსახურში? არა, რა უნდა მომხდარიყო, ყველაფერი კარგად არის. ხომ გითხარი, ცოტათი მე ვარ-მეთქი დაძაბული. მაგრამ გამივლის.
– კი, გაგივლის, მაგრამ, როგორც გითხარი, არ მინდა, დაღონებულსა და მოღუშულს გხედავდე, ცოტა კიდევ დამაცადე და ამათაც მოვუვლი – დაიქადნა გიო.
– არა, არა, რას ამბობ, ეგ დაივიწყე! სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე, ამ სახლიდან ვერსად წავალთ. ამიტომ, სკანდალებს უნდა მოვერიდოთ, მამას ხათრით მაინც.
– მამას ხათრით? – გიო დაიჭყანა, – მაგაზე საერთოდ ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ. აღარ მიმაჩნია მამად.
– ამის თქმა არ შეიძლება, გიო, – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ქეთიმ, – ჩვენი მამაცაა და პატივი უნდა ვცეთ.
– მართლა? თვითონ რატომ არ იფიქრა ამაზე, რატომ არ მოიქცა ისე, რომ შვილებს მისთვის დაუყვედრებლად ეცათ პატივი? მე არ შემიძლია და ვერც ვერავინ მომთხოვს, დავაფასო მისი „დამსახურებები” და როგორც შენ ამბობ, პატივი ვცე!
– გიო!
– ვერავინ მომთხოვს-მეთქი და, მათ შორის, ვერც შენ!
ქეთიმ ძმას შეხედა. ორ-სამ წელიწადში ბიჭის სიჯიუტისა, თუ პრინციპულობის დაძლევა ძალიან გაუჭირდებოდა. მით უმეტეს, რთული იქნებოდა ლელისთან და სალომესთან ერთად მისი ერთ ჭერქვეშ გაჩერება. ქეთი ძმაზე უფრო ნერვიულობდა, საკუთარ მდგომარეობას დიდი ხნის წინ შეეგუა და შეეჩვია.
***
... დილაა. ქეთი თვალებს ახელს და ერთბაშად ვერ გარკვეულა, რა ხდება. ესმის ხმები და ყრუ ბრაგუნი. ცოტა ხანს ვერ ფხიზლდება. მისი ბავშვური გონება უცებ ვერ უღებს ალღოს სიტუაციას... „შენ ყველაფერი დაანგრიე იმ ქალის გამო! რა უფლება გაქვს, შვილებზე და მათ მომავალზე ილაპარაკო? მე მატყუებდი და, ამის პატიება რომც შევძლო, ბავშვების ღალატს არ გაპატიებ! განა ასეთი მნიშვნელოვანია ის ქალი შენთვის? თუ არ გიყვარს, მით უმეტეს“... „მომისმინე, დამშვიდდი და მომისმინე! არ გინდა ისტერიკები. შენ, უბრალოდ, აჭარბებ, ძალიან ახლოს მიგაქვს გულთან ეს ყველაფერი! ჭორებს ჰყვები და სიტუაციას ამძიმებ... დაწყნარდი, შენი ნერვიულობა არ შეიძლება...” ქეთი დგება და ფეხშიშველი შერბის მშობლების საძინებელში და ხედავს თვალცრემლიან დედას და ერთიანად გაწითლებულ მამას. დედა ჩანთაში ყრის ტანსაცმელს. მამა ცდილობს, ჩანთა ხელიდან გამოჰგლიჯოს... ბავშვის დანახვაზე ორივე შეშდება. ქეთიმ არ იცის, რომელთან მივიდეს. პირველად ისევ მამა ეგება გონს: შვილთან მიდის, ხელში იყვანს და გულში იხუტებს. დედა იატაკზე ჯდება და ტირილს იწყებს. „ნუ გეშინია, მამა, წამოდი, დაგაწვენ...” – ჩურჩულებს კაცი... ქეთი ხელიდან უსხლტება, დედასთან მიდის და ყელზე ეხვევა. მერე ტირილს უმატებს. მამა დაბნეული შესცქერის აქვითინებულ ცოლ-შვილს. სიწითლე ნელ-ნელა სიფითრეში გადადის. ოხრავს...
ქეთიმ სახეზე მოისვა ხელი:
– წამოდი, ვივახშმოთ. კარტოფილი შევწვი.
– მაგარი ხარ. შენი შემწვარი კარტოფილი ყველაზე მეტად მიყვარს, – გიო დას მოეხვია და აკოცა, – რა ბედნიერებაა, შენ რომ მყავხარ.
***
ვახომ გოგოებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მაგიდასთან მივიდა:
– წაგივიდათ შეფი? სუნთქავთ თავისუფლად? კევზე დაგპატიჟებ.
