რა გადაუვიდა ჩვევაში ნოდარ გურგენაშვილს და რატომ ოცნებობს ის ტრაგიკული როლის თამაშზე
მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი სერიალ „შუა ქალაქში“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ჩვენი რესპონდენტი საკუთარი გმირისგან, პაატასგან, იმით განსხვავდება, რომ ცხოვრებაში ის გაცილებით სერიოზულია. მართალია, მას მრავალი კომედიური როლი აქვს განსახიერებული, თუმცა ბევრისთვის გასაკვირად, მისი საყვარელი ჟანრი ტრაგედიაა და ძალიან სურს, ამ ჟანრშიც ითამაშოს. ჩვენი ინტერვიუ რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარე წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ შედგა.
– რას ნიშნავს შენთვის სერიალი „შუა ქალაქში?”
– ალბათ, ყველა ადამიანს აქვს შეჩვევის მომენტი, მაგრამ მე განსაკუთრებით განვიცდი ამ ყველაფერს. რაღაცას რომ შევეჩვევი, მერე ძალიან მიჭირს იმას შევეშვა. მაგალითად, ერთი კვირა სახლში რომ ვიჯდე, რაც ფაქტობრივად არ ხდება, მერე გარეთ გასვლა გამიჭირდება. საერთოდ, ძირითადად, პირიქით ვარ, საქმეს რომ ვარ შეჩვეული, სახლში ვერ ვჩერდები. სერიალი „შუა ქალაქში” ჩემი ცხოვრების ნაწილია, უკვე არც ვფიქრობ იმაზე, ეს რომ არ იყოს, რა იქნებოდა. ახლა ბევრად თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე ადრე. საერთოდ, კომპლექსები მაქვს. თავიდან მიჭირდა, მაგრამ ახლა შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– თეატრში თუ ხარ პარალელურად?
– სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო და წამოვედი. იქიდანაც გამიჭირდა წამოსვლა, რადგან 4 წელი ვიმუშავე და შევეჩვიე. თეატრი უზომოდ მიყვარს, სცენა ძალიან მომენატრა. ძირითადად, ყველგან კომედიურ გმირებს ვთამაშობ, რაც სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა. თუმცა, კომედია ძალიან კარგი და მაგარი ჟანრია მსახიობის განვითარებისთვის. თუ კომედიაში ოდნავ მაინც წარმატებას მიაღწევ, ჩათვალე, რომ შენი სამსახიობო კარიერის გაგრძელება ღირს. საერთოდ, მსახიობს ყველა ჟანრში უნდა შეეძლოს თამაში. ამიტომ არ მიმაჩნია, ძლიერ მსახიობად ის, ვინც მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჟანრის მსახიობია.
– შენი საყვარელი ჟანრი რომელია?
– ტრაგედიაა და ძალიან მინდა, ამ ჟანრშიც რაღაც გავაკეთო.
– რა ხდება შენს ჯგუფთან დაკავშირებით? როგორც ვიცი, შენ ჩამოაყალიბე და „ელექტრომაუსი” ჰქვია?
– როგორც ასეთი, ჩამოყალიბებულ ბენდთან არა, მაგრამ სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად მიმუშავია. ამ ეტაპზე მარტო დავრჩი. თუ კონცერტის გაკეთება გადავწყვიტე, მომიწევს, მეგობრები ისევ შევკრიბო, რომლებთან ერთადაც გამოვალ და დავუკრავ. მუსიკა ძალიან მიყვარს და მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომიდგენია. გული მწყდება, რომ დრო გადის და ვერაფერს ვაკეთებ. მინდა, სერიოზულად მივაქციო ყურადღება ამ ყველაფერს. მოთხოვნილება მაქვს, რომ კონცერტი გავაკეთო. მუსიკა ჩემი სამყაროა. ვერავის ავუხსნი, როგორი გრძნობაა, როცა შენს დაწერილ სიმღერას უკრავ და მღერი.
– კიდევ რა ხდება შენს სამყაროში?
– როცა ადამიანს ბევრი რაღაცის გაკეთება გინდა, ვეღარ ასწრებ და დროებით თავის დანებება გიწევს. მაგალითად, ძალიან მინდოდა და დღემდე ძალიან მინდა, ფილმის გადაღება. სცენარებსაც ვწერდი. ამ ეტაპზე ძირითადად, სერიალზე ვარ გადმორთული.
– შენი აზრით, სხვებისთვის რთული ადამიანი ხარ თუ პირიქით?
– ვერ ვიტყვი, რომ მარტივი ხასიათი მაქვს. ყველა ადამიანს აქვს ხასიათში ცუდი და კარგი. ალბათ, ადამიანები მიღებენ ისეთს როგორიც ვარ.
– ცუდი რა გაქვს?
– ასე ვერ ვიტყვი. კეთილი და ბოროტი როგორ განისაზღვრება. არ არსებობს ადამიანი 100 პროცენტით კეთილი, ან პირიქით. უბრალოდ, კეთილი ადამიანი, ალბათ, შეიძლება, განვსაზღვროთ იმით, რომ მას 80 პროცენტი აქვს სიკეთე და 20 – სიბოროტე. ბოროტებაში მაინცდამაინც იმას არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას მანქანის საბურავი გაუხეთქო და ამით დატკბე. არიან ადამიანები, პირიქით, 80 პროცენტი სიბოროტით აქვთ გული სავსე. შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც, რაც არ უნდა ცუდი იყოს, რაღაც კარგი არ ჰქონდეს. ქვეცნობიერი ძალიან მაგარი რაღაცაა. ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია და ვცდილობდი, ადამიანის ქვეცნობიერი ამომეხსნა. ჩემი ერთ-ერთი ჰობი და გასართობი დღემდე ქვეცნობიერში მოგზაურობაა. როცა ადამიანი მელაპარაკება, ყოველთვის ვცდილობ, ამოვიცნო, თუ რას ფიქრობს ის იმ მომენტში სინამდვილეში. ეს უკვე გამომიმუშავდა და ჩვევაში გადამივიდა. ვერთობი ამით.
– ეჭვიანი ხარ ადამიანების მიმართ?
– ეჭვი რომ ვახსენო, უმეტესობა პირდაპირი გაგებით გაიგებს, ისევე როგორც სიტყვა ამბიციას. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ ადამიანი ამბიციური უნდა იყოს, მხოლოდ ეს ყველაფერი უზრდელობასა და თავხედობაში არ უნდა გადავიდეს. ნებისმიერ ადამიანშია ჩადებული კოდი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო, გარემო და ათასი რამ. არავინ იცის, ვის რისი უნარი და ნიჭი აქვს, ტყუილად არც ერთი ადამიანი არ ჩნდება. ეს ბუნების ერთ-ერთი ძლიერი კანონია.
– შენი პერსონაჟისგან (პაატასგან) განსხვავებით, ცხოვრებაში ბევრად სერიოზული ხარ.
– სწორედ ამით არის საინტერესო ჩვენი პროფესია. ფაქტობრივად, მოგზაურობ სხვადასხვა სამყაროში. შეიძლება, ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრება გქონდეს, მნიშვნელოვანი არაფერი და მეორე დღეს ჰერცოგი გახდე. ჩემთვის მაგარი საინტერესო პროფესიაა მსახიობობა. ალბათ, ამიტომაც ვერასდროს დავანებებ ამ ყველაფერს თავს.
– რით ჰგავხარ შენს პერსონაჟს?
– შეიძლება, ლაპარაკით. ჩემი პერსონაჟი „შუა ქალაქში” ძალიან ბევრს ლაპარაკობს. უკვე 20 წუთია, მგონი, არც მე გავჩერებულვარ.
– უცნობი ხალხისგან ყურადღება როგორია?
– სიმართლე გითხრა, ხალხის ყურადღება ძალიან მაგარი რაღაცაა. ამ ყველაფერმა ისე იცის მიჩვევა, რომ ამის გარეშე, ალბათ, ძალიან ცუდი იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. გასაგებია, რომ რაღაცეებზე უარის თქმა მიწევს, მაგრამ ვერ ვიცვლები. რაც 5 წლის წინ ვიყავი, ისეთივე ვარ.
– რატომ იცვლი ტელეფონის ნომრებს ასე ხშირად?
– ძირითადად, იმის გამო, რომ ხშირად ვკარგავ მობილურ ტელეფონს. გულმავიწყი ვარ და შეიძლება, სადმე დამრჩეს.
– გავიგე, ნოდარი შეყვარებულიაო.
– შეყვარებული კი ვარ, მაგრამ საიდან გაიგე?
– როგორი ხარ შეყვარებული? შეიცვალე?
– კი შევიცვალე. საერთოდ, სიყვარული ძალიან მაგარი რაღაცაა. ჩემი აზრით, სიყვარულის გარეშე არაფერი ხდება.
– რა პროფესიისაა?
– მომავალი მსახიობია, ჯერ სტუდენტია.
– ოჯახის შექმნას გეგმავთ?
– ამ თემაზე დეტალურად ლაპარაკი არ მინდა. როცა ადამიანი გიყვარს, სერიოზული ურთიერთობაა და არა გართობა.
– რომანტიკოსი ხარ?
– თუ ადამიანი მიყვარს, არ შემიძლია, გრძნობა არ გამოვხატო. ყურადღებიანი უნდა იყო. აბა, ცივი რატომ უნდა იყოს შეყვარებული მამაკაცი ვერ ვხვდები?!
– არიან მამაკაცები, რომლებსაც უყვართ, მაგრამ ვერ გამოხატავენ.
– არა, მე ასე არ ვარ. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა, რადგან ვიძაბები...