ყველაზე სექსუალური ქალი ფეხბურთელების ტოპ-ათეული
მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტის სახეობა – ფეხბურთი, ისეთივე პოპულარულია ქალებში, როგორც – მამაკაცებში. სუსტი სქესის წარმომადგენლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ანალოგიურ ტურნირებში თამაშობენ და ასევე, საკლუბო დონეზეც ასპარეზობენ. თანაც სპორტული ჟინით არც ჩამოუვარდებიან, მათზე გაცილებით სახელოვან ფეხბურთელ მამაკაცებს. ინტერნეტში კი ისევე, როგორც მამაკაც ფეხბურთელებს შორის, ქალებშიც ავლენენ ყველაზე სექსუალურებს. „თბილისელების” ამ ნომერში ერთ-ერთი ინტერნეტგვერდის მიერ შედგენილ ყველაზე სექსუალურ ქალ ფეხბურთელთა ტოპ-ათეულს გთავაზობთ.
კორინ ფრანკო – საფრანგეთი
საფრანგეთის ნაკრებისა და „ლიონის” 28 წლის ნახევარმცველი – კორინ ფრანკო ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავია. იგი ლა როშელში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში მშობლიური ქალაქის გუნდ „ავენირ მარიტიმე ლალეუსში” დაიწყო. კორინს ორივე ფეხით ეხერხება თამაში და დრიბლინგთან ერთად, მოედნის ხედვის შესანიშნავი უნარიც აქვს. ფრანკო ევროპის 2009 წლისა და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატების მონაწილეა. გარდა ამისა, ის კლუბის ვიცე-კაპიტანია. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კორინ ფრანკომ, ნაკრების ორ თანაგუნდელთან ერთად, გერმანული „ბილდის” მიერ ორგანიზებულ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სრულიად შიშველი პოზირებდა. ამ ფოტოსესიით კორინმა ქალ ფეხბურთელთა შორის გამართული მუნდიალის გულშემატკივრობისკენ მოუწოდა სპორტის ქომაგებს.
ჰიზერ მითსი – ამერიკის შეერთებული შტატები
1978 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში დაბადებულ ჰიზერ მითსს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული. „ატლანტა ბიტის” მცველი მითსი 1999 წლიდან ირიცხება ნაკრების შემადგენლობაში და 2004, 2008 წლებში ოლიმპიადის გამარჯვებული გახლდათ გუნდთან ერთად. ჰიზერის მამა კარდიოქირურგია, დედა კი – მისი პირადი მწვრთნელი. 2010 წლიდან ჰიზერი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, კუოტერბეკის ეი ჯეი ფილის მეუღლეა.
გაეტანა ტინი – საფრანგეთი
ფრანგული „იუვისის” შემტევი ნახევარმცველი – გაეტანა ტინი საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირია. გაეტანა ხუთი წლის ასაკიდან დაინტერესდა ფეხბურთით და მისი მაშინდელი კერპი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, მიშელ პლატინი იყო. 1990 წელს გაეტანა „ბრიენის” ქალ ფეხბურთელთა გუნდის ასაკობრივ ჯგუფში ჩაეწერა და მას შემდეგ, ახლა უკვე 26 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი, დიდ სპორტშია. გავლენიან „ფრანს ფუტბოლს” არაერთხელ დაუსახელებია გაეტანა საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად. თავად გაეტანა, თანაგუნდელის, კორინ ფრანკოს მსგავსად, არ ერიდება თავისი სხეულის დემონსტრირებას და სიამოვნებით მონაწილეობს გულახდილ ფოტოსესიებში.
ნაიელი რანგელი – მექსიკა
მექსიკის 20 წლამდელ ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ნაიელი რანგელი ლათინურ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია. ნაიელი ადრეულ ასაკში დაინტერესდა ფეხბურთით და ამჟამად „ტიგრილასის” კლუბის წევრი და საუკეთესო ფეხბურთელია. ნაიელიმ შარშან გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა და სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამბობენ, 170 სანტიმეტრის სიმაღლის ნაიელის დიდი მომავალი აქვს ფეხბურთში და მისით ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან. სამოდელო სააგენტოები კი იმ დღეს ელიან, როცა ნაიელი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს, რომ პროფესიონალური თანამშრომლობა შეძლონ მოდის ინდუსტრიაში.
კაილინ კაილი – კანადა
„ვანკუვერ ვაიტკეპსისა” და კანადის ნაკრების ნახევარმცველი, კაილინ კაილი სამშობლოში ნებისმიერ მამაკაც ფეხბურთელზე ცნობილი სპორტსმენია. სხვადასხვა დროს, ახლა უკვე 23 წლის კაილის, კანადის 17 და 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების ღირსება დაუცავს. ახლა კი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ნაკრებთან ერთად ის 2011 წლის მუნდიალის მონაწილეცაა.
ელიზ პერი – ავსტრალია
სიდნეიში 1990 წელს დაბადებული ელიზ პერი ავსტრალიური ფეხბურთისა და კრიკეტის ვარსკვლავია. ელიზმა 16 წლის ასაკში დაიწყო თამაში და სპორტის ორივე სახეობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 2007 წლიდან ის ავსტრალიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრია და მშობლიური კლუბის, „კანბერა იუნაიტედის” მცველია. რამდენიმე ინტერვიუში პერის ნათქვამი აქვს, რომ ერთ დღეს სპორტის ამ ორი სახეობიდან ერთ-ერთს აირჩევს. თუმცა, ჯერჯერობით უჭირს არჩევნის გაკეთება და ცდილობს, თანაბარი დრო დაუთმოს ფეხბურთსაც და კრიკეტსაც.
ჟოზეფინა ეკვისტი – შვედეთი
ქერათმიანმა სკანდინავიელმა ლამაზმანმა, ფეხბურთელმა ჟოზეფინა ეკვისტმა მსოფლიოს თავი თამამი ქმედებებით დაამახსოვრა. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზეფინამ ერთ-ერთ გულშემატკივარ მამაკაცს მაისური გაუცვალა და სტადიონზე ათასობით შეკრებილი მაყურებლის თვალწინ, რამდენიმე წამით წელზემოთ შიშველი იდგა. ვიდეორგოლი ამ მომენტით უმალ გახდა „იუთუბის” ჰიტი. ცნობისთვის, ეკვისტი შვედეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და 2003 წლიდან ასპარეზობს პროფესიულ ფეხბურთში.
მადლენ გისკე – ნორვეგია
გერმანულ ნიურნბერგში დაბადებული მადლენ გისკე ნორვეგიის ნაკრების წევრია. მამამისი, ანდრეს გისკე წარსულში ნორვეგიის ნაკრების კაპიტანი იყო და ცნობილ გერმანულ კლუბებში „ლევერკუზენში”, „კიოლნსა” და „ნიურნბერგში” ასპარეზობდა. მადლენი მამის კვალს გაჰყვა და 2003 წელს, 15 წლის ასაკში, ქალაქ ბერგენის კლუბ „სანდვიკეში” ჩაირიცხა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი პროფესიული კარიერა. მადლენს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და ის ნორვეგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ნორვეგიელი სპორტული ჟურნალისტების აზრით, მადლენი სათამაშო სტილით ძალიან წააგავს მამას, ანდრეს გისკეს.
ალექს მორგანი – ამერიკის შეერთებული შტატები
კალიფორნიაში დაბადებული ალექს მორგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ასევე, ამ მუნდიალის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა. მუნდიალის ფინალურ მატჩში იაპონელებთან ალექსმა ანგარიში გახსნა. თუმცა, ჰომარე სავას ლიდერობით, იაპონიის ნაკრებმა „ხელიდან გამოგლიჯა“ მოგება ამერიკელებს და ნაკრებთან ერთად, ალექსი მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ცნობისთვის, ალექსის „ბოიფრენდი“ მოდელია და ჟურნალ „სპორტს ილუსტრეიდისთვის” საცურაო კოსტიუმებში პოზირებს.
ჟონელ ფილინიო – კანადა
21 წლის კანადელი ჟონელ ფილინიო წარმოშობით ონტარიოს ტბის მიმდებარე რეგიონიდან არის. ჟონელი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ფეხბურთით და 2008 წლიდან კანადის ეროვნული ნაკრების წევრია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაში და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ცნობისთვის, ჟონელს კანადაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და სექსუალურ სპორტსმენ ქალად მიიჩნევენ.