მაგდამ ღიმილით შეხედა.
– ჩვენ მაშინაც თავისუფლად ვსუნთქავთ, როცა ბატონი დიმიტრი აქ არის. საღეჭი რეზინისთვის დიდი მადლობა. თქვენი ოთახის გასაღებს კი ახლავე მოგცემთ.
– რად მინდა, გასაღები, საყვარელო! ისე შემოგიარეთ, დაგხედეთ. დიმა არ არის, და, შეიძლება, რამე გჭირდებათ. არ მოგერიდოთ.
– მე არაფერი მჭირდება, ქალბატონ ნათიას კი ახლავე დავუძახებ. – მაგდა ტელეფონის ყურმილს დასწვდა, მაგრამ ვახომ მოასწრო და გააჩერა:
– არა, არა, ნათია არ გვინდა. ხომ გითხარი, ისე შემოვიარე-მეთქი. ჩემი ტელეფონის ნომერი ხომ იცი?! მაშინვე დამირეკე, თუ რამე დაგჭირდება. სულერთია, რა დაგჭირდება, – კაცმა თვალი ჩაუკრა, – ახლა კი ყავა შემომთავაზე.
– ყავა? – მაგდა შეყოყმანდა, – რაღაც დოკუმენტები რომ მაქვს გადასაგზავნი?
– გოგო, შენ როგორ გაზარმაცებულხარ?! არ იცი, რომ უფროსებს პატივი უნდა სცე?
– უფროსებს? – მაგდამ გადაიკისკისა, – სხვათა შორის, ქვემოთ, ბუფეტში არის ყავა, თანაც საკმაოდ კარგი.
– მე შენი მოდუღებული მინდა და ამოძრავდი ახლა. ჰე, მარდად, მარდად, ნუ იზლაზნები! რა გაგათხოვებს შენ!
– ჩემს გათხოვებაზე დიდად ნუ შეწუხდებით, მაჭანკლების გარეშეც მოვახერხებ როგორმე. ყავას კი მოგიდუღებთ. მითხარით, თქვენი მეუღლე ტკბილს გიდუღებთ თუ საერთოდ უშაქროს?
ვახომ სიცილით გადააქნია თავი:
– აუცილებელი იყო, შეგეხსენებინა, რომ ცოლი მყავს? ეს ნაკლია? რისი თქმა გინდა, რომ ქალების მოხიბვლის შანსი აღარ მაქვს? საინტერესო აღარ ვარ? მაგდა, ძალიან მაწყენინე, ძალიან.
– როგორ გეკადრებათ, ჩემთვის რომ არ ხართ საინტერესო, ამაზე გულს ნუ დაიწყვეტთ. არიან ქალები, რომლებიც მხოლოდ ცოლიან მამაკაცებზე გიჟდებიან.
– ჰო, მაგრამ, საყვარელო, მე არ ვგიჟდები ასეთ ქალებზე.
მაგდამ მხრები აიჩეჩა:
– ვერაფერს ვიტყვი. არსებულ რეალობას როცა ვერ ვცვლი, ვეგუები მას. თუ ჩემს რჩევას არ იუკადრისებთ, ეს კარგი გამოსავალია.
– მდაა... როგორც დიდი ვოლტერი იტყოდა, ქალი – ეს არის არსება, რა თქმა უნდა, ადამიანის მსგავსი, რომელიც იცვამს (ზოგჯერ საკმაოდ ძვირფასად და გემოვნებით), ლაქლაქებს, (ზოგჯერ ჭკვიანურადაც) და იხდის, ზოგი – სულ, ზოგიც – ნაწილობრივ...
– ბატონო ვახტანგ, გადავიფიქრებ თქვენთვის ყავის მოდუღებას და დავეჭვდები, თქვენს რეპუტაციაში.
– ასეა, ჩემო კარგო. ოცი წელია საჭირო, რომ რეპუტაცია შეიქმნა და 5 წუთი, მისგან კვალიც რომ არ დატოვო.
– ეგეც იმ ვოლტერმა თქვა? – მაგდამ ფრთხილად ჩაასხა ყავა ფინჯანში. უჯრიდან ხელსახოცი ამოიღო და ფინჯანს გვერდით მიუდო – აი, სრული სერვისი...
– გმადლობ. ვოლტერმა არა, უორენ ბაფეტმა თქვა, მაგრამ ამას შენთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მთავარია, გახსოვდეს ეს ამბავი, როცა რეპუტაციაზე იფიქრებ და ბევრ რამეს სხვანაირად გააკეთებ. ასეა, საყვარელო.
