კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კანდიდატი მოიაზრება „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ედუარდ კოკოევის ფავორიტად, როგორ შეირგო მან მოპარული ფული და როგორ მოახერხა მოსკოვის ყურებით დაჭერა

ცხინვალში „არჩევნების“ მეორე ტურისთვის ემზადებიან, თუმცა, თუ პირველი ტურითა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ედუარდ-ჯაყო კოკოევმა უნდა თქვას, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო (და მერე რა, რომ ქუდი სეპარატისტულია?!). მან ძალაუფლების შენარჩუნებაც მოახერხა, არასასურველი კანდიდატების გზიდან ჩამოშორებაც და ნაპარავი ფულიც დედის რძესავით შეირგო (ახლა იმაზეა დაქიჩმაჩებული, რომ მომავალში მოსაპარავიც ასე კეთილად შეირგოს). ამის პარალელურად, „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტობის“ მსურველ კანდიდატებს ენებში გამოცდაც მოუწყო და 16-დან 12 ჩაჭრა. ერთი სიტყვით, ცხინვალის წინასაარჩევნო ვნებების დინამიკაში მამუკა არეშიძე გაგვარკვევს.     

 

– რადგან მეორე ტური დაინიშნა, შეიძლება, ითქვას, რომ კოკოევმა მიაღწია თავისას, მიიღო გარანტიები, რომელსაც ელოდა?

– დიახ, მიაღწია თავისას. კოკოითმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონის საზოგადოება დაეღალა, დაექსაქსა; მოეხდინა პრემიერ-მინისტრ ბრონცევის დისკრედიტაცია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს; მოეხდინა მოსკოვის დისკრედიტაცია; დაეღალა მოსკოველი ჩინოვნიკებიც და ყურით დაეჭირა ისინი. საბოლოო ჯამში, მიაღწია იმას, რომ ოს საზოგადოებაში გაჩნდა განწყობა: კოკოითის დროს უფრო სტაბილურობა იყო. ანუ, რაც უნდოდა, იმას მიაღწია: ჩახსნა პრეზიდენტობის ყველა ის კანდიდატი, რომლებიც არ უნდოდა, მათ შორის, ჯუსოითი. ერთი სიტყვით, კოკოითი ძველ შეცდომებს არ იმეორებს.

– ბოლომდე გაანეიტრალა ჯამბულათ თედეევი?

– თედეევის კანდიდატურა პირველივე ტურში მოახსნევინა და მაშინ მისთვის ჯიოევაც არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს: ის იყო ადრე ნასამართლები და კოკოითის არ ეგონა, თუ ჯიოევა ასე „გაიქაჩებოდა“. იცით, რომ ჯიოევა პრეზიდენტობის კანდიდატი არც ყოფილა, ის იყო თედეევის ნდობით აღჭურვილი პირი და, როდესაც თედეევის კანდიდატურა მოხსნეს, ჯიოევამ დააყენა თავისი კანდიდატურა. ამდენად, კოკოითს ეს შეცდომა მოუვიდა და ახლა ყველაფერი გააკეთა, რომ ასეთი შეცდომა აღარ მოუვიდეს და ამიტომ ყველა პოტენციალურად სახიფათო კანდიდატი ჩამოიშორა.

– რას ნიშნავს „პოტენციალურად სახიფათო კანდიდატი“?

– ეს ნიშნავს ისეთ პიროვნებას, რომელიც კოკოითის ტრადიციულ პოლიტიკას, რომელიც მან წლების განმავლობაში რეგიონში დაალაგა, არ შეეწინააღმდეგება. არ გაუჩნდება სურვილი, რომ თვითონ მოაჯდეს ფულად ნაკადებს; არ გაუჩნდება სურვილი, რომ გადახედოს ფულადი ნაკადების პროცენტულ შემადგენლობას; არ გაუჩნდება სურვილი, რომ შეეხოს კოკოითის მიერ დანიშნულებს; არ გაუჩნდება სურვილი, მოახდინოს იმ დაკარგული თანხებისა და გადანაწილებული ქონების რევიზია, რაც კოკოითის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. ანუ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს აბსოლუტურად ლოიალური და დამჯერი ადამიანი.

