კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ოქროსმედალოსანი ყმაწვილი ყველაზე ცნობილი მძარცველი

 

კოტე გაჩეჩილაძისა და მისი ბანდის შესახებ საბჭოთა კავშირში ლეგენდები დადიოდა. დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ კრიმინალური დაჯგუფების შესახებ...

გაქცევა

– კონსტანტინე პავლეს ძე გაჩეჩილაძეს დაუდგინდეს თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, პირველი ხუთი წელი კი მოიხადოს განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში, – თქვა მოსამართლემ, შემდეგ ბრალდებულის სკამზე მჯდომ ახალგაზრდა კაცს მიმართა: – განსასჯელო გაჩეჩილაძე, საბოლოო სიტყვის თქმა თუ გსურთ, ფეხზე ადექით და გისმენთ.

ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა ფეხზე წამოდგა, ხალხით გაჭედილ სასამართლო დარბაზს გადახედა და თქვა:

– მე უდანაშაულო ვარ. დღეს აქ ჩემთვის წარდგენილი ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოა და, იმედია, გამათავისუფლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩემი არწივები გააკეთებენ.

მოსამართლეს რაღაცის თქმა უნდოდა და პირი დააღო, მაგრამ, კოტე გაჩეჩილაძემ მას სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა და ხმას აუწია:

– აბა, ჩემო არწივებო, აღასრულეთ სამართალი!

უცებ სხდომის დარბაზიდან პისტოლეტებით შეიარაღებული ექვსი ახალგაზრდა წამოხტა, რომელთა შორის ერთი გოგონა იყო. მათ, ბადრაგი განაიარაღეს, პატიმრისთვის ხელბორკილები აახსნევინეს და გასასვლელისკენ გაემართნენ. გასვლის წინ კოტე გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უთხრა:

– ჰმ, თხუთმეტი წელი!.. შე ნაბოზარო, კაცი მოვკალი თუ სამშობლოს ვუღალატე? შენნაირ ჩათლახებს ვწეწავ და, წესით სროკის მაგივრად ორდენს უნდა მაძლევდნენ, ციხეში კი შენ და შანნაირები უნდა ისხდეთ და ლპებოდეთ. წავედი, მშვიდობით!

მოსკოვის ფრუნზეს რაიონის სასამართლოდან გაქცეულ კოტე გაჩეჩილაძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე შეიქმნა მისი ექვსივე თანამზრახველის ფოტორობოტები და მათაც ეძებდნენ. იჩხრიკებოდა ყველა საეჭვო „მალინა“. ჩასაფრებები მოეწყო საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში, თუმცა, კოტე გაჩეჩილაძისა და მისი თანამზრახველების კვალი არსად ჩანდა...

„განაბი“ აზიზა

კოტე გაჩეჩილაძე თბილისელი იყო. ის, პლეხანოვზე იყო დაბადებული და გაზრდილი და სკოლაც იქვე ჰქონდა დამთავრებული. ოქროსმედალოსანი კოტე სხვა ფრიადოსანი ბიჭებისგან აშკარად გამოირჩეოდა – ის არც ეგრეთ წოდებული „დედიკოს ბიჭი“ იყო, არც ლაჩარი და განსაკუთრებული ვაჟკაცობით იყო ცნობილი თანატოლებს შორის. მას ხშირად უჩხუბია ეგრეთ წოდებულ უბნელ ყოჩებთან და არასოდეს დაჩაგრულა. მას, როგორც ოქროსმედალოსანს, უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მხოლოდ ერთი გამოცდის ფრიადზე ჩაბარება სჭირდებოდა და ამისთვის ის გულმოდგინედ ემზადებოდა. კოტე გაჩეჩილაძეს ექიმობა უნდოდა, საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში ჰქონდა შეტანილი და ერთადერთი წერითი გამოცდიდან რომ გამოვიდა, მას გულშემატკივართა დიდი ჯგუფი დახვდა, რომელთა შორისაც იყო მისი უახლოესი მეგობარი კოტე ჯიქია.

– რა ქენი, შვილო? – ჰკითხა კოტეს დედამ.