მაგდამ მხრები აიჩეჩა:
– გავითვალისწინებ...
მარიკომ დიდხანს და დაჟინებით უყურა ოფისის ჰოლში მოსაუბრე წყვილს და ვეღარ მოითმინა:
– უნდა გავიდე. ძალიან მაინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ.
– არ გირჩევ, ნათია თავის ოთახშია. მართალია, ჯერ აქეთ არ იყურება, მაგრამ, ხომ იცი, ახლა თავს ორმაგად ვალდებულად მიიჩნევს, იუფროსოს. არ დაგვინდობს და ცეცხლს დაგვინთებს. არ მაქვს მაგისი ჩხუბის თავი და, გულახდილად რომ გითხრა, დიდად არც ვახოსი და მაგდას საუბარი მაინტერესებს. ეგ ტიპი არ მევასება.
– რატომ?
– არ ვიცი. ისეთი გამოხედვა აქვს... როგორ გითხრა... მსუნაგი მელაკუდასი, ანუ, ცოლიან კაცებს რომ აქვთ ხოლმე, ისეთი და ვერ ვიტან.
– ნუ იგონებ, რა... ვახო მაგარი სიმპათიურია, თან – მოვლილი, ყოველთვის გემოვნებით იცვამს... რას ერჩი?
– ცოლი ჰყავს და თვალებს მაინც აქეთ-იქით აცეცებს.
– კაცისთვის ეს ნაკლია? ვითომ? – მარიკომ ტუჩები გაბუსხა, – არა მგონია.
– შენი საქმის შენ იცი, მაგრამ მე რომ ცოლიანი კაცი მიწყებს ფარცქვალს და თავგადაკლული ცდილობს, თავის მაგარ ტიპობაში დამარწმუნოს, სურვილი მიჩნდება, მაგრად დავცინო.
– უჰ, მაშინ, სულ უნდა იცინოდე. იმიტომ, რომ კაცების უმრავლესობას ცოლი სულაც არ მიაჩნია დაბრკოლებად, რომ სხვა ქალებთან იფარცქვალოს.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ – სასაცილოები არიან. მით უფრო, რომ ქალისთვის სიგარეტის საყიდელი ფული არ აქვთ. უფრო მსხვილ საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობ.
– ვიცი შენი პოზიცია და გასაგებია.
– შენ რომ ჩემი ცხოვრებით გეცხოვრა და იმ პრობლემების წინაშე აღმოჩენილიყავი, ასეთივე პოზიცია გექნებოდა, დამიჯერე.
– არ ვიცი. იმედია, არ მისურვებ შენს პრობლემებს, – გაიცინა ნინიმ.
– ნუ ხარ სულელი, – მარიკომ ამოიოხრა და ისევ მოსაუბრეებისკენ გაიხედა.
– არა, რა, უნდა გავიგო, რაზე ლაპარაკობენ. ნახე? შეფიც ევროპაში გვეგონა წასული, მაგრამ ჩვენი თაგუნია მანქანით მოაბრძანა. ჯერ ეს უნდა მოვინელო – არც ამ სტერვას სიტყვები მავიწყდება – შენ თუ ძვირფასად გაცვია, ვის სჭირდებიო. დეგენერატი!..
– დაიკიდე, რა! ნათიას სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ.
– ამათაც არ მივაქციო ყურადღება? შეხედე, შეხედე... მგონი, მართლა რაღაც ხდება: მაგდამ ყავა მოუდუღა! უღიმის. არა, გავგიჟდები ნამდვილად! ახალი თეორემა იბადება ჩვენ თვალწინ: „გინდათ, გაიკეთოთ კარიერა? – ჩაიცვით მხოლოდ ნაცრისფერი ტანსაცმელი, იყავით ჩრდილში და არ გამოიჩინოთ არანაირი ინიციატივა!”
– ჰა, ჰა! მაგარი ხარ! – ნინი გულიანად აკისკისდა.
– გავდივარ. უნდა გავიგო, რაზე ლაპარაკობენ. რა, არ ვარ მართალი? თუ ცოტა არ გამოვფხიზლდით, ცხვირწინ გვაწერენ კაცებს.
– მე ვერავინ ვერაფერს დამაწერს... – ნინიმ ქედმაღლურად შემართა წარბი, – ისე კი, მართლა საინტერესოა, რაზე ლაპარაკობენ. თუმცა, პირადად მე, ქეთის პერსონა გაცილებით საინტერესოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, დროა ამ მიმართულებით ვიმუშაო...
