კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა პარტიზანებისთვის თამბაქოს მიუწოდებლობის გამო გენერალი პენსიაზე გაუშვა

 

„ერთი პარტიზანი მტრის ზურგში, ფრონტის ასობით მებრძოლზე მეტად ღირებული და  მნიშვნელოვანია.“

იოსებ სტალინი ( უმაღლესი მთავარსარდლის 05.09.1942 წლის N0189 ბრძანებიდან) 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტალინს გერმანიასთან ბრძოლის განსაკუთრებული მეთოდები ჰქონდა. შესაბამისი იყო 1941 წლის 29 ივნისის დირექტივაც, რომელშიც ზუსტად იყო განსაზღვრული პარტიზანული ბრძოლის ფორმებიც და ამოცანებიც. ამის შემდეგ შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომლის მთავარსარდლად მარშალი ვოროშილოვი დაინიშნა. თადარიგის პოლკოვნიკი, პროფესორი ილია სტარინოვი, მაშინ პარტიზანული მოძრაობის უკრაინული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მან დაწერა ისტორიული კვლევა – „სტალინი და პარტიზანული მოძრაობა“, რომლის გამოქვეყნებაზე მას სამშობლოში უარი უთხრეს, ბრიტანულმა აკადემიამ კი სიამოვნებით დაუბეჭდა. იმაზე, თუ რა პრობლემები შეუქმნა საბჭოთა უშიშროებამ, მკვლევარი ყურადღებას არ ამახვილებს, პირიქით ბედნიერია, რომ საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ ქარმა დაუბერა და, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ მისმა ნაშრომმა დღის სინათლე მაინც იხილა. 

მოსკოვი, 1942 წლის აგვისტო 

სტალინს არ უყვარდა ვიზიტები, განსაკუთრებით უცხოეთში. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ტოვებდა კრემლს. სამაგიეროდ, თვითონ იყო სტუმრების მიღების 24-საათიან რეჟიმში. მათ, ვინც ბელადს 1942 წლის 31 აგვისტოს გვიან ღამით ესტუმრა, სტუმარს ვერავინ უწოდებდა – ისინი ბრიანსკის ტყეებიდან „ჩამოფრენილი“ სახალხო შურისმაძიებლები იყვნენ, პარტიზანული მოძრაობის ლეგენდარული გმირები: კოვპაკი, საბუროვი, დუკა, რომაშინი და სხვები. სწორედ ამ საიდუმლო თათბირს მოჰყვა უმაღლესი მთავარსარდლის, სტალინის 1942 წლის 5 სექტემბრის N 0189 ბრძანება „პარტიზანული მოძრაობის ამოცანების შესახებ“. აღნიშნული ბრძანება მოითხოვდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობა გაფართოებულიყო და მას ხალხის ფართო მასები მოეცვა. სტალინს, სხვებისგან განსხვავებით, მიაჩნდა, რომ პარტიზანულ დივიზიებს ისეთივე მკაცრი ორგანიზაციული სტრუქტურა არ უნდა ჰქონოდათ, როგორც რეგულარულ არმიას; მათ მეტი მანევრირების უნარი უნდა გამოეჩინათ, მუდმივად აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ, ღრმად მტრის ზურგში უნდა ჩაეტარებინათ რეიდები, შეეყვანათ მტერი შეცდომაში, რათა იძულებული გამხდარიყვნენ, ჯარები ადგილიდან ადგილზე გადაესროლათ. საშიშროების შემთხვევაში, პარტიზანულ დანაყოფებს სწრაფი ორიენტირების უნარი უნდა გამოეჩინათ – მომენტალურად დაშლილიყვნენ და სხვადასხვა მხარეს გაფანტულიყვნენ, შემდგომ კი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე სწრაფად დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და გაერთიანებულიყვნენ მტრისთვის მოულოდნელი დარტყმების მისაყენებლად. ეს პირველი საიდუმლო თათბირი არ იყო, მანამდე ბელადი არაერთხელ შეხვედრია პარტიზანებს, მაგრამ, როგორც სტარინოვი ამბობს, 31 აგვისტოს ღონისძიება ყველასგან გამოირჩეოდა. ილია მაშინ სპეციალურ ჩანაწერებს აკეთებდა. გულთბილი მიღების შემდეგ, სტალინმა იმპროვიზაციის ნიჭი გამოიჩინა და სტუმრებს სადისკუსიო თემები დაფაზე ცარცით დაუწერა:

ამის შემდეგ სტალინმა სტუმრებს უთხრა, რომ ოციოდე წუთით დატოვებდა მათ და სთხოვა, რომ, როცა დაბრუნდებოდა, ამ საკითხებზე სასაუბროდ მზად ყოფილიყვნენ. სტარინოვს არასდროს უნახავს ასეთი შეშფოთებული პარტიზანები. მეთაურები ერთმანეთს არ აცდიდნენ საუბარს, აბსოლუტურად ყველა საკითხზე იმსჯელეს და, აღმოჩნდა, რომ კარგი შედეგები მხოლოდ მტრის კომუნიკაციებისა და სამხედრო საწყობების განადგურების ხაზით ჰქონდათ, სხვა დანარჩენ მიმართულებებში კი უმძიმესი მდგომარეობა იყო შექმნილი. დისკუსიამ ისეთი ცხარე ხასიათი მიიღო, რომ კამათში და თითქმის ჩხუბში გადაიზარდა, განსაკუთრებით კოვპაკი და რომაშინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გაუხსენეს ერთმანეთს ძველი თუ ახალი ამბები, კონკრეტული სიტუაციები. რთული იყო გარკვევა, ვინ იყო მართალი და ვინ – არა. სტალინი ბერიასთან ერთად დაბრუნდა. მეთაურები ფეხზე წამოდგნენ. სტალინმა ხელით ანიშნა დასხედითო. საბუროვი ადგა და კომუნისტური შემართებით დაიწყო მოხსენება – თქვა, რომ მტრის ზურგში 6 200- ზე მეტი პარტიზანული დანაყოფი და იატაკქვეშა ჯგუფი იბრძვის და შემდეგ კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდა, ბოლო მონაცემების მოყოლას შეუდგა, კერძოდ: 

• პარტიზანულმა რაზმმა ვოროპაევის მეთაურობით, რომელიც სმოლენსკიდან 15 კილომეტრის მოშორებით მოქმედებს, რუდნია-სმოლენსკის სარკინიგზო ხაზზე მტრის სამი ეშელონი გაანადგურა, ტექნიკა კი ხელში ჩაიგდო, გარდა ამისა, ააფეთქა ხიდი და იმ 11 პოლიციელის ლიკვიდაცია მოახდინა, რომლებიც მას იცავდნენ.

• სმოლენსკი-ორშას ხაზზე  ბაჟანოვის მეთაურობით მოქმედმა რაზმმა, სადგურ კრასნოე-ოსინოვკას რაიონში, მინებით ააფეთქა მატარებელი, რის შედეგადაც 10 ვაგონი განადგურდა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით; გარდა ამისა დაირღვა მატარებლების მოძრაობა მინიმუმ ორი კვირით.

• ორიოლის ოლქში მოქმედმა შესტოკოვის დანაყოფმა ლუდინოვოს რაიონში ვერმახტის მაღალჩინოსანი 4 ოფიცერი, 6 პოლიციელი და 122 ჯარისკაცი გაანადგურა, სამ ადგილას დააზიანა რკინიგზა და ხელში ჩაიგდო სურსათ-სანოვაგის საწყობი.

საბუროვი, ალბათ, აღარ გაჩუმდებოდა, სტალინს რომ არ შეეჩერებინა, ბელადმა თქვა, რომ მას სრული ინფორმაცია აქვს და ბოლო კვირების მონაცემებით კმაყოფილია. ჰიტლერი გაცოფებული ყოფილა პარტიზანული მოძრაობის გააქტიურებით და სპეციალური ზომების მიღებას აპირებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ჯობდა, ცოტა ხნით შეენელებინათ ტემპი და აქცენტი მხოლოდ დიდი მნიშვნელობის ობიექტებზე გადაეტანათ. ნაცისტების „სპეციალური ზომები“ აუცილებლად მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდებოდა თავს და ყველა ოპერაცია უნდა აეწონ-დაეწონათ, სანამ მის განხორციელებას შეუდგებოდნენ; კატეგორიულად უნდა გამოერიცხათ გერმანელი სამხედროების წამებით მკვლელობები, რადგან სადიზმი ომის კანონებს ეწინააღმდეგება და მტრის პროპაგანდისთვის ნამდვილი საჩუქარია. ბელადმა სხვა ამბებიც მოიკითხა, კერძოდ, თუ როგორი განწყობებია ადგილობრივ მოსახლეობაში, ეხმარებიან თუ არა ისინი პარტიზანებს საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით და ასე შემდეგ.

ბევრისთვის  სიახლე იყო, როცა სტალინმა თქვა, რომ მისი თაოსნობით პარტიზანული მოძრაობისთვის მზადება ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან დაიწყო და ამისთვის თავის დროზე სახელმწიფომ უზარმაზარი ხარჯები გაიღო. მაშინ აშენდა პარტიზანული ბაზები და საიდუმლო ფარული სამალავები, სათანადო აღჭურვითა და მომარაგებით. ბელადმა განუმარტა მეთაურებს, რომ პარტიზანის მიზანი და მოქმედების არსი შემოჭრილი მტრისთვის წყაროს გადაკეტვაა, ანუ, მათი ცენტრიდან მიწოდების მაქსიმალური შეზღუდვა. ამა თუ იმ სოფელში თითო-თითო გერმანელის მოკვლა კი, რომელიც შემთხვევით ხელში ჩაუვარდებათ, ადგილობრივ მოსახლეობას, შეიძლება, ძვირი დაუჯდეს. საუბარში ბერიაც ჩაერთო და სოფელ პოლიანიში მომხდარ ამბავს შეეხო, როცა პარტიზანები ადგილობრივ მოსახლეობას პურის მიტანას დიდი რისკის ფასად აძალებდნენ, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს კი, გერმანელებმა ყველა შეიპყრეს და პარტიზანებიცა და სოფლელებიც  სახალხოდ, სოფლის ცენტრში ჩამოახრჩვეს. გერმანელებს ამბავი ერთმა გლეხმა მიუტანა, რომელსაც პარტიზანები უკანასკნელ სარჩოს ართმევდნენ. ბერიამ საჰაერო მომარაგების ამბები მოიკითხა და კოვპაკს ხუმრობით უთხრა, საეჭვოდ ხარ გაჩუმებულიო, ჩვენს მოსვლამდე ჩხუბით ხომ არ დაიღალეო. აქ ყველა პარტიზანი მეთაურისთვის ნათელი გახდა, რომ მათი საუბარი მოსმენილი იყო. კოვპაკს თავიდან ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ, როგორც თავის მოგონებებშიც წერს, ვაჟკაცობა მოიკრიბა, ადგა და თქვა: ყველაფრის  მიუხედავად, მიაჩნია, რომ  მართალია, რადგან, ბოლო თვის განმავლობაში გამოყოფილი ხუთი საჰაერო დახმარებიდან მხოლოდ ორი თვითმფრინავის ჩამოყრილი ტვირთი მიიღეს. აშკარა იყო, რომ ბერიას ჯერი დადგა. სტალინმა ცერად შეხედა და უბრძანა, აქვე გაერკვია ეს საკითხი. არც პავლოვიჩი დაიბნა, იქვე მიაგნო საჭირო აპარატს, სამთავრობო კოდით თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და, როცა ომახიანად უპასუხეს – „გისმენთ, ამხანაგო სტალინ!“ – მშვიდად, თავის სტილში აუხსნა თანამოსაუბრეს, რომ ბერიაა, თუმცა, ზურგის მომარაგების უფროსს სტალინი იბარებს. 

პური, სპირტი და თამბაქო 

დილის 7 საათი იყო, თათბირის მონაწილეებს სტალინმა უთხრა, რომ გათენდა და პარტიზანულ საუზმეს სთავაზობს. მერე გვერდითა ოთახში გავიდა და ლარნაკით პური, სპირტი და თამბაქო შემოიტანა. ბერია მაინც ადგა და გავიდა, რათა სუფრა თევზითა და მოხარშული კარტოფილით გაემდიდრებინა. მალე გენერალი რუმიანცევიც გამოჩნდა, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. კაბინეტში შესვლამდე მან სტალინის სტუმრები მოიკითხა, ბელადს კი შესვლისთანავე უთხრა, რომ მზად არის, პასუხი აგოს მისი უწყების ყველა ხარვეზზე და დაშვებულ შეცდომებზე. სტალინმა ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ ჰკითხა – რამდენი საჰაერო დახმარება განხორციელდა ბოლო თვის განმავლობაში, დასავლეთის პარტიზანების მიმართულებითო (დასავლეთი მოიცავდა უკრაინა-ბელორუსიის რეგიონს),  

– თხუთმეტი, უპასუხა გენერალმა. 

– კარპატებში? – დაზუსტებისთვის იკითხა სტალინმა. რუმიანცევმა თავის მართლება დაიწყო და თქვა, რომ ხუთი თვითმფრინავიდან ორმა ამოცანა შეასრულა, მესამემ სხვა პარტიზანულ რაზმებს ჩაუყარა სურსათი, მეოთხემ შეცდომით, არასწორი კორდინატების გამო, ტვირთი გერმანელების ბაზაზე დაცალა. გენერალი ნერვიულობდა და თავს უფლება მისცა, სავარძელში ჩამჯდარიყო. – მეხუთე? ხმამაღლა იკითხა ბერიამ. გენერალმა სული მოითქვა და უპასუხა, რომ თვითმფრინავი გაუმართავ მდგომარეობაში იყო, სხვა სატრანსპორტო საშუალებით შეცვლა კი მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, რადგან მასში მხოლოდ სპირტი და თამბაქო იყო. პაუზა ჩამოვარდა, ყველა სტალინის ვერდიქტს ელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბელადმა თქვა: – გენერალმა მრავალწლიანი უანგარო სამსახურით  დაიმსახურა ის კარგი რეპუტაცია, რომელიც აქვს. ჩვენი ბიჭების დახმარება რომ გერმანელებს ჩაუვარდათ, სერიოზული შეცდომაა, მაგრამ, ადამიანები ვართ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – მერე ერთი წუთით ჩაფიქრდა, ჩიბუხი გააბოლა და თქვა: – მაგრამ, გენერალმა, რომელსაც აღარ ახსოვს, თუ რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, მით უმეტეს – ტყეში, პარტიზანისთვის თამბაქო, დროა დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს.

 

 

скачать dle 11.3