რატომ იქცა ლევან ყოჩიაშვილი საოცნებო მეუღლედ და სად მოიტეხა ცხვირი ანი ტყებუჩავამ
ამ წყვილს ქართულ სატელევიზიო რეალობაში საუკეთესო ურთიერთობა აქვს. ლევან ყოჩიაშვილის გმირი, მართალია, ტრადიციული ქართველი მამაკაცია, მაგრამ, იმდენად რბილი და თბილი ხასიათი აქვს, რომ სუფრაც უხდება, გაბრაზებაც და გინებაც. ანი ტყებუჩავას გმირი კი იობის მოთმინებით ითმენს ყველა იმ სიგიჟეს, რომელიც მის სახლში ხდება.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
ანი ტყებუჩავა
– ლევან, როგორ ახერხებ, რომ იყო ასეთი საყვარელი და გადასარევი ქმარი? ჩემ გარშემო ყველა გიჟდება, ყველას ასეთი ქმარი უნდა. როგორ ახერხებ ამას?
– (იცინის) ვაიმე, რა უცნაურია შენგან ასეთი კითხვების მოსმენა!
– თქვი ახლა შენი საიდუმლო.
– აქ ბევრი საიდუმლოა – პარტნიორის, რეჟისორის, სცენარისტის...
– სცენარისტს უწერია „იბიომატ” და შენ ამას ისე ამბობ, რომ არავინ ღიზიანდება. ძალიან საყვარლად იგინები.
– არ ვიცი, ალბათ, ამას განსაზღვრავს ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, პლუს ცხოვრებიდან, ყოველდღიურობიდან, გარშემო მყოფებისგან ვიღებ რაღაც ელემენტებს და, საერთო ჯამში, დათო კარგი ტიპი გამოვიდა.
– შენი მეუღლე თუ გეუბნება, ნეტავი სახლშიც ასეთი იყოო? კმაყოფილია იმით, რასაც ეკრანზე ხედავს?
– სხვათა შორის, მართლა ამბობს, ნეტავ ხანდახან სახლშიც ასე იქცეოდე, არ იქნება ურიგოო.
– ისე, მეც იმავეს მეუბნებიან.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ცუდი ვარ და იქ ჩემი ხასიათის უარყოფით თვისებებს ვავლენ. სიმართლე გითხრა, აქ უარყოფითად არასდროს ვიტვირთები; სამსახურის პრობლემებს რომ სახლში, მეუღლესთან ტოვებენ, ასე არ ვიქცევი. აქ ძალიან სასიამოვნო გარემოში ვართ, თან, შედეგს რომ კარგს ვიღებთ, სერიალი რომ კარგი გამოდის და ყველას მოსწონს, ჩემი დაღლა სრულიად უფერულდება. ოჯახში ემოციების გაზიარება, რა თქმა უნდა, ხდება. სულ აინტერესებთ, მერე რა მოხდება, მომდევნო სერიაში რა იქნება, მაგრამ, ინტრიგას სულ ვტოვებ, ბოლომდე კარტებს არ ვხსნი.
– ძალიან კარგი მამა ხარ ჯეკოსთვის და კატოსთვის. რეალურად რა ხდება, ხარ ყურადღებიანი მამა?
– ჩემი გოგონა უფროსია, უკვე 13 წლის არის, ბიჭი კი ქეთას, ანუ, კატოსხელაა. მართალია, ახლა იმდენად აღარ მცალია, მაგრამ, 13 წლამდე ბავშვი ხომ გავზარდე? პატარები რომ იყვნენ, ბავშვებს ყველაფერს ვუკეთებდი, ჩემს მეუღლესთან ერთად ყველა ტიპის სამუშაოს ვასრულებდი (იცინიან). ვაბანავებდი, ვუცვლიდი, ვაძინებდი, ვაჭმევდი. ახლა, რაც უფრო იმატებს სამუშაო, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ მათ, მაგრამ, მაინც ვცდილობ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება მათთან ერთად ვიყო, მონაწილეობა მივიღო მათ სწავლა-განათლებაში.
– სერიალებთან რა შეხება გქონდა აქამდე?
– მითამაშია სერიალებში, მაგრამ, ასე მთავარი გმირი არ ვყოფილვარ. ეს საინტერესო სამუშაოა და ჩვენ ამაზე ხშირად გვილაპარაკია, დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის. სულ ფორმაში უნდა იყო, მობილიზებული. რაღაც, კარგად დაიწყო ამ სერიალზე მუშაობა – თავიდანვე საინტერესო გამოვიდა, გადაღებების დაწყებამდე გიორგი ლიფონავამ ისე მოგვაწოდა იდეა, დამოკიდებულება, როგორ უნდოდა, რომ გვემუშავა – მივხვდით, კარგი სერიალი გამოვიდოდა.
– ლიფონავას აქვს იმის უნარი, რომ, ყოველთვის ერთი ნაბიჯით, თუ მეტით არა, წინ იყოს თავის თანამედროვეებზე; ნოვატორია და ყოველთვის საინტერესოა მისი ნამუშევარი. ეს სერიალიც განსხვავებულია, ფილმივით უფროა ვიდრე სერიალივით. თან, მსუბუქია, ფერადი: ქალებზე, მათ მამაკაცებზე, იმ მამაკაცების სხვა ქალებზე. ყველასთვის ნაცნობი გმირები არიან – შენი მეზობელი რომაა, მეგობარი ან თვითონ შენ.
– ამ მხრივ მართლა არ გვინერვიულია, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მან აგვიხსნა. გიორგიმ გვითხრა, თუ ამყვებით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩვენც პირველივე წუთებიდან ავყევით. ჩვენი შეხვედრა მანამდე მოხდა, მაგრამ, სერიოზულად პირველად კინოზე ვიმუშავეთ. „ჭამა და სექსში“ შედგა ჩემი და შენი ტანდემი, იქ დაიწყო ჩვენი „სიყვარული“.
– ეს ფილმიც საკმაოდ მწვავე სოციალურ თემებს ეხებოდა და ძალიან კრიტიკული იყო, უბრალოდ, ჟანრმა არ მისცა ხალხს აღშფოთების უფლება, მძიმედ არავის გადაუტანია. მოხვდათ, მაგრამ, არა მტკივნეულად.
– გიორგისთან ძალიან ადვილია მუშაობა, ადვილად გიხსნის, რა უნდა, გაჯერებს ამას და ძალიან რბილად იმდენად მტკივნეულ თემებს ეხები, რომ, როგორც მსახიობი, მართლა კმაყოფილი ხარ. როგორც იტყვიან, „ტონკად” გავატარეთ საინტერესო თემები. არანაირი უხერხულობა არ ყოფილა თუნდაც ისეთი სცენების მიმართ, რაზეც, შეიძლება, უხერხულობა შექმნილიყო. მოკლედ, იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და სერიალში უკვე გამრავლებულები გადმოვედით (იცინიან).
– დაორსულების მიზნით ფეხების აწევის მეთოდი გამართლებული ყოფილა (იცინიან) – აგერ უკვე ორი შვილი გვყავს. ლევან, მითხარი, თავისუფალ დროს როგორ ატარებ, აქედან რომ ეგრევე გავრბივართ, მერე რა ხდება?
– ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. მეოჯახე, სახლის ტიპი ვარ. ჩემს ძმებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ყოფნაზე ვგიჟდები. სახლის კაცი ვარ და ასე ვიყავი პატარაობიდან, დიდი თავგადასავლებისა და ხეტიალის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ზურგჩანთა გადავიკიდე და მთები შემოვიარე – ეს ჩემი გასართობი არ არის. თუ სადმე მივდივართ, აუცილებლად ერთად.
– ქართული ტრადიციული სუფრა, თამადობა – ეს თემები ძალიან ახლოს არის დათოსთან. შენთან რა ხდება ამ მხრივ?
– მეც მიყვარს ძალიან, ამაში მე და დათო ვგავართ ერთმანეთს. თამადობაც მიყვარს, მაგრამ ვიწრო წრეში. უნდა ვიცნობდე ყველას, საერთო ამბები, ისტორიები, მოსაყოლი უნდა გვქონდეს. მიწვევით თამადა არ ვარ, არავის რომ არ იცნობენ და ლექსად რომ ყვებიან სადღეგრძელოებს (იცინიან).
– მსახიობი რომ ხარ, უნდა ითამაშო თამადა.
– მსახიობი ხარ და, აბა, ლექსები გვითხარი.
– ისე მაგიჟებს ეს თემა, ვერ წარმოიდგენ. „მსახიობი ხარ და, აბა, რამე მოიფიქრე, ლექსი წამიკითხე“ – ვაიმე, როგორ არ მიყვარს, მბურძგლავს, ამას რომ მეუბნებიან. როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ ლექსი წავუკითხო?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან ყოჩიაშვილი
– ანი, ლექსების წაკითხვა და მიძღვნა არ გიყვარს. რომანტიკული ხარ?
– კი, ვარ. გოიმურად არ უნდა გააკეთო, თორემ, შეიძლება, ლექსის წაკითხვაშიც იმხელა რომანტიზმი დავინახო, დავდნე.
– აი, მესიჯად რომ მოგივიდეს: „ჩემი ღამის მანათობელი ვარსკვლავი ხარ და მზესავით მათბობ“...
– რა სისულელეა! (იცინიან). სხვათა შორის, „ფეისბუქზე” ერთმა ბიჭმა მომწერა მსგავსი საოცრებები და იმდენი ვიცინე, შენ გაიხარე, ასე რომ გამართე-მეთქი – მივწერე. ალბათ, მასაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, თორემ, ასეთ წინადადებებს რას მოიფიქრებდა! (იცინიან) ზოგადად, ასეთი ფრაზებიც უთქვამთ ჩემთვის, ეგრეც კი არ არის, თან, ლამაზადაც უთქვამთ, მაგრამ, აი, ფორმას გააჩნია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოცდამეერთე საუკუნეში რომანტიზმმაც სახე იცვალა. კოშკიდან თმა ჩავუშვი და თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი მოვიდეს და თმას ამოჰყვეს – ამის არ მჯერა. არც ნაწნავები მაქვს მაგსიგრძე და არც რაშით მაკითხავს ვინმე.
– აბა, რა არის შენთვის რომანტიზმი?
– არ ვიცი, ალბათ, ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გამოიხატება. როდესაც ადამიანს კარგად იცნობ, გიყვარს, იცი, რა უხარია და, გინდა, სულ ასიამოვნო – ეს არის რომანტიზმი. როდესაც ძალიან გიყვარს, იმ დროს, ალბათ, მსგავსი იდეებიც მოგდის. ვიღაცისთვის, შეიძლება, გადასარევი გართობაა სადღაც ტყეში წაიყვანო, ორი დღე მარტო დააგდო და მერე ჩააკითხო – გილოცავ დაბადების დღესო. არც ესაა ჩემთვის რომანტიზმი და რა ვქნა?! ეს არის რაღაც თავგადასავალი.
– თავგადასავლები თუ გიყვარს?
– საკმაოდ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თუ თავგადასავლები არ გიყვარს, ის არც ხდება. ალბათ, უნდა გარისკო, რომ მერე რაღაც ამბავშიც გაეხვიო. გარისკვა და შედარებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება სულ ცოტა ხანია, რაც დავიწყე. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ, არ მოვკვდები, თუ ეგრე მოვიქცევი. ისე, საშინლად ფრთხილი ვარ. ისეთ ელემენტარულ რაღაცეებზე შემიძლია ბევრი ფიქრი, რომ მერე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. შეიძლება, ცუდი მაგალითია, მაგრამ, ერთხელ „მარშუტკიდან” ნაცნობი დავინახე, ვინც ვიცი, რომ ჩემს გზაზე მოდის, მაგრამ, სანამ მოვიფიქრებ, რომ იქ ჩავიდე, იმდენი საპირისპირო აზრი მიჩნდება და ისე გავცდები იმ ადგილს, მერე ჩამოსვლას აზრიც აღარ აქვს. ამდენი ფიქრია ჩემი სატანჯველი. ყველას, ვისაც ჩემთან ახლო ურთიერთობა აქვს, იცის და ისინიც ჩემთან ერთად იტანჯებიან ამის გამო. სულ საპირისპირო აზრებში ვარ. ზოდიაქოთი სასწორი ვარ და, სანამ ამ წონასწორობას მივაღწევ საკუთარ თავში, უამრავ კითხვას უნდა გავცე პასუხი. ვიცი, რომ დამღუპველი არ არის, თუ ამდენს არ ვიფიქრებ და, ჯობია, რაღაცეებს იგნორი გავუკეთო, მაგრამ არ შემიძლია. თავს ვიღლი ზედმეტად.
– ახლა ხომ მოიტანა ცხოვრებამ, რომ უფრო რისკიანი გახდი?
– კი, მოიტანა. წლებთან ერთად მეტს სწავლობ, მეტჯერ გტკივა გული, მეტჯერ იტეხ ცხვირს იმაზეც კი, რაზეც ბევრი გიფიქრია. თან, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას აგროვებ ნაადრევ ასაკში, რადგან შენთვის უცხო რაღაცეებზე გელაპარაკებიან. თეატრალურის თინეიჯერი, მეოცნებე სტუდენტი ხარ და იქ ისეთ რაღაცეებს გიხსნიან, რაც შენი ასაკისთვის ძნელი გასაგებია. თან, ინსტიტუტსაც ხომ გააჩნია. პირველ დღეს სახლში რომ მოვედი, დედაჩემი თავწაკრული, წნევიანი დამხვდა – უკვე გაგებული ჰქონდა, რომ „გეპეიში” კარგი ფაკულტეტები იყო და მეხვეწა, დედიკო, გადავიტანოთ საბუთებიო. ან ძალიან გვიან, ან საერთოდ არ მოვდიოდი სახლში. ისე გვიან გამოვდიოდით თეატრალურიდან, რომ, ვინც ყველაზე ახლოს იყო, ტაქსის ფულს ავაგროვებდით და იმასთან ვრჩებოდით. ფული არასდროს გვქონდა და მთელი დღე „კოკა-კოლასა” და ხაჭაპურზე ვიყავით.
– თან, ჩვენი პროფესია ძალიან სტრესულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთელი ცხოვრება გირჩევენ. შენ არჩევნის საშუალება არ გაქვს. სულ გირჩევენ, სულ ელოდები, სულ ფიქრობ, როგორ მოაწონო თავი, მოანდომო, რომ კინოში ან სპექტაკლში აგიყვანონ. მერე კი ეჩვევი ამ სიტუაციას, მაგრამ, ყველაფერს მაინც სულ ახლავს მტკივნეული განცდები. მერე იწყება იმაზე ფიქრი, რომ, დღეს კი გაქვს სამუშაო, მაგრამ, შეიძლება ხვალ აღარ გქონდეს და ამას მოჰყვება ისევ დიდხნიანი ლოდინი.
– თან, ეს იწყება იქვე, თეატრალურში, პირველი დღიდან.
– ამბიციური პროფესიაც არის.
– ამბიციაც არის და ამბიციაც. არც სიდებილემდე თავმდაბლობა ვარგა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ეს უფრო იგებს ადამიანობის თვალსაზრისით, ვიდრე ზედმეტი ამბიციურობა. უხმო თამაშია ყველაზე რთული. ამდენი რამე ვითამაშე – სპექტაკლი, კინო, მაგრამ ეტიუდის ხსენებაზე ისე ვიძაბები, ვერ აგიწერ. უხმო ეტიუდში კარგად ჩანს, რა შეგიძლია; ჩვენი რეჟისორი სულ გვეუბნებოდა: კი ნუ ამბობთ, გააკეთეთო. ესაა ჩვენი პროფესია – უნდა გააკეთო. ეს პროფესია სამსახურად ვერავისთვის იქცა. ვხვდები, რომ ჩემთანაც, ჩემს ფსიქოლოგიაშიც ვერ გადატყდა ეს დამოკიდებულება – ოღონდ სამუშაო გვქონდეს. ერთ რამეს მივხვდი: ან კარგი რეჟისორი უნდა იყოს ან – ნორმალურად გიხდიდნენ, რომ გიღირდეს მუშაობა და იმის კეთება, რასაც ამდენ ხანს სწავლობდი და, ასე თუ ისე, კარგად იცი. თან, სახლში დაჯდომაც რომ არ შეგიძლია, ეს კიდევ უარესია. მოყვარულებთან მიმუშავია და ამის გამო ყველა მკიცხავდა – რა გინდა, გული გვიკვდება, მანდ რომ ხარო; მაგრამ, მათ არ იციან, რა საშინელებაა სახლში ჯდომა.
– ყველაფერი გავიწყდება. ეს არ არის ველოსიპედის ტარება, ერთხელ რომ ისწავლი და სულ იცი.
– ნამდვილად. თუ სულ საქმეში არ ხარ, გეწყება მეტყველების პრობლემა, მერე ამაზე ნერვიულობ და კიდევ უარესი გემართება ადრე თუ მოქნილი იყავი, გეკეტება ორგანიზმი და მოუქნელი ხდები.
– სამუშაოა ამ ყველაფრის წამალი.
– ალბათ, ჩვენი შემდგომი თაობა მიხვდება, რომ, შეიძლება, ცუდი სიტყვაა „პროდუქტი“, მაგრამ, პროდუქტად აღიქვას თავი და მის გაყიდვაზე იზრუნოს.