***
ასათიანი არ ელოდა ამ შეხვედრას. მართალია, რამდენიმე წუთით მოჰკრა თვალი შილიფად ჩაცმულ, ნამტირალევ ნატულიას სასტუმროს მეშვიდე სართულზე, იმ სასტუმროში, რომელშიც ჩვეულებრივ იღებდა ხოლმე ერთსა და იმავე ნომერს; დიმიტრის მაინც შეაჟრჟოლა. მიუხედავად ნატულიას ეფექტური და თვალისმომჭრელი გარეგნობისა, დიმიტრი ასათიანს მის დანახვას ყველაფერი ერჩივნა... ნატულია აშკარად ლიფტისკენ მიდიოდა, ამიტომ ასათიანმა სწრაფად შეცვალა ჩანაფიქრი – მკვეთრად შემობრუნდა და დერეფნის მოპირდაპირე მხარეს წავიდა, მაგრამ, მისი ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ქალმა იშვიათი უნარი გამოავლინა და ასათიანს სწორედ მაშინ შეასწრო თვალი, როცა ის თითქმის ზეიმობდა გადარჩენას...
– დიმ, საყვარელო... მეჩვენება?! შენ ხარ, თუ... დიმიტრი!..
კაცი ნელა შემობრუნდა და სახეზე აღფრთოვანებანარევი გაოცება აიკრა ნიღაბივით.
– ოჰო! აქ ნამდვილად არ გელოდი... ნატულია?! რამდენი ხანია, არ მინახავხარ. ერთობი?
– ვერთობი? – ქალმა ტირილისგან ჩაწითლებული თვალები დაახამხამა, – არ მკითხო. საშინელება დამემართა. ერთ იდიოტს გამოვყევი და საშინლად ვნანობ. დღე და ღამე კაზინოში ზის, მე კი შოპინგითაც ვერ ვერთობი, იმიტომ, რომ მთელი ფული წააგო. კრეტინი... ახლაც ვეჩხუბე. დღეს ჩამოფრინდი?
– ჰო. ესაა, დავბინავდი. რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მაქვს. ძალიან დაკავებული ვარ... – ასათიანმა ყასიდად ამოიოხრა.
– ოო... შენც დაკავებული ხარ? ცოტა დროსაც ვერ გამონახავ ჩემთვის? ძველი დრო გავიხსენოთ. არც ისეთი ძველი, მაგრამ... მომენატრე...
ასათიანს ქალის ვნებიანად მინაბულმა თვალებმა გუნება გაუფუჭა. ნატულიას ასე მარტივად ვერ დაუძვრებოდა ხელიდან და ყველაზე ცუდისთვის მოემზადა, თუმცა, აკრძალული ილეთის გამოყენება მაინც სცადა:
– ნატულია, შენ მითხარი, რომელ ნომერში ხარ და მე თვითონ შეგეხმიანები.
– არ მომატყუებ? – რატომღაც დაეჭვდა ქალი.
– ნატულია... ხომ მიცნობ. როდისმე მომიტყუებიხარ? – შეურაცხყოფილი კაცის იერით უსაყვედურა ასათიანმა, – მოკლედ, გავიქეცი, საყვარელო, და აუცილებლად გამოვნახავ დროს შენთვის.
– ჩვენთვის, ძვირფასო, – ქალმა ცხვირის წვერი ყელში ჩაუყო კაცს, – ჩვენთვის. დაგელოდები...
ასათიანი ნომერში შევიდა, ჩანთები საწოლთან, ხალიჩაზე დაყარა და გაუხდელი წამოწვა. თავი ერთბაშად ასტკივდა. წამლის ძებნა სისულელე იქნებოდა, რადგან, ზუსტად იცოდა, რომ არ ჰქონდა. არც უფიქრია, წამოსვლის წინ ჩანთაში რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი ჩაეგდო. ტელეფონის ხმა შორიდან ჩაესმა. რამდენიმე წუთი ეძება ქურთუკისა და შარვლის ჯიბეებში. ორი თითით ამოათრია და ყურთან მიიტანა.
– ჰო, ვახო... ჩავფრინდი, აბა, რას ვიზამდი? უცნაური ტიპი ხარ. რა მოხდებოდა... თუმცა, მგონი, გულმა გიგრძნო – რაღაც მაინც მოხდა... მოიცადე, გიყვები... იცი, აქ ვინ არის? ნატულია... რა გამიმართლა, გაგიჟდი? მაგას რა მნიშვნელობა აქვს! მაგ ქალთან ყველაფერი დავამთავრე და სურვილიც არ მაქვს, რამე თავიდან დაიწყოს ღმერთმა დამიფაროს! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიდზეა! ვახო, ნერვებს მიშლი... გირჩევნია, მოიფიქრო, როგორ დავუძვრე ხელიდან. გითხარი, სურვილი არ მაქვს მასთან შეხვედრის-მეთქი... საშინლად მაღიზიანებ. თუ არ შეგიძლია, რამე ნორმალური მირჩიო, საერთოდ გათიშე ტელეფონი... რა? არ გესმის, აქვეა, ცხვირწინ-მეთქი? სასტუმროს ვერ შევიცვლი, დაივიწყე. იცი შენ ჩემი ხასიათი... როგორ არ გესმის, დასვენება მინდოდა... ყველაფრისგან... კარგი, კარგი, შენ მანდ მიმიხედე... ოღონდ, არ აურიო შენებურად... საქმის კურსში მეყოლები. მოკლედ, ძალიან არ გამიმართლა...
ასათიანმა ტელეფონი ბალიშის ქვეშ შეტენა და თვალები დახუჭა. ნატულიასთან პირველი შეხვედრა გაახსენდა. მაშინ დანახვისთანავე ისე მოიხიბლა, ლამის მეტყველების უნარიც კი დაკარგა... გაშეშდა, გაშრა და პირიც კი დააღო... მოკლედ, ისე სამარცხვინოდ მოიქცა, მერე ვერაფრით დაივიწყა და სულ ცდილობდა, მეხსიერების სიღრმიდან ამოეწია და სადმე შორს გადაეგდო. მაგრამ წარსული მაინც მასთან იყო და ახლა ნატულიასთან შემთხვევით შეხვედრამ თითქმის მთლიანად გააცოცხლა ის...
– ყველაფერი კარგად გაქვთ? – ქალი მისკენ დაიხარა და თითქმის მთლიანად გამოუჩნდა მკვრივი, ლამაზი მკერდი და კაცს სუნთქვა შეეკრა.
... ჰმ, ამას თუ კარგად ყოფნა ერქვა!.. გული ლამის საგულიდან ამოუვარდა... თუმცა, მაინც მოახერხა და თავი დაუქნია.
– ეს კაბა ძალიან გიხდებათ, – როგორც იქნა, თავი მოუყარა სათქმელს.
ქალმა გაიღიმა და მსხვილი, თეთრი კბილები გამოაჩინა. მერე ასათიანთან ისე ახლოს მივიდა, ლამის მთელი სხეულით მიეკრო და კაცმა მისი კანის სურნელი იგრძნო. თავბრუ დაახვია ამ სურნელმა, ფერი დაკარგა...
– ეს კაბა ძალიან ძვირფასია, მაგრამ, მე ძალიან ფრთხილად ვიქნები... ჩვენ ძალიან ფრთხილად ვიქნებით... ხომ ასეა?!
– თუ თქვენც იმაზე ფიქრობთ, რაზეც მე, მაშინ სიფრთხილე არ გამოგვივა, – სითამამე მოემატა კაცს. ქალმა გადაიკისკისა და კისერზე ხელი შემოხვია...
ასათიანს „ძვირფასი კაბის“ გაფრთხილება ძალიან ძვირი დაუჯდა და თავისი ქარაფშუტობა ხშირად მტკივნეულად ახსენებდა თავს... ახლა ამ სასტუმროში ნატულიას დანახვა სიმშვიდეს ხომ დაურღვევდა, თან, არც იმის საშუალებას მისცემდა, საკუთარ მეხსიერებასთან სრულ თანხმობაში ყოფილიყო... „მაინც, რა იდიოტი ვიყავი. რა მომეწონა, ამ სექსუალურ თოჯინაში, რას ვერჩოდი საკუთარ თავს, ჭკუა სად მქონდა?“
ასათიანს არ ახასიათებდა დეპრესია და ნერვიულობა, მით უმეტეს – ხანგრძლივად. ყოველთვის სწრაფად პოულობდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს. ეს მასში გენეტიკურად იყო კოდირებული, მემკვიდრეობით ერგო და ჯერ არასდროს გაუცრუებია მისთვის იმედი. იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც „იგროკს“ აკიდებული ნატულია მის ნომერში გადმობარგდებოდა და შეეცდებოდა, „საერთო საფულის“ პრინციპით ესარგებლა, საშინლად აღიზიანებდა. ისიც ინანა, რომ ვახოს მოუყვა – სალაპარაკოს და საქილიკოს აღარ გამომილევსო, იფიქრა. თავად არასდროს დაინტერესებულა ვახოს ნატულიასთან ურთიერთობით. არ დაუკონკრეტებია და არ ჩაღრმავებია. იმიტომ კი არა, რომ სულერთი იყო, უბრალოდ, სიმართლის გაგებას მოერიდა, მეგობართან კონფლიქტი რომ არ მოსვლოდა – ნატულია ნამდვილად არ ღირდა ამად...
