კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ყოველთვის, როცა წამწამებიდან ტუშს ვიშორებ, ქუთუთოებზე, გარედანაც და შიგნიდანაც (თვალის ლორწოვან გარსზე), მრჩება ტუშის ნაკვალევი, რომლის მოშორებაც ძალიან მიჭირს. როგორ მოვიქცე, რომ ეს არ მოხდეს?
პასუხი: აიღეთ ბამბის სამი ტამპონი და დაასველეთ მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეში. ერთი ტამპონი დაიდეთ ქვედა ქუთუთოს წამწამების ქვეშ, დახუჭეთ თვალები, მეორე ტამპონი დაიდეთ ზედა ქუთუთოს წამწამების ზემოდან და ასე გააჩერეთ ერთი-ორი წუთის განმავლობაში, რომ ტუში კარგად გაიხსნას. შემდეგ კი ამავე ტამპონებით მოიშორეთ ტუში; მესამე ტამპონით კი ეგრეთ წოდებული „საკონტროლო გაწმენდა“ ჩაიტარეთ.
კითხვა: როგორ შევარჩიო გელი წარბებისთვის და როგორ გამოვიყენო?
პასუხი: წარბების ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს ან უნდა იყოს თმაზე ოდნავ ბაცი. ყავისფერი გელი მოუხდებათ ქერათმიანებს და მათ, ვისაც ბაცი წაბლისფერი თმა აქვს; შავი გელი – მუქი წაბლისფერი ან შავი თმის მქონეებს; გამჭვირვალე გელი უნივერსალურია.
სპეციალურ ფუნჯზე დააწვეთეთ თქვენთვის სასურველი გელი და დაივარცხნეთ წარბები, რომ მოხდეს მათი ფიქსაცია.
კითხვა: გამიგია, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია ნივთიერება თუთია. მაინტერესებს, კონკრეტულად რას იწვევს ორგანიზმში თუთიის ნაკლებობა კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით?
პასუხი: ორგანიზმში თუთიის ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, რაც მკვეთრად აისახება სახის კანზე; ასევე, იწვევს თმის ცვენასა და გამონაყარს. ამიტომ, აუცილებლად ყოველდღიურად უნდა მიირთვათ თუთიის შემცველი პროდუქტები: მწვანე ბარდა, პარკოსნები, მარცვლეული, თხილი, ნიგოზი, ყველი, ფორთოხალი, ზღვის პროდუქტი, დაფქული კაკაოს მარცვლები.
კითხვა: ბევრისგან გამიგია, რომ ვაშლის ძმარი ხელს უწყობს გახდომას. მაინტერესებს, როგორ უნდა მივიღოთ ის – უზმოზე თუ ჭამის შემდეგ?
პასუხი: ვაშლის ძმრის დიეტა მართლაც არსებობს: 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ თითო მესამედი დილით, შუადღეზე და საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუმცა, დიეტოლოგები ამ დიეტას სკეპტიკურად უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ვაშლის ძმარს შეცდომით მიაწერეს ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებლისა და ცხიმების აქტიურად დამწველის ფუნქცია. სინამდვილეში ეს პროდუქტი მხოლოდ ოდნავ ასუსტებს მადას და ოდნავ ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს; ამასთან, აფუჭებს კბილის მინანქარს და აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ამიტომ, ვაშლის ძმრით გატაცებას არ გირჩევთ.