– მე მგონი, ხუთიანზე დავწერე, – მიუგო კოტემ. შემდეგ ძმაკაცი გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა: – რა გჭირს, რა მჟავე სახე გაქვს?

– აზიზამ სიტყვაზე წამომიკიდა. მას სხვებიც გვერდში ამოუდგნენ და გამჭედეს.

– კონკრეტულად რა მოხდა?

– მუშტაიდში ვბირჟაობდით. აზიზამ ორკაპიკიანი გაჩითა, „არიოლ-რეშკა“ ააგდო, ხელებს შუა მოიქცია და მითხრა – ორიათასიან ყომარს გიცხადებ და მოგებულს ჩაბარდეს. არიოლი თუ რეშკა, გაწყობს?

– რეშკა, მაწყობს, – მივუგე აზიზას. მან კი ფული მიწაზე დააგდო და არიოლი დაჯდა.

– მოგიგე. მაყუთი ხვალ დილით მინდა.

მე გაპროტესტება ვცადე და ვუთხარი, რომ ხუმრობა მეგონა. აზიზამ და მისმა ძმაკაცებმა კი შემომიტიეს და მითხრეს, რომ, თუკი ხვალ დილით თავანს არ მივიტანდი, ფუფლო არ ამცდებოდა.

– ჰმ, აზიზა, ეს ნაბოზარი... არ ვიცოდე მაინც, ვინ არის, – თავი გააქნია კოტე გაჩეჩილაძემ, – თვითონ ფუფლო, შენ გიპირებს მოსრიალებას? ამასაც ვნახავთ, ვინ ვარ. სასაცილო არ არის, რომ თავის თავს განაბს უწოდებს?! მაგისი ვინაობა ავჭალის მალალეტკებში კარგადაა ცნობილი, გავაგანაბებ მე მაგას.

20 წლის მურად აზიზოვი ოქროსუბნელი იყო და წვრილმანი ქურდობისთვის ერთი წელი ჰქონდა მოხდილი მცირეწლოვანთა კოლონიაში, სადაც ის ეგრეთ წოდებული „მენაგვე“ იყო და, გარდა იმისა, რომ ზონას ნაგვისგან ასუფთავებდა, ზონურ „ყომარში“ სამასი მანეთი წააგო და „ფუფლოობისგან“ იმან უშველა, რომ მეორე დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ გარეთ რომ გამოვიდა, თავი ქურდული ტიტულის მაძიებლად გამოაცხადა და განაბი დაირქვა, ირგვლივ კი თავისავით ნაძირლები შემოიკრიბა და, თუკი ვინმეს მოიხელთებდნენ, მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღწევას ცდილობდნენ.

კოტე გაჩეჩილაძე და კოტე ჯიქია გამოცდის შემდეგ პირდაპირ მუშტაიდში გაემართნენ, აზიზა და მისი ძმაკაცები ნახეს.

– აზიზ, გინდა, მაგარი რაღაც გითხრა? – ჰკითხა გაჩეჩილაძემ.

– აბა, თქვი, – მიუგო აზიზამ.

– კამათელი გაქვს?

– კი.

– აბა, მანახვე!

აზიზამ კამათელი მისცა და უთხრა:

– აჰა. რა მერე?

კოტე გაჩეჩილაძემ კამათლები ხელში აათამაშა და აზიზას უთხრა:

– გინდა, ოციათასიანი ყომარი?

– რა ყომარი?

– რა და, მე ამ კამათლებს, აი, ამ ურნასთან გადავყრი. შემდეგ მე და შენ მივიდეთ და გეტყვი, რა დაჯდა. თუ გავარტყი, ოცი ათასს ხვალ დილით მოიტან, თუ ვერა, მაშინ, მე ჩაგაბარებ მაგდენს. გაწყობს?

აზიზა ვერ მიხვდა კოტეს სიტყვების არსს და იფიქრა, წინასწარ როგორ მიხვდება, რა დაჯდებაო. ამიტომ, მიუგო:

– მოსულა. მიდი, გადაყარე!