ასათიანი ლოგინზე წამოჯდა. გარანტია არ ჰქონდა, რომ ქალი დაელოდებოდა და კარზე არ მიუკაკუნებდა...
***
ნინიმ ლანგარი იმ მაგიდასთან მიიტანა, სადაც ქეთი იჯდა და კეკლუცად გაუღიმა:
– შენთან დავჯდები, ხომ შეიძლება?
ქეთი დაიბნა და ერთბაშად ვერ უპასუხა.
– არ შეგაწუხებ. უბრალოდ, მარტო სადილობა არ მიყვარს, მარიკო კი დიეტაზეა...
– რა თქმა უნდა. დაჯექი. რატომ შემაწუხებ?
– რას მიირთმევ? მოხარშული კვერცხი და სოსისი... კარგი არჩევანია. ეტყობა, არც შენ გინდა, წონაში მოიმატო. აი, მე კი, საშინელი მსუნაგი ვარ, მიყვარს გემრიელი ჭამა.
ქეთის მოერიდა, ეთქვა, კვერცხი და სოსისი იმიტომ ავიღე, რომ ყველაზე იაფიაო და მხოლოდ გაეღიმა თანხმობის ნიშნად.
– ნათია სულ გაქებს, – ნინიმ ჩანგალი მოიმარჯვა და ქათმის სალათის მოზრდილი ლუკმა გააქანა პირისკენ, – თუ ასე გააგრძელებ მუშაობას, ჩვენ საყვედურები არ აგვცდება, შენ კი – „საპატიო დაფა“, ოღონდ, პირადად შეფის კაბინეტში. ხომ არ გწყინს? ვიხუმრე.
– არა, არ მწყინს. მაგრამ, მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და სულაც არ ვცდილობ, ვინმეზე უკეთესი გამოვჩნდე.
– ჰო, რა თქმა უნდა, ისეთი უბრალო და მორიდებული ხარ... ოღონდ, ამასაც გულწრფელად ვამბობ. კარგად გამოგდის, – ნინიმ თვალი ჩაუკრა, – ისე, მე მომწონხარ. გინდა, ვიმეგობროთ?
ქეთის პირთან მიტანილი სოსისი გაუშეშდა:
– გინდა, ჩემთან იმეგობრო?! კი მაგრამ, მე ხომ...
– დაიკიდე, მე სულაც არა ვარ ისეთი, როგორიც, შეიძლება, ერთი შეხედვით ვჩანვარ. პირიქით, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანების ფანი ვარ, შენ კი აშკარად ჭკვიანი ჩანხარ.
ქეთი გაწითლდა:
– არა, რას ამბობ! მე – ჭკვიანი? ჩვეულებრივი გოგო ვარ, არაფრით გამორჩეული. ვერც მოდაში ვერკვევი, არც წვეულებებზე დავდივარ და ღამის კლუბებისაც მხოლოდ კარი მაქვს ნანახი.
– მერე რა, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. სწორედ იმიტომაც მეჩვენები საინტერესოდ, რომ განსხვავებული ცხოვრება გაქვს. ალბათ, ძალიან მაგარი „სივი“ გამოგზავნე, არა?
– რა? – ვერ მიხვდა ქეთი.
– ამ სამსახურში რომ აგიყვანეს... მაგარი „სივი“ გქონდა-მეთქი...
– ჰო, რა ვიცი, ჩვეულებრივად გამოვგზავნე ჩემი ავტობიოგრაფია და მონაცემები... ნათიასთან გასაუბრებაზე მივედი და დამტოვა გამოსაცდელი სამი თვით. ასე რომ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი ჩემი აქ დარჩენის საკითხი.
ნინიმ ხელები აიქნია:
– ო, არა! გადაწყვეტილია! შეგიძლია, მენდო. აბა, რას ამბობ! თავად შეფმა დიდმა დიმიტრი ასათიანმა მოგიყვანა სამსახურში თავისი მანქანით. იცი, ეს რას ნიშნავს? ყველა ჩვენი თანამშრომელი ოცნებობს ამაზე, მაგრამ, მაგის ნახევარი ყურადღებაც კი არავის ღირსებია.
– ნინი, იცი, თავს როგორ უხერხულად ვგრძნობ? ეს ძალიან შემთხვევით მოხდა, მართლა... გეფიცები... უბრალოდ, მანქანა რომ გამიჩერა, უარიც ვერ ვუთხარი, მომერიდა...