იმ პიროვნებების ნაწილს, რომლებმაც გამოთქვეს პრეზიდენტობაზე პრეტენზია, დისკომფორტი შეუქმნა იმით, რომ ჩაატარა გამოცდები სახელმწიფო ენებში და რამდენიმე მათგანი ჩაიჭრა.

– რაღა რამდენიმე –  12 ჩაიჭრა?

– დიახ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება გამოყენებული მათი არჩევნებიდან მოხსნის მიზეზად.

– რატომ?

– იმიტომ რომ მეორედ ჩააბარებენ, მაგრამ მათი დისკრედიტაციისთვის შესანიშნავი არგუმენტია. ეს იყო ჩვეულებრივი კარნახი რუსულსა და ოსურში და მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს.

– დავიჯერო კოკოევი წერს გამართულად ოსურად ან რუსულად?

– კოკოითი ვერც ერთ ენაზე ვერც წერს და ვერც კითხულობს, მაგრამ ის ძალიან ეშმაკია. თვითონ ეს კარნახში ჩაჭრა არის დისკრედიტაციის ისეთი კარგი ფაქტი, რომ ვერც ერთი ჩაჭრილი ხმას ვერ ამოიღებს დებატისას თუ სხვა საუბრისას, როდესაც ეტყვიან, შენ ის კაცი არ ხარ, კარნახში რომ ჩაიჭერიო. ამდენად, ამ გამოცდის შემოღებით ძალიან მახვილგონივრული ნაბიჯი გადადგა. კოკოითმა ეს ხალხი ჩაჭრა და ამ მხრივაც გაუსუფთავა გზა თავის კანდიდატებს.

– ვის?

– კარნახში არ ჩაიჭრებოდა დიმიტრი მედოევი, რადგან, მიუხედავად მისი არაპრინციპულობისა, ორსკამობისა თუ სხვა უარყოფითი თვისებებისა, მას ვერ დააბრალებ, რომ უწიგნურია.

– ჩემთან საუბრისას ყოველთვის შენიშნავდა ხოლმე, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ორიგინალში ვკითხულობო. 

– აი, ასეთ ტიპებს უთავისუფლებს გზას კოკოითი და მათ შორის პირველები არიან: ლეონიდ თიბილოვი და დიმიტრი მედოევი. ლეონიდ თიბილოვი არის მოსკოვის კრეატურა, იმიტომ რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, ბოლოს ბორის ჩოჩიევის მოადგილედ მუშაობდა და, ამ მხრივ, კარგი კადრია, რადგან პუტინისთვის ამ ტიპის კადრები ყველაზე მეტად მისაღები არიან. მაგრამ ლეონიდ თიბილოვს აქვს ერთი მომენტი, რაც კოკოითისთვის მიუღებელია: თიბილოვს არ უყვარს კოკოითი. ამდენად, კოკოითს, ბუნებრივია, ეშინია, რომ თიბილოვი მომავალში მასზე რევანშის აღებას მოინდომებს. ამ მხრივ, ის მისთვის სახიფათოა, მაგრამ, სამაგიეროდ, მოსკოვისთვის არ არის თიბილოვი სახიფათო, იმიტომ რომ თიბილოვი იმას გააკეთებს, რასაც მოსკოვი ეტყვის. ასე რომ, კოკოითისთვის ერთადერთ საფრთხეს თიბილოვის კანდიდატურა წარმოადგენს, თუმცა შეიძლება მასთანაც მოილაპარაკოს. მედოევი ისედაც ტრადიციული მონაა, ბუნებითაც ძალიან რბილი ადამიანია და არანაირ ხიფათს არ წარმოადგენს. ასევე, ცოტა ბურუსით მოსული ფიგურაა დავით სანაკოევი.

– ეს ვინ არის?

