„ის ურჩევნია დემოკრატიას“
გამჭვარტლული დემშუქურა
გასულ კვირას ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის ერთ-ერთ რაიონში დიდი არეულობები დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (ვინმე რაუფ ჰაბიბოვის) გადადგომას ითხოვდა. მეტიც, ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტოდ შეკრებილებმა, მოგვიანებით, ხსენებული ჰაბიბოვის სახლთან გადაინაცვლეს და ის, არც მეტი, არც ნაკლები, გადაწვეს. მართალია, შერისხული ჩინოვნიკი აქციაზეც გამოვიდა და მონაწილეებს ბოდიშიც მოუხადა (გახსენდებათ მსგავსი რამ საქართველოს უახლესი ისტორიიდან?!), თუმცა, გული მაინც ვერ მოულბო მოპროტესტეებს, რომლებიც ჯიუტად იდგნენ ჰაბიბოვის გადადგომის ვერსიაზე.
ქალაქ გუბში მართლწესრიგის აღდგენაში აზერბაიჯანის შინაგანი ჯარების ადგილობრივი დანაყოფი ჩაერია. შედეგად, 4 ადამიანი დაზარალდა, რომელთაგან სამი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია (მაგალითად, ჩვენს სამშობლოში პირიქითაა, მართლწესრიგის აღდგენისას, როგორც წესი, შსს-ს თანამშრომლებზე მეტი პროტესტის მონაწილე, რბილად რომ ვთქვათ, შავდება).
თუმცა, კვანძი მეორე დღეს, 2 მარტს გაიხსნა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გამოიყენა რა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გუბის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხოლო, რაკი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ ფაქტსაც ვერ მოვიძიებთ, რომ თანამდებობის პირი საპროტესტო აქციის შედეგად გადაეყენებინოთ (მით უფრო, იმ აქციის შედეგად, რომელზეც სამართალდამცველები დაშავებულთა შორის უმრავლესობას შეადგენენ), ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი დემშუქურა გამჭვარტლულა (ანუ, ერთი ის ანათებს აზერბაიჯანულზე თვალისმომჭრელად და მეორე – მე ვარ კოკო შანელი!).