კოტემ კამათლები გადაყარა. შემდეგ აზიზა ურნასთან მიიყვანა, კამათლებს დახედა და უთხრა:

– დუ შაშია. მოვიგე. ხვალ დილით ოცი ათასს მომიტან, თუ არა და, ფუფლო ჭრელია...

მურად აზიზოვი გვიან მიხვდა, რომ მოტყუვდა და კოტე გაჩეჩილაძეს აუშარდა, ჩხუბი აუტეხა და ორივე კოტეს მოკვლა გადაწყვიტა. მან უზარმაზარი ხანჯალი იშიშვლა და ჯიქიას ზურგში ჩაარტყა, შემდეგ გაჩეჩილაძეს მოუქნია და მარცხენა მხარში დაჭრა, მაგრამ კოტემ ის მისსავე იარაღზე წამოაგო – მუცელში შეარჭო და ძირს დასცა... აზიზას მეგობრები გაიქცნენ, კოტე გაჩეჩილაძემ კი კოტე ჯიქია და აზიზა იქვე, ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში მიიყვანა და ექიმებმა დაჭრილები სიკვდილს გადაარჩინეს.

საავადმყოფოში მისულ მილიციას კოტე გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ სანაპიროზე მათ ვიღაც უცნობები დაესხნენ თავს და სამივე დაჭრეს. მაგრამ, ორი კვირის შემდეგ, რეანიმაციიდან პალატაში გადაყვანილმა აზიზამ გამომძიებელს ჩვენება მისცა და უთხრა, რომ თითქოს მას კოტე გაჩეჩილაძე და კოტე ჯიქია ფულს სძალავდნენ, თავს დაესხნენ და დაჭრეს. მილიციამ კოტე გაჩეჩილაძე დააპატიმრა და, იმის გამო, რომ 17 წლის ყმაწვილს ოჯახმა 20 ათასი მანეთი ქრთამი არ გადაუხადა მილიციას, ის გაასამართლეს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში გაუშვეს, მაგრამ ეტაპირებისას, კოტე გაჩეჩილაძე საბადრაგო მანქანიდან გაიქცა და მიიმალა...

მოუხელთებელი ბანდიტი

– აზიზ, შე ნაბოზარო, დედას გიტირებ! – შეუთვალა კოტე გაჩეჩილაძემ მურად აზიზოვს და, მართლაც, როგორც კი აზიზა საავადმყოფოდან გამოწერეს, კოტე მას ეზოსთან დაუყარაულდა, მანქანიდან გადმოსულ აზიზას თავს დაესხა და ნაჯახი რამდენჯერმე ჩაარტყა კიდურებში... აზიზა საავადმყოფოში შეაბრუნეს და მან იქ კიდევ სამი თვე დაჰყო. კოტე გაჩეჩილაძის ძებნა კი გააძლიერეს, მაგრამ, მის კვალს ვერ დაადგნენ...

თავდაპირველად კოტე გაჩეჩილაძე თბილისში იმალებოდა. შემდეგ ის სოჭში გაემგზავრა,  კოტე ჯიქიას ბიძასთან, რომელიც ორჯერ იყო ნასამართლევი ძარცვისთვის და სწორედ იქ ეზიარა პირველად თავის მომავალ პროფესიას. 40 წლის ვარლამ ჯიქიამ კოტე გაჩეჩილაძე და ორი ყმაწვილი ერთი სოჭელი „ცეხავიკის“ გასაძარცვავად წაიყვანა, საიდანაც მათ 12 ათასი მანეთი და ოქროს ნაკეთობები წამოიღეს. მას შემდეგ მძარცველთა ოთხკაციანმა ბანდამ კრასნოდარის მხარეში კიდევ ექვსი ძარცვა განახორციელა და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნიღბებით მოქმედებდნენ, მილიცია მათ კვალს დაადგა. ერთ-ერთი ჩასაფრების დროს, ურთიერთსროლისას, მილიციამ ვარლამ ჯიქია მოკლა და ბანდის ერთ-ერთი წევრი, კირილე კოზლოვი აიყვანა. კოტე გაჩეჩილაძემ და მისმა მეგობარმა ასტამურ ავიძბამ გაქცევა მოახერხეს და თავი სოხუმს შეაფარეს, სადაც ავიძბას ნათესავები ცხოვრობდნენ. თავად ასტამური გუდაუთელი იყო, მაგრამ, იმის შიშით, რომ მძარცველებს მილიცია შეიპყრობდა, 18 წლის ყმაწვილები იქაურობას არ გაჰკარებიან. მილიციამ არც ერთის ვინაობა არ იცოდა, ვერც კირილე კოზლოვი გათქვამდა, რადგან არც ერთს არ იცნობდა. კირილეს არც მათი გარეგნობის აღწერა მიუცია მილიციისთვის და 19 წლის ბიჭმა საშინელ წამებას გაუძლო. ის გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამასობაში, კოტესა და ასტამურს ფული გაუთავდათ და გადაწყვიტეს, „საქმეზე“ წასულიყვნენ. ბიჭებს ერთი „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ჰქონდათ. სამიზნედ მათ სანატორიუმი „აფხაზეთი“ აიღეს, შენობაში შევიდნენ, ერთ-ერთი ნომერი ალალბედზე აირჩიეს და დააკაკუნეს. კარი რომ გაიღო, მათ უკვე ნიღბები ეკეთათ და ნომერში შეიჭრნენ. ნომერ ლუქსიდან, სადაც მოსკოვიდან ჩამოსული პარტიული მაღალჩინოსანი ცხოვრობდა საყვარელთან ერთად, მძარცველებმა სამი ათასი მანეთი და ოქროს ნივთები გაიტაცეს. იმავე საღამოს კი, კოტე და ასტამური მოსკოვში გაემგზავრნენ მატარებლით. თუმცა, მატარებლის გამყოლ მილიციის ოპერჯგუფს ყმაწვილები საეჭვოდ მოეჩვენა და მათი დაკავება სცადა, მაგრამ, მოხერხებული ბოროტმოქმედები გაქანებული მატარებლიდან გადახტნენ და ხელიდან დაუსხლტნენ.

დევნილმა კრიმინალებმა როსტოვამდე ჩააღწიეს და ვინმე იური ზაიცევის, მეტსახელად „კოროლის“ ძებნას შეუდგნენ, რომელსაც ხშირად ახსენებდა მოკლული ვარლამ ჯიქია და თავისი ბანდის წევრებს მის გაცნობას ჰპირდებოდა. კოროლი, იგივე იური ზაიცევი, ცნობილი მძარცველი და შეიარაღებული ბანდის მეთაური იყო, რომლის წევრიც ერთ დროს თავად ვარლამიც გახლდათ. ბიჭებმა მის სახლს მიაგნეს, მაგრამ კოროლი გარდაცვლილი დახვდათ.

– თქვენ ვინ ხართ, ბიჭებო? – ჰკითხა ყმაწვილებს სამოციოდე წლის ქალმა, რომელიც კოროლის და აღმოჩნდა, – ნუ გეშინიათ, მე მისი და ვარ და ჩემთან ყველაფრის თქმა შეიძლება.

ბიჭებმა ნატალია ზაიცევას დაწვრილებით უამბეს ყველაფერი, რის შემდეგაც ქალმა მათ შესთავაზა:

– ასე, ხეტიალ-ხეტიალში, თავშესაფრის გარეშე, დიდხანს ვერ გაძლებთ. ამიტომ, ჩემთან შეჩერდით. მე თქვენ კარგ ხალხს გაგაცნობთ და მერე ვნახოთ...

კოტე და ასტამური მარჯვედ ჩაებნენ როსტოვული ბანდის საქმიანობაში და ხუთი წელი მოუხელთებელნი იყვნენ. თუმცა, ერთ დღეს მილიციამ მთელი ბანდა – თექვსმეტი ადამიანი, სატყუარას მეშვეობით, ერთ-ერთი ძარცვისას აიყვანა, მაგრამ კოტემ გაქცევა მოახერხა, მოსკოვში გადაიხვეწა, თავისი შეიარაღებული ბანდა შექმნა და კიდევ ხუთი წლის განმავლობაში იყო მოუხელთებელი.

