შეიძლება თუ არა სხვადასხვა საბურავმა ავარია გამოიწვიოს
საბურავებზე ჩვენს რუბრიკაში არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, არჩევანი ისე გაფართოვდა და შესაძლებლობებიც გაიზარდა, რომ შეუძლებელია, მასზე ხელახლა არ ვისაუბროთ. როგორია და რა ხარისხისაა, რომლის ნდობა შეიძლება და რომლის არა – ამაზე ვრცლად საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: საბურავების წარმოება ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო, ძველებმა გააუმჯობესეს, ზოგიერთმა გააუარესა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად მისვამენ კითხვებს იმის შესახებ, რომელს რა უპირატესობა აქვს, რომელი როდის დავაყენოთო და სხვა. საბურავების მრავალფეროვნება სულ უფრო აბნევს მძღოლებს. ადრე, „ვოლგების” ხანაში, ერთი საბურავი არსებობდა „ვოლგისთვის”, ერთიც „ჟიგულისთვის” და ერთიც, შედარებით კარგი – ერთისთვისაც და მეორესთვისაც. როგორ შევარჩიოთ საბურავი? – არსებითი მნიშვნელობა მისი შერჩევისას გამოშვების თარიღს აქვს. თუ ხუთი წლის ზევითაა, მაშინ ის მოხმარებისთვის აღარ ვარგა. მაგრამ, ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხშირად ბაზრობაზე ვაწყდებით. მიდის მძღოლი და ყიდულობს ერთ საბურავს ან ორს – მხოლოდ წინა ბორბლებისთვის, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. არასწორი მიდგომაა. შესაძლებელია, პროტექტორი საბურავს აბსოლუტურად ერთნაირი, ან მსგავსი მაინც ჰქონდეს, მაგრამ ერთი საბურავი სხვა ფირმის გამოშვებული და მეორე სხვისი, მით უმეტეს, თუ ზომაც სხვადასხვაა ასე არათანაბრად დაყენებული საბურავებით თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ მკვეთრი დამუხრუჭებისას, ავტომობილი აბსოლუტურად უკონტროლო გახდება. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ეს ჰგავს ოთხ ადამიანს, რომელთაც ოთხ სხვადასხვა კუთხეში აქვთ გაჭიმული თოკი და უნდათ, რომ გაიქცნენ. სულაც ერთი ასაკის, სიმაღლისა და წონის რომ იყვნენ, აღარაფერს ვამბობ, თუ ერთი რომელიმეზე მაღალი ან მსუქანია, მაინც ვერ მოახერხებენ სირბილის დროს ამ თოკის გაჭიმულ მდგომარეობაში დატოვებას და მით უმეტეს, ზუსტად ერთდროულად გაჩერებას. ამის შანსი მინიმალურია. ალბათ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, საბურავს თუ შეიძლება რომ ამხელა მნიშვნელობა ჰქონდეს საგზაო შემთხვევის დროს. არადა, აქვს და თანაც, ალბათ, ყველაზე დიდი, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი დამაკავშირებელი ჩვენსა და გზის საფარს შორის. ჩვენ ვსხედვართ რაღაც კაფსულაში, რეალური შეხება გარე სამყაროსთან კი საბურავებით გვაქვს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ოთხივე ერთად და თანაბრად მუშაობდეს – როგორც მოსახვევში შესვლისას, ასევე, რა თქმა უნდა, დამუხრუჭების დროსაც.
– ავარიას თავი რომ დავანებოთ მართვის დროსაც ქმნის პრობლემებს არა?
– ავარია სწორედ იმიტომ ხდება, რომ მართვაში პრობლემები შეიქმნა. რატომ ხდება ავარია? გგონია, რომ ავტომობილი ასე მოიქცეოდა, რეალურად კი სულ სხვანაირად გამოვიდა. ეს კი ზუსტად საბურავების ბრალია. შევეშვათ იმას, რა დონეზე ზრდის ეს დამუხრუჭების სიგრძეს – სხვადასხვანაირად ამუხრუჭებს და ამ შემთხვევაში, ავტომობილი მოცურდება. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ, რაც შეიძლება, რომ დავაყენოთ, ეს არის ორი ერთი და იგივე წარმოშობის საბურავი წინ და ორი – უკან ერთ ღერძზე მაინც რომ იყოს ერთნაირი საბურავები, თუმცა არც ესაა მიზანშეწონილი. კიდევ ერთი პრობლემა. მძღოლები, ძირითადად, უკან ცუდ საბურავებს, წინ კი ახალს აყენებენ. წინა საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ცვდება, მიუხედავად იმისა, წინა წამყვანია ავტომობილი თუ უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი. ვგულისხმობ, ნორმალურ სვლას და არა ხელოვნურ მოცურებას და „ბუქსაობას” რაც ხშირად აწვალებს უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს. მაგრამ, თუ უცებ რაღაც მოხდა და მოგიწიათ მკვეთრი მანევრი, ან დამუხრუჭება, იმის გამო, რომ წინა საბურავები უკანას ჩაგრავს, წინა მოუხვევს, უკანა კი ვერ მიჰყვება და ასე ძალიან მარტივ სიტუაციაში მოხდება მოცურება. როგორც კი ოდნავ ავჩქარდებით და ოდნავ მკვეთრი მოძრაობა მოგვიწევს, მაშინვე ვიგრძნობთ განსხვავებას. ასეთ დროს ისევ ჯობია, უკანა საბურავები იყოს ახალი და წინა, შედარებით – ძველი. როგორც მოუხვევდა, ისე მოეხვია და უკანაც თან მიჰყოლოდა, ვიდრე – პირიქით.
– ასე რომ, ჯობია, თუ შეცვლას აპირებთ, თითო-თითო საბურავის ფული გადავდოთ, მოვაგროვოთ და ოთხივე ერთად შევცვალოთ.
– აუცილებლად ოთხივე უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ საბურავებს, ორი სიტყვით შევეხები ამ ბოლო დროს ბაზრობაზე გამოჩენილ ჩინური და კორეული წარმოშობის საბურავებს. ისინი ძალიან იაფი ღირს. მარტივად რომ აგიხსნათ, თქვენც მიხვდებით მის ხარისხს – თითქმის წარმოუდგენელია ეს საბურავები, სულ ახალიც კი, გავაბალანსოთ მაინც. ხელსაწყო გვაჩვენებს, რომ დაბალანსებულია, მაგრამ როგორც კი ტრასაზე გახვალთ და მოგიწევთ ასი კილომეტრ-საათში სიჩქარით სიარული, მიხვდებით, რომ ავტომობილი კი არ ძაგძაგებს, ინგრევა. მიუხედავად იმისა, რომ საბურავები დაბალანსებულია და დისკებიც სწორია. თან, ძალიან სწრაფად ცვდება. შეიძლება საბურავი იყოს ჩინური ან კორეული, მაგრამ რომელიმე სახელიანი ბრენდის. ამას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.