კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გიორგი ბეჟანიშვილისთვის წარმატების მომტანი ტრადიციულ, კავკასიურ თემაზე შექმნილი კოლექცია „ოდა“ და რა პრიზი მიიღო მან ავსტრიის კულტურის სამინისტროსა და ვენის მოდის ბიუროსგან

„18 წლის ვიყავი, როდესაც ვენაში ჩამოვედი და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში მოდის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამ უნივერსიტეტის ისტორია გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო: თავიდან სამხატვრო აკადემია იყო, იქ მუშაობდა გუსტავ კლიმტი, შემდეგ ოსკარ კოკოშკა და ბევრი ცნობილი მხატვარი ასწავლიდა, ისევე, როგორც ჩვენს მოდის დეპარტამენტში ასწავლიდნენ კარლ ლაგერფელდი, ვივიენ ვესტვუდი, ვიქტორ ენდ როლფი... სკოლას ძალიან დიდი რეიტინგი აქვს და, შესაბამისად, აქ მიღების საკმაოდ მკაცრი წესებია: 200-300 ადამიანის პორტფოლიოდან იღებენ 25-ს, შემდეგ ისინი აბარებენ გამოცდას და მათგან არჩევენ შვიდს. იმ შვიდში მოვხვდი მეც. რაც მთავარია, მქონდა ბედნიერება, რომ ვმუშაობდი ბელგიელ დიზაინერთან, ვერონიკ ბრანქინოსთან და ბერნანდ ვილჰელმთან“, – ეს არის ამონარიდი ნიჭიერი დიზაინერის, გიორგი ბეჟანიშვილის ინტერვიუდან, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე დიდი ხანია, იცნობს. მისი სტილი ყოველთვის განსხვავებული, კრეატიული და ემოციურია და რაც მთავარია, მასში იგრძნობა დიზაინერის ინტელექტი, სამოსისადმი ორიგინალური მიდგომა, საოცარი ფანტაზია და ქართული სული. გიორგი არაერთი პრიზის მფლობელია, ცოტა ხნის წინ კი მისი სადიპლომო ნამუშევარი, სახელწოდებით – „ოდა“, რომლის ნახვამაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, „ავსტრიან ფეშენ ევორდ 2011-ის“ გამარჯვებული გახდა და გიორგის კარიერა ამ პრიზის შემდეგ უკვე ნიუ-იორკში გაგრძელდა.
გიორგი ბეჟანიშვილი: ავსტრიის კულტურის სამინისტროსა და ვენის მოდის ბიუროს ერთობლივი პრიზი „ავსტრიან ფეშენ ევორდ 2011“, ამერიკაში ჩემს გადასვლასთან უშუალო კავშირშია. მათი მხარდაჭერით მოვიპოვე რამდენიმე კონტრაქტი აქაურ მოდის სახლებთან და ამან განაპირობა ნიუ-იორკში ჩემი წამოსვლა. სიახლე  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოდის სამყაროში და ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, გარემოს შეცვლა აუცილებელია ახალი შთაგონების საძიებლად, ერთგვარი ახალი შემოქმედებითი ეტაპის დასაწყებად. მონდომების შემთხვევაში, რთული არაფერია. ვენა უშუალო კავშირშია ჩემი შემოქმედებითი გზის საწყისებთან და, ცხადია განვაგრძობ ამ ქალაქთან პროფესიული ტიპის ურთიერთობებს.
– შენი შთაგონების წყარო სხვადასხვა დროს იყო: ბოსხი, ტარკოვსკი, დევენდრა ბანჰარტი (თუ არ ვცდები, მას შეხვდი კიდეც), გოეთე... ამჟამად რაზე მუშაობ და რა არის დღევანდელი ინსპირაციის წყარო?
– დევენდრა ბანჰარტთან მართლაც მქონდა შეხვედრა. მას ჩემი კოლექციიდან ერთ-ერთი სამოსი ვაჩუქე, თუმცა, ეს დიდი ხნის წინ იყო. რთულია დღევანდელ ინსპირაციაზე საუბარი, ნიუ-იორკი ძალზედ გამორჩეული, ძლიერი აურის მქონე ქალაქია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ახალი ინსპირაციითა და შთაგონებით მიღებული შთაბეჭდილებები მომდევნო კოლექციაში ავსახო.
– შენს კოლექციაში ქართული სული, ტრადიცია ლამაზად, ჰარმონიულად არის შეხამებული. შენი აზრით, იყო თუ არა ერთგვარი რისკი, კოლექციაში ევროპისთვის უცხო, ქართული ხასიათის გადატანა?
– ჩემი კოლექციები გარკვეული თემის გარშემო იქმნება. ტრადიციული კავკასიური სამოსის ტექნიკას კი ხაზგასმით უკანასკნელ კოლექციაში შევეხე. არათუ რისკი, არამედ, ჩემი აზრით, სწორედ ამ ხასიათის სამოსში გადმოტანა გახდა „ოდის“ წარმატების მიზეზი. ჩემი კომუნიკაცია სამყაროსთან სამოსის საშუალებით ხდება. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, კოლექციის შექმნის პროცესში რაიმე ტიპის რისკზე ვიფიქრო.
– პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო შენი სადიპლომო ნამუშევრის, „ოდის“ ნახვა, რომელმაც ავსტრიის კულტურის სამინისტროს ჯილდო მოგიტანა. რამდენიმე ლაბადამ ქართული ჩოხის ასოციაცია შემიქმნა.
