კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო პიონერი ჯემალ ღაღანიძის ხელმძღვანელი გურამ საღარაძე და რა უწინასწარმეტყველა ამ უკანასკნელმა მას

 

რუსთაველის თეატრის დასის მსახიობს, ჯემალ ღაღანიძეს კარგად იცნობს ქართველი და არა მხოლოდ ქართველი საზოგადოება. უყვართ, აღიარებენ, აფასებენ... ჩემი მხრივ, იმას გეტყვით, გარდა იმისა, რომ ბატონი ჯემალი ბრწყინვალე მსახიობია, ის ასეთივე რესპონდენტი გახლავთ.  ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ მასთან პირობითად შეიძლება ასე დავასათაუროთ: როგორ გახდა საინგილოელი ჯემალ ღაღანიძე მსახიობი.  

ჯემალ ღაღანიძე: ჩვენ, ღაღანიძეები, წარმოშობით სამტრედიის რაიონის, სოფელ ღანირიდან ვართ. ცნობისთვის, ეს ძალიან სახელოვანი სოფელია, იმით, რომ იქიდან იყო ეროსი მანჯგალაძე, ჩვენი სახელოვანი მოჭიდავე – ვახტანგ ბალავაძე, ლია ელიავას დედა და შემდეგში მეც დავემატე ამ ხალხს.

– იქ დაიბადეთ?

– არა. ვამბობ ხოლმე, მე ღანირელი, სამტრედიელი ვარ-მეთქი. ღანირი ჩემი მამაპაპისეული კუთხეა. იქიდან წამოვიდა მამაჩემი. სამტრედიამაც ამირჩია საპატიო მოქალაქედ.

– ესე იგი, მათაც უყვარხართ...

– მახარებს ეს ამბავი. ვხუმრობ ხოლმე, ფილოსოფიაში შევდივარ-მეთქი. სპექტაკლი გვქონდა – „ფილოსოფიის დოქტორი”. მასში, გოგი გეგეჭკორისა და ეროსი მანჯგალაძის ასეთი დიალოგი იყო: „თუ იცი შენ, რა არის ფილოსოფია?” – არაო. „ფილოსოფია არის ის, შენ რომ ლაპარაკობ, მე არ მესმის და მე რომ ვლაპარაკობ, შენ არ გესმის” (იცინის). აქედან გამომდინარე, მეც გადავდივარ ხანდახან ფილოსოფიაში და ვიცი თქმა: ადამიანის წლების ათვლა იქიდან კი არ უნდა დაიწყოს, როცა დაიბადა, არამედ იქიდან, როდესაც დედის მუცელში მისი გულისცემა დაიწყო. ამიტომ, მე გამოვთვალე, რომ ღანირში ვარ ჩასახული. ჩემი 4 წლით უმცროსი ძმა ყოველ ზაფხულს იქ დაჰყავდათ დედაჩემსა და მამაჩემს. მეც ზაფხულში ვარ ჩასახული. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე, თბილისელი ვარ, თბილისში დავიბადე და ახლა რომელ სახლშიც ვიმყოფებით დოლიძის ქუჩის მიდამოებში, სამშობიაროდან ამ სახლში გამომიყვანეს. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ უკვე 78 წელია. 

– აბა, რაღა შუაშია საინგილო? იმედია, ამ კითხვაზეც ფილოსოფიურად არ მიპასუხებთ...

