„იქ ნათელი დაადგესა“
„სოფლის მხარდაჭერა“: იქაც და აქაც!
მართალია, ხალხური სიმღერა გვირჩევს, „სიკვდილს სიღარიბე სჯობდაო“, თუმცა, ცხოვრებამ, ჩვეულებისამებრ, სხვაგვარად განსაჯა (და არცთუ ცოცხალთა ხელშეწყობის გარეშე). ასე, მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავენ, შეჭირვებულ ჭირისუფლებს გამგეობები ეხმარებიან: მიცვალებულისთვის სასახლის შეძენაში და დაკრძალვისთვის ეგრეთ წოდებული „კატაფალკით“ უზრუნველყოფაში. რაც შეეხება სხვა სერვისებს: სახელდობრ, თბილისში, თუ მიწა უკვე გაქვთ მოზომილი (ორი ორზე), მისი ამოთხრა 230 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო, თუ მიწა არ გაქვთ, ამოთხრიანად 250 ლარს გადაიხდით (სავარაუდოდ, მახვილგონივრულადაა გათვლილი: უმეტესობას მიწა აქვს, ამიტომაც, ფასი ამოთხრას დაადეს). რა თქმა უნდა, ეს ყოველივე სრულიად ოფიციალურად ხდება (ვითომ ბანკი რატომღა უნდა გამორჩეს ამ გლოვაში თითო-თითო ლარის გაკეთებას?!).
უფრო მეტიც: გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ გორის რაიონის სოფლებში: ქვემო შავშვებში, ნაწრეტში, შერთულში, ნიქოზში და მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლებაში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქელეხის მაგიდებსა და სკამებს ჩაიტანს. ეს ღონისძიება, თურმე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება (მოგეხსენებათ, ხსენებული პროგრამის მიზანი სოფლისთვის აქტუალური და სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების მოგვარებაა). აქედან გამომდინარე, თუკი გორის მუნიციპალიტეტმა დაადგინა, რომ ზემოჩამოთვლილ ხუთ სოფელში სასიცოცხლო პრობლემა ქელეხებია და ადგილობრივი მოსახლეობაც ეთანხმება, ჩვენც არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო.
ერთი სიტყვით, როგორც უნდა იყოს, ხუთივე სოფლისთვის 132 ერთეულ მაგიდასა და 264 გრძელ სკამს შეიძენენ, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 500 ლარი დაიხარჯება და მოსახლეობაში დარიგდება (ნეტავ, ქორწილებში გამოყენება შეიძლება?!).
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და, რაც მთავარია, მკვდარსაც პატრონობა უნდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, დემოგრაფების მტკიცებით, საქართველოში გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია, დიდი მეცადინეობა და განსწავლულობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს უწამლოდ და უექიმოდ ესწრაფება სიცოცხლე. ჰოდა, ამის ფონზე, ქელეხის მაგიდებითა და კუბოებით დასაჩუქრებამდე, შეჭირვებული მოსახლეობა სიცოცხლეშივე რომ უზრუნველეყოთ წამლის ფულით, ვითომ, დაშავდებოდა რამე?!