– ამ კოლექციაში ძალიან ბევრი თემა, ხელოვანი და რამდენიმე ქვეყნის კულტურა გავაერთიანე. მასზე საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი. „ოდა“ ერთგვარი საგაა, რომელიც ცალსახად საუბრობს ჩემს წარმომავლობაზე. ამ კოლექციის ლაბადები მართლაც ქართული ჩოხის თარგის ზეგავლენით არის შექმნილი – ეს არის კოლექცია უვადო სამოსით, რომელიც ერთგვარ კლასიკურ გარდერობს ქმნის. ფორმები და ფერები დროს  უძლებს, ისევე, როგორც ჟან-ლეონ ჟერომის ფერწერა, სერგო ფარაჯანოვის კინოესთეტიკა, ან-ლუი ჟიროდეს გრაფიკა და, თუნდაც, ქართული ტრადიციული სამოსის თარგები.
– ჩემი აზრით, შენი სამოსი მამაკაცს უფრო ძლიერს, მებრძოლსა და გამორჩეულს ხდის.
– ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია ადამიანის ვიზუალის რადიკალურად შეცვლა. საუკუნეების განმავლობაში თანდათან მეტ ყურადღებას აქცევდნენ საკუთარ გარეგნობას, ჩაცმულობას, ზოგადად, ვიზუალს, ვიდრე დღეს, როცა საქმე მოდას ეხება. თანამედროვე მამაკაცების საგრძნობლად დიდი პროცენტი მარტივად სჯერდება ერთგვარ კონვენციურ ჩარჩოს, რომელსაც მათ ყოფიერი სივრცე სთავაზობს. ჩემთვის თანამედროვე მამაკაცის ჩაცმულობა უნდა იყოს შედარებით უფრო ცოცხალი, საინტერესო დეტალებით გაჯერებული, მაგრამ, ამავდროულად, უდავოდ მასკულინური და, შესაძლოა, გამორჩეული.
– საოცრად ლამაზია და გამორჩეული შენი აქსესუარები.
– აქსესუარი კოლექციის განუყოფელი ნაწილია, ის ავსებს და ასრულებს კოლექციას. ამიტომ, არანაკლებ ყურადღებას ვუთმობ აქსესუარების დამზადებას. არც კი ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ, ხშირად კონკრეტული ნივთები ან მასალა თავად ირჩევს, თუ რომელ კოლექციას შეეთავსებიან აქსესუარების სახით. „იერონიმუსზე“ მუშაობისას ყანწისთვის განკუთვნილი რქის მასალა გამოვიყენე ყელსაბამების გასაკეთებლად. ამ დეტალმა კოლექციას სიძლიერის სიმბოლო შესძინა.
– მახსოვს, ადრე მალიორკაზე ესპანური კომპანიის „კამპერის“ „ვორქ-შოპში“ მიიღე მონაწილეობა. ამჟამად თუ განაგრძობ ფეხსაცმელზე მუშაობას?
– „კამპერთან“ თანამშრომლობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ჩემი კოლაბორაცია ამ კომპანიასთან წარმატებით გრძელდება. რამდენიმე თვის წინ ესპანეთში გამოვიდა წიგნი „კამპერის“ შესახებ, სადაც ჩემი ფეხსაცმლის დიზაინზეც ისაუბრეს. ბუნებრივია, ფეხსაცმელების დიზაინზეც ვმუშაობ ჩემი კოლექციებისთვის.
– თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა ჩაცმაც სურს გიორგის?
– თუ მამაკაცის ხაზზე ვსაუბრობთ, ჩემი მიდგომა ნამდვილად არ არის ის, რომ ცნობილ მამაკაცებს ეცვათ ჩემი სამოსი. დღესდღეობით, მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, არიან ლიდერები, არიან წარმატებულნი უამრავ დარგში, იღებენ სწრაფ და, ხშირ შემთხვევაში, სწორ გადაწყვეტილებებს, თანაც, დიდი პრესის ქვეშ, მაგრამ, სწორედ ეს მამაკაცები ხშირად რამდენიმე საათს ხარჯავენ, თუნდაც, ელემენტარულად, ჰალსტუხის არჩევისას. ჩემი დამოკიდებულება ასეთია: როცა საქმე მოდას ეხება, ასეთმა მამაკაცებმა შედარებით თავისუფლად, თავდაჯერებულად და ლაღად იგრძნონ თავი. დიდი სურვილი მაქვს, ამით მათში მოდის კულტურა გავაღვივო.
– ამ გადასახედიდან, რას ფიქრობ, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?
– საკუთარი საქმის სიყვარული და შრომისმოყვარეობა. თუ მთელი ვნებით არ აკეთებ შენს საქმეს, მაშინ, შრომა დაკარგულია. თითოეული ჩემი კოლექცია, პროექტი თუ პროფესიული მიღწევა, დიდი შრომისა და სიყვარულის ნაყოფია.
– რა გეგმები გაქვს როგორც ამერიკაში, ასევე, ევროპაში?
– ამჟამად რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროპაში, თუმცა, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა. სიახლე ის არის, რომ სულ მალე დღის სინათლეს იხილავს ჩემი ოფიციალური ვებ-გვერდი. ახალ კოლექციაში კი მამაკაცის ხაზს ქალის ხაზიც დაემატება. ასე რომ, აუცილებლად შეამოწმეთ საიტი: www.georgebezhanishvili.com

скачать dle 11.3