– ახალგაზრდა კაცია, 40-წლამდე, ადამიანის უფლებათა დამცველი, ვისაც მივმართავდით ჩვენი ტყვეების გამოხსნისას, მაგრამ ის არ არის ომბუდსმენი, ის კოკოითის მიერ დანიშნული ადამიანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მას მხარს უჭერს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ახალგაზრდაა და აქვს კრეატიული იდეები... ჩემი შეფასებით, სწორედ დავით სანაკოევია ის ადამიანი, რომელიც შეიძლება, რაღაც მომენტში ურჩი კვიცივით გვერდზე გახტეს, თუმცა დღეს კოკოითს ეფიცება ერთგულებას. ჯერჯერობით ესენი არიან ძირითადი კანდიდატურები, მაგრამ შეიძლება, სხვაც გამოჩნდეს. კიდევ ერთი კანდიდატურაა ტარზან კოკოევი: ის არის კოკოითის ახლო ნათესავი, ბიძაშვილი, მაგრამ ტარზან კოკოევი არის ქუჩის ბიჭი ქუჩური გამოცდილებით და კოკოითისთვის რთულია ბიძაშვილის ჩაჩოჩება. ტარზან კოკოევი ერთგულია მოსკოვის, ერთგულია კოკოითის, უანგაროა, მაგრამ ჯიბრზე მანაც შეიძლება, მოინდომოს რაღაცეების კეთება. ერთდერთი ადამიანი იყო, რომელიც საერთაშორისო თუ სხვა ტიპის შეხვედრებზე, აკრიტიკებდა კოკოითს, მაგრამ ყველაფერი შერჩებოდა ხოლმე, იმიტომ რომ კოკოითის ძმაა.

– ქალი აღარ არის კანდიდატებს შორის?

– არა, მაგრამ იმ ფონზე, რომ არც ერთი ქალი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ღონისძიება, რომელიც წამოიწყო ლირა ცხოვრებოვამ. ცხინვალში არის ორი ცხოვრებოვა: ლირა და მირა. მირა ცხოვრებოვა პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ლირა ცხოვრებოვა და ისინი ერთსა და იმავე პლატფორმაზე დგანან. ლირა ცხოვრებოვა არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური არასამთავრობო სექტორიდან. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო შეხვედრებში. არის ძალიან აქტიური და აგრესიული ქალი, რომლისაც ზოგჯერ მთავრობის წევრებსაც კი ეშინიათ. საერთოდ, ოსი ქალის თვისებაა, თუ გამოვიდა მამალი ქალი, კედელს გაანგრევს და ზუსტად ასეთია ლირა ცხოვრებოვა. მან შექმნა ქალთა პარტია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის დაუდგება გვერდით ეს ქალთა პარტია. არ არის გამორიცხული, ცხინვალში განმეორდეს თედეევი-ჯიოევას სცენარი, როდესაც ჯიოევა არავინ იყო და ერთ მშვენიერ დღეს გახდა ყველაფერი. ლირა ცხოვრებოვას არჩევანმა შეიძლება, რომელიმე ფიგურა გააძლიეროს. ერთი სიტყვით, მართალი არ ვიქნები, თუ გეტყვი, რომ კოკოითს ყველაფერი საბოლოოდ აქვს დალაგებული, რადგან ცხინვალში იგრძნეს თავისუფლების პატარა გემო და გამოცდილებაც მიიღეს, ამიტომ ცდილობენ, კიდევ არ მოტყუვდნენ და, ამდენად, ეცდებიან, რომ სხვა ტაქტიკური სქემით იმუშაონ და, მიუხედავად იმისა, რომ კოკოითმა თითქოს დავარცხნა სიტუაცია, არ მგონია, რომ უხმაურო და მშვიდი არჩევნები მიიღოს.

– მან მიიღო უსაფრთხოების გარანტიები თეედევისგან?