– (იცინის) ამაზე უკვე ნამდვილად გიპასუხებთ. მეექვსე-მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მშობლებმა პიონერთა ბანაკში წამიყვანეს  ქვიშხეთში. პიონერთხელმძღვანელად იქ დამხვდა გურამ საღარაძე, მაშინ არ იყო მსახიობი, სტუდენტი გახლდათ, მეოთხე კურსზე გადადიოდა. თეატრალური ინსტიტუტიდან სხვებიც იყვნენ პიონერთა ხელმძღვანელებად. მოვხვდი მათ გარემოცვაში... ცოცხალი, აქტიური ბავშვი ვიყავი – ვცეკვავდი, ვმღეროდი და მითხრეს: შენგან არტისტი უნდა გამოვიდესო. არ ვიცი, შესაძლოა, ისინი მეხუმრებოდნენ, მაგრამ მე ეს სიტყვები გულში ჩავიდე და მიზნად დავისახე, მსახიობი გამოვსულიყავი. თბილისში რომ დავბრუნდი, გურამ საღარაძემ საკურსო სპექტაკლზე დამპატიჟა. მათი პედაგოგები იყვნენ – აკაკი ხორავა და დიმიტრი ალექსიძე. ერთი სიტყვით, ამ სპექტაკლზე დასასწრებად შევაღე პირველად თეატრალური ინსტიტუტის კარი. იქ კიდევ უფრო გამიღვივდა მსახიობობის სურვილი. გავიდა ხანი, მეცხრე კლასი დავხურე და დაირხა ხმები, რომ თეატრალურ ინსტიტუტში წელიწადგამოშვებით იქნებოდა მიღება.  სულ სამი ფაკულტეტი ფუნქციონირებდა: სარეჟისორო, სამსახიობო და თეატრმცოდნების. სულ 200-მდე სტუდენტი თუ სწავლობდა. ერთი სიტყვით, გამოვთვალე და მივხვდი, რომ როდესაც მეთერთმეტე კლასს ვამთავრებდი, იმ წელს სტუდენტთა მიღება არ იქნებოდა. მივადექი მამაჩემს, გინდა თუ არა, ატესტატი მიყიდე, თორემ არ არსებობს, მე სხვაგან არ ჩავაბარებ-მეთქი.

– რაო მამათქვენმა?

– მამა უპატიოსნესი კაცი იყო, ამას არ გააკეთებდა. ამ ჭიდილში რომ ვართ, ჩემდა ბედად, სტუმრად გვეწვია არჩილ ჯანაშვილი. პიროვნება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა  საინგილოში ქართული სკოლის დაარსებაში. მან ჩვენი ამბავი რომ შეიტყო, ასეთი იდეა შესთავაზა მამაჩემს. საინგილო ხომ აზერბაიჯანს ეკუთვნის... 11 კლასი იყო მხოლოდ საქართველოში, სხვა რესპუბლიკებში – არა. ბატონმა არჩილმა მამას უთხრა: რაზე ჩხუბობთ, სახლ-კარი მაქვს კახში. წავიდეს ჯემალი იქ დახუროს მეათე კლასი და ჩამოვიდესო. 

– როგორც მსმენია, საინგილოდან ჩამოსული სტუდენტები გარკვეული პრივილეგიითაც სარგებლობდნენ მისაღები გამოცდების დროს.

– ასე იყო. თანაც, თბილისიდან უკვე არსებობდა პრაქტიკა, რომ იქ ჩასულები ადვილად იღებდნენ მედლებს. მედალიოსნები კი ერთი გამოცდით ირიცხებოდნენ. ბევრი მიიჩნევს, რომ მეც ამ მიზნით წავედი, მაგრამ ასე არ ყოფილა. თეატრალურ ინსტიტუტში მედალი არ ჭრიდა, რადგან იქ აუცილებლად უნდა ჩაგებარებინა მსახიობის ოსტატობა. მე წავედი საინგილოში წელიწადის მოგების მიზნით. ეს ერთი წელიწადი, შეიძლება ითქვას, ჩემს ბიოგრაფიაში ძალიან ნათელი და საინტერესოა. ჩემი კლასელი ანზორ ჯიხაშვილი ავიყოლიე და ერთად წავედით კახში. ჯერ ჩასვლას გავიხსენებ. ახლა ახალი გზა გაკეთდა, მაშინ სოფელ-სოფელ, კაკლების ხეივანში მივდიოდით. ზოგან ისეთი სიბნელე იყო, ღამე გეგონებოდა. უნდა გაგევლო ზაქათალა, ნუხი, რომ შესულიყავი კახში. კახსაც ულამაზესი ადგილმდებარეობა აქვს: ლეკეთის მთები ესაზღვრება. მდიდარი მხარეა, რა ხილი გინდა, რომ იქ არ მოდიოდეს, თანაც მოსავალს წელიწადში ორჯერ იღებენ. ინტერნატი იყო სკოლასთან და მეზობელი რაიონიდან ჩამოსული ბავშვები იქ იძინებდნენ. მე მამამ ბინის დაქირავება შემომთავაზა, მაგრამ ვიუარე, სადაც სხვები იქნებიან, მეც იქ ვიქნები-მეთქი. ბოლოს მაინც დავიქირავეთ. ზედ სკოლის კარის წინ იდგა სახლი. დიასახლისს ნაბათა ერქვა. საინტერესო პიროვნება იყო. 

– ნაბათაც ინგილო იყო?

– ინგილო იყო. ჩადრით დადიოდა, დაგოფრილი შარვალი ეცვა. რომ გარეცხავდა და გაფენდა, ლამის მთელ ეზოზე იწელებოდა. კარგი ქალი იყო. ერთი პატარა ოთახი გამოგვიყო მე და ანზორს ნაბათამ და იქ გვეძინა. სახლი მუსლიმანურად ჰქონდა მორთული – ხალიჩები, მუთაქები, სამოვარი და ჩაი. მე და ანზორსაც დაგვიძახებდა, ჩაის გვასმევდა და ჩვენც მუთაქებზე მორთხმულები სიამოვნებით მივირთმევდით.

– თანაკლასელებმა როგორ მიგიღეს?

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ კახში დამხვდა კრისტალურად სუფთა  და ალალი ხალხი. მისვლისთანავე დამიმეგობრდა რეზო ტარტარაშვილი. კახი პირობითად ორად არის გაყოფილი – აზერბაიჯანელების კახი და ინგილოების. რეზოს მამა ქართველების სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოხდა ისე, რომ კი ვცხოვრობდი ნაბათასთან, მაგრამ თითქმის მთელი ის წელიწადი შიოს ოჯახში გავატარე. 

– რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?

– გავიხსენებ იმას, რომ თბილისშივე ვმღეროდი. ჩემი პედაგოგები იყვნენ და-ძმა კირვალიძეები, მომღერლები, ძალიან ცნობილები იმ პერიოდის თბილისში. რეპერტუარი კარგად შემასწავლეს. დროგამოშვებით აზერბაიჯანში ტარდებოდა ოლიმპიადები. ქართული სკოლა ვერ გადიოდა. ეს რომ გავიგე, ვიგრძენი, რომ შემეძლო კირვალიძეების ნასწავლი რეპერტუარით ამეყოლიებინა მოსწავლეები და ჩვენს სკოლასაც მიეღო ოლიმპიადაში მონაწილეობა. 20 ბავშვი შევიკრიბეთ. 

გავედით ოლიმპიადაზე. კულიევი იყო რაიკომის მდივანი და იმხელა მადლობები მიხადა: ეს არის ძმობის, სიყვარულის გამარჯვებაო.

სხვათა შორის, მეხუთე კლასამდე ფიზკულტურის გაკვეთილებსაც მატარებინებდნენ, როგორც ქალაქიდან ჩასულ მოსწავლეს. მანდობდნენ, რადგან სხვა იერის კაცი ვიყავი (იცინის). დავაყენებდი ბავშვებს, დავიძახებდი: მარჯვნივ!.. მარცხნივ!.. შენც არ მომიკვდე, ზოგი აქეთ ბრუნდებოდა, ზოგიც იქით. მერე გამოსავალი მოვძებნე და დავიძახებდი ხოლმე: კაკლისაკენ! სკოლისაკენ! 

სკოლის ეზოში განაპირა მხარეს იყო ნანგრევები, რომელიც ბავშვებმა კლუბად გადავაკეთეთ, სცენის იერი მივეცით და დავიწყე თითოაქტიანი პიესების წერა და დადგმა...

– როგორ გამოგდიოდათ?

– ცუდად არა, რამდენიმე პედაგოგიც დაკავდა ამ სპექტაკლებში. ასე რომ, შემდგომში კი გაიხსნა სახალხო თეატრი ალიბეგლოში, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ პირველი თეატრალური ფარდა ჩემი ხელით არის საინგილოში გახსნილი. საწყისი ნაბიჯები, მაშინ გადავდგით.

ასე საინტერესოდ გავლიე ეს წელიწადი და დავბრუნდი თბილისში.

– რა მოხდა მისაღებ გამოცდებზე?

– გავედი გამოცდაზე და წესად იყო კომისიას წინ აბიტურიენტების ატესტატები ედო. ჩემი ატესტატი რომ მოითხოვა ალექსიძემ, მახსოვს, დაიბნა.

– რატომ?

– ერთ მხარეს რუსულად იყო შევსებული საქართველოს ატესტატები და მეორე მხარეს ქართულად. მან კი ჩემი ატესტატი რუსული მხრიდან რომ აიღო, მეორე მხარეს აზერბაიჯანულად შევსებული დახვდა და გაკვირვებულმა მკითხა: ვინ ხარ, კაცო, შენო? ვინ ვარ და რაც თქვენ გიამბეთ ამხელა ამბავი ვუამბე მასაც. გარეთ ფიქრობდნენ, რომ გამოცდაზე მწურავდნენ. 

თათია ხაინდრავა და მალიკო მრევლიშვილი იბარებდნენ მეტყველებას. ლექსი უნდა წამეკითხა. მე საინგილოში რა ლიტერატურაზეც მიმიწვდებოდა ხელი, გაზეთიდან ამოვიღე რაღაც კომუნისტური ლექსი და იმით გამოვედი. ლექსი რომ დავამთავრე, ქალბატონი მალიკო მეკითხება: მოგწონს ეს ლექსიო. მის უკან ქალბატონი თათია იჯდა და ხელი გამიქნია – არ დაეთანხმოო. იმანაც რომ შეიტყო, რაში იყო საქმე, ამ სიტუაციამაც გამიყვანა. შემდეგ ეტიუდი შემხვდა, თითქოს ქალს ველოდები პაემანზე, არ მოდის, იგვიანებს. მე ფეხსაცმელი მიჭერს, გავიხადე, ჩამოვჯექი და გვირილას ვათამაშებ ხელში: ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ. უცებ დავინახე, რომ შეყვარებული მოდის, წამოვხტი, უნდა გავიქცე მისკენ და აღმოვაჩინე, რომ  ცალი ფეხსაცმელი მოუპარავთ. რა ვქნა... რა ვქნა და უცებ მოვიფიქრე – მოვიხსენი ჰალსტუხი, გადავიხვიე შიშველი ფეხი, ვითომ მტკიოდა და კოჭლობით გავემართე. ერთი სიტყვით, საკმაოდ მაღალი ქულებით გავიარე გამოცდები.

– საინგილოში მას შემდეგ არ ყოფილხართ?

– ძალიან ჩამრჩა საინგილო გულში. მესიზმრებოდა, ისე შემიყვარდა. რომ მოვდიოდი, კულიევს ვუთხარი, მე თუ არტისტი გავხდი, ჩამოვალ და თქვენთან ვითამაშებ, უკვე როგორც პროფესიონალი-მეთქი.

– მერე შეასრულეთ სიტყვა?

– როგორც კი რუსთაველის დასში მოვხვდი, მახსოვს, „გვადი ბიგვაში” არჩილ ფორიას ვთამაშობდი.  ეს სპექტაკლი ჩავიტანეთ და იქ ვითამაშეთ. ეს იყო დიდი ზეიმი. დიდად გაიხარეს და დიდი პატივიც გვცეს. დიდხანს ახსოვდათ. შემდეგში კიდევ ჩავედი და ჩავიტანე 2 ფილმი: „ლაზარე” და „ჩირიკი და ჩიკოტელა”. შეხვედრები მომიწყვეს კახის ცენტრში, ახლად აშენებულ კულტურის სახლში. ჩემი კლასელები მაშინ ცოცხლები იყვნენ, ახლა მათგან სამოცდაათი პროცენტი უკვე გარდაცვლილია.

 

 

скачать dle 11.3