– ხომ გითხარი, დაიკიდე-მეთქი. ისე, რომ იცოდე, ყველაფერი შემთხვევით ხდება, საყვარელო, – აკისკისდა ნინი, – აი, ისე, როგორც შენს შემთხვევაში. მაგარია! აბა, ზოგიერთები სულ გეგმავენ, გეგმავენ და მაინც არაფერი გამოსდით. იცი, რა მაგრად ვხალისობ ამაზე? შეყვარებული გყავს? – ერთბაშად შეცვალა საუბრის თემა.
– არა.
– არც გყოლია?
– არა.
– რატომ? ვერ დავიჯერებ, რომ არავის მოსწონდი. ერთი კვირაც კი არ დაგჭირდა, ქალაქში ყველაზე მაგარი „ფლეიბოი“ რომ დაგეინტერესებინა.
– ვაიმე, ნინი... ხომ გითხარი, არავის დაინტერესება არ მიცდია-მეთქი! გეუბნები, საშინლად განვიცდი. საერთოდ არ ვიცნობ ბატონ დიმიტრის და მთელი გზა ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მართლა.
– საყვარელო, რატომ განიცდი ასე? პირიქით, უნდა იამაყო. მაგარი ხარ!
– არა, არა, არაფერში მჭირდება ასეთი სიმაგრე. თავს მაშინ ვგრძობ კომფორტულად, როცა არავინ მამჩნევს. არასდროს ვყოფილვარ ყურადღების ცენტრში და ეს დიდ უხერხულობას შემიქმნის.
– მდაა... ესე იგი, მარიკო არ ცდებოდა, როცა ამბობდა: თუ გინდა, კარიერა გაიკეთო, ნაცრისფერი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა, სულ ჩრდილში უნდა იყო და არ გამოიჩინო არანაირი ინიციატივაო. ოღონდ არ მითხრა, რომ კარიერის გაკეთებაც არ გინდა.
– გააჩნია, კარიერაში რას გულისხმობ. სამსახური ნამდვილად მჭირდება.
– ჰო, მესმის. პრინციპში, სამსახური ყველას სჭირდება. მეც მჭირდება, ოღონდ, განსხვავება მაინც არსებობს. ანუ, გააჩნია, ვის რისთვის სჭირდება.
– ვერ შეგედავები. ჩემი აზრის გამოთქმას ყოველთვის ვერიდები.
– გეტყობა... – ნინიმ წვენი მოსვა, – მაგრამ, მაინც გკითხავ: დიმიტრი ასათიანზე რას ფიქრობ? ისე მითხარი, მეგობრულად.
– არაფერს.
– რა? საერთოდ არაფერს? არ მჯერა!
– არ ვიცი, როგორ აგიხსნა, მაგრამ მაინც შევეცდები: მე ასეთი ადამიანი ვარ – რაღაც-რაღაცეებზე ფიქრის უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევ. ასე ნაკლები პრობლემებია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი.
– რა უცნაურია. შენ მართლა ჭკვიანი გოგო ხარ. ვერც კი წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რაღაცაზე ფიქრის უფლება არ მიგეცა საკუთარი თავისთვის. ძნელია, ალბათ.
– შეჩვევა სჭირდება. მაპატიე, ზემოთ უნდა ავიდე, შესვენება უკვე დამთავრდა. ხომ ხვდები, მე მხოლოდ სამი თვით ამიყვანეს, გამოსაცდელი ვადით. სამსახურის დაკარგვა კი არ მინდა. შენ, შეიძლება, ფიქრობ, რადგან ასათიანმა სამსახურში მანქანით მომიყვანა, რამე გარანტია მაქვს. მაგრამ, მე ამის იმედად ვერ ვიქნები. არ გეწყინოს. რაც შეეხება მეგობრობას, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ შენ თვითონ არ გადაიფიქრებ...
ქეთიმ დასვრილი ჭურჭლით სავსე ლანგარი დახლთან მიიტანა და სასადილოდან გავიდა. ნინიმ მდუმარედ გააყოლა თვალი და მხრები აიჩეჩა...
***
სალომემ ჩანთა და ქურთუკი იატაკზე მოისროლა, ჩექმაც მიაყოლა და კარი ხმაურით მიაჯახუნა. ლელიმ უკმაყოფილოდ შეხედა შვილს:
– რა დაგემართა, მოგდევდა ვინმე?
– არა. სადღა დარჩა საჩემო გამომდევნებელი, ვიღამ დატოვა? ნერვებზე ვარ გახეთქილი.
– შენც, ნუ სკდები. დამშვიდდი და მომიყევი, რა მოხდა.
– ჯერ ის მითხარი, ქალბატონი სად ბრძანდება?! – დამშვიდების მაგივრად ხმას აუწია სალომემ.
– ნუ ყვირი. გიო სახლშია და გაიგონებს.
