კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მილიონ ევროდ შეაფასეს გურამ კაშიას ფეხები გერმანელებმა და რა კომენტარი გააკეთა მან „ჩელსის” მხრიდან დაინტერესებაზე

29 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ალბანეთის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩისთვის უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერები გამოიძახა, მათ შორის ჰოლანდიის „ერედივიზიონის“ გამორჩეული ფეხბურთელი, არნემის „ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, რომელთან ინტერვიუს ახლა გთავაზობთ.

– გურამ, მეორე სეზონია, ჰოლანდიაში ხარ, როგორ შეეჩვიე იქაურობას, როგორ ცხოვრობთ, რას იტყვი ქალაქ არნემზე?
– თავიდან ცოტა გამიჭირდა – უცხო ქვეყანა, ენის ბარიერი, განსხვავებული მენტალიტეტი... მაგრამ დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე, ყველაფერში გარკვეული ვარ და ძალიან მსიამოვნებს ჰოლანდიაში ცხოვრება. რაც შეეხება არნემს, ჰოლანდია პატარა ქვეყანაა და ყველა ქალაქი ძალიან მოვლილი და ლამაზია. თბილი ხალხია და სასიამოვნოა აქ ცხოვრება.
– როგორ შეადარებდი „დინამოში” და „ვიტესში” მოთამაშე გურამ კაშიას, რა დახვეწე როგორც სპორტსმენმა, როგორი სხვაობაა ჩემპიონატებს შორის?
– დღევანდელი გურამ კაშია ჯობია „დინამოში” მოთამაშე კაშიას. ჰოლანდიური ფეხბურთი და ქართული ფეხბურთი დონით განსხვავდება – აქ უფრო მაღალი დონეა და, ალბათ, დონის თვალსაზრისით, მეც გავიზარდე, ასაკთან ერთად გამოცდილებაც მემატება და მოედანზე  უფრო თავდაჯერებული გავდივარ.
– „ვიტესის” კაპიტანი ხარ. რას ნიშნავს ეს შენთვის, რთულია თუ არა კაპიტნობა?
– კაპიტანი „დინამოშიც” ვიყავი და „დინამოს” „დუბლებშიც“. ალბათ, ხასიათიდან და პოზიციიდან გამომდინარე, ყველა გუნდში, სადაც მითამაშია, კაპიტანი ვიყავი. ეს პირად კარიერაში ბევრს ნიშნავს და ძალიან საამაყოა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. სირთულეს რაც შეეხება, გუნდში გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ძალაუნებურად, ჩემს თავზე ვიღებ და ეს ცოტა რთულია, მაგრამ, ხასიათით ძლიერი ვარ და არ მიჭირს.
– მერაბ ჟორდანიაზე რას იტყვი, მნიშვნელოვანია შენთვის და გუნდის სხვა ქართველებისთვის, რომ კლუბის პრეზიდენტი თქვენი თანამემამულეა?
– პირველ ყოვლისა, მერაბის და ჩემი აგენტების – გოგა გახოკიძისა და გიორგი ქინქლაძის დამსახურებაა, აქ რომ ვარ. მერაბმა შანსი მომცა და მე გამოვიყენე. რაც შეეხება ქართველობას, აქ ყოველთვის ვცდილობთ, სხვებზე უკეთესები ვიყოთ და თავი გამოვიჩინოთ, სალაპარაკო არავის მივცეთ. კიდევ ერთს დავამატებდი: ის ფაქტი, რომ ქართველია გუნდის მფლობელი, ჩვენ არანაირ პრივილეგიას არ გვაძლევს.
– ვარჯიშებისგან და კლუბისგან თავისუფალ დროს თუ გაქვთ ურთიერთობა მერაბ ჟორდანიასთან, მის ოჯახთან?
– რა თქმა უნდა, ურთიერთობა გვაქვს მთელ ოჯახთან. ნინი ქარსელაძესთან ვმეგობრობთ – როდესაც ის არნემშია, ხშირად ვართ ერთად. მერაბის შვილთან, ლევანთან ვძმაკაცობთ, თითქმის ყოველდღე ერთად ვართ.
– შენი თანაგუნდელები, გიორგი ჭანტურია და ვალერი ყაზაიშვილი, ასაკით შენზე უმცროსები არიან. როგორც მათზე გამოცდილი სპორტსმენი, თუ აძლევ რჩევებს და ითვალისწინებენ თუ არა?
– გიოც და ვაკოც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და, მინდა, ბევრად დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ვიდრე ჰოლანდიური ფეხბურთია და შეუძლიათ კიდეც, ოღონდ, უფრო მეტს თუ იშრომებენ. გარკვეულწილად, ვაძლევ რჩევებს, მაგრამ, ზოგს ითვალისწინებენ, ზოგს  – არა. პროფესიონალიზმი ასაკთან ერთად მოდის და, ალბათ, მიხვდებიან. ბედნიერი ვიქნები, თუ დიდ ფეხბურთს ითამაშებენ და, ალბათ, ჩემი პატარა წვლილიც იქნება ამაში.
– ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდი, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის. როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს „ვიტესში”?
– ჩემთვის სასიხარულოა, მთლიანი „ერედივიზიონის” 11 კაცში რომ მოვხვდი. მით უმეტეს, ეს არც ისე ადვილია, როცა „ვიტესში” თამაშობ, რადგან „ვიტესი” არ ითვლება ტოპ-გუნდად ჰოლანდიის ჩემპიონატში. მიხარია, რომ საქართველოში ჩემი წარმატება გაუხარდათ. თავად კლუბში არავის გაჰკვირვებია.
– ერთ-ერთმა გერმანულმა ვებ-გვერდმა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან შენ დაგასახელა ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად, თანხაც იყო მითითებული – 4 მილიონი ევრო.
– პირველად რომ ვნახე, 4 მილიონი ვღირდი, პირველი რეაქცია ასეთი მქონდა: – ჩემს ფეხებს დავხედე და ჩავიბურტყუნე: „უკვე ოთხი მილიონი ღირხართ?!“ (იცინის). კარგია, ასეთი ფასი რომ მადევს, მაგრამ, ჩემთვის ეს ბევრს არ ნიშნავს. ჩემი, აზრით ფეხბურთელი ფულით არ ფასდება.
–  ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავრცელდა ცნობა  ლონდონის „ჩელსის” ინტერესზე შენ მიმართ. ამის შესახებ რას იტყვი?
– დიახ, მეც წავიკითხე სხვადასხვა საიტზე ამის შესახებ, მაგრამ, პირადად არავინ არ შემხმიანებია და დამკავშირებია – სულ ეს არის.
– მიმდინარე სეზონში რა არის „ვიტესის” პროგრამა-მაქსიმუმი, შენი აზრით, რეალურია თუ არა მედლებისთვის ბრძოლა და, რას იტყოდი ჰოლანდიის ჩემპიონატის ტოპ-კლუბებზე: „აიაქსზე”, „პსვ-ზე”, „ტვენტეზე”?
– ჩვენი წლევანდელი ამბიცია ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა. ჯერჯერობით ცხრილში ნორმალურად გამოვიყურებით და მომავალი გვიჩვენებს. მედლებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან, ჩვენი კონკურენტები – „აიაქსი”, „პსვ” და „ტვენტე“ უკვე ჩამოყალიბებული გუნდები არიან, ჩვენ კი ჯერ ახალგაზრდა გუნდი ვართ და ყოველ წელს ვვითარდებით. ვნახოთ, მომავალში აუცილებლად ვიბრძოლებთ მედლებისთვის.
– საქართველოს ნაკრებისთვის ახალ სეზონზე იწყება მზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის. როგორც ნაკრების შემადგენლობაში სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელი, რას მოელი ახალი შესარჩევი ციკლიდ ახლა, როცა ურთულეს ჯგუფში მოხვდით და, კიდევ, როგორ შეხვდნენ კენჭისყრის შედეგებს შენი თანაგუნდელები?
– ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის, კონკურენცია გაუწიოს ესპანეთსა და საფრანგეთს. ორივე ნაკრები 6 ქულის აღებას გეგმავს ჩვენთან თამაშში და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს არ მოხდეს, რაც ურთულესი იქნება. დანარჩენ გუნდებთან თამაშიც შეიძლება და მოგებაც, დღევანდელ ფეხბურთში გამორიცხული არაფერია. კენჭისყრის შედეგს გუნდში ღიმილით შეხვდნენ, ისევე, როგორც მე.
– თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული, შენი, მეუღლე თუ არის ჩართული ფეხბურთის ამბებში, ესწრება თუ არა თამაშებს მოედანზე?
– თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებ. ყველაზე მეტხანს დღის განმავლობაში, როდესაც თავისუფალი ვარ, ან მძინავს, ან ფილმებს ვუყურებ. თამთუკა (თამთუკა გიგაშვილი, გურამის მეუღლე, – ავტორი) ჩართულია ფეხბურთში და შინაურ მატჩებს სულ ესწრება არნემის სტადიონზე. თავისუფალი დღე როცა მაქვს, მე და ჩემი მეუღლე მაღაზიებში დავდივართ შოპინგზე.
– ვიცი, რომ კომპიუტერული თამაშების მოყვარული ხარ. რას თამაშობ ყველაზე ხშირად და „ვიტესის” ქართველებს შორის ვინ არის „ფიფას” ამ საქმეში საუკეთესო?
– (იცინის) ო, ეს ყველაზე სასიამოვნო შეკითხვაა. მე და ლევან ჟორდანია პირველი ჯოისტიკები ვართ არნემში, შემდეგ მოდიან გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. მე ჩოგბურთსა და კალათბურთს ვთამაშობ, ბევრი საინტერესო თამაში გამოდის და, თავისუფალი დრო თუ მაქვს, მე და თამთუკა ვთამაშობთ.
– რას იტყვი ჰოლანდიის ღამის ცხოვრებაზე, იქაურ ღამის კლუბებზე, რესტორნებზე; ამსტერდამში თუ ჩადიხართ გასართობად, იქაური საკვები თუ მოგწონს?
– ალბათ, ყველას სმენია ჰოლანდიის ღამის ცხოვრების შესახებ. აქ ბევრნაირი გართობაა შესაძლებელი, ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ხუთშაბათ ღამეს, რომ იწყება, კვირას ღამემდე გრძელდება. ჩვენ იმ შემთხვევაში მივდივართ კლუბში, თამაში თუ  მოვიგეთ. საჭმელს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ქართული კერძები მენატრება.
– „მადამ ტიუსოს” მუზეუმში გადაღებული ფოტოები ვნახეთ შენს „ფეისბუქზე”. ცნობილი ადამიანის რომელი ფიგურა ჰგავს ყველაზე მეტად რეალურ პროტოტიპს და შენ თუ ისურვებდი შენი ცვილის ფიგურის დადგმას ასეთ მუზეუმში?
– ძალიან საინტერესო ადგილია, ორჯერ ვიყავით ამ მუზეუმში, მართლა ნამდვილებს ჰგვანან. მე ყველაზე მეტად ბობ მარლისა და მაიკლ ჯეკსონის ცვილის ფიგურები მომეწონა, ცოცხლებს ჰგავდნენ. რაც შემეხება მე, ისეთი დიდი ადამიანი არ ვარ, რომ ჩემი ფიგურა ამ მუზეუმში დადგან (იცინის).

скачать dle 11.3