როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ლეშკაშელი-ლეშკაშვილი
ამ გვარის წარმომადგენლები ცაგერის რაიონში ცხოვრობენ. ის სადაურობის აღმნიშვნელი გვარად ქცეული ფორმაა.
ლეშკაშელები დღეს, ძირითადად, ლაჯანაში ცხოვრობენ. ლეშკაშელების წინაპარი მესხეთიდან სამეგრელოში გადასული ბერიძე ყოფილა. ის ლაჯანურის ხეობაში გადასახლებულა და სადაურობის მიხედვით ლეშკაში, ლეშკაშელი გამხდარა. როცა გვარი გამრავლდა, რობელში, სპათაგორასა და ღუშში გადასახლებულან. სამეგრელოდან მათი წამოსვლის მიზეზი ბატონის უხიაგი საქციელი გამხდარა. ბერიძეები ოთხი ძმა ყოფილან. როცა უმცროს ძმას ცოლი მოუყვანია, ბატონს მის მეუღლესთან ცხოვრების სურვილი გამოუთქვამს და გამწარებულ ბიჭს ბატონისთვის თავი მოუჭრია.
1760 წლის ერთ-ერთ საბუთში გვხვდება ნასია ლეშკაშელი.
იმავე ძირისაა გვარი ლეშკაშვილი.
საქართველოში 498 ლეშკაშელი ცხოვრობს: ცაგერში – 165, ქუთაისში – 157, თბილისში – 83. არიან სხვაგანაც.
40 ლეშკაშვილი: თბილისში – 13, ქუთაისში – 2, ზუგდიდში – 1. არიან სხვაგანაც.
მალიაშვილი
გვარის ფუძეა ადამიანის თვისების აღმნიშვნელი სიტყვა მალი, რაც მარდს, სწრაფს ნიშნავს.
მსგავსად წარმოშობილი გვარებია: სწრაფაშვილი, ცქრიალაძე, მორთულაძე, მშვენიერაძე და ასე შემდეგ.
1721 წლის ისტორიული აღწერით, მიტაშენში უცხოვრია ზურაბის ყმას, ულუხანა მალიაშვილს.
საქართველოში 21 მალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, გარდაბანში – 8, გურჯაანში – 3.
კობიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა, რაც იაკობის შემოკლებული ფორმაა.
„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად. გამოჩენილი გმირობისთვის ამირი ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებოდნენ კობიაშვილებად“.
იოსებ კობიაშვილი მოწმედ მოიხსენიება 1714 წელს, ირდისუბანში, ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: კობიძე, კობაიძე.
საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.
სულუაშვილი-სულიკაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი სულა. სულა ძველად მამაკაცის სახელი იყო და ის დოკუმენტებში 1074 წლიდან გვხვდება.
ამავე ძირისაა გვარები: სულაქველიძე, სულგულაძე, სულუა, სულაშვილი, სულიკაშვილი.
საქართველოში 242 სულუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, კასპში – 59, ამბროლაურში – 2. არიან სხვაგანაც.
დარჩიაშვილი-დარჩიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარჩი.
1873 წლის აღწერით, ენაგეთის ახალშენში, აზნაურ ანტონ ყორღანაშვილის მამულში მოიხსენიებიან დათა დარჩიაშვილი და მისი შვილები.
ზოგჯერ სახელ დარჩიას აიგივებენ სახელ დაჩისთან, რაც არასწორია.
ამავე ძირისაა გვარი დარჩიძე. ხოლო, აჭარაში, შუახევის რაიონში, არის სოფელი დარჩიძეები.
საქართველოში 1 104 დარჩიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 407, გურჯაანში – 109, ახმეტაში – 91. არიან სხვაგანაც.
შათირიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა შათირი, რომელიც თანამდებობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვაა და საკუთარ სახელადაც გვხვდება.
1714 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია ვინმე შათირიშვილი.
ამავე ძირისაა გვარი შათირაშვილი.
საქართველოში 2 547 შათირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 467, ახმეტაში – 414, თელავში – 244. არიან სხვაგანაც.
22 – შათირაშვილი.
ახალკაციშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ახალკაცი.
ბერი ახალკაციშვილი მოიხსენიება 1714 წელს ალხაზ და ფარსადან მაჩაბლისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება ქაიხოსრო სოლოღაშვილის ყმა, გიუა ახალკაციშვილი.
გიგოლა ახალკაციშვილი 1869 წელს გორის მაზრის სოფელ ციგულიდან კოდაში გადასულა.
ამავე ძირისაა გვარები: ახალკოჩი, ახალკაცი, ახალშენაშვილი, ახალმოსულიშვილი, ახალაშვილი, ახალაძე.
საქართველოში 531 ახალკაციშვილი ცხოვრობს: თბილისში – 222, გარდაბანში – 84, საგარეჯოში – 67. არიან სხვაგანაც.
მასურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მასურა.
1831 წელს ესტატე თავსუბუქმა იქორწინა ბერუა დოლისშვილის ასულ მარიამზე. სარძლოს მხრიდან თავმდებად იყო თომა მასურაშვილი.
საქართველოში 850 მასურაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 218, თბილისში – 187, გორში – 99. არიან სხვაგანაც.
კოვზირიძე
საქართველოში ბევრი გვარია წარმოშობილი ხელობის ან თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან. მათ შორის არის გვარი კოვზირიძე.
სოფელ ფერსათში, ბაღდათის რაიონში, ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელია კოვზა. ამ გვარეულობის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი და ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება.
ამავე ძირისაა გვარები: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი.
გვარი კოვზირიძე 1839-1843 წლების აღწერით მოხსენიებულია ხონში, ხარაგაულის რაიონში, წაბლარასხევში, ასევე, ღვანკითსა და სვირში.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „კოვზი არის ლუკმის შთასადები ნიჩაბი“.
საქართველოში 585 კოვზირიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 143, წყალტუბოში – 123, თბილისში – 109. არიან სხვაგანაც.
კოჭლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა. ის გვხვდება გვარებში: კოჭლავა, კოჭლავაშვილი, კოჭლაძე.
„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე. ერთი კომლი ჰყავს, ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევარი).
საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.
ომანიძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ომა. ის დაფიქსირებული იყო ხევსურეთში, ბარისახოში. ომან უძველესი სახელია, შეტანილია წიგნში „საქართველოს სიძველენი“.
ასევე, გვხვდება გვარი ომაძე.
ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე.
საერთო ფუძე ომან-ის მიუხედავად, თითოეული გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა გაჩენილი.
საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს. თბილისში – 93, ცაგერში – 25, ქუთაისში – 20. არიან სხვაგანაც.
447 ომანაძე: წყალტუბოში – 135, ქუთაისში – 86, თბილისში – 47. არიან სხვაგანაც.
282 ომანაშვილი: თელავში – 128, მცხეთაში – 88, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით