კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის დაწესდა დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და როდის ეხმარებიან მიცვალებულები საკუთარ ჭირისუფლებს

არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ცოცხალი ადამიანები გარდაცვლილ ახლობლებთან მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ მათი სულებისთვის, როგორ ვლოცულობთ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგომის მარხვის მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს მიცვალებულების ხსენების დღეა და ამ დროს ეკლესიაში მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდები აღესრულება. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

 

– დიდმარხვაში ზედიზედ სამ შაბათ დღეს მიცვალებულთა მოსახსენიებლად პანაშვიდები იხდება, წირვა ტარდება. თუმცა, ყოველი შაბათი ეკლესიაში მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ არის დაწესებული. ჩვენ ვიცით, რომ კავშირი მიცვალებულებსა და ცოცხლებს შორის უწყვეტია. ამიტომაც, ადამიანი მარხვას იწყებს იმის გააზრებით, გაცნობიერებით, რომ ის არა მხოლოდ საკუთარ თავსა და სულზე იზრუნებს, არამედ თავის მიცვალებულებზეც. მარხვა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ცოდვების შეგნება, გაცნობიერება, გამოსწორება, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. იმავდროულად, ჩვენს მიცვალებულებთან გაძლიერებული სულიერი კავშირით ვიწყებთ მარხვას, რადგან ამქვეყნად დარჩენილ და იმქვეყნად გადასულ ადამიანებს შორის კავშირი უწყვეტია და ყოველთვის არსებობდა. ყველა ქრისტიანი კარგად აცნობიერებს, რომ როგორც არ უნდა ცხოვრობდეს და რამდენ ხანსაც არ უნდა იყოს ამქვეყანას, ის ადრე თუ გვიან, მაინც იმ სამყაროში გადავა, სადაც გარდაცვლილები ცხოვრობენ: ეს იქნება ან ღვთის წიაღი, სრული ნეტარება; ან სატანჯველი, გამომდინარე იქიდან, ამქვეყნად როგორ ცხოვრობდა. ამიტომ, მიცვალებულებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ აქტი კი არ არის, არამედ ჩვენი კეთილი ნება, ზრუნვა, რომელსაც მათი სულების საოხად აღვასრულებთ. ეს ადამიანს კიდევ ერთხელ დააფიქრებს თავის ცხოვრებაზე, აწმყოზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლისთვის მკვდარი არავინაა, უფლის წინაშე  ყველა ცოცხალია. უბრალოდ, ერთნი აქ ვართ და მეორენი წუთისოფლიდან არიან გასულები და სულიერად აგრძელებენ ცხოვრებას. ასე რომ, ის კავშირი, რომელიც ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანებს შორის არსებობს, მეორედ მოსვლამდე, საყოველთაო განსჯამდე შენარჩუნდება. ამიტომ, სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, გარდაცვლილებზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. მათ სახელზე უნდა ვილოცოთ, აღვასრულოთ ქველი საქმეები, მოვიხსენიოთ, მათ სახელზე აღვასრულოთ წირვები, პანაშვიდები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, არამედ მათზეც. დედაეკლესია არ შედგება მხოლოდ ცოცხალი ადამიანებისგან, ის შედგება გარდაცვლილებისგანაც და ჩვენ ყველანი ერთმანეთზე ვზრუნავთ: ცოცხლები – მიცვალებულებზე, ხოლო მიცვალებულები – ცოცხლებზე. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში გადიან წმიდანები, რომლებიც უფალს სთხოვენ ჩვენს დახმარებას, შეწევნას, გვაძლიერებენ, ლოცულობენ ჩვენთვის. ამიტომაც არის ეს კავშირი უწყვეტი, რომელიც განსაკუთრებით დიდმარხვის პერიოდში ძლიერდება, როცა ზედიზედ, სამი შაბათი ჩვენ მიცვალებულებისთვის განსაკუთრებულად ვლოცულობთ.