– გაიგონოს მერე, ფეხებზე მკიდია, – სალომე სავარძელში კი არ ჩაჯდა ჩაეხეთქა, – არა, რა, აღარაფერი გამიკვირდება, აღარაფერი...
– რა დაგემართა-მეთქი.
– ისეთი რამე გავიგე?!
– თუ გინდა, სამზარეულოში გავიდეთ. არ გშია? გაჭმევ და თან მომიყვები, რამ გადაგრია ასე.
– არ მშია, ამ ამბავმა მადა დამიკარგა.
– ამისთანა რა გაიგე? შენი ამბავი რომ ვიცი, ბუზს სპილოდ გადააქცევ – ამ საქმის დიდოსტატი ხარ.
– ჯერ გაიგე, რა ვიცი და, ვნახოთ, ვინ რისი დიდოსტატია, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა სალომემ.
– მიდი, მოყევი! – ლელიმ წარბი შეიკრა და მოსასმენად მოემზადა, – ოღონდ, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე...
– ჰმ... გეტყვი და ვნახოთ, ვის ექნება ისტერიკა. ქეთის შეყვარებული ჰყავს, ვიღაც მაგარი, ფულიანი ტიპი და ძვირფასი მანქანით დაასეირნებს აქეთ-იქით.
ლელიმ შვილს გაოცებით შეხედა და სიცილი აუტყდა. სალომე გაცოფდა:
– რა გაცინებს, მე არ ვხუმრობ!
– სალომე, ეს ხუმრობა კი არა, ანეკდოტია. ვინ გითხრა ეგ სისულელე?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა, – შეყოყმანდა სალომე და ინფორმაციის წყაროს დასახელებისგან თავი შეიკავა.
– ის მნიშვნელობა აქვს, რომ გაგასულელა... ქეთის შეყვარებული ჰყავსო – ჯერ ეს არის დაუჯერებელი, მერე კი ის, რომ ეს შეყვარებული მაგარი და ფულიანი ტიპია. რა დღეში გაქვს, შვილო, ნერვები! არა, რაღაც უნდა გიშველო.
– გეუბნები, სიმართლეა-მეთქი... – გაჯიუტდა სალომე, – და ჩემი ნერვებიც სრულ წესრიგშია.
– ვითომ? იცი, რას გეტყვი? მორჩი მაგ სისულელეებზე ფიქრს, მით უმეტეს, ნერვიულობას და შენს თავს მიხედე. ველოდები, მამაშენი ფულს როდის გამოგზავნის, რამდენიმე დღით სადმე გაგიშვებ.
– არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ სიმართლეს არ გავიგებ.
– რა სიმართლე, გეუბნები, ვიღაცამ გაგასულელა-მეთქი.
– თუ არავის გავუსულელებივარ და სიმართლეა?! ამის ალბათობა ხომ არსებობს, თუნდაც თეორიული? – გაჯიუტდა გოგო.
– არა, არ არსებობს, არც თეორიული და არც პრაქტიკული.
– მაინც რომ გადავამოწმოთ?
ლელიმ ამოიოხრა:
– რა ჯიუტი ხარ, შვილო. კარგი. თუ ასე გინდა, გადავამოწმოთ, მაგრამ, როგორ? მობილურიც კი არ აქვს. სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოდის. სადმე გასული გინახავს?
– ეგ ისეთი ეშმაკია... დილაობით მანქანით აკითხავს და მიაბრძანებს ხოლმე იმ სამსახურში.
– გეყოფა, რა, სალომე... შენს ფანტაზიებს ვერ ავყვებიო. სამსახურში მეტროთი მიდის. სამარშრუტო ტაქსის ფულსაც კი არ ვუტოვებ. ან ვის უნდა მოეწონოს ასეთი ჩაცმულ-დახურული? თმის დავარცხნასაც კი ვერ ახერხებს წესიერად.
– ამასაც ნუ იტყვი. ზოგჯერ სწორედ ასეთ კონკიებს გაუმართლებთ ხოლმე. არ გაგიგია?!
– რა, ზღაპრებში? იმხელა კი ხარ, ზღაპრების აღარ გჯეროდეს.
სალომე გაიბუსხა:
– თუ გათხოვდა, მერე გამოართვი ხოლმე ხელფასი და მასწავლებლის ფული!
ლელიმ ამოიოხრა:
– კარგი, პირადად შევამოწმებ, აკითხავს თუ არა ვინმე დილაობით. ზუსტად ვიცი, ტყუილუბრალოდ უნდა მაწვალო, მაგრამ, შენ რომ დამშვიდდე, გავაკეთებ ამას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში