რა ვერსიას ემხრობიან მეცნიერები საბოლოოდ თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით და რატომ არის სომხურ წყაროებში მეტი ქრონოლოგიური თარიღი შენახული
თემურ კენკებაშვილი ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საზოგადოების წევრია, იმის მიუხედავად, რომ ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, უკვე შვიდი წიგნი გამოსცა და საქართველოს ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეჭიდა, რომლებიც ჩვენი ცნობილი ისტორიკოსების საუკუნოვანი დავის საგანი იყო. რომელ წელს გარდაიცვალა თამარ მეფე? სად არის მისი საფლავი? რა დაავადებაა მისი გარდაცვალების მიზეზი? – ესაა ისტორიკოსთა „მარათონის” გაგრძელება ახალგაზრდა მეცნიერის ახალი ვერსიებით.
თემურ კენკებაშვილი: ჩემი კვლევის თემების დიაპაზონი საკმაოდ დიდია – შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფია, ანტიკური ხანის ისტორია და საქართველოს უახლესი ისტორია. თუმცა, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო თამარ მეფის ეპოქაზე, მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის ფაქტებზე მუშაობა. პირველად ისტორიულ წყაროებზე მუშაობა დავიწყე 13 წლის ასაკში. სწორედ მაშინ გამოვეცი პატარა ბროშურა კოჯრის ისტორიის შესახებ, რაზეც ბევრი არაფერი იყო ცნობილი. კოჯორს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული მასალის მიხედვით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში იწყება. მეთერთმეტე საუკუნეში აშენდა ცნობილი აგარათა ციხე, რომელიც ექვემდებარებოდა მეფეს. სწორედ ამ ციხეში გარდაიცვალა თამარ მეფე. კოჯრის კოშკის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამდენიმე სამაროვანი, საიდანაც ამოღებულ იქნა ნივთები, რომლებიც მიუთითებდა, რომ აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე-მეორე საუკუნეებში სახლობდნენ ადამიანები. აქ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, სამაროვნები აღმოჩენილ იქნა შემთხვევით, სპეციალისტების მუშაობის შემდეგ აქ შესაძლებელი გახდებოდა უფრო მეტი მასალის მოგროვება. თამარ მეფის გარდაცვალების თემის შესწავლა კოჯრის ისტორიის შემდეგ დავიწყე.
– შენ შეეჭიდე თემას, რომელიც ისტორიკოსების კვლევისა და დავის საგანი იყო და ცვლი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღს, რომელიც ცნობილ მეცნიერებს აქვთ დადგენილი.
– საუკუნეზე მეტია, რაც ამაზე დავა მიმდინარეობს. როცა მე ამ თემაზე დავიწყე მუშაობა, არც მქონდა იმედი, რომ რამეს ვიპოვიდი, მით უმეტეს – თამარ მეფის გარდაცვალების სხვა თარიღს. ვმუშაობდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ქართულ და სომხურ წყაროებზე, მათ შორის – ორიგინალებზე. ისტორიაში შემორჩენილია თამარის ეპოქის მხოლოდ ორი ჟამთააღმწერელი: ერთი – ლაშა-გიორგისდროინდელი, მეორე კი – ბასილი ეზოსმოძღვარი. ჩვენთან დაკავშირებით ძალიან მდიდარია სომხური წყაროები, სადაც უფრო მეტი ქრონოლოგიური მასალაა შემორჩენილი. ამას აქვს თავისი ახსნა: ბიზანტიური წესის თანახმად, შუა საუკუნეებში მოდური არ იყო თხზულებებში თარიღების დასმა, რასაც ქართველები ითვალისწინებდნენ, სომხები კი – არა, რის გამოც ჩვენ დღეს უფრო მეტად გვიჭირს თარიღების დადგენა. ნაკლებად სარწმუნოა ლაპიდარული წარწერები, რადგან მათ ხშირად არ აქვთ თარიღი და ხელწერის მიხედვით თარიღის დადგენა, თუ რომელ საუკუნეს ეკუთვნის ის, ნაკლებად სანდოა. მე შევისწავლე 90-მდე საისტორიო წყარო, მოვახდინე ამ წყაროების კლასიფიკაცია, შედარებითი ანალიზი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ თამარ მეფე გარდაიცვალა 1215 წლის 27 იანვარს. თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად მეცნიერებისთვის მიჩნეულია: 1207, 1210, 1212, 1213, 1216 წლები, ეს უკანასკნელი კი ეკუთვნის კორნელი კეკელიძეს. თავისთავად ცხადია, რომ ჩემ მიერ აღმოჩენილი თარიღი არ არის საბოლოო, მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, დასკვნა არის ლოგიკური იმ წყაროების საფუძველზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ქრონოლოგიის კვლევის უამრავი მეთოდი არსებობს. მე გამოვიყენე დაზუსტებული ისტორიული ფაქტები და, მათზე დაყრდნობითა და ანალიზით, ჩემთვის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი გახდა 1202 წელი, როცა მოხდა ბასიანის ბრძოლა. ისტორიკოსებისთვის ეს თარიღიც სადავო იყო, მაგრამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ წერტილი დაუსვა ისტორიკოსების დავას – მან საბოლოოდ დააზუსტა, რომ ბასიანის ბრძოლა მოხდა 1202 წელს. ქრონოლოგიას მივყევი 1202 წლიდან, ანუ, რა ხდებოდა ბასიანის ბრძოლიდან თამარ მეფის გარდაცვალებამდე, რაზეც არის შეჩერებული მემატიანეების თხრობა. ბასიანის ომის შემდეგ ხდება კარზე ლაშქრობა; დადგენილია, რომ 1204 წელს ხდება ტრაპიზონის იმპერიის დაარსება; შემდეგ მემატიანე მოგვითხრობს კარზე ხელმეორედ ლაშქრობასა და დავით სოსლანის გარდაცვალებაზე, მეცნიერებს ამ თარიღთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი დავა ჰქონდათ, მაგრამ, ყველაზე სარწმუნო ვერსიად მაინც ჩანს, რომ დავით სოსლანი გარდაიცვალა 1207 წელს. ამის შემდეგ, 1210 წელს, ხდება ქართველების ლაშქრობა ირანზე, ამას მოსდევს ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალება და ივანე მხარგრძელისთვის ათაბაგობის ტიტულის მინიჭება. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, არის რამდენიმე ციტატა, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ივანე მხარგრძელისთვის ათაბაგობის ტიტულის მინიჭების შემდეგ თამარ მეფე ჯერ კიდევ ცოცხალია. ქრონოლოგიურად, ამ ფაქტების პერიოდიზაციას მოვყავართ 1215 წლამდე. ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების, ანუ, 1212 წლის შემდეგ, „ქართლის ცხოვრების” მემატიანე წერს: „ხოლო მეფე თამარ ზამთარ დუინს იყვის და ზაფხულ კოლას და ცელის ტბას, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთსა და ცხუმს”... – და ამის შემდეგ იწყებს მთიულთა აჯანყების ისტორიის თხრობას. ამ ციტატიდან ჩანს, რომ 1212 წლის შემდეგ თამარი რამდენიმე წელი კიდევ ცოცხალი იყო, რადგან, სიტყვები: „იყვის,” „ზოგჯერ გარდავიდის” მაჩვენებელია მოქმედების მრავალგზისობისა. სავარაუდოდ, თამარის ავადმყოფობა უნდა დაწყებულიყო 1214 წლის გვიან გაზაფხულზე. ის, რომ თამარი გარდაიცვალა აგარის ციხეში, ამ მოსაზრებას იზიარებს აბსოლუტურად ყველა მეცნიერი. ამ კომპლექსში, რომელიც მდებარეობდა კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში, თამარს ძალიან ჰყვარებია ყოფნა, მით უმეტეს, რომ იქვე ყოფილა მისი დასასვენებელი სასახლე, სადაც თამარი გვიან გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისს ატარებდა. ცნობილია, რომ, როცა დაავადება გამოაჩნდა თამარი იყო ნაჭარმაგევში, შემდგომ გადადიოდა ტაბახმელასთან მდებარე სასახლეში, შემდეგ ადიოდა აგარათა ციხეში, სადაც ატარებდა თითქმის მთელ ზაფხულს, შემდგომ კი გადადიოდა აფხაზეთში. წლის გარკვეულ პერიოდს თამარი ატარებდა თბილისში, ისნის სასახლეში, რომელიც, ნავარაუდებია, რომ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც დღეს პრეზიდენტის სასახლე დგას.