– ამ დღეებში ადამიანებს ეკლესიაში მიაქვთ საჭმელი, ხილი, იხდება პანაშვიდი. თუმცა ბევრი ჭირისუფალი არ ესწრება მიცვალებულების სახელზე აღსრულებულ მსახურებას. მნიშვნელოვანია თუ არა თავად ადამიანების მონაწილეობა ამ მსახურებაში?

– ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვლილებს არ გააჩნიათ მატერიალური მოთხოვნილებები, არ სჭირდებათ საკვები, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოწყალების სახე აქვს და ეს აღესრულება ჩვენი მიცვალებულების სულების საოხად, მოსახსენებლად. ის ტრაპეზი, რომელიც ეკლესიაში მსახურებაზე მიგვაქვს, მოხმარდება მღვდელს, ასევე, შეჭირვებულ, უსახსრო ადამიანებს, ეკლესიის წიაღში ეს ყველაფერი იმიტომ არსებობს, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი ზრუნავს მიცვალებულზე და შემდეგ, საკუთარი მიცვალებულების პატივისცემით, ეხმარება სხვებსაც. ამით, გარკვეულწილად, თვითონაც იმსუბუქებს ცხოვრებას და მიცვალებულის სულზეც ზრუნავს. ეს მოწყალების ფორმაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს როგორც ღვთაებრივი მოწყალება, ასევე დემონურიც.

– რას ნიშნავს დემონური მოწყალება?

– ადამიანმა შეიძლება, ვინმეს გაუკეთოს სიკეთე, შეეწიოს ფინანსურად, ილოცოს მისთვის, მაგრამ ეს იყოს არა მისი შინაგანი მდგომარეობა. ამ დროს მას სურს, რამდენიმე ადამიანის, ან საზოგადოების წინაშე წარმოაჩინოს თავი. ასეთი ფაქტები დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრია: ადამიანები მიდიან  ბავშვთა სახლებში, ან მოხუცებულთა თავშესაფარში, მიაქვთ საკვები, რომ გამოკვებონ ისინი და ზოგჯერ ამას უფრო მეტად ფიარის, საკუთარი თავის შექების გამო აკეთებენ. ამ ყველაფერს რამდენიმე ტელევიზია იღებს, აცხადებენ: ჩვენ ასეთი კარგი საქმე გავაკეთეთო. რა თქმა უნდა, ეს ის სიკეთე აღარ არის. მარილი აკლია, რომელიც მას  ნამდვილ სიკეთედ აქცევს. უფალი გვასწავლის: როცა ერთი ხელი აკეთებს სიკეთეს, მეორე ხელმა ეს არ უნდა იცოდესო. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ სიკეთე მაინც სიკეთეა. მაგრამ, უანგარო, ადამიანის გულიდან წამოსული სიკეთე, განსხვავდება დემონური სიკეთისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიცვალებულთა მოხსენიების მიმართ არასწორი მიდგომა გვაქვს. არ ვიცით, მათ როგორ შევეწიოთ, როგორ ვილოცოთ მათთვის. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები მისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, რაც ძირითადად, მატერიალური შეწევნით გამოიხატება. უკეთებენ დიდ სუფრას, ძვირფას საფლავს, ყველაფერი პომპეზურია. რაც შეეხება მის სულზე ზრუნვას, ეს, სამწუხაროდ, მეორეხარისხოვანი ხდება.

– როგორ უნდა შეეწიოს ცოცხალი ადამიანი საკუთარ გარდაცვალებულს?

– უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იყოს ქრისტიანი. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მთელი ცხოვრება თუ არა, 40 დღის განმავლობაში მაინც ჩვენი ახლობლისთვის მხოლოდ პანაშვიდები კი არ უნდა გადავიხადოთ, მოსახსენებლები კი არ უნდა დავაგზავნოთ საკურთხეველში, თავად უნდა ვლოცულობდეთ მისთვის. ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები პანაშვიდზე არ მოდიან ეკლესიაში, მოსახსენებელში ჩამოწერენ გარდაცვლილების სახელებს და მეზობლებს ატანენ: მამაო მოიხსენიებსო. მამაომ შეიძლება, ის მოიხსენიოს, ან არც მოიხსენიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ, თუ შენ გინდა, ამ ადამიანს დაეხმარო, ეს თავად უნდა აღასრულო, თავად უნდა ილოცო მისთვის. რადგან ღმერთი ჩვენგან ელოდება სიყვარულს, გვერდში დგომის მაგალითს. ადამიანი, როდესაც ამქვეყნიდან გადის, ის ინდივიდი იყო და იმქვეყნადაც ინდივიდად რჩება. მას ხუთივე გრძნობა, რომელიც დედამიწაზე ადამიანად აქცევს, გარდაცვალების შემდეგაც, არა მხოლოდ უნარჩუნდება, არამედ უათმაგდება კიდეც. უფრო უკეთესად ხედავენ ყველაფერს, შეიგრძნობენ. ისინი ისევ ცოცხლები არიან, ყველას ხედავენ, ნათესავებსაც გრძნობენ, შვილებსაც, ყველას, უბრალოდ, ფიზიკური მოთხოვნილებები არ აქვთ. თუ ჩვენ მათზე ისე არ ვზრუნავთ, როგორც საჭიროა, ისინი ამას გრძნობენ, ხედავენ. ამიტომაც მათ სახელზე გაცემული მოწყალება, აღსრულებული ლოცვა პირდაპირ მოქმედებს მათ სულებზე. რაც შეეხება დიდმარხვის შაბათებს, როდესაც მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია, ამ დროს ადამიანი მხოლოდ მარხვით არ უნდა შემოიფარგლოს. მან უნდა იფიქროს საკუთარ ცოდვებზე, გააცნობიეროს, დაამარცხოს საკუთარ თავში არსებული პატარა დემონები ცოდვების სახით. ის, იმავდროულად, დაფიქრდება თავის გარდაცვლილ ახლობლებზე და უფრო გულით ილოცებს მათთვის, რადგანაც მათაც იგივე პრობლემები ჰქონდათ და ბევრი იმქვეყნად ცოდვებით დამძიმებული წავიდა. ადამიანს, რომელიც ამქვეყნად, ხორცში იმყოფება, გააჩნია თავისუფალი ნება, რაც მას ადამიანად აქცევს და ამ ნებას უფალიც კი არ ლახავს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ადამიანები ეწამონ, არამედ იმისთვის, მათ სწორი არჩევანი გააკეთონ ცხოვრებაში: მოხვდნენ ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. ადამიანი, რომელიც არ არის ღმერთთან ახლოს, არ ცხოვრობს სიყვარულით, არ ემსახურება უფალს, მორალს, დამახინჯებულია მისი ცხოვრება, ის თავად ირჩევს ჯოჯოხეთს. როგორც მამებს აქვთ ნათქვამი: ასეთი ადამიანი სამოთხეში რომ შევიყვანოთ და იქ დავტოვოთ, ვერ გაჩერდება და თავად მოითხოვს ჯოჯოხეთში გადასვლას. უფალი აქაც არ ლახავს მის თავისუფალ ნებას და ადამიანი იქ მიდის, სადაც თავად გადაწყვეტს ცხოვრებას. რადგან ადამიანს სიკვდილის შემდეგ არ გააჩნია თავისუფალი ნება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ამიტომ უნდა შეეწიონ მას ლოცვებით, რათა შეუმსუბუქონ მდგომარეობა, ტანჯვა. მეორედ მოსვლის ჟამს, ეს თავისუფალი ნება ყველას ექნება როგორც ცოცხლებს, ასევე მიცვალებულებს, რომლებიც საკუთარ სხეულს დაუბრუნდებიან და უკვე საბოლოოდ გადაწყვეტენ: სად იყვნენ – უფალთან, თუ დემონებთან და ამ დროსაც ადამიანი აკეთებს თავისუფალ არჩევანს.

 

 

скачать dle 11.3