რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს „მერსედესი ცე 230” კომპრესორი, 1998 წლის მოდელი. მაინტერესებს, რა ხარისხის ბენზინი უნდა ჩავასხა, რომ მისმა ძრავამ კარგად იმუშაოს? თუ შემიძლია ამ მოდელით „ვიგონკაო”, თუ აქვს საკმარისი სიჩქარე.
პასუხი: ამ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მიგეთითებინათ, რომელი ქვეყნიდან არის ჩამოყვანილი თქვენი ავტომობილი, ანუ რომელი ქვეყნისთვის შეიქმნა. „მერსედესის” ეს მოდელები შექმნილია ამერიკის, ევროპის ქვეყნებისა და იაპონიისთვისაც. თუ თქვენი ავტომობილი ამერიკიდანაა ჩამოყვანილი, მაშინ შეგიძლიათ, საქართველოში ყველაზე დაბალი ხარისხის ბენზინი ჩაასხათ, რადგან ამერიკული მოდელები სწორედ ყველაზე დაბალი ოქტანობის ბენზინზეა გათვლილი. ამერიკაში მხოლოდ ასეთი ბენზინი იყიდება. თუ იქ მაღალი ოქტანობის საწვავს ჩაასხამთ, როგორიც ჩვენთან, ვთქვათ, პრემიუმი ან ავანგარდია, აღარაფერს ვამბობ სუპერზე, შესაძლოა, ძრავას პრობლემებიც კი შეექმნას. ასეთი შემთხვევები კი, საქართველოში ყოფილა. თუ ევროპული მოდელია, მაშინ აუცილებლად მაღალი ხარისხის ბენზინი უნდა ჩაასხათ. რაც შეეხება „გონკაობას”, ის ყველა ავტომობილით არის შესაძლებელი, გააჩნია მძღოლს. „გონკაობა” გაგიადვილდებათ, თუ თქვენი ავტომობილი მართვის მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. სისწრაფე ამ ავტომობილს საკმარისი აქვს, მაგრამ მის გამოცდას ქალაქის ქუჩებში, არ გირჩევთ.
კითხვა: თქვენი სტატიების დახმარებით ვიცი, რომ „ჰონდა სიარვი” საკმაოდ კარგად არის ადაპტირებული ჩვენს რეალობასთან. იქნებ ამიხსნათ, „ჰონდა ჰაშერვი” ასევე რეკომენდებულია თუ არა საქართველოს პირობებში ექსპლუატაციისთვის?
პასუხი: როგორც ჩანს, ჩვენს რუბრიკას ყურადღებით ადევნებთ თვალყურს და ისიც გეცოდინებათ, რამდენ დადებითს ვამბობთ „ჰონდა სივიკზე”. „ჰონდა ჰაშერვი” კი „სივიკის”, მარტივად რომ ვთქვათ, „გაჯიპებული“ ვერსიაა, იმავე გამძლე სავალი ნაწილით, ძრავათი, რომელიც არ ფუჭდება და სიჩქარეთა კოლოფით. ეს არის ეგრეთ წოდებული „პარკეტნი” „ჯიპი“, რომელიც უგზოობაშიც ნორმალურად მოგემსახურებათ და იდეალურია ქალაქის პატარა თხრილებზე სასიარულოდაც. მით უმეტეს, რომ მძღოლებს ხშირად უწევთ ავტომობილის ბორდიურზე აყვანა და ისე გაჩერება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საწვავსაც ნორმალური რაოდენობით მოიხმარს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიურია. თან, ბენზინიც კარგი ხარისხის, უკიდურეს შემთხვევაში, პრემიუმი სჭირდება. „ჰონდა ჰაშერვი” იდეალური მანქანაა ჩვენს გზებზე სასიარულოდ, თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ. რაც მთავარია, ხელოსნებთან ხშირად სირბილი ნამდვილად არ მოგიწევთ.