– მეცნიერები თუ ეთანხმებიან თქვენ მიერ მოცემულ ახალ თარიღს? ან, რატომ უნდა ვირწმუნოთ თქვენი ვერსია და არ დავუჯეროთ ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ამტკიცებდა რომ თამარ მეფე 1213 წელს გარდაიცვალა?
– მთიულთა აჯანყება იყო 1213 წელს. რამდენადაც ცნობილია, თამარმა გასცა ბრძანება, რომ ჩაეხშოთ ეს აჯანყება. როგორც უკვე გითხარით, მემატიანე მოგვითხრობს, როგორ ისვენებს თამარი აფხაზეთში, გეგუთსა და აჯამეთში მთიულთა აჯანყების შემდეგ. აფხაზეთში დასასვენებლად ზამთარში ვერ გადავიდოდა, შესაბამისად, 1213 წლის შემდეგ მან, ერთი თუ არა, ორი ზამთარი მაინც კიდევ იცოცხლა ცნობილი ფრაზიდან – „იყვის” და „გარდავიდის” გამომდინარე. დღეს ზოგიერთი მეცნიერი ეთანხმება ჩემს ვერსიას, ზოგი – არა. ეს არის ახალი იდეა, რომლის უცებ მიღებაც შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება. მე შესწავლილი მაქვს აბსოლუტურად ყველა წყარო და წარმოჩენილი მაქვს ამ წყაროების ყველა მხარე. გაკეთებული მაქვს მათი სანდოობის კლასიფიკაციაც. ისტორიკოსის საქმიანობა ძალიან ჰგავს გამომძიებლის საქმიანობას: მან საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს იმ პერიოდში, როცა ხდება ესა თუ ის ფაქტი და ინდუქციის მეთოდით გამოიტანოს დასკვნები. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება ისტორიოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობაში. ახალ წყაროს ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ, ამიტომ, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ წყაროებითა და ციტატებით, რაც არსებობს. მაგალითად, თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” წერია, „ათერთმეტთა მოქცევათა ჟამთა”. კორნელი კეკელიძის აზრით, ეს ციტატა უნდა მიანიშნებდეს თამარის მეფობის სრულ წელს, მაგრამ, შეუძლებელია, თამარს 11 წელიწადი ემეფა, მან უფრო მეტხანს იმეფა. როგორც ჩანს, „ათერთმეტთა” გადამწერის შეცდომაა და მის ადგილას უნდა ეწეროს: „ოცდაათთერთმეტთა მოქცევათა ჟამთა”, 1184 წელს მიმატებული 31 წელიწადი უკვე 1215-ია, ამის მიხედვითაც, თამარის გარდაცვალების წელიწადი 1215 უნდა იყოს. რაც შეეხება თამარის გარდაცვალების თვესა და რიცხვს, ამასთან დაკავშირებით კატეგორიული ცნობა შემონახულია იერუსალიმის სვინაქსარში – მეცამეტე საუკუნეში ჯვრის მონასტრის მამებს დაუწესებიათ თამარის ხსენების დღეები.
– ისტორიკოსთა დავის თემაა დაავადებაც, რისგანაც გარდაიცვალა თამარ მეფე, აქამდე არსებობდა ორი ვერსია: ტუბერკულოზი და ქალური დაავადება, რასაც ბოლო პერიოდში სიმსივნეც დაემატა.
– ჩემი აზრით, ეს დაავადება უნდა იყოს ტუბერკულოზი. იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რაც არის ცნობილი ისტორიული წყაროების მიხედვით: საერთო სისუსტე, ღაწვების დაჭკნობა, თვალების მიღმა სიშავის გაჩენა, დაავადების სახეობა ტუბერკულოზი უნდა იყოს და არა სიმსივნე, რომელიც იმ საუკუნეებში მასობრივად გავრცელებული არ უნდა ყოფილიყო. საერთოდ გამოირიცხება ქალური დაავადების ვერსია. თამარის პერიოდი ბურუსითა და ლეგენდებით არის მოცული, მაგალითად, ის, რომ თამარი ჯარს ფეხშიშველი მიუძღოდა; ასევე, ლეგენდას დაუკავშირდა მისი დასაფლავებაც; ასე დაილექა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად, თითქოს მისი დასაფლავების დროს მოხდა რამდენიმე კუბოს გამოსვენება.
– შენ, ასევე, გაქვს შენი მოსაზრება თამარის საფლავთან დაკავშირებით. როგორ მიხვედი ამ ვერსიამდე?
