„თუს“ ჩაბღაუჭებულები
პაწაწუნა „სპეკულანტები“
გასულ კვირას ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის ხელმძღვანელმა ნორტონ შვარცმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ „აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები მზადაა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელოს“ და, ღვთის შეწევნით ისიც დააყოლა: თუ დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდებაო. თუმცა, უშედეგო რომ აღმოჩნდება, ამის ეჭვს ირანის პრეზიდენტის აგრესიული ტონიც ადასტურებს და ირანის მიერ საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირებაც, მაგრამ, რაკი თვით წყალწაღებულიც კი ხავსს ეჭიდება, ჩვენც (სხვა რა გზა გვაქვს) „თუს“ ჩავეჭიდოთ. პენტაგონი ირწმუნება, რომ ისეთ ძლიერ ავია-ბომბებს ფლობს, რომ მიწისქვეშა და სხვა ობიექტებს სრულ მუსრს გაავლებს (მეტიც, „მსგავსი საბრძოლო მასალების მოდერნიზაციის კუთხით მუშაობა გრძელდება“). შესაბამისად, გენერალი შვარცი ასკვნის, „არ ვისურვებდი, მაშინ იქ აღმოჩნდეთ, როდესაც ჩვენ მათ გამოვიყენებთ (კაცმა რომ თქვას, მე არც რუსული „სუს“ ბომბის ქვეშ ვისურვებდი ყოფნას და, რატომღაც, მგონია, რომ არც თქვენ)“.
მე ვერ გეტყვით, გაეცნენ თუ არა ზემოხსენებული პატივცემული შვარცის განცხადებას ქართული ბიზნესის მესაჭენი (ისე, თუ ეს ბიზნესია, მაშ, მე რით ვერ ვარ კოკო შანელი?!), მაგრამ, ის კი ვიცი, რომ ირანული ბაზრით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვალდაკვალ საქართველოს უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. თანაც, ეს დაინტერესება ორმხრივია: ჩვენ მათგან ირანულ ინვესტიციებს ველით, ისინი ჩვენგან – მეორად ავტომანქანებს. მოგეხსენებათ, მეორადი ავტომანქანების იმპორტი და ექსპორტიც ჩვენს იმპორტ-ექსპორტში ლიდერია. ჰოდა, როგორც აღმოჩნდა, ამ მეორად ავტომანქანებზე მოთხოვნილება არა მხოლოდ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, არამედ, თვით ირანშიც (ცნობილია, რომ დასავლური ბიზნესი ირანულთან მეგობრობას ერიდება და სულ მალე თვით ირანულ ნავთობსაც კი ემბარგოს გზას გაუყენებენ).
რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტა ქართულმა ბიზნესმა დასავლურისგან აცდენა, თუმცა, თუ პენტაგონელი გენერლის მუქარანარევ განცხადებას გავიხსენებთ, იქნებ, ირანს, საპასუხო რაკეტების გამოშვებისას, გული ჩვენ მიერ მიყიდულმა მეორადმა ავტომანქანებმა მოულბოს და ბომბი ცოტათი მაინც აგვაცილოს.