ინტიმური საუბრები
დედა, ციხიდან გილოცავ დედის დღეს, თუმცა, ამ ტიტულის ტარების ღირსად არ მიმაჩნიხარ!
მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამაც ცოცხალი მყავდა და ბებია-ბაბუებიც, ბავშვთა სახლში გავიზარდე. თვეში ერთხელ (ზოგჯერ – ორ თვეში ერთხელ) ხან დედა მაკითხავდა და ხან – მამა (ბებია-ბაბუები წელიწადში ორ-სამჯერ მოდიოდნენ ჩემს სანახავად) და მეუბნებოდნენ, მალე სახლში წაგიყვანთო, მაგრამ, ისე გავხდი 15 წლის, ეს „მალე“ არ დამდგარა, რადგან, ორივეს თავ-თავისი ოჯახი ჰქონდა და ჩემთვის არც ერთს არ ეცალა. მამას მეორე ცოლთან ერთი შვილი ჰყავდა და ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა. დედას მეორე ქმარი კი ძალიან შეძლებული კაცი იყო, ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ და სამი მანქანა ედგათ გარაჟში. მართალია, ორი შვილი ჰყავდათ, მაგრამ, დედაჩემს რომ მოენდომებინა, ამხელა სახლში როგორმე ჩემს ადგილსაც გამონახავდა და ქმარსაც დაითანხმებდა, რომ მეც იქ ვყოლოდი, მაგრამ, ზედმეტი დატვირთვა და უხერხული სიტუაციები რომ აერიდებინა თვიდან, ერჩივნა, შვილი „პრიუტში“ ჰყოლოდა. ბებიებმა და ბაბუებმა კი, ჩემი აზრით, ერთმანეთის ჯინაზე თქვეს ჩემს გაზრდაზე უარი. ამას მერე მივხვდი, როცა წამოვიზარდე. დედაჩემის მშობლები რომ მოდიოდნენ ჩემს სანახავად, მამაჩემსა და მის ოჯახს ლანძღავდნენ და დებდნენ მიწაში; მამაჩემის მშობლები კი დედასა და მის მშობლებს ასწორებდნენ მიწასთან. საბოლო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ ყველამ გამწირა. მე გამოვედი განტევების ვაცი, იმათ ხუშტურებსა და ერთმანეთის სიძულვილს შევეწირე.
სანამ პატარა ვიყავი, ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ, დაახლოებით 14-15 წლისა მივხვდი, რომ ყველასთვის ზედმეტი ბარგი ვიყავი. დედაჩემიც კი, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უზომოდ მიყვარდა და ვაღმერთებდი, სანახავად რომ მოვიდოდა, წესიერად არც კი მომეფერებოდა, სულ საათზე იყურებოდა და მაქსიმუმ ნახევარ საათში გარბოდა. რომ ვთხოვდი, ცოტა ხანს კიდევ დარჩი-მეთქი, არც კი ერიდებოდა, ისე მეუბნებოდა – ძალიან მეჩქარება, ბავშვები მყავს ინგლისურიდან გამოსაყვანი და ცურვაზე მისაყვანიო. ვერც კი ხვდებოდა, როგორ მიკლავდა გულს ამ სიტყვებით. ფაცხაფუცხით რომ გაიქცეოდა, მივდიოდი ხოლმე ჩვენი პატარა სკოლის შენობის უკან, მივიკუნჭებოდი კიბის ქვეშ და ხმამაღლა ვტიროდი. იმ წუთებში ამქვეყნად ყველაზე მეტად დედა მძულდა, მაგრამ, გავიდოდა რამდენიმე დღე და ისევ უზომოდ მენატრებოდა. თან, სულ მქონდა იმედი, რომ შემდეგ მოსვლაზე გულში ჩამიხუტებდა, ჩამკოცნიდა და მეტყოდა – აბა, სად არის შენი ნივთები, სახლში მივდივართო. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი დღე არ დამდგარა.
ჩვენი ბავშვთა სახლიდან ზოგიერთი ბავშვი მშობლებს რამდენიმე დღით მიჰყავდათ სახლში და მერე ისევ უკან აბრუნებდნენ – ერთგვარი არდადეგებივით იყო. მათგან ვიცოდი, რომ ეს გაცილებით უარესია, ვიდრე მარადიული მოლოდინი ოჯახში დაბრუნებისა, რადგან, მერე უფრო მძიმე იყო იქაურობის ხელახლა შეგუება, მაგრამ, მაინც ვოცნებობდი, რომ, იქნებ ერთხელ მაინც წავეყვანე თავისთან დედას ან მამას – ძალიან მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ან ერთი, ან – მეორე და, საერთოდ, როგორი იყო იმ ადამიანების საცხოვრებელი, რომლებიც ოჯახებად ცხოვრობდნენ. ერთხელ ვერ მოვითმინე და დედას ვთხოვე, საშობაო არდადეგები გვაქვს და ერთი კვირით შენთან წამიყვანე-მეთქი. ისე შეიცხადა, უცებ მეგონა, რამე საშინელება ხომ არ ვუთხარი-მეთქი. მერე მითხრა, ჯერ ერთი, ამ არდადეგებზე ბავშვები მიგვყავს ბაკურიანში და სახლში არ ვიქნებით, მაგრამ, რომც ვიყოთ, მაინც ვერ წაგიყვან, რადგან, მეშინია, მათზე ცუდი გავლენა არ იქონიო და, ამიტომ, ჯობია, არ იცნობდეთ ერთმანეთსო.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველასთვის ზედმეტი ბარგი ვიყავი, რომ ჩემი არსებობისაც კი რცხვენოდათ, თუმცა ცუდი არაფერი მქონდა ჩადენილი. იმ დღეს, იმ წუთებში გადავწყვიტე, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება და შევასრულე კიდეც. როგორც კი ეს სიტყვები მითხრა, მაშინვე ავდექი, დედას თვალებში შევხედე და, სიძულვილით აღვსილმა ვუთხარი, აქ აღარასოდეს მოხვიდე, თორემ, საშინელებას მოგწევ-მეთქი. წარბიც არ შეუხრია, ისე მიპასუხა, შენგან მეტს არც მოველოდი, ეს არის მადლობის მაგიერიო? ამ „მადლობის მაგიერმა“ სულ მთლად გადამიყვანა ჭკუიდან და ისტერიკა დამემართა – წაეთრიე-მეთქი, მთელი ხმით ვუკიოდი დედაჩემს. ისიც მაშინვე ადგა და წავიდა.
მეორე დღიდან ვერავინ ვეღარ მცნობდა. ბიჭები 15 წლის ასაკში მაშინაც ძნელი დასამორჩილებლები არიან, კარგ ოჯახებში რომ იზრდებიან და, ხომ წარმოგიდგენიათ, მე რა დამემართებოდა. ერთი ჩვეულებრივი, დაჩაგრული ბავშვიდან უკანასკნელ ნაძირალად ვიქეცი. ვერჩოდი განურჩევლად ყველას, განსაკუთრებით კი დედაჩემის ასაკის ქალებს. სწავლას საერთოდ დავანებე თავი და, ყველა სიკეთესთან ერთად, წებოს ყნოსვა დავიწყე, რადგან ნარკოტიკზე ხელი არ მიმიწვდებოდა; ვჩაგრავდი ჩემზე სუსტებს, რამდენჯერმე დავჭერი კიდეც ჩემი ყოფილი მეგობრები და არასრულწლოვანთა კოლონიაში გადავინაცვლე ბავშვთა სახლიდან. ჩემთვის იმ ყველაზე უბედური დღის შემდეგ ჩემიანები აღარ მინახავს – ყველამ ოფიციალურად თქვა ჩემზე უარი (აბა, თავიანთ ანგელოზებს ხომ არ გააფუჭებდნენ!). ბავშვთა სახლის დირექციამ ისიც შეატყობინა ჩემს მშობლებს, რომ ბოლო დანაშაულისთვის 7 წელი მქონდა მოსჯილი (17 წლისა ჩამსვეს ციხეში), მაგრამ, მაინც არავინ მომაკითხა, იქაც უპატრონო ვიყავი, თუმცა, უკვე ვიცოდი, თვითონ როგორ უნდა მეპატრონა საკუთარი თავისთვის. დაპატიმრებიდან ხუთი წლის შემდეგ ციხეშივე ჩავიდინე დანაშაული და კიდევ 6 წელი დამიმატეს. ერთ დილას კი (იმ დღეს ჩემი დასაწვავი დაბადების დღე იყო, 24 წლის გავხდი) ბადრაგმა მითხრა, 12 საათისთვის მოემზადე, პაემანზე უნდა გაგიყვანონო. ჯერ მეგონა, მეხუმრებოდა, მაგრამ, მერე გავიგე, რომ სიმართლე იყო, თუმცა, არ იცოდა, ვის უნდოდა ჩემი ნახვა. მეც ვერ წარმოვიდგინე, ვის უნდა მოვნატრებოდი, რადგან, კაცისგანაც და ღმერთისგანაც დავიწყებული ვიყავი დაბადებიდან. ჯერ ვიფიქრე, არ გავალ, რაში მაინტერესებს, ვის გავახსენდი-მეთქი, მაგრამ, მერე მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ, თავი მოვიწესრიგე და პაემნების ოთახში გავყევი ბადრაგს. ცოტა ხანში ჩემ წინ შავებში ჩაცმული ოციოდე წლის ულამაზესი გოგო დაჯდა და დიდხანს მიყურა თვალებში დაჟინებით, თან ცრემლი სდიოდა ღაპაღუპით. მისმა სათნო სახემ ჩემი ქვის გულიც კი გაადნო და, რაღა დაგიმალოთ, დამაბნია კიდეც, მაგრამ, გადავწყვიტე, ხმა არ ამომეღო, თვითონ ეთქვა, ვინ იყო და რა უნდოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ცრემლი მოიწმინდა. სული მოითქვა და მითხრა, მამაშენი გარდაიცვალაო. ჩემთვის ეგ კაცი ყოველთვის მკვდარი იყო, უფრო სწორად, ერთმანეთისთვის ვიყავით მკვდრები. შენ ვინ ხარ და რა გინდა, მაგის სათქმელად თუ მოხვედი, ტყუილად შეწუხებულხარ, რადგან, სულ მკიდია, ეგრეთ წოდებული მამაჩემი მიწის ზევით ივლის თუ მიწის ქვეშ დაწვება-მეთქი. გოგონამ ისევ თვალებში შემომხედა და მითხრა, მე შენი და ვარ და აქ მამაჩვენის სურვილით მოვედი. სიკვდილის წინ მიამბო შენ შესახებ ყველაფერი. მე არც კი ვიცოდი, რომ ძმა მყავდა, თორემ, აქამდეც მოგძებნიდიო.
მე ბოროტად ჩამეცინა და ვკითხე, მამაშენს რა ეტაკა, რატომ მოისურვა სიკვდილის წინ ცოდვების მონანიება-მეთქი. მამას კიბო ჰქონდა და ორი წელი საშინელი ტკივილები სტანჯავდა, მაგრამ, გამაყუჩებლებს არ გვაკეთებინებდა – იქნებ ამ წამებით სანახევროდ მაინც გამოვისყიდო დანაშაული, რომელიც ჩემი ბიჭის წინაშე მაქვს ჩადენილიო, – მითხრა ჩემმა ციდან მოვლენილმა დამ, – მაშინ გავიგე, რომ უფროსი ძმა მყავდა და მამას ვთხოვე, ყველაფერი მოეყოლა შენ შესახებ. მე ახლა ყველაფერი ვიცი და მინდა, დაგეხმაროო.
– შენ როგორ უნდა დამეხმარო, მე უკვე ხელიდან წასული კაცი ვარ, თანაც, კიდევ რამდენიმე წელი უნდა ვიჯდე ციხეში და, თუ ცოცხალი გამოვედი აქედან, ვერც მერე მოგცემ პირობას, რომ ანგელოზად ვიქცევი. ამიტომ, ჯობია, დამივიწყო და შენს თავს მიხედო. მთელი ცხოვრება მგელივით მარტო ვიყავი და არც ახლა მჭირდება არავინ-მეთქი. სამაგიეროდ, მე მჭირდები. დედა შარშანწინ გარდამეცვალა, ახლა მამაც დავასაფლავე და სულ მარტო დავრჩი. შენ ჩემი ძმა ხარ და უფლება არ გაქვს, ხელი მკრა, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებიაო.
ავდექი და ბადრაგს ვთხოვე, გამიყვანე-მეთქი. ჩემს დას კი ვუთხარი, აქ მოსვლა აღარ გაბედო, ეს შენისთანა გოგოების სასიარულო ადგილი არ არის-მეთქი. მან კი გამიღიმა და გულწრფელად მითხრა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან მჭირდებიო, ყელში ბურთი მომაწვა და კინაღამ დავიხრჩვი. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს ეს ორი, მართლაც მაგიური სიტყვა. საკანში რომ შევედი, მთელი დღე ხმა არ ამომიღია, ჩემს დაზე ვფიქრობდი და, მართალია, მოსვლა ავუკრძალე, მაგრამ, მეორე დღიდან, ჩემდაუნებურად, სულ მის მოსვლას ველოდი. მართლაც, ორი კვირის შემდეგ ისევ გამიყვანეს პაემანზე. ამჯერად ჩვენი შეხვედრა უფრო თბილი იყო. იმის შემდეგ ჩემი მაცაცო დაბარებულივით მეცხადება თვეში ორჯერ და თავისი ჯადოსნური თვალებით, ხმით და სიტყვებით, ნელ-ნელა მაბრუნებს ცხოვრებისკენ.
მას მერე რამდენიმე თვე გავიდა და ნამდვილად გვრძნობ, თანდათან როგორ ვხდები ადამიანი. თუმცა, როგორც კი დედაჩემის ბოლო ვიზიტი გამახსენდება ბავშვთა სახლში, საშინელი აგრესია მიპყრობს იმ ქალის მიმართ, ვინც, სამწუხაროდ, გამაჩინა და, ვისაც სრულიად შემთხვევით მიანიჭა ბუნებამ ის ტიტული – დედობა – რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია.
ჩემი წერილის ბოლოს კი, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, მაინც ვულოცავ ჩემს აწ უკვე საძულველ ქალს დედის დღეს და ვუსურვებ, არსად არასდროს შემხვდეს – ორივესთვის ასე აჯობებს.
გაგა, 25 წლის.
ჩემი დის მეგობარი ბინას მართმევს
ჩემს დას ბავშვობის მეგობარი ჰყავს – სოფო. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, შეიძლება ითქვას, ჩვენს სახლში გაიზარდა. ყოველთვის ჩემს მეორე დად მიმაჩნდა.
ამ რამდენიმე თვის წინ სოფომ ერთი ბიჭი გაიცნო, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ, სოფოს მშობლებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ არისო. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიყავი იმ ბიჭით აღფრთოვანებული, თუმცა, რადგან სოფოს ასე ძალიან უყვარდა, ძმად მივიღე. მე, როგორც კაცს, შეიძლება, სხვა რაღაც შენიშვნები და პრეტენზიები მქონდა მის მიმართ, მაგალითად, არც სწავლობდა, არც მუშაობდა და არც სურვილი ჰქონდა რამე ეკეთებინა. ისე კი, გულით კეთილი ადამიანი იყო, თუ რამეში დაგჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. მისი დადებითი მხარე კი ის იყო, რომ არ გახლდათ ქუჩის ბიჭი. სოფოს მშობლები კი სასიძოს ძირითადად იმით იწუნებდნენ, რომ არც ბინა ჰქონდა (მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, თბილისის გარეუბანში) და არც საკუთარი შემოსავალი. მართალია, სოფო მუშაობდა, თანაც, არცთუ ურიგო სამსახურში, მაგრამ, სოფოს დედ-მამის თქმით, ახალგაზრდა კაცი თავიდანვე რომ თანახმაა, საცოლის კმაყოფაზე იცხოვროს და თვითონ ხელი არ გაანძრიოს, ეს მის დადებით მხარეებზე დიდად არ მეტყველებს. სხვათა შორის, მეც ვეთანხმებოდი სოფოს მშობლებს და ჩემი დაც, მაგრამ, ჩვენ რა უფლება გვქონდა, აქტიურად ჩავრეულიყავით თუნდაც უახლოესი მეგობრის პირად ცხოვრებაში. ამიტომ, ძალაუნებურად, მისი თანამზრახველები გავხდით და, როცა მშობლების მხრიდან აკრძალვების, ჩხუბის, ისტერიკების, კუდში დევნისა და სახლში ჩაკეტვების შემდეგ, მაინც მოახერხა, დედ-მამას გაჰპარვოდა, თავის საქმროსთან ერთად ჩვენ მოგვადგა კარზე – გვიშველეთო. შველა იმაში მდგომარეობდა, რომ, არც ფული ჰქონდათ და არც თავშესაფარი. რა უნდა გვექნა, მივეცით მე და ჩემმა დამ ას-ასი ლარი (მეტი არ გვქონდა და ჩვენი ოროთახიანი ბინა შევთავაზეთ დროებით საცხოვრებლად, რომელიც საბურთალოზე მდებარეობდა (ადრე გაქირავებული გვქონდა, მაგრამ, მდგმური გავუშვით, რადგან რამდენიმე თვეში მეც ვაპირებდი ცოლის მოყვანას და მინდოდა, მანამდე ცოტა შემერემონტებინა).
სოფომ და აჩიკომ მაშინვე, ყოველგვარი უხერხულობისა და მადლობების გარეშე მიიღეს ჩვენი წინადადება და შეგვპირდნენ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ბინას დაგვიცლიდნენ, მაგრამ, აგერ უკვე თითქმის წელიწადი გავიდა და არც არაფერს ფიქრობენ. მათ გამო ჩემი ქორწილი გადავდე, თუმცა, როგორც ვატყობ, საერთოდ არ აპირებენ ჩემი ბინის დაცლას. ყველა სიკეთესთან ერთად, სველი წერტილებით დაწყებული, იატაკითა და ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ისე გააფუჭეს, რომ, თუ ჩემს ბინას მანამდე მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა, ახლა ყველაფერი თავიდან და კაპიტალურად არის გასაკეთებელი (რომ აღარაფერი ვთქვა ჭურჭელზე, თეთრეულზე, ტექნიკასა და სხვა ნივთებზე). ამას წინათ დედაჩემმა ვეღარ მოითმინა, მივიდა სოფოსთან და სთხოვა, რაც გაგვიფუჭეთ, იმას არ გადაგახდევინებთ, მაგრამ, ერთ თვეში ბინა აუცილებლად უნდა დაგვიცალოთ. ხომ უკვე შეურიგდით მშობლებს, ჰოდა, ახლა იმათთან გადადით საცხოვრებლადო. სოფომ კი, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მაინც მოეხადა, თავხედურად უპასუხა: მე ეს ბინა თქვენ კი არა, თქვენმა შვილებმა მათხოვეს. ახლა ორსულად ვარ და აქეთ-იქით წოწიალის თავი არ მაქვს. სანამ ბავშვს არ გავაჩენ და არ წამოვზრდი, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლიო. აბა, შენ გამო ჩემმა შვილმა ცოლი აღარ შეირთოსო? – გაგიჟდა დედაჩემი. იმ უზრდელმა გოგომ კი უპასუხა: ვინ უშლის, შეირთოს და თქვენთან იცხოვრონ, თუ ასე კარგია ახალდაქორწინებულების კოლექტივში ცხოვრებაო.
საწყალი დედაჩემი აკანკალებული დაბრუნდა იქიდან. მერე იძულებული გავხდით მე და ჩემი და, ორივეს მშობლებთან ცალ-ცალკე მივსულიყავით, მაგრამ, ორივეგან დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს: როცა ჩუმ-ჩუმად ხელს უწყობდით და თავშესაფარს აძლევდით, რომ არაფერი გიკითხავთ ჩვენთვის? ჰოდა, ნურც ახლა მოდიხართ და თავს ნუ გვახვევთ თქვენს პრეტენზიებს. როგორც შეიფარეთ, ისე გაყარეთ თქვენი ბინიდანო. ძალიან კი გავბრაზდი, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მართლები არიან (თუმცა, სინდისიერებით ვერც შვილები და ვერც მშობლები ვერ დაიკვეხნიან) და ახია ჩვენზე.
სოფომ დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს. რა თქმა უნდა, ისევ ჩემს ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ, ახლა სხვა რამ მაღელვებს: სამშობიაროს ხარჯები და ბავშვის რჩენაც ჩვენ არ აგვკიდონ – რა ვიცი, მათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
დათო, 28 წლის.