– შუა საუკუნეების ყველა მემატიანე წერს, რომ თამარის ცხედარი გადაასვენეს სვეტიცხოველში, იქიდან კი გელათის მონასტერში. მეცხრამეტე საუკუნემდე არსებული ყველა წყარო მიუთითებდა იმაზე, რომ თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში. ამის შემდეგ ვრცელდება თამარის საფლავის არსებობის უამრავი ვერსია ვარძიასთან, სვანეთთან, კახეთთან დაკავშირებით. რატომ იცვლება თამარის საფლავის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ? ჩემი მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საქართველოს სამეფო, გაჩაღდა ძალიან დიდი რუსიფიკატორული პოლიტიკა, რომელმაც დაღუპა ქართული ისტორიოგრაფია. იმ პერიოდში დაიკარგა ძალიან ბევრი წყარო. ყოველთვის იყო მცდელობა, ქართველ ერში ჩაეკლათ ეროვნული თვითშეგნება და, ამიტომ იკარგებოდა ის წყაროები, რაც არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. ცნობილი ფაქტია, რომ იმ პერიოდებში ქართულ ისტორიულ ნარატიულ წყაროებს ბაზარში ხორცის გასახვევად იყენებდნენ – ამ ფაქტებს იხსენებდნენ მეცხრამეტე საუკუნის ისტორიკოსები. ამ ყველაფერმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ისტორიოგრაფიას. არსებობს დავით ნარინის მეუღლის – თამარის გუჯარი, სადაც წერია მოსახსენებელი „თამარის მწირველისა, ილარიონ ფავლენისა”. ეს იყო გელათის გუჯარი, ილარიონ ფავლენი კი იყო თამარის საფლავის მომვლელი, რაც, ასევე, მიუთითებს, რომ თამარი გელათშია დასაფლავებული. არსებობს მეთვრამეტე საუკუნის მეორე გუჯარი, შედგენილი იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთის მიერ, რომელიც წერს, რომ გელათის სამხრეთ აღმოსავლეთით იპოვებოდა ერთი დროისაგან დავიწყებული ეკვდერი, რომელიც არავინ უწყოდა, თუ ვისი იყო და იქ დაკრძალა თავისი მეუღლე, დედოფალი დარეჯანი. ეს იყო თამარ მეფის ეკვდერი. ზოგიერთი ისტორიკოსი წერს, რომ ალექსანდრე მეხუთემ მიითვისა თამარ მეფის საფლავი, მაგრამ, ასე არ არის საქმე – ეკვდერი დაცარიელდა მე-13 დან მე-18 საუკუნემდე. ბიზანტიური წესით, როდესაც პიროვნებას წმიდანად შერაცხავდნენ, ის აუცილებლად უნდა გადაესვენებინათ რომელიმე ტაძრის საკურთხეველში ან საკურთხეველთან ახლოს. როგორც ჩანს, ასე მოხდა როგორც დავით აღმაშენებლის, ასევე, თამარ მეფის შემთხვევაშიც და იგი გადაასვენეს ან ტაძრის საკურთხეველში, ან საკურთხეველთან ახლოს. ჩვენთვის ცნობილია, რომ დავითი არ არის დასაფლავებული იმ საფლავში, რომელიც მდებარეობს გელათის კარიბჭეში. ეს საფლავი გათხარა ექვთიმე თაყაიშვილმა და დავითი იქ არ აღმოჩნდა. არსებობს ცნობა, რომ, როცა დავითი წმიდანად შერაცხეს, ის დაკრძალეს გელათის ტრაპეზის ქვის ქვეშ. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გათხარა თამარ მეფის ეკვდერიც, მაგრამ, გათხრების დამთავრება ბოლომდე ვერ მოასწრო, ეპისკოპოსებმა გამოაგდეს: ოქროს ეძებ გელათის მიწაშიო, – განუცხადეს დიდ მეცნიერს. თამარის გადასვენების შესახებ ისტორიაში ცნობა არ არსებობს, მაგრამ, ვინაიდან ნამარხის კვალი არ არის, ცხადია, რომ მისი გადასვენება მოხდა გელათის საკურთხეველში. ისტორიისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, იმ ეკვდერის გათხრა რომ მოხდეს, მაგრამ, დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საპატრიარქოს შეუძლია.