კოტე გაჩეჩილაძე და მისი თორმეტკაციანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც ყველაზე გამოცდილი ოპერმუშაკები დასდევდნენ, მოუხელთებელი ბანდიტები იყვნენ და, მოთმინების ფიალაავსებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი შჩოლოკოვმა, ერთ-ერთ თათბირზე იღრიალა:

– რა გახდა, ბოლოს და ბოლოს ეს მოუხელთებელი ბანდიტი! მისი თავი მსურს, ან ცოცხალი მომგვარეთ და, ან – მკვდარი!..

დიდი „კუში“

შჩოლოკოვის სიტყვები სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა და კოტეს ასაყვანად ან სალიკვიდაციოდ მილიციის საუკეთესო მაძებრები იღვწოდნენ. ამიტომ, ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ კოტე გაჩეჩილაძე ერთ-ერთი მოსკოველი „ცეხავიკის“ ბინაში მარტო აიყვანეს, სადაც ის საყაჩაღოდ იყო მისული. თუმცა, თხუთმეტწელიწადმისჯილი კოტე გაჩეჩილაძე ფრუნზეს სახელობის რაიონის სასამართლოდან თავისი ექვსი კოლეგის მეშვეობით გაიქცა, რომელთა შორის იყო 23 წლის ქეთევან მესხი. მომხიბვლელი გოგონა კოტეს საცოლე იყო და საქმროს გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობა მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო.

კოტეს გაქცევამ შჩოლოკოვი უკიდურესად გაამწარა, მან თავისი სამი თანამშრომელი დააქვეითა, მათ შორის ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი. თავის პირველ მოადგილეს, ევგენი სავინს კი მკაცრად უბრძანა:

– არავითარი დანდობა და ჰუმანიზმი, დანებება, მხოლოდ და მხოლოდ ლიკვიდაცია!.. კოტე გაჩეჩილაძე უნდა მოკვდეს!

 ეს სიტყვები კოტე გაჩეჩილაძის ყურამდეც მიიტანეს. ამიტომ, მან თავისი ბანდის ექვსივე წევრი შეკრიბა და უთხრა:

– ერთი საქმეც და, სამუდამოდ თუ არა, კარგა ხნით მაინც უნდა დავწვეთ ფსკერზე. მე სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს და არც თქვენ დაგინდობენ.

ის ერთი საქმე, რომელზეც კოტე ლაპარაკობდა, მოსკოვის მეორე მექანიკური ქარხნის გაძარცვა იყო. ბანდიტებმა ეს საქმე საგულდაგულოდ დაგეგმეს, ზუსტად შეასრულეს და, როდესაც სამი ტომარა ფულით უკვალოდ მიიმალნენ, სახელმწიფოს დანაკლისმა ორი მილიონ, ას თხუთმეტი ათასი მანეთი შეადგინა. ეს თანხა საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ასტრონომიული იყო და დღემდე ყველაზე მსხვილი ძარცვების ოცეულში შედის...

P. S. კოტე გაჩეჩილაძემ გატაცებული ფულის ნახევარი, ანუ ერთი მილიონი მანეთი, დაპატიმრებული მეგობრების ციხიდან გამოხსნაში დახარჯა და ყველანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დანარჩენი ფულით კი ძებნილი ბანდიტები წყვილ-წყვილად გაიხიზნენ უცხოეთში. ყველაზე ბოლოს საბჭოთა კავშირი კოტე გაჩეჩილაძემ და მისმა საცოლემ ქეთევან მესხმა დატოვეს. ისინი ახალ ზელანდიაში დასახლდნენ, ისევე, როგორც დანარჩენი მათი მეგობრები და სადაზღვევო კომპანია შექმნეს. ქეთიმ და კოტემ იქორწინეს, დღესაც ცოცხლები არიან და შვილიშვილებს უვლიან. 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე, კოტე გაჩეჩილაძე და მისი 11 წლის შვილიშვილი, კოტიკო, თბილისში იმყოფებოდნენ სტუმრად ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის ოჯახში.

 

 

скачать dle 11.3