– ერთი მხრივ, მიიღო, რადგან თედეევი ჩამოიშორა, მაგრამ გააჩნია, როგორ ჩატარდება არჩევნები 25 მარტს, თუ ისეთი დარღვევები მოხდა, როგორიც პირველ ტურში; თუ ცხინვალის ოპოზიციამ მოახერხა კონკრეტული კანდიდატის გარშემო კონსოლიდირება, არ არის გამორიცხული, ყველაფერი ისე დამთავრდეს, როგორც 2011 წლის ნოემბერში, მაგრამ კოკოითი ცდილობს, შეცდომები გაითვალისწინოს, რაც ჯერჯერობით გამოსდის, მაგრამ მე ვხედავ, რომ ოპოზიციაც ცდილობს, გაითვალისწინოს საკუთარი შეცდომები და იმასაც ჯერჯერობით იქით მიჰყავს პროცესი, რომ თავისი აქტივობის კულმინაცია დაამთხვიოს 25 მარტს. როგორ განვითარდება სიტუაცია, რთული სათქმელია. ჯერჯერობით კოკოითი აბსოლუტურად მომგებიან მდგომარეობაშია, თუმცა ეს არ ნიშნავს საბოლოო წარმატებას.

– რა პოსტს იმზადებს სათავისოდ?

– პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა, გარდა ამისა, ეს პოსტი მას უნდა ძალაუფლების განმტკიცებისთვის, თორემ ახლა აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. მას აქვს ის ვირტუალური ძალაუფლება, რომლის მეშვეობითაც მართავს რეგიონს.

– მისი ძალაუფლება ფულშია?

– მხოლოდ ეს არა, მას აქვს გავლენა მოვლენებზე. 9 თებერვალს რომ ჯიოევას „ომონი“ შეუცვივდა, ეს ხომ კოკოითის ინსპირირებული იყო? და მან ამით რამდენიმე კურდღელი დახოცა: ჯიოევასგან ფიგურა გახადა და პრობლემა შექმნა, ეს პრობლემა კი სჭირდებოდა ბრონცევის დისკრედიტაციისთვის. არა „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქე ბრონცევმა ჩაატარა სპეცოპერაცია ოსური ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ.

– თან ქალის?

– დიახ, რომელიც 8 თებერვალს პოლიტიკური გვამი იყო, 9 თებერვალს კი გახადა გმირად, ოღონდ იმ მასშტაბისაც არა, რომ ვერ მორეოდა. ჯიოევა ცოტა ხანს იყო გმირი, შემდეგ მას კოკოითი მოერია, ბრონცევის დისკრედიტაციაც მოხდა და ხალხი ისევ ალაპარაკდა, რომ კოკოითის დროს იყო სტაბილურობა.

– ყოჩაღ ჯაყოს! ჩვენთვის სულერთია, ალბათ, ვინ გავა თუ გამოვა მეორე ტურში?

– ჩვენ გვაქვს პასიური და ჩამოუყალიბებელი ღია თუ ფარული პოლიტიკა, ერთი მხრივ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩავერიოთ პროცესებში, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვერ ვხედავ გათვლილ პოლიტიკას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამა თუ იმ ვარიანტით მოვლენების განვითარების შემთხვევაში.

– არც ერთი კანდიდატი არ ამბობს, ქართველებს დავაბრუნებთო?

– ამაზე ლაპარაკი გამორიცხულია, თვით ჯიოევამაც კი, ვისთვისაც ხმა ძალით მიაცემინეს ახალგორელ ქართველებს, რაშიც, ჩემი აზრით, ჩართული იყო ქართული ხელისუფლება, ბაზარში ქართველ ქალებთან შეხვედრისას, როდესაც ჰკითხეს, ქართული ენის სწავლება თუ აღდგებაო, უხეში პასუხი გასცა, თუ ქართულის სწავლა გინდათ, გაბრძანდით და იქ ისწავლეთო.

– აჰა, შიდა ქართლიდან უნდა გავბრძანდეთ. არც ერთი კანდიდატი არ არის იქ რუსული ბაზების ყოფნის წინააღმდეგი?

– არავინ, იმიტომ რომ იქ პროპაგანდა ძალიან აგრესიულად მუშაობს და ნებისმიერი ოსისთვის, ბაზის გასვლა ნიშნავს ქართული ჯარების შესვლას, მაგრამ სხვა საკითხია, რომ არც ერთ ოსს აღარ სჯერა მოსკოვის. პუტინის მხარდამჭერი განცხადებები არის პროპაგანდისტული ღონისძიება, გულის სიღრმეში ყველა კარგად ხვდება, რომ „სამხრეთ ოსეთი“ არის ხურდა დასავლეთისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში.

 

